fbpx

საოცარი დებიუტი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ის, რაც საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ტურნირის პირველ ორ მატჩში მოიმოქმედა, ნებისმიერ ნაკრებს შეშურდებოდა. ჩვენებს კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დებიუტი მთელი ისტორიის მანძილზე არცერთ შესარჩევ ტურნირში არ ჰქონიათ.

გიბრალტარის ანგარიშით 4:0 განადგურებას სკეპტიკოსები და მათ შორის ზოგიერთი საფეხბურთო სპეციალისტიც კი, მეტოქის სისუსტეს მიაწერდნენ. 

ფეხბურთში შედარებით ღრმად გათვითცნობიერებული ადამიანები კი ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩის შედეგის პროგნოზირებისას უპირველეს ყოვლისა საქართველოს ნაკრების მიერ იქამდე ზედიზედ ექვსი წაუგებელი მატჩისგან შემდგარ სერიას იშველიებდნენ, რომელიც თვით შვედეთის ნაკრების ანგარიშით 2:0 დამარცხებასაც მოიცავდა.

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტართან და ბულგარეთთან შეხვედრებში იმდენი საგოლე მომენტი შექმნა, რამდენიც მას ვილი სანიოლამდე მოღვაწე რამდენიმე მწვრთნელის სამუშაო პერიოდის მანძილზე არ ჰქონია.

ფრანგ სპეციალისტს ყველაფერი რომ გამოსდის, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ცვლილებაზე გამოსული ნებისმიერი ფეხბურთელი შესანიშნავად ერთვება თამაშში და გოლების გატანაშიც  მონაწილეობს.

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი გასვლაზე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. თუნდაც შარშან იმის წარმოდგენა,  რომ ჩვენი გუნდი შეძლებდა იტალიის ნაკრებთან მატჩის ფრედ დასრულების შემძლე გუნდის განადგურებას, ნამდვილად გაჭირდებოდა.

განა შარშან არ დაამარცხეს ბულგარელებმა ჩვენი გუნდი დიდი ანგარიშით, ოღონდაც ამხანაგურ შეხვედრაში?

გიბრალტართან შესანიშნავად მოგებული მატჩით საქართველოს ნაკრებმა საკუთარი ძალა იმდენად ირწმუნა, რომ ბულგარელებს გასვლაზე მოლოდინისამებრ პირველი წუთებიდანვე შეუტია.

სწორედ აქ გამოირკვა ვილი სანიოლის სტრატეგიის სისწორე. ჩვენებს თავიდანვე უნდა ეგრძნობინებინათ მეტოქისთვის, რომ სწორედ სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ მასპინძლის სტატუსით ამ შეხვედრაში.

დებიუტში ერთმა გატანილმა და კიდევ არ ჩათვლილმა გოლმა გარდა იმისა, რომ ჩვენ ფეხბურთელებს სტიმული შემატა, მეტოქეს უიმედობა ჩაუსახა. ბულგარელები იმდენად დაბნეულად გამოიყურებოდნენ, თითქოს ვერც ხვდებოდნენ, რით უნდა შესწინააღმდეგებოდნენ ქართველი ფეხბურთელების ტექნიკურ მანევრებს და მახვილგონივრულობას.

კვარაცხელიამ მოედანი მატჩის 67-ე წუთზე გოლით და ორი საგოლე გადაცემით დატოვა. მის ნაცვლად შესულმა ყაზაიშვილმა კი უკვე სამ წუთში შეძლო მეხუთე ბურთის გატანა. საგოლე გადაცემა იმ ეპიზოდში მასთან ერთად მოედანზე შესულმა ფორვარდმა მიქაუტაძემ შეასრულა.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა აზაროვმა, რომლის დამსახურებითაც საქართველოს ნაკრებმა მეორე ბურთი გაუტანა მეტოქეს. ჩვენებს მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში გაუჭირდათ, როდესაც მასპინძელთა ზეწოლას მალევე ლორიას კარში თავური გოლი მოჰყვა.

სწორედ ამ დროს გამოავლინა საქართველოს ნაკრებმა დიდი ფსიქოლოგიური მედეგობა. თითქოს არც არაფერი მომხდარაო, მარცხენა ფლანგიდან წინ მიმავალმა აზაროვმა ცენტრში აბურჯანია მონახა, ამ უკანასკნელმა კი ეფექტური გადაცემით მეკარესთან პირისპირ მყოფი ზივზივაძე შენიშნა. ელვისებრი სამსვლიანი კომბინაცია იმ გოლით დასრულდა, რომელმაც საბოლოოდ გატეხა მასპინძლები, შეაგუა რა ისინი გარანტირებულ მარცხთან.

ცხრა გატანილი ბურთის მქონე ჯგუფის ლიდერი – საქართველოს ნაკრები მომდევნო ტურში იმ ნაკრებს ეწვევა, რომელთანაც მას ბოლო დროის ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. 

რაზე ფიქრობს ამ მატჩის წინ ჩვენი მეტოქე? ცოტათი ხომ არ ეშინია, რადგან თავად ვერ მოახერხა გასვლაზე ბულგარეთთან მოგება? თავს იმით ხომ არ იმშვიდებს, რომ სამაგიეროდ ცოტა ხნის წინ გასვლაზე იტალიის ნაკრები დაამარცხა?

ევროპულ ფეხბურთში გასული კვირის ცენტრალურ მოვლენად ერთა ლიგის ტურნირის დებიუტთან ერთად, ე.წ. Finalissima იქცა, რომელშიც ერთმანეთს ევროპის და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები – იტალიის და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გუნდები განსხვავებული ფსიქოლოგიური განწყობით შეხვდნენ ლონდონის „უემბლიზე“ დანიშნულ ფრიად საპასუხისმგებლო შეხვედრას, რაც თავიდანვე მისი განვითარების სცენარზე, ხოლო საბოლოოდ კი იტალიელთა ანგარიშით 0:3 განადგურებაზე, უშუალოდ აისახა.

იტალიელებს არგენტინელთათვის უკანასკნელად 1987 წელს ჰქონდათ მოგებული. მათთვის ამ მეტად არასასიამოვნო სტატისტიკას კი მესის და მის თანაგუნდელებთან ზედიზედ ბოლო სამ დაპირისპირებაში მარცხიც ამძაფრებდა. 

მთელი მატჩის განმავლობაში არგენტინელთა სრული უპირატესობიდან გამომდინარე გაირკვა, რომ რევანშზე ფიქრი „სკუადრა აძურასთვის“ იმდენად ფუჭი პერსპექტივა ყოფილა, რამდენადაც კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება…  

ამ მატჩის ორიოდე სიტყვით დახასიათებისთვის იმის თქმაც საკმარისია, რომ ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ცხადყო ფეხბურთის იმ სპეციალისტთა არასწორი მსჯელობა, ვინც სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრების მიერ ბრაზილიელთა „მარაკანაზე“ დამარცხებას გასული სეზონის განსაკუთრებულ მოვლენად არ მიიჩნევდა და მას ევროპის ჩემპიონატის ფინალს უთანასწორებდა.

ნუთუ მესის ნაცვლად მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჟორჟინიო უნდა დაესახელებინათ? 

იქნებ ტიტულს სადიო მანე ან მოჰამედ სალაჰი იმსახურებდნენ, რომლებმაც  ერთობლიობაში ერთი ბურთის გატანაც ვერ მოახერხეს მადრიდის „რეალის“ და „ჩელსის“ წინააღმდეგ თითქმის ექვსსაათიანი სათამაშო დროის განმავლობაში. 

ბენზემას საუკეთესო სეზონი ჰქონდა, მაგრამ მესი ალბათ მაინც ყველაზე მეტად დააკლდა ფეხბურთის მოყვარულებს ჩემპიონთა ლიგის პლეიოფების ეტაპზე და ეს არა იმდენად არგენტინელი ფეხბურთელის ფორმიდან ამოვარდნის, არამედ ზოგადად, „პარი სენ-ჟერმენის“ შიდა მიზეზებით მოხდა. განა არ გვახსოვს, რომ  ცოტაც და მეოთხედფინალში არა ბენზემას, არამედ მესის და მბაპეს ვიხილავდით? 

მესის ძალისხმევით არგენტინის ნაკრებმა „სკუადრა აძურა“ სწორედ იმ გიბრალტარს და ბულგარეთს დაამსგავსა, რომლებიც ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგის C კატეგორიის პირველი ტურის მატჩებში დიდი ანგარიშით გაანადგურა.

იტალიელთა მწვრთნელ მანჩინის ისღა დარჩენოდა, რომ ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ „სკუადრა აძურას“ შემადგენლობა მთლიანად გამოეცვალა. 

საინტერესო კი ისაა, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა და გაცილებით ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გერმანიის ნაკრებმა ვერ მოახერხა იტალიელთა წინააღმდეგ თამაშის ტრადიციული კომპლექსის დაძლევა და უხერხულ მეტოქესთან შეხვედრაში ფრეს – 1:1 დასჯერდა.

გუნდები უკმაყოფილო ალბათ არც დარჩენილან ამ შედეგით, რადგან ქვეჯგუფის კიდევ ერთმა ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმა მოულოდნელად წააგო გასვლითი მატჩი უნგრეთის ნაკრებთან.

იტალია – გერმანიის ანალოგიური შედეგით დასრულდა ესპანეთის და პორტუგალიის დაპირისპირება, ნიდერლანდების და ავსტრიის ნაკრებებმა კი გასვლაზე მიწასთან გაასწორეს შესაბამისად ბელგიისა და ხორვატიის ეროვნული გუნდები.

საფრანგეთის და დანიის ნაკრებების შეხვედრის 51-ე წუთზე ბენზემამ ნკუნკუს მიერ ქუსლით დაბრუნებული პასი ულამაზეს გოლად აქცია, მაგრამ დანიელებმა არაფრად ჩააგდეს მრისხანე მასპინძლის რეპუტაცია, დარჩენილ დროში მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრაში. 

ნეიტრალურ ქომაგებს გული დასწყვიტა უკრაინის ნაკრების წარუმატებლობამ უელსის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მატჩში.

შოტლანდიელებთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, თითქოს ველოდით კიდეც ლურჯ-ყვითელთა მიერ კიდევ ერთი ბრიტანული ნაკრების დამარცხებას, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ გარეთ ბეილი და მისი თანაგუნდელები. 

უკრაინის ნაკრების კარში გატანილი ერთადერთი გოლი სწორედ მადრიდის „რეალის“ დაწუნებული ვარსკვლავის მიერ უკრაინელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მოჰყვა, რომელსაც იარმოლენკომ ისეთი მონდომებით შეუშვირა თავი, თითქოს მოწინააღმდეგის და არა საკუთარი კარის ბადეს უმიზნებდა.

ამ გოლმა უელსელებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუტანა, სადაც ისინი   უკანასკნელად 1958 წელს  მონაწილეობდნენ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.