fbpx

მარიუპოლი – ირმის ნახტომის შავი ხვრელი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Delphica Sibyl

 

დიდი ხანია შეგრძნება გამიჩნდა, რომ დედამიწა გაცილებით სწრაფად ბრუნავს. გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩემს ბავშვობაში. ანუ მარტივად და პირდაპირ თუ ვიტყვი,  ეს ყოფილა სიბერე. სულ ცოტა ლმობიერებას თუ გამოვიჩენ საკუთარი თავის მიმართ,  სიბერე თუ არა, სიმწიფე მაინც. უკვე ბოლო დეკადაა, ახალი წლის ნიგვზიანებით გაპარტახებული ჩემი ნაღვლის ბუშტი მოხედვას ვერ ასწრებს, რომ მეორე ახალი წელი ურტყამს კისერში. წელი წელს მისდევს კი არა, ერთმანეთს ასწრებენ. მართლა ვეღარ ვხვდები, როგორ დასრულდა ასე სწრაფად 2021 და აგერ 2022-მა უკვე ნახევარი მოილია, მაშინ როდესაც ისევ 2020-ია და თანაც – 2019-ის კოვიდ-აჩრდილით. 

ამ ტექსტის წერა ასე ერთი წლის წინ დავიწყე. ოღონდ იმისგან, რაზე წერაც 12 თვის წინ წამოვიწყე, აღარაფერი დარჩა. გამოუვალი, უგზო, უკვლო მოცემულობის გარდა. ტექსტში ხან პოსტკოვიდ ხანაზე ვილაპარაკე, ხან ქართული  მედიის წარმომადგენლების ცემასა და კვლაზე, ხან ქოცების სრულიად გამაოგნებელ @@@ობაზე, ხან ჩემს ემიგრაციასა და ხანაც ბუჩას ბავშვების გაუპატიურებაზე. 2 დღის წინ კი მივხვდი, რომ დადგა დრო, დავიწყო და დავასრულო.

მსგავს უსუსურ მდგომარეობაში როცა ვყოფილვარ ხოლმე, სულ ის მახსენდებოდა, რომ უარესადაც აღმოვჩენილვარ.  მაგრამ ეს რაღაც სხვა მდგომარეობაა. სხვა იმიტომ, რომ სულ გგონია – შენ რომ იზრდები, მეტად მიმტევებელი, ემოციური, გამტარი და წარმავალი ხდები, სხვაც ასეა. სულ სათითაოდ ჩამოგითვლიდით, ჩემი და თქვენი ნაცნობებიდან ვინ არ არის ასე, მაგრამ მეზარება. დრო ძალიან სწრაფად გადის.  დრო ცოტაა. 

ერთხელ პოლონეთის საელჩომ თბილისში თავის ნაციონალურ დღესასწაულზე მიგვიწვია მე და ჩემი თანამშრომელი. იმაზე არ მოგიყვებით, თუ როგორ იყო მოსაწვევზე დრეს კოდი მითითებული, რომელიც ქალებიდან მხოლოდ მე და პოლონეთის ელჩის ცოლმა დავიცავით. მოკლედ, ჩამოვდექით მე, ვიღაც, კიდევ ვიღაც და იაპონიის საელჩოს თანამშრომელი და ვლაპარაკობთ 2008 წლის ომზე. რომელიც, რაღა თქმა უნდა, რუსეთის დასადაგად შევაგდე. ჰოდა, ცოტა ხანში ვამბობ, კი ეგრეა, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა-მეთქი. ამას ინგლისურად ვამბობ, რაღა თქმა უნდა.  ჰოდა, მომიბრუნდა ეს იაპონელი და, ანუ თქვენი ღმერთი ადამიანებს დასცინისო,  მეკითხება ღიმილით. 

ჩემი ღმერთი არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ უკრაინის ამბებით ყველა ღმერთმა დასცინა ყველას.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მიუფასურდება, მოდით, გასაგები და ასე ნაცნობი რუსულით ვთქვათ,  მიტრუხდება ადამიანი. არ მესმის, რა უნდა ადამიანს, რა ჰგონია, რომ იყო, არის და იქნება. აი საშუალო სტატისტიკურ რუსს რა ჰგონია? უკრაინას რომ “დაიბრუნებს” (მანამდე არ აუდგა რუსეთს არცერთი გვერდი), დაიმორჩილებს და იბატონებს მასზე, ფული გაუჩნდება, რომ რამე იყიდოს იქ? ან მიწა, ან სახლი, ან აგარაკი? ყველაზე დიდი – ომის დროს მოპარული კონდიციონერის ფილტრი შერჩეს ან პენსიონერისთვის ამოგლეჯილი საღეჭი კბილის ოქროს გვირგვინი. 

უკრაინა. არ ვიცნობდი ამ ხალხს. ქართველისთვის სომეხი და ხახოლი რატომღაც ყოველთვის დამაკნინებელი ზედსართავი სახელი იყო. ჰოდა, ვუყურებ ახლა და არც ვიცი, ვინ უფრო გამოდის ერი და ევროპა – გერმანია თუ უკრაინა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთს არასდროს აპატიებს მოკლულ ბავშვებს. ისე როგორც ჩვენ ვაპატიეთ  დაჭრილი თავებით თამაში გაგრაში. დავუვიწყეთ ჩვენი წამება, წახდენა, გადათეთრებული ეკლესიები, წართმეული მიწები და სიცოცხლეები. 

რუსეთი. ღრმად ამოვისუნთქე და მინიმუმ მე-19 საუკუნემდე ჩავსქროლე. უდამპლესი. ყველა „უ“-ზე დაწყებული სიტყვა რუსეთისაა. მაგრამ მაგათი დამღა მაინც „უსიყვარულო“-ა.  რა უჭირთ ახლა სიყვარული თუ დაკარგესო, ალბათ იფიქრებთ, მაგრამ თურმე ძალიან უჭირთ. ისე უჭირთ, რომ ფუნქცია დაკარგეს. ადამიანებად ყოფნა აღარ შეუძლიათ თურმე. 

2020 წლის ყოველ დილას, სანამ საქართველოს ღვთისმშობლის კალთა იცავდა, იტალიას კი არაფერი, მისი კოვიდ სტატისტიკით ვიწყებდი. აი 2022-ის ყოველ დილას კი საძიებელში უ-ს რომ ვწერ, ყველაფერს მიყრის უკრაინის შესახებ. ჰოდა, ვარ ასე. გავიგებ რომელიმე დასახლების დაბომბვის შესახებ და გავვარდები, ვეძებ რუკაზე. აბა სადაა, რა ქალაქთან არის ახლოს. რამდენია პოპულაცია, მატარებლებით გაიქცევიან თუ ავტობუსებით. შეძლებენ პოლონელები, ეს ბაჯაღლო ხალხი, მათ დახმარებას თუ ვერ. ჰოდა, გადის დღეები და უკვე თვეებიც. 

ამასობაში იმ ბენდის ახალი ალბომი WE გამოვიდა, რომელსაც მთელი წელი ვუსმენ. არ ვიცი როგორ ახერხებს ჩემი ქმარი, რომ ჩემზე ადრე გაიგოს „ჩვენი ბენდების“ ახალი ალბომებისა და სინგლების გამოსვლის შესახებ. სამაგიეროდ მე უფრო ადრე ვიგებ, რომელმა პოლიტიკოსმა რა @@@ობა თქვა. ნებისმიერ პლატფორმასა და ქვეყანაში. ამერიკის კონგრესი გინდათ, გერმანიის ბუნდესტაგი თუ თერჯოლის მუნიციპალიტეტი. ხვდებით ალბათ, ვის რა დღეში აქვს ნერვები. დიახ, Arcade Fire-ს ახალი ალბომი გამოვიდა. ჰოდა, ჯერ იყო და 3 კვირა მტენა 2 სინგლი (ქმარმა). მაგარია, მაგარიაო. ბევრი არაფერი-მეთქი, ქართლულად ვიშორებდი. ჰოდა, ერთხელაც ზურგჩანთა რომ მოვიგდე და სპოტიფაიზე ჩავირთე უკვე გამოსული მთელი ალბომი, უფალოოო, ისე ლოგიკურად და მარგალიტის მძივივითაა ასხმული ამ ალბომში მინიმუმ  5 სიმღერა, ყველა მათემატიკოსს შეშურდება. მეუღლე უკვე იმ აზრზეა, რომ სუსტი ალბომია. მე კი ქვევით მოგახსენებთ, რა შრეებში გავედი სრულიად უფასოდ და დანამატების გარეშე. 

ალბათ ბევრს გახსოვთ ის ხვრელი, ალისამ რომ მოადინა ზღართანი. მიუხედავად იმისა, რომ სრული უაზრობა და აბრაკადაბრა იყო, სწორედ იქ დაიწყო ცხოვრება, ძმაო. იზრდები, როცა გინდა იყო პატარა და პატარავდები, როცა შენგან ყველა დიდობასა და გმირობას ელის.  Follow the rabbit! ყველა თავისი მატრიცით, აბებითა და საკუთარ თავში დაბრუნებებით.

ეს ალბომი ძალიან უჩუმრად და უპრეტენზიოდ იქოქება. ოღონდ სადღაც მეოთხე ტრეკზე აღმოაჩენ, რომ გულამოსკვნილი ტირი. იმიტომ რომ თავზე გენგრევა ყველაფერი, რაც გიყვარს. End of the empire I-III, და შემდეგ უკვე End of the empire IV არის რეკვიემი. მამაშენის ბაბინები, დედაშენის სუნამოს ცარიელი ბოთლი, ელვის პრესლის მსუქანი ვარცხნილობა, სულ სხვანაირი რომის პაპი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და თვით თერჯოლის უსაყვარლესი ქოცი თვითმმართველობაც. ყველაფერი ქრება. აი რაღაც სუპერ გმირებზე რომ ფილმია – ყველა რომ ვიღაც თანოსს ეშპილკავება, ის კი მშვიდი და გეგმაზომიერია და იმარჯვებს. საყვარელ შვილს კლავს, ცრემლებად იღვრება, დანარჩენები კი იფერფლებიან. ზოგი იგოეთთან და ზოგიც უოლ სტრიტზე. აღარაფერი რჩება შენ გარშემო. არც ის ამერიკული ოცნება, რასაც ოკეანეს გადაღმა გამოეკიდე. კი იცი და გჯერა, რომ ყველაფერს დასასრული აქვს, უბრალოდ იმას ვერ იჯერებ, რომ ეს ტოტალური დასასრული შენი სიცოცხლის ციკლს დაემთხვა. 

ვინ ბატლერი სიმღერის ტექსტის წყობას შორისდებულებით აბალანსებს და საშუალებას გაძლევს ქვითინსა და სიცილს შორის დაიმახსოვრო ყველაფერი, რასაც ოდესმე გაუსულელებიხარ. ოკეანის ბრიზი, მთვარის შუქზე მოპარული კოცნა, დეე, კარტოფილი შემიწვი რააა და შვილის დაბადებით გამო@@@ვება. ხვდები, რომ მხოლოდ უკანასკნელი ცეკვა და მელოდია დაგრჩა, რის შემდეგაც unsubscribe უნდა გააკეთო და გახვიდე ამ გალაქტიკიდან. დიახ, დედამიწიდან ამოეწერები და უმისამართოდ და ჩაუწერლად გახვალ სხვა გალაქტიკაში შავი ხვრელის გავლით. ეს შავი ხვრელი კი მარიუპოლია. სიმღერას კი ჰქვია End of the Empire IV (Sagittarius A*), მაგრამ, სავარაუდოდ, მისი დაწერის დროს arcade fire-მ არაფერი უწყოდა, რომ ირმის ნახტომისა და კაცობრიობის შავი ხვრელი მშვილდოსანი კი არა,  მარიუპოლია. 

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ აგერ რამდენიმე დღის წინ გამოგვიფინეს მეცნიერებმა შავი ხვრელის ფოტო, რომელიც სწორედ ჩვენი ირმის ნახტომშია და გვადგას თავზე მიქელ-გაბრიელივით.  მთელი ეს დღეები ვფიქრობ, რომ აზოვის პოლკია დღეს ადამიანის მოდგმის შავი სინდის-ხვრელი. რომელიც ცდილობს შეიწოვოს ყველაფერი ადამიანური, რითაც ამოკემსავდა ამ ხვრელს, მაგრამ კაი გამარჯობა – აღარაფერი შეგვრჩა.  ყველა ზნედაცემულ ხელისუფალზე ტუზივით დაცემულმა კოვიდმა დაასრულა ადამიანობის გაუფერულება და “გატრუხება”.  კი ვწუწუნებთ ბავშვების გაუპატიურებასა და დახვრეტაზე, დიახ, ბავშვების დახვრეტაზე, მაგრამ „აბა ომი გვინდა?!“-ს მომჯდარ სამსახურნაბოძებ მეგობარს და ბიძაშვილს მაინც ველოლიავებით.

ალბომის ეს მონაკვეთი სრულიად წარმოუდგენელი ტკივილით გადმოსცემს აზოვის პოლკის დღევანდელ ყოფას, რომელიც ითხოვს სიცოცხლის უფლებას. ერთგვარ რიგით რაიანობას. ცუდი შედარებაა, მაგრამ სიმღერის ტექსტი, რომ „ამერიკის იმპერია დამთავრდა“, სწორედ იმ ფილმებს მაგონებს, წარმოუდგენელ ლოკაციებზე რომ ვერტმფრენებს სვამენ ხოლმე ამერიკელები და გაჰყავთ ყველა. დაჭრილი ცუგები და ზაზუნებიც კი. და მინდა, რომ ჩაფრინდნენ და მთელი აზოვსტალი ბაუნტის რეკლამაში გადააფრინონ ერთი თვით მაინც. აზოვის პოლკი ხომ  არც სიკვდილს და არც სიცოცხლეს, არამედ რაღაც სხვას იხვეწება. დიახ, ყველა დარჩენილი ჰუმანურობის შეკოწიწებას გვთხოვს, რომ კოსმოსში გავიდეს და იქიდან მაინც დაგვეხმაროს შევინარჩუნოთ სახე. 

ალბომის ამ საოცრად ამაღელვებელ ნაწილს ნათებისა და ზეიმის ჰიმნები მოჰყვება. რომლის შექმნაცა და მღერაც ამ ბენდს ყველაზე მაგრად გამოსდის. მსგავსი დღესასწაულისა და გამარჯვების შეგრძნების შთაგონება ბარე ორს არ შეუძლია. ისეთი აღმატებული განწყობა მოაქვს და გაგდებს, რომ წარმოვიდგენ ხოლმე (დღეში მინიმუმ 5-6 ჯერ მაინც ვუსმენ ამ ალბომს), როგორ გამოდიან აზოვის პოლკის მებრძოლები საგიტარიუსის შავი ხვრელიდან: მოღიმარები, გამარჯვებულები და ცოცხლები. შემდეგ კი ყველაზე მეტად  მინდა, მათ სოციალურ ქსელებს ვუთვალთვალო და ვხედავდე, როგორი მარტივი, ადამიანური და ბედნიერი სიდებილეებით აგრძელებენ ცხოვრებას. მინდა, ქოთნის ყვავილობით გაიხარონ და კატის კნუტების ფოტოები აზიარონ ფეისბუქზე. კიდევ, ყოველ შაბათ დილით წერონ, რომ წინა ღამით ბევრი სვეს და მათი წინა ღამის მესიჯებს არაფერი დაეჯერება.  მინდა, უბრალოდ გადარჩნენ და ასე ყოველდღე არ ვიგებდე, რომ კიდევ ერთი, წინა ცხოვრებაში ექიმი, ჟურნალისტი, ფსიქოლოგი, ბლოგერი ან და უბრალოდ არავინ – აღარაა. რომ მოკვდა იქ, სადღაც – შავ ხვრელში.

ამასობაში კი ყველამ კარგად იცით, რაც ხდება. პირიქით, ყველაფერი პირიქით, ასინეთა.  თავებს ვიმშვიდებთ, რომ გადარჩებიან გამოყვანილი აზოველები. არ აწამებენ, არ ჩაწერენ მათ დამამცირებელ ვიდეოებს და არ აკატავებენ ქსელებში გიორგი ანწუხელიძესავით, რომლის წამება ძალიან კოხტად გადაახურდავა ქართულმა „უფლებადამცველმა“ ბაბლმა „რუს ხალხს არაფერი დაუშავებია“-ში. პლასტიკური ბარათების, კოკა-კოლასა და ინსტაგრამის რუსეთიდან გასვლის შემდეგ რომ გახდა პუტინის ტირანია აუტანელი, სწორედ იმ ხალხს ვპატრონობთ და ვმასპინძლობთ. წაკითხულიდან და ნანახიდან აზრის გამოტანა არასდროს იყო ჩვენი ძლიერი მხარე. ეს სტუმართმოყვარეობაც აშკარაა, რომ ბატონის უკანალის ლოკვაში გვერევა.

გული მწყდება, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც მსოფლიოს დაანახვებდა, რისი ფასი აქვს აქვს რუსულ სოპრანოებს, ბალერონებსა და ბუნებრივ გაზს. რომ ის ერთი ავადმყოფი, ორთავიანი გაცოფებული პირუტყვია. გოიმი, პერიფერიული სიმონიან-კანდელაკ-ნაშებიანი ჟანგიანი ტანკი, რომელსაც არც ნავიგაცია აქვს და არც რუკა, მაგრამ ბორტზე აქვს მოპარული უნიტაზი. ორი ცალი. არა და შეგვიძლია. ჩვენთვის ხომ არაფერი დაუკლია რუსეთს? არც წამება, არც შიმშილი, არც კვლა და არც დევნა. ჩვენც ბევრი ვიბრძოლეთ. დღესაც ვიბრძვით. მართალია, სხვის მიწაზე, მაგრამ სამაგალითოდ, მთელი გულით და ჯიგრით. 

ამ შავ ხვრელსაც რაღაცნაირად ვუყურებთ ქართველები. თან გვჯერა და თან არა. ალბათ იმის იმედი გვაქვს, რომ იქნებ მანდაც დავაგვიანოთ და ღმერთმა აღარ შეგვიშვას შიგნით. ჰოდა, ამ უკანასკნელს იქნებ კარგი იუმორს გრძნობა მაინც აქვს და თერძი ბესოსავით რუსეთით ამოკეროს ეგ შავი ხვრელი.  

უკრაინა კი იცოცხლებს სულ. ყველა თავის ცოცხალი, მკვდარი თუ ტყვე გმირით. ამ ყვითელ-ცისფერ ფენიქსზე გადაიღებენ ფილმებს, დაწერენ წიგნებს და იმღერებენ სიმღერებს. მანამდე კი:

The sky is breaking open, we keep hoping
In the distance, we’ll see a glow
Lightning, light our way
‘Til the black sky turns back to indigo

We can make it if you don’t quit on me
I won’t quit on you
Don’t quit on me
We can make it, baby

ყოჩაღ, Arcade Fire. დაჯექი, ფრიადი!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.