fbpx

Laboratory of Architecture #3-ის საცხოვრებელი სახლის პროექტი წავკისში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

არქიტექტურული ოფისი Laboratory of Architecture #3 თბილისში 2005 წელს დაარსდა და დღეს მათ უკვე ოცამდე შესრულებული  პროექტი აქვთ. საცხოვრებელი სახლის პროექტი წავკისში მათი ბოლოდროინდელი კონცეფციაა. არქიტექტორებს სურდათ ციცაბო რელიეფის სრულად ათვისება, რის გამოც შენობა ოთხ დონედ დაყვეს. ასეთმა გადაწყვეტამ კი ბევრი საინტერესო ღია სივრცე შექმნა. 

რამ განაპირობა ასეთი არქიტექტურა მოცემული კონტექსტისთვის?

ზოგადად, სამ ძირითად ჯგუფად ვყოფთ იმ ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს თითოეული პროექტის ფორმირებას. ესენია: დამკვეთის მოთხოვნები, ფიზიკური პირობები და ჩვენი თავისთვის დასახული შემოქმედებითი ამოცანები. ამ სახლის შემთხვევაში განმსაზღვრელი აღმოჩნდა ციცაბო რელიეფი, რომელზეც საცხოვრებელი ზონების მორგების ყველაზე რაციონალურ გზად სივრცეების დონეებად დაყოფა მივიჩნიეთ. საყრდენი კედლით ხელოვნური პლატფორმის შექმნის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მხოლოდ მცირე ნაწილი იქნებოდა ეფექტურად ათვისებული. ზემოთქმულმა განაპირობა მასების დანაწევრება, ხოლო ამ მასებით კიდევ ერთი, მორიგი “ყუთების არქიტექტურა” რომ არ მიგვეღო, “თავი შევაფარეთ”  მოცემულ ესთეტიკას – თავის მხრივ სინთეზურს და ბევრი არომატით შეზავებულს.

ეს არის საცხოვრებელი პროექტი, რა მნიშვნელობა აქვს მცხოვრებს და მის პიროვნებას არქიტექტურაში?

პირველი და გადამწყვეტი იმპულსი, რომელიც სახლის თვისობრიობას განსაზღვრავს, როგორც წესი, დამკვეთის სურვილებიდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, სახლის შემთხვევაში დავალება ერთი შეხედვით იდენტურია ხოლმე, თითქოს ყველას ერთნაირად სჭირდება საკუჭნაოებიც და საძინებლებიც, ღვინის ოთახი (ამით ქართველს გამოარჩევთ) და კაბინეტიც, თუმცა შესაძლებელია დაინახო რაღაც ინდივიდუალური იმ სიტყვებიდან, რომლითაც დამკვეთი თავის მომავალ სახლზე საუბრობს. ამ მხრივ, უფრო საინტერესოა მისი მიზნები და ცხოვრების წესი, ვიდრე სტილთან   ან ფორმასთან დაკავშირებული სურვილები. პროექტირების პროცესი გულისხმობს წინასწარ წარმოდგენას და გააზრებას იმ გარემოსი, სადაც მომავალი მცხოვრებლების ცხოვრებისეული   სცენები გათამაშდება.

ზოგადად, სად გადის ზღვარი დამკვეთის სურვილებსა და არქიტექტორის ხედვებს შორის (როდესაც ეს საცხოვრებელ შენობას ეხება და მაინც კონკრეტულ ადამიანს არგებთ)?

პირველ რიგში დამკვეთთან უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალი პროექტი მათთვის სიურპრიზი იქნება, იმიტომ რომ ის ყოველთვის სიურპრიზია ჩვენთვის. სწორედ ეს ძიება და მოულოდნელი შედეგია  ამაღელვებელი ჩვენთვის ამ პროცესში. რაც შეეხება სხვა სურვილებს, აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც მეტია და მრავალფეროვანი დამკვეთის სურვილები, მით უკეთესი. დღესდღეობით თანამედროვე ადამიანს ბევრი რამ აქვს ნანახი და გამოცდილი, ამიტომ თავის ცნობიერებაში მოიცავს უმრავ სხვადასხვა სურვილს და მოსაზრებას რაც უნდა, რომ მის საცხოვრებელში აისახოს. ჩვენ ვცდილობთ ყველა მათგანს ვუპასუხოთ, ვიდრე გავფილტროთ ისინი და მათგან ჩვენთვის ხელსაყრელი ამოვარჩიოთ. ჩვენთვის უკეთესია ის შემთხვევა, როდესაც სურვილები ურთიერთგამომრიცხავია,  რამდენადაც ყველაზე მეტად პოლარული დაპირისპირების მდგომარეობა გვიზიდავს.  აღნიშნული დაძაბულობის გათამაშება შინაგან ენერგიას სძენს და უფრო საინტერესოს ხდის პროექტს.  ამ გზით მივდივართ მთავარ სათქმელთან, რომ კი, რა თქმა უნდა,  ვცდილობთ ვიყოთ მოდერნიზმის ჩარჩოში, ოღონდ სინთეზური-რბილი მოდერნიზმის წელვად ჩარჩოში. ერთი სიტყვით,  დავარქვათ მეტამოდერნიზმი, თუკი ეს ტერმინი (ისევ ინარჩუნებს პირველად მნიშვნელობას)  უფრო მოსახერხებელია.

რას არ გინდათ   ჰგავდეს თქვენი ოფისის შექმნილი საცხოვრებელი სახლები?

ჩვენი გმირები არიან ნიმეიერი და ლე კორბუზიე და არა აქსელ ფერვორდტი, თავის მხრივ  დიდოსტატი. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენი სამწუხარო დაკვირვებით  იმედგაცრუებამ ჩაანაცვლა ის ოპტიმიზმი და პროგრესის რწმენა, რომელიც უკეთესობის იდეით იყო შთაგონებული. იმედს ვიტოვებთ, რომ თუ ის უბედურება, რაც დღეს ომის სახით ხდება, სიკეთის გამარჯვებით დამთავრდა, სიახლე ისევ აქტუალური გახდება, ხოლო მანამდე ვუყურებთ ამ საყოველთაო გატაცებას primordial ესთეტიკით –  ნახეთ წლევანდელი ვენეციის ბიენალე (აშშ-ის პავილიონი)  ან ფილმი the dune. აქედან ერთი ნაბიჯია ახალ გაველურებამდე  და ახალ ბარბაროსობამდე. რამდენად მოდურიც  უნდა იყოს, “დაძველების”, არქაულის პირველყოფილი ხიბლი, ის ჩვენთვის მიუღებელია როგორც მავნებელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.