fbpx

რას გავიგებთ დღეს – სოკოები, რაჭა და ვიტამინი D


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი ბზიკაძე

 

გახსოვთ ალბათ, ისტორიის სახელმძღვანელოში რომ გვასწავლიდნენ პირველყოფილი ადამიანების ძირითად საქმიანობებს: კაცები – ნადირობდნენ და ქალები აგროვებდნენ. 

ბავშვობიდან ტყეში სიარულს მივეჩვიე და სულ რაღაცას ვაგროვებდი, მაგალითად, ყვავილებს, კენკრას, სამკურნალო მცენარეებს, ხილს. ახლაც ხშირად ვბოდიალობ ტყეებში და ნარჩევი ჯოხების, მწერების (ფოტოების), კოკრების, ფოთლების, ბუმბულების კოლექცია მაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პატარაობის სახატავი ალბომები სავსეა სოკოებით, საფუძვლიანად მხოლოდ Hydnellum peckii-ს აღმოჩენის შემდეგ აღვფრთოვანდი მათი ესთეტიკით და შინაარსით. შევყევი თვალიერებას და კითხვას, ქართული მიკო-ჯგუფი ვიპოვე ფეისბუკზე და სასწრაფოდ გადავწყვიტე, რომ სეზონის დადგომისთანავე წავსულიყავი მათ შესაგროვებლად. იმ ზაფხულს პირველად წავედი რაჭაში მეგობართან, რომელმაც შოვის საუკეთესო, ენითაღუწერელ ტყეებში ბავშვობაში ნაგროვები Рыжик-ები, сыроежк-ები და лисик-ები გაგვაცნო. 

ვგრძნობ, რომ რაჭაზე მინდება ლაპარაკი და ამიტომ 1-2 სიტყვას ვიტყვი, რომ დავმშვიდდე. რაჭაში პირველი ვიზიტის მერე წელი არ ჩამიგდია, მენატრება ხოლმე იქაურობა, პირველად მაქვს სოფელში ყოფნის განცდა, მშობლები ბავშვებთან ერთად გუდა-ნაბადს რომ აიყრიდნენ და 1-2 თვით მიდიოდნენ სოფელში, მაგ რიტუალს ვატარებ იმ წლის მერე. მორჩა, მორჩა, რაჭა ჩემი სიყვარულია… აჭარაც, კახეთიც, ხევსურეთიც, ფანი ვარ ამ ქვეყნის რელიეფის, ფლორის, ფაუნის, ხუროთმოძღვრების, კულტურის… მართლა. 

ჰოდა სოკოები! პირველი ნადირობის (კი, სოკოზე ნადირობა ჰქვია, სოკო ხომ არც მცენარეა, არც ცხოველი – ცალკე სამყაროა), შემდეგ გადმოვწერე ელექტრონული წიგნები, მოვუსმინე პოლ სტემეცის (ცნობილი მიკოლოგი) ინტერვიუებს, ვუყურე დოკუმენტურ ფილმებს (მაგ., Fantastic Fungi) და გავიგე, რომ მიწის ქვეშ ბინადრობს მიცეულიუმი და მისი ნაყოფია სოკო, როგორც ვაშლის ხის – ვაშლი, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი ორგანიზმი ორეგონში 965 ჰექტარზე გადაქსაქსული მიცელიუმია და წარმომიდგენია, იქ რა სოკო გროვდება! აღმოვაჩინე სოკოს სამკურნალო, დამცველობითი თვისებები, მითები და სიმართლე სოკოებზე, გავაღრმავე ცოდნა მის ჰალუცინაციურ თვისებებზე და მოკლედ, I fell inlove! ყველაფრის მოყოლა მინდა, მაგრამ მოდი, ამ სტატიას აპეტაიზერის ფუნქცია ჰქონდეს.

მოკლედ, გაზაფხულდა და სოკოების ქართულ, ამერიკულ, ბრიტანულ, საერთაშორისო და ყველა ჯგუფში, სადაც ვარ გაწევრიანებული, დაიწყეს სოკოების ფოტოებით იდენტიფიცირება და მეც ავფორიაქდი, თან სანადირო სეზონის გამხსნელი Morchella esculenta, ანუ ხარისფაშვა მყავდა ცხოვრებაში პირველად სანახავი. გადავიკითხე მათი ჰაბიტატი, ჰყავს თუ არა შხამიანი ორეული და კალათით, დანით, პლედით და მსუბუქი საპიკნიკე ხემსით წავედი სოკოზე რუსთავის ჭალებში, წარუმატებლად დასრულდა ეგ დღე და ფარხმალდაუყრელი მეორე დღეს წავედი სხვა რეკომენდებულ ადგილას,  გომბორისკენ, სადაც  პირველი ხარისფაშვა ვნახე. 

ვეცდები მოკლედ დავახასიათო, რას ვგრძნობ ხოლმე სოკოებზე სიარულისას: 

  • #1 საოცრად აზარტულია, უფრო და უფრო მეტი გინდება, არასდროსაა საკმარისი სოკოზე სიარული, უბრალოდ ბოლოს ისე იღლები, რომ უკან დაბრუნების თავიც არ გაქვს. ეს უკან დაბრუნებაც უცნაურია, იქნებ რამე გამოგრჩა და ყველა გამოტოვებულ ადგილს ამოწმებ და სულ სხვა გზით ბრუნდები უკან და რატომღაც ძალაც გეძლევა ამისთვის; 
  • #2 ახალ-ახალი სოკოების აღმოჩენა და მათი ეგრევე იდენტიფიცირების სურვილი, ვაი და, გემრიელი და შესაგროვებელია. ეგ კიდე ცალკე პროცესია, ელექტრონულ წიგნში ძრომიალი შუა ტყეში და ჯგუფებში დაპოსტვა;
  • #3 სწორედ იმ სოკოს აღმოჩენა, რის გამოც ძალიან გრძელ გზაზე წამოხვედი და ტვინში ყ ვ ე ლ ა ბედნიერების ჰორმონის გამოყოფა ექსტაზური მდგომარეობაა. ისე ვყვები, რომ მგონი, სოკოზე სიარულზე ვარ დამოკიდებული;
  • #4 ნელ-ნელა კონკრეტული სოკოების ჰაბიტატის და ვიზუალის დამუღამება. 2-3 სოკოს მერე ეგრევე ხვდები, სად, რომელი მცენარის ქვეშ და როგორი ვიზუალით გაგიღიზიანებს პერიფერიულ ხედვას;
  • #5  სოკოს გარდა ტყეში ხომ უამრავ რამეს ხვდები – ხეს, ბალახს, ბუჩქს, ჩიტს, მწერს, ცხოველს და ცალკე მაგათი საიდენტიფიკაციო აპლიკაციაც სულ გახსნილი მაქვს. მერე ხედები, მთები, მდინარეები;
  • #6 გზაში სახლისკენ ძალიან გემრიელ სოკოს კერძის რეცეპტებს ეძებ;
  • #7  მე საჭმელად უვარგის, უბრალოდ ლამაზ, ფერად-ფერად სოკოებსაც ვაგროვებ, რომ მერე კოლაჟი შევქმნა და ფოტოები გადავუღო.

კიდევ #8, #9, #10-იც… და უსასრულოდ. სოკოზე სიარული თუ ადიქციაა, ძალიან ჯანსაღი ადიქციაა: ბევრს მოძრაობ, სუფთა ჰაერს სუნთქავ, D-ვიტამინს იღებ, გემრიელად იკვებები. სოკოების შეგროვებით, ნეირომეცნიერულად თუ განვმარტავთ, rewarding system, ანუ ჯილდოს სისტემა ჩვენს ტვინებში საკმაოდ ჯანსაღად გვაქვს გამოკვებილი. 

1-2 სიტყვა ჯილდოს სისტემაზე – ეს არის ტვინის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემა, რომლიც პასუხისმგებელია სწავლაზე, მოტივაციაზე, სურვილზე, განწყობაზე, ტკივილის მონელებაზე და ბევრ სხვა რამეზე. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, როცა ალკოჰოლს ვიღებთ და  თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, მაგას ძირითადად განაპირობებს დოპამინის დიდი რაოდენობით წარმოქმნა ჩვენს ტვინში, რომელზეც ფაქტობრივად დგას ჯილდოს სისტემა, ჩვენს ტვინს ეს შეგრძნებები ამახსოვრდება და გვიჩნდება სურვილი კიდევ ერთხელ ალკოჰოლის მიღებისა, რომ ისევ კარგად ვიგრძნოთ თავი. იგივე ხდება დაწინაურებისას, მონატრებული მეგობრის ნახვისას, გადადებული საქმის, როგორც იქნა, გაკეთებისას… ამ დროს სიხარულისა და კმაყოფილების გამომწვევი ჰორმონები ფეთქდება ჩვენს ტვინებში. ჰოდა, მე როგორც სოკოს კრეფაზე დამოკიდებულს, პერიოდულად მიჩნდება სურვილი მისი  პოვნით გამოწვეული ბედნიერება გავამეორო და სოკოს ვახშამზე ღვინოც მივაყოლო. გაფრთხილება: მიკოლოგების წიგნში წერია, რომ ზოგიერთ სოკოსთან ალკოჰოლის მიტანება იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქ მოშლას. საერთოდ, ამდენ ბედნიერებასთან ერთად, სოკოს ჭამას ცოდნა, გამოცდილება, თავდაჯერებულობა, სიფრთხილე და მეცნიერული ექსპერიმენტები სჭირდება.

მგონი, იმდენი ვწერე სოკოზე, რომ კუსამას კერამიკულ ნამუშევრებზე საუბარი ტექსტის ზომას სახიფათოდ აქცევს, ამიტომ შემდეგისთვის შემოვინახავ, რამე უფრო საინტერესოს თუ არ აღმოვაჩენ მანამდე. რუტინით და კორპუსებით დაღლილ ჰომო საპიენსებს, საკუთარ თავში პირველყოფილი ქალის და კაცის შეღვიძებას ვუსურვებ, რაც საკმაოდ კარგი თერაპიული შედეგით უნდა დასრულდეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.