fbpx

Thamar de Létay – Christian Dior-ის მოდის სახლის ქართველი მხატვარი


გააზიარე სტატია

ავტორი: მზეხა მახარაძე 

 

“დედა სიცოცხლის ბოლომდე იყო ქართველი და სურდა, ყველაფერი, რაც მან შექმნა, ყოფილიყო საქართველოში…”

 

ეს ესკიზები Christian Dior-ის მოდის სახლისთვის თამარ დე ლეტე-ვაჩნაძემ შექმნა, რომელსაც ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი ინტერესით ათვალიერებდა. იშვიათი გემოვნებით გამორჩეული ნამუშევრები, რომლებიც დღეს უნიკალური დოკუმენტებია, ჩვენთვის აღმოჩენაა, არის ახლობელიც, მოულოდნელიც და თან უცხოც,  რადგან ამ ისტორიაში ბევრი რამ უცნობია, იდუმალებით მოცული და ჯერაც ამოუხსნელი… როდესაც ამ სამ სრულყოფილ ჩანახატს ვეხებით, რომლებიც შესრულებულია 1950-იანების სტილში, შემოაქვს რეტროს რომანტიკა თავისი კონცეფციით, ვიზუალური დინამიკა, ვხედავთ, რომ ესკიზები არისტოკრატი მხატვრის მიერ ბრაზილიის პერიოდშია შექმნილი ავტორისეული ხელმოწერით TH. de. LETAY, ოღონდ კონკრეტული თარიღი უცნობია, რადგან არ არის მითითებული.

თამარ დე ლეტეს სხვა ნახატებზე შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ათასობით ლეგენდარულ ესკიზებს შორის პარიზში Christian Dior-ის მოდის სახლის მდიდარ არქივში იქნება საავტორო უფლებით დაცული, თუმცა ეს ექსპონატები ჯერ არავის უნახავს… და მაინც, CD-ის რომელი ხაზისთვის შეიქმნა ეს სტილიზებული, ფერადი და გრაფიკული ესკიზები? იქნებ სარეკლამოდ დაუკვეთა დიდმა ფრანგმა? – არსებობს ვერსიები, დაზუსტებით ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია ის, რომ ესკიზები თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი მხატვრული დოკუმენტებია არა მხოლოდ ევროპაში ქართული ემიგრაციის არქივისთვის. და კიდევ, ეს სამუზეუმო მასალები ქართველი მხატვრის მდიდარ და მრავალფეროვან არქივთან ერთად, რომელიც საფრანგეთიდან ახლა ჩამოვიდა და ხელოვნების სასახლეში ახლა ვეცნობით,  უნდა მივიღოთ წარსულიდან მომავლის მემკვიდრეობად, რადგანაც ეს ძვირფასი ნახატები ასე უსამართლოდ მივიწყებას გადარჩა, მათი მომავალი კი მეორე სუნთქვად გრძელდება… 

ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში სამშობლოსგან შორს ცხოვრობდა ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების  შთამომავალი მხატვარი, მაგრამ საქართველოს გულით და გონებით ატარებდა. ევროპულ ღირებულებებს შეთვისებული მხატვარი, სადაც  უნდა ყოფილიყო, ყველგან ამაყობდა თავისი კეთილშობილი წარმომავლობით. ბედს მინდობილი არისტოკრატული ოჯახიდან შინ დაბრუნების დიდი იმედით, სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა… ეს ტკივილიანი განცდები, რომელიც სევდიან ფიქრებში გადადის, უნდა აღვიქვათ არა მარტო მათი ცხოვრების, არამედ იმ ტრაგიკული ეპოქის ინტონაციად. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ევროპაში ძალიან ფართოდ ცნობილმა მხატვარმა არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა  და  სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ატარა ის სტატუსი, რაც იძულებითი ემიგრაციის შვილს პირად ბარათში ეწერა: ლტოლვილი საქართველოდან. 

ფაქტების კვალს რომ გავყვეთ, გასაბჭოების მერე, მამით უნგრელი, დედით ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის  ბიოგრაფია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან საფრანგეთს უკავშირდება. სანამ ცნობილი მხატვარი გახდებოდა, ხატვა პარიზში მადლენ ვატიეს/Madelaine Vathier და  Bernard Huguet/ბერნარ ჰიუგეს სახელოსნოებში ისწავლა. თამარ დე ლეტეზე, როგორც ევროპაში გამორჩეულ და აღიარებულ სცენოგრაფზე, წიგნის ილუსტრატორსა და ვიზუალურ არტისტზე დადებით რეცენზიებს  წერდა მაშინდელი საერთაშორისო პრესა… როგორც ირკვევა, ის იყო პარიზის ლეგენდარულ ქუჩაზე  Avenue Montaigne-ზე კრისტიან დიორის მოდის სახლის მხატვარი, ამ დიდი ბრენდისთვის ქმნიდა ესკიზებს, მაგრამ 1952 წელს 27 წლის მხატვარი მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად პარიზული გლამურიდან სან პაულუში გადადის, იქ, სადაც მის წარმატებულ კარიერას თავისი კანონები აქვს და თავისი თავგადასავალიც. მთავარი – გვარი შეიცვალა და სამუდამოდ გახდა Thamar de Letay,  ამიტომ  საერთაშორისო არტ ფორუმებსა და ექსპოზიციებზე, სადაც  მონაწილეობდა, ყველგან დაფიქსირებულია როგორც Thamar de Letay.  ტილოებზე, ესკიზებსა თუ პირად წერილებზე ავტოგრაფს ფრანგულად ტოვებს – TH. de. LETAY. 

1963 წელს სან პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართული თამარ დე ლეტეს ნამუშევრების რეტროსპექტივა, მისი წარმატებული ათწლეულის გაგრძელებაა. პარალელურად, ის ამ დროს სან პაულუს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის  არტ-დირექტორია. 1963 წელს, როდესაც ბრაზილიიდან საფრანგეთში ბრუნდება, ატლანტის ოკეანის პირას, სოფელ ლამპალუზ-პლუარზელში/Lampaul-Plouarzel სახლდება, იქ, სადაც აგრძელებს ხატვას და მთელი ცხოვრება დარჩება… პარიზულ ექსპოზიციებს Pierre-Laurent Brenot-თან,  Louis Touchagues-თან,  De la Horbe-თან  ერთად აკეთებდა, მათთან მეგობრობდა და შემოქმედებით კონცეფციებს იზიარებდა.

 

მისი ვერნისაჟების სერიიდან  მნიშვნელოვანი ექსპოზიციები იმართებოდა პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში  ევროპიდან  ბრაზილიამდე, მათ შორის ლუქსემბურგში საფრანგეთის კულტურის ცენტრში, ტულუზის ოპერის თეატრში, მონაწილეობს  სან პაულუს ბიენალეზე, პარიზის 16th Century Gallery-ში, Gallery  Parnasse 167-ში, Nasturtium Gallery-ში,  Sofitel Group 36-ში, თავის პარიზის სახელოსნოში  Frères Voisin 75015-ზე, Ambient Gallery-ში… ამ დროს მისი “ხელის ინტელექტშია” ფიგურატიული აბსტრაქციები ფერისა და სევდის პოეზიიდან, ნატურმორტები, თუნდაც, ფსიქოლოგიური პორტრეტები სიმბოლური აქცენტებით, რომლებიც  ავტორისეული ცხოვრების მეტაფორებია, – კომპოზიციური სტრუქტურით კლასიცისტური, ფერთა ელეგია კი ტილოზე უცვლელად რჩება. თანაც, ეს თავისუფალი აზროვნებაა  ფერში, აქ  ფერი ცოცხალია, სუნთქავს და ფიგურასთან ერთად მოძრაობს.

როდესაც თამარ დე ლეტეს ფერწერულ ტილოებს ათვალიერებ, ხვდები, რომ  ექსპრესია, მედიტაცია და სიჩუმე ის კონცეფციებია, რომელშიც დე ლეტეს მხატვრული ესთეტიკა და ინტელექტი ეტევა. იქნებ ამიტომაც ეს შედევრები აზრის, ფერისა და ხაზის ასეთი სიზუსტით რომ არის “გამოთლილი”, ჩვენთვის აღმოჩნდა ახლობელიც, მოულოდნელიც და ერთგვარად უცხოც. ტილოებზე “დევს” გეომეტრიული ფიგურები ისე, რომ ზეთის თხელი მონასმებიც არ შეიმჩნევა, ხოლო ფერების მშვიდი ჰარმონია ხშირად გამჭვირვალეა. კომპოზიციის  მიღმა ნატურმორტები, ისევე როგორც პორტრეტები, ღრმაა და სულიერად წრფელი. აქ “საიდუმლო არქიტექტურაში” ზეთის საღებავის იდუმალებაც არის დაჭერილი, ხვდები სინათლის, ფერთა ინტენსივობის და ფაქტურების თავისებურ სინთეზს. სინათლის ასახვა თამარ დე ლეტეს უკარნახებს ნამუშევრის კომპოზიციას, შუქ-ჩრდილების ძლიერი კონტრასტები აძლიერებს თემის ხასიათს, შავს იყენებს, როგორც სინათლის ფერს და არა როგორც სიბნელის ტონალობას… მისი პორტრეტებიც ერთგვარი დრამაა, ვიზუალური აზროვნება მარტოსული ქალის ცხოვრების ეპიზოდებზე. 

ათვალიერებ ტილოებს, ისევე როგორც თეატრალურ ესკიზებს, გაოცებული ხარ და ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს არ გჯერა… აქ ეხები არა მხოლოდ მის მხატვრულ ხელწერას, არამედ კალიგრაფიას. მიუხედავად იმისა, რომ პარიზიდან სან პაულუს თეატრალური სივრცეებისთვის 30-ზე მეტი საბალეტო თუ დრამატული სპექტაკლის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს ქმნის, თამარ დე ლეტეს  შემოქმედების აქცენტი მაინც ფერწერაა. ქართველი მხატვარ-დეკორატორის თეატრალური ესკიზები ახლა სპექტაკლის გარეშე განაგრძობს სიცოცხლეს, თუმცა თემატურ ფრაგმენტებში მაინც არ უარყოფს თეატრალურ ასპექტებს. ვირტუოზულია მის მიერ შექმნილი მოლიერის, გარსია ლორკას, სარტრის, კალიგულას, კამიუს, ბომარშეს, ჩეხოვის, ოკასინის და  ნიკოლეტის პიესების მხატვრული გაფორმებები…  

მას უყვარდა თეატრი მთელი თავისი სრულყოფილებით… ლუბოვ ეგოროვას/Lubov Egorova  და ჟანინ შარას/Janine Charrat  ყოფილი მოცეკვავე თეატრის მაგიას ახლოდან გრძნობდა, ამიტომ მისი დეკორაციისა თუ კოსტიუმის ესკიზები, რომლებიც ევროპულ სკოლას მიეკუთვნება, ყველა დროში თანამედროვედ იკითხება და თავისი არსით, თუნდაც მხატვრული ესთეტიკით სანიმუშოდ აღიქმება. უფრო მეტიც, დრო სხვა ხიბლსა და შარმს სძენს იმ ფერწერულ რეტროსამყაროს, რომლის თხრობის სტილი ახალ სივრცობრივ კონცეფციებს უკარნახებდა სპექტაკლის თანაავტორს. თავად მხატვარ-დეკორატორის შემოქმედებითი თეორია გულისხმობდა პერფორმანსის “შეფუთვაში” ყოფილიყო არა მხოლოდ დოკუმენტური და ლაკონიური, არამედ ინდივიდუალური ხედვით გამორჩეული… და თავისთავად, გაბედული და ზუსტი კლასიკიდან მოდერნამდე. აქვე ჩანს, რომ თამარ დე ლეტესთვის მნიშვნელოვანი იყო მაკეტის ფორმა, ფერი, ფაქტურა… 

დღეს ხელოვნების სასახლეში არქივები გაიხსნა და… ამ ქალის ბუნდოვანებით მოცული შემოქმედებითი ბიოგრაფიის ზუსტი დადგენა და შესწავლა მიმდინარეობს. თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის რარიტეტებს შორის საინტერესოა ეპისტორალური ურთიერთობები პარიზის არტისტულ ელიტასთან, – წერილები, რომლებიც სან პაულუდან პარიზში, პარიზიდან სან პაულუში იგზავნებოდა ფრანგული ავტოგრაფით TH. de. LETAY. როგორც ამბობენ, ნივთები მისი მფლობელის ენერგეტიკას ინარჩუნებს, რაღაც სხვა აურა დააქვთ, რომელიც მართავს მათსავე მომავალს… საფოსტო წერილებს შორის არის საფრანგეთის პრეზიდენტის, ჟაკ შირაკისადმი გაგზავნილი წერილიც… 

და მაინც, აქამდე რატომ არაფერი ვიცოდით თამარ დე ლეტე-ვაჩნაძეზე, ინდივიდუალური ხიბლით გამორჩეულ ქალზე? – ამ მიზეზს თავისებური ახსნა აქვს: პარიზის ემიგრაციაში ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ოჯახის წევრი ხდება, – ნოე ჟორდანიას შვილმა რეჯებ ჟორდანიამ ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების  შთამომავალ მხატვარზე იქორწინა, თუმცა რადგანაც მათი ხანმოკლე  ქორწინება გაყრით დასრულდა, მარტოსულმა და დასევდიანებულმა ქალმა დატოვა პარიზი და საცხოვრებლად სან პაულუში გადავიდა მცირეწლოვან შვილთან, ზოლტან ჟორდანიასთან ერთად.

როგორც ირკვევა, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ქართული ემიგრაციისგან შორს ცხოვრობდა, წლების განმავლობაში მათთან ურთიერთობა თითქმის არ ჰქონდა, მაშინაც კი, როდესაც სან პაულუში კომუნისტების პოლიტიკური გააქტიურების გამო ბრაზილიიდან საფრანგეთში ბრუნდება და  სოფელ ლამპალუზ-პლუარზელში/Lampaul-Plouarzel სახლდება… ცნობილია, რომ ბოლშევიკები “ხალხის მტრებსა” და “მავნებლებს” ეძახდნენ არისტოკრატთა შვილებს. რატომ შეურაცხყოფდნენ, რატომ დევნიდნენ, რატომ ეშინოდათ მათი ღირსების?.. იქნებ ამიტომაც, პირადი სიმყუდროვისთვის ის იცვლის გვარს და სამუდამოდ ხდება Thamar de Letay.  ამის შემდეგ, ის ყველგან და ყველასთვის Thamar de Letay ხდება; ტილოებზე, ესკიზებსა თუ წერილებში ავტოგრაფს ფრანგულად ტოვებს – TH. de. LETAY.   

2001 წელს თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე საფრანგეთში გარდაიცვალა 76 წლის ასაკში… მანამდე კი ივერიის ღვთისმშობლისა და თამარ მეფის ხატი დაუხატავს საფრანგეთში ქართველთა მართლმადიდებლური მონასტრისთვის… 

გადის წლები და… თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის 34 ფერწერული ტილო, 500-ზე მეტი თეატრალური ესკიზი, XIX საუკუნის არისტოკრატების უნიკალური ფოტოარქივი, – ჯორჯაძეების, ანდრონიკაშვილების, ვაჩნაძეების საგვარეულო ფოტოსაგა თავისი ფოტოამბებით, XVIII საუკუნის 2 ფერწერული ნამუშევარი, ასევე ხელნაწერები, წიგნები, კატალოგები, ჟურნალები, წერილები სამშობლოში დაბრუნდა… ეს ძვირფასი და უნიკალური საოჯახო  კოლექცია საქართველოს კინოს, მუსიკის, თეატრისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს არისტოკრატი მხატვრის შვილმა ზოლტან ჟორდანიამ ატლანტის ოკეანის პირას, თავის ბრეტონულ სახლში გადასცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით.  

დედა სიცოცხლის ბოლომდე იყო ქართველი, გარდაიცვალა როგორც ქართველი და სურდა, მთელი თავისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ყველაფერი, რაც მან შექმნა, ყოფილიყო საქართველოში. ამიტომ დღეს ისტორიული სამართლიანობა აღდგა.“ – უთქვამს ზოლტან ჟორდანიას გიორგი კალანდიასთვის, ხელოვნების სასახლის დირექტორისთვის. 

წლების შემდეგ  ასე შესრულდა  ქართველი ემიგრანტი ხელოვანის ბოლო სურვილი, როგორც თავად ამბობდა, ერთ დროს…  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.