fbpx

ივნისის პირველი ნახევრის სახელოვნებო აფიშა – რას ვნახავთ ქალაქში


გააზიარე სტატია

ივნისი დატვირთული აღმოჩნდა სახელოვნებო სიახლეებით. ამიტომ, ამ თვის აფიშას რამდენიმე ნაწილად გავყოფთ, ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ იმ ღონისძიებებს, რომლებიც ივნისის პირველ ნახევარში გაიმართება და ჩვენი აზრით, არ უნდა გამოტოვოთ. 

 

შეხვედრა ფოტოგრაფ ვახო ხეთაგურთან

2 ივნისს, 19:00 საათზე თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის #7-ში, ფოტოგრაფ ვახო ხეთაგურთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ვახო ხეთაგურთან ერთად ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და “ქოლგა თბილისი ფოტოს” დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა ისაუბრებენ. საუბარი შეეხება ვახო ხეთაგურის შემოქმედებას და „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“-ის ფარგლებში გამართულ გამოფენას – „მთის მიღმა“.

 

ქალთა იდენტობა ლიტერატურაში, ნაწილი III

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა, რომელიც თიბისის კონცეპტის სივრცეში გაიმართება, წიგნის კლუბის ახალი სერიის – “ქალთა იდენტობა ლიტერატურაში” მესამე ნაწილია. 

4 ივნისს, 14:00 საათზე გურამ ღონღაძე და ნინო კასრაძე შეხვდებიან მკითხველს თემაზე – ქართველი პოეტი ქალების იდენტობა.

წიგნის კლუბის ( მარჯანიშვილის 7) სტუმრები მიმოიხილავენ და ისაუბრებენ  ისეთ ავტორებზე, როგორიცაა ესმა ონიანი, ელენე დარიანი, ანა კალანდაძე და სხვა. ასევე  ქალი ავტორების წვლილზე ქართულ პოეზიაში და არა მარტო.

დასასწრებად რეგისტრაცია  www.conceptevents.ge-ზე უნდა გაიაროთ, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს გამოგიგზავნით.

 

არტისტერიუმი | ARTISTERIUM 15 /2022

2-დან 12 ივნისის ჩათვლით თბილისში მე-15 არტისტერიუმი გაიმართება. 

არტისტერიუმი 2 ივნისს გაიხსნება ეროვნულ გალერეაში პოლონური და აღმოსავლეთ ევროპული თანამედროვე ხელოვნების კოლექციების გამოფენით. ექსპოზიცია, სახელწოდებით “რადიკალური იმედი” ორმოცდაათამდე მხატვრის სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს.

არტისტერიუმის ფარგლებში ეროვნულ გალერეაში პროექტი „დაკავშირებული ობიექტები II“ იქნება წარმოდგენილი – საერთაშორისო მხატვრების ვიდეოარტი ერთი ეკრანისთვის.  „დაკავშირებული ობიექტები II“ იმ პროექტის მეორე ნაწილია, რომელიც უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში რუსულ სამხედრო ინტერვენციას ეხმაურება.

3 ივნისს თანამედროვე ხელოვნების გალერეასა და სამუშაო სივრცეში – „კუბი კონტექსტში“ პოლონეთში მცხოვრები ბელორუსი მხატვრის, სერგეი შაბოჰინის პერსონალური გამოფენა – „სოციალური მარმარილო: ფილების ტექტონიკა“ გაიმართება.

10 ივნისს ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი მე-15 არტისტერიუმის ორ გამოფენას მასპინძლობს – წარმოდგენილი იქნება ქართულ-უკრაინული პროექტი „ხვალ“, ორი ქვეყნის მხატვრების და მწერლების მონაწილეობით. 

19 ივნისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ მოეწყობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა – „დარბაზი მოკვდა, დარბაზი გაცოცხლდა”.

უფრო მეტი არტისტერიუმის პროგრამის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.

 

60-იანი წლების ქართული ფილმების აღდგენილი ვერსიების ჩვენებები საქართველოს ეროვნულ არქივში

ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით ივნისშიც გრძელდება ქართული ფილმების აღდგენილი ვერსიების რეტროსპექტივა. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, დღემდე მნიშვნელოვანი და უკვე კლასიკად ქცეული ნამუშევრები აღდგენილი და გაუმჯობესებული გამოსახულებით ნახოს. ფილმებზე მუშაობა სულ ახლახან დასრულდა, მაყურებელს კი მათი ნახვა  ეროვნული არქივის კინოთეატრში, თავისუფალი ჩვენებების ფარგლებში შეუძლია. ივნისში ქართულ კინოში საუკეთესო პერიოდად აღიარებულ 60-70-იან წლებში გადაღებული ამ ფილმების ნახვა შეგიძლიათ:

გიორგობისთვე

3 ივნისს ოთარ იოსელიანის  1966 წელს გადაღებული ფილმის – “გიორგობისთვე” ჩვენება გაიმართება. ოთარ იოსელიანის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ეკრანებზე გამოსვლისთანავე დაიწუნა საბჭოთა კრიტიკამ და შერაცხა, როგორც “ანტისაბჭოთა” და “ანტიქართული”, მაყურებელმა კი შეიყვარა.

 

ალავერდობა

გიორგი შენგელაიას 1962 წლის ფილმი – “ალავერდობა” 4 ივნისს გავა ეროვნული არქივის კინოთეატრში. ფილმი გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული.

 

ფიროსმანი

გიორგი შენგელაიას კიდევ ერთი ფილმის აღდგენილ ვერსიას აჩვენებენ ეროვნულ არქივში. 1969 წელს გადაღებული “ფიროსმანის” ნახვის შესაძლებლობა 5 ივნისს, 19:00 საათზე გვექნება.

 

მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა

10 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმის  – “მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა” ჩვენება, თუმცა მანამდე, 18:00 საათზე, ისტორიკოსი ალექსანდრე დაუშვილი გამართავს ლექციას თემაზე – “სამოციანი წლების საბჭოთა საქართველო”.

 

შერეკილები

12 ივნისს, 19:00 საათზე ელდარ შენგელაიას 1974 წლის ფილმის, “შერეკილების” ჩვენებაა დაგეგმილი. 

 

დიდი მწვანე ველი

17 ივნისს, 19:00 საათზე მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის, “დიდი მწვანე ველი” ჩვენება გაიმართება. ფილმი ეკრანებზე 1967 წელს გამოვიდა და განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ კინემატოგრაფიაში.

 

მკვდარი სულების არდადეგები

4 და 5 ივნისს კინოთეატრ “ამირანში” კეკო ჭელიძის 2020 წლის დოკუმენტური ფილმის – “მკვდარი სულების არდადეგები” ნახვა შეგეძლებათ. ჩვენების დასრულების შემდეგ კი დისკუსია გაიმართება ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან, რომელსაც კინომცოდნეები გიორგი რაზმაძე და ლევან აბდუშელიშვილი გაუძღვებიან. 

ფილმი, რომელზეც საპროდიუსერო კომპანია Parachute Films-მა იმუშავა,  20-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალსა და კინოღონისძიებაზე უჩვენეს, მათ შორის, Museum of the Moving Image-ში,  ნიუ-იორკში, Kino Arsenal-ში,  ბერლინში და Doc London Film Festival-ზე, ლონდონში.

“მკვდარი სულების არდადეგების” მსოფლიო პრემიერა 2020 წელს ტორონტოში, Hot Docs-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმის შესახებ: 90-იან წლებში საქართველოში წარმატებული მუსიკოსი ლევან სვანიძე დღეს ასაკოვან დედასთან ერთად თბილისის გარეუბანში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. უკიდურესი სიღარიბის მიუხედავად, ლევანი ოპტიმისტია და თავისებურად ცდილობს ისევ დაიმკვიდროს თავი მუსიკით და აიწყოს პირადი ცხოვრება. კლაუსტროფობიულ გარემოში მოქცეული დედა-შვილი ერთმანეთს არც თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს და ვერც უერთმანეთოდ ძლებს. არსებობისთვის იბრძვიან და ერთ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებენ.

მეტი ფილმის შესახებ გაიგეთ  ჩვენს სტატიაში.

 

ნიაზ დიასამიძე & 33ა

4 ივნისს, 21:00 საათზე მონო ჰოლში ნიაზ დიასამიძის და 33ა-ს კონცერტი გაიმართება. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული მუსიკალური ჯგუფი, რომელიც 1994 წელს შეიქმნა და დღემდე აქტიურად მოღვაწეობს ქართულ მუსიკალურ სცენაზე, დიდხნიანი პაუზის შემდეგ სწორედ ამ ლაივით დაუბრუნდება მსმენელს ძველი, კარგად ნაცნობი და ახალი სიმღერებით.

 

ქაღალდის გადამუშავების ვორქშოფი

5 ივნისს, 17:00 საათზე ზერო ეფექტში ქაღალდის გადამუშავების ვორქშოპი ჩატარდება. იმის გამო, რომ მსოფლიოში ქაღალდის და ქაღალდისგან შექმნილი ნივთების გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დიდია, მათი წარმოებისთვის წლიურად 68 მილიონი ხე იჭრება. გამოყენებული ქაღალდი კი, იმის ნაცვლად, რომ ხელახლა გადამუშავდეს, ნაგავში ხვდება. სწორედ ამ პრაქტიკის შესაცვლელად ტარდება ვორქშოპი, რომელსაც საწარმო “აზურიტის” დამფუძნებელი ანი შეროზია გაუძღვება და გამოყენებული ქაღალდის გადამუშავების საინტერესო ტექნიკას და მისგან ღია ბარათების შექმნას ასწავლის მსურველებს. გაითვალისწინეთ, ვორქშოპზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

 

Bedford Falls x Killages

10 ივნისს მონო ჰოლში  ყველაზე პოპულარული  ქართული ბენდების – Bedford Falls-ის და Killage-ის კონცერტი გაიმართება. მათთან ერთად სცენას ქართველი მუსიკოსი, პოპულარული ჯგუფის, Moku Moku-ს წევრი ტატო რუსია, იგივე Moku T დაიკავებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.