fbpx

იოსებ “სოსო” ბლიაძის “ჩემი ოთახი“ [A Room Of My Own] კარლოვი-ვარის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა


გააზიარე სტატია

 

ქართველი რეჟისორის, სოსო ბლიაძის სრულმეტრაჟიან ფილმს – “ჩემი ოთახი“ [A Room Of My Own] 2022 წლის ივლისში კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე  უჩვენებენ. 

რეჟისორმა ფილმი პანდემიის პერიოდში ბიუჯეტის გარეშე გადაიღო – სიუჟეტიც სწორედ პანდემიის პერიოდს და ორი გოგოს ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს ასახავს. 

“შარშან ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი “ოთარის სიკვდილი”-ს პრემიერა იყო კარლოვი ვარის ფესტივალზე, East of the west კონკურსში. ვიყავით წასულები, მე და მსახიობები. ძალიან კარგი გამოცდილება იყო. წელს უკვე მთავარ კონკურსში ვართ ახალი ფილმით “ჩემი ოთახი”. ეს ფილმი უბიუჯეტოდ გადავიღეთ და საერთოდ არ გვეგონა თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა და მთავარ კონკურსში მოხვდებოდა, სადაც მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 12 ფილმი შეირჩა. წელს გაცილებით დიდი ჯგუფი მოვემგზავრებით – ფაქტიურად ვინც კი იმუშავა ფილმზე, ყველა. რაც შეეხება ფესტივალს, ძალიან ფართომაშტბიანია და იძლევა საშუალებას, რომ ფილმი ბევრმა ადამიანმა ნახოს, კრიტიკა დაიწეროს და ფილმი გაიყიდოს სხვადასხვა პლატფორმებზე”, – ამბობს სოსო ბლიაძე AT.ge-სთან.

24 წლის თინას ოჯახიდან წამოსვლა და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება უწევს. თბილისში ის ოთახს  თანატოლ გოგოსთან ერთად ქირაობს, რომელსაც ცხოვრების სრულიად განსხვავებული სტილი აქვს.

მთავარ როლებს თაკი მუმლაძე, მარიკა ხუნდაძე, სოფიო ზერაგია, ლაშაო გაბუნია, სოსო ბლიაძე, გიორგი წერეთელი და გიორგი გრძელიძე ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ფილმის სცენარზე რეჟისორთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელმა თაკი მუმლაძემ იმუშავა. 

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის სოსო ბლიაძის პირველი წარმატებული პროექტი. მისივე ფილმი „ოთარის სიკვდილი“ 2021 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.