ქართველი არტისტები, რომლებიც გამორჩეული დიზაინის სამკაულებს ქმნიან
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
სამკაული ის უნივერსალური ნივთია, რომელსაც შეუძლია ჩვენი ინდივიდუალიზმის გამომხატველ დეტალად იქცეს. თანამედროვე სამყაროში, სადაც მრავალფეროვნება და განსხვავებული ესთეტიკის სინთეზია აქტუალური, ნებისმიერი სტილის სამკაული შესაძლოა ყოველდღიურად ვატაროთ და სხვადასხვა სიტუაციებს მოვარგოთ. სამკაულის, როგორც უძველესი აქსესუარის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. არქეოლოგებმა სხვადასხვა დროს აღმოაჩინეს ქრისტესშობამდელი საუკუნეებით დათარიღებული ნაკეთობები, რომლებიც სრულყოფილი ოსტატობით არის შესრულებული. სამკაულებს ძველად არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ საკრალური და სტატუსის აღმნიშვნელი დატვირთვაც ჰქონდა.თუმცა დღეს ეს აქსესუარი მფლობელის გემოვნებაზე, ხშირად კი ინტერესებსა და ცხოვრების სტილზე მიუთითებს. მაგალითად, ალბათ არაერთხელ გქონიათ შემთხვევა, როცა ადამიანისთვის შეგიხედავთ და სწორედ სამკაულის მიხედვით გივარაუდიათ, დასავლური კულტურა უფრო მოსწონს თუ აღმოსავლური, უპირატესობას ისტორიის მქონე ნივთებს ანიჭებს თუ მოდის ტენდენციებს. თუ უფრო დაკვირვებული ხართ, სამკაულის მიხედვით იმის გაგებასაც კი შეძლებთ, მის მფლობელს იტაცებს თუ არა, მაგალითად, მოგზაურობა, რადგან გავრცელებული ჩვევის მიხედვით, უცხო ადგილიდან ადამიანებს სამახსოვროდ ყველაზე ხშირად სწორედ სამკაული მოაქვთ.
სამკაულის დიზაინის მოფიქრებას საკმაოდ დიდი წარმოსახვა და მრავალი დეტალის აღქმა სჭირდება. ამიტომაც ხელოვანი, რომელიც მას ქმნის, განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა. ამ სტატიაში რამდენიმე ქართველ დიზაინერს გაგაცნობთ, რომლებიც გამორჩეული და დამახასიათებელი ვიზუალის მქონე სამკაულებს ქმნიან.
სოფო გონგლიაშვილი ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. დიზაინერმა სამკაულების კეთება 90-იანი წლებიდან დაიწყო, ხოლო 2000 წელს პირველი გამოფენა მოაწყო. მასიური ნაკეთობები ფერების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა ეს ფერადოვნება იდეალურ ჰარმონიას ქმნის. აღსანიშნავია, რომ სოფოს გონგლიაშვილის ნამუშევრები დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს და არაერთ ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოპულარობითა და აღიარებით სარგებლობს.
ჩუბიკა ერთ-ერთი ის თანამედროვე ქართველი დიზაინერია, რომლის ნამუშევრები ცნობილია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ სწორედ დამახასიათებელი ესთეტიკით. ნაკეთობების დიზაინში ფიგურები ჭარბობს – ეს არტისტის უნიკალური ხელწერაა. ეს ხელწერა კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია გრაფიკასთან, სკულპტურასთან – რაც ამ ნაკეთობებს, როგორც ხელოვნების ნიმუშებს, კიდევ უფრო შთამბეჭდავს და სახასიათოს ხდის.
ნათია ხუციშვილი სამკაულის დიზაინერია, რომლის მასიური ნამუშევრები ანტიკური ესთეტიკით გამოირჩევა. ხელოვანის მიერ შექმნილი სამკაული მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ პოპულარულია. მის ნაკეთობებს არაერთი ცნობილი ადამიანი ატარებს, ისინი ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა სახელგანთქმული ბრენდის ედიტორიალშიც.
ნატა გეგენავას სამკაულების კოლექცია ფერადი თვლებითა და მინანქრით გაფორმებულ ნაკეთობებს აერთიანებს. დამახასიათებელი ესთეტიკის გათვალისწინებით, ეს ნაკეთობები სამუზეუმო ექსპონატებსაც მოგაგონებთ. დიზაინში გეომეტრიული ფორმები და ორნამენტები ჭარბობს. მიუხედავად ძველებური ესთეტიკისა, ეს სამკაულები სრულ თანხვედრაშია თანამედროვე მომხმარებლის სტილთან.
ეს არის ქართული სამკაულის ბრენდი, რომელიც ნინა ივანოვნამ და გიორგი ვაზოვსკიმ დააარსეს. საინტერესო დასახელებით და სახასიათო დიზაინით, ბრენდის შემქმნელები მუდმივად რაღაც ახალს სთავაზობენ მომხმარებელს. ბრენდი თანამედროვე ესთეტიკის მოყვარული ადამიანებისათვისაა, ვისთვისაც საკუთარ ნივთთან ემოციური კავშირი მნიშვნელოვანია. კოლექციიდან კოლექციამდე Le Chic Radical საინტერესო ტრანსფორმაციას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი 2018 წელს დაარსდა, მან უკვე მოიპოვა საერთაშორისო ცნობადობა.
კატო ნემსაძე ქართველი ხელოვანია, რომლის ნაკეთობები დამახასიათებელი ესთეტიკითა და დიზაინით გამოირჩევა – ის გულის ფორმის სამკაულებს ქმნის. მისი ნამუშევრების ინსპირაცია განსხვავდება, თუმცა ყოველ მათგანს გრძნობებთან და ემოციებთან სიმბოლური კავშირი აერთიანებს. გულის, როგორც ცნობილი სიმბოლოს გამოყენება ერთდროულად არის ხელოვანის დამახასიათებელი ხელწერაც და გამორჩეული ხედვის მანიშნებელიც.
ახალგაზრდა ქართველი არტისტის, პიტო სეთურიძის მიერ შექმნილი სამკაულების კოლექცია მინიმალიზმით და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. თანამედროვე დიზაინის ნაკეთობები სადაა, თუმცა ჩვენს ვიზუალსა და იმიჯში საკმაოდ გამოკვეთილი შტრიხების შეტანა შეუძლია. კოლექციები აერთიანებს საყურეებს, პირსინგებს, ბეჭდებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს – თითოეული მათგანი იქმნება მომხმარებლისათვის, რომლისთვისაც ნებისმიერი გარეგნული დეტალი ინდივიდუალიზმის, ცხოვრების წესისა და ფასეულობების გამომხატველია.