დედიკას გალერეაში გაგოშას გამოფენა “შუქნიშნები” გაიხსნა
ავტორი: მარიამ შერმადინი
როგორც ხელოვნების ისტორიამ გვაჩვენა, ხელოვნებაში სიახლის ძიება არასდროს შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საუკუნეში ხელოვნების სიკვდილი უკვე აკადემიურ წრეებშიც კი გამოაცხადეს. დღეს ხელოვანებისთვის ყველა თემა და მედიუმი იმდენად არის ყველასთვის მისაღები, რამდენადაც – ხელმისაწვდომია. ტექნიკური შესაძლებლობების ცდის ძიებამ ქუჩის მხატვარ გიორგი გაგოშიძესთან, ანუ გაგოშასთან მიგვიყვანა. გაგოშას მისი სატირული და იუმორისტული სტილის ქუჩის მხატვრობიდან უკვე კარგად იცნობენ, ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც თბილისის ქუჩებში სეირნობისას, ძველი უბნის კედლებზე მისი მხატვრობა არ უნახავს, დაკვირვებულ თვალს კი არასდროს გამოეპარება დინამოს ფეხბურთელად გადაქცეული საწვიმარი ღარები, სხვადასხვა პერსონაჟად გარდაქმნილი სამანქანო ბარიერები, ესმერალდას კოშკად ქცეული ძველი საფოსტო ყუთები და მშვენიერი დეიდა მარგარიტა წინამძღვრიშვილის ქუჩის ერთ-ერთი სახლის წინა დაბალ ფასადზე. თუ სადმე მიმავალს უცაბედად შემოგხვდებათ ეს და სხვა მიმალული, მცირე ზომის გრაფიტები, აუცილებლად გაგაღიმებთ. როგორც ამბობენ, თბილისი დეტალებშია, ამიტომ თანამედროვე დედაქალაქის ქაოსური ცხოვრების ისტორია სწორედ ამგვარი დეტალებით გრძელდება.
ალბათ ჯერ ბევრმა არ იცის, მაგრამ გაგოშა მისთვის ჩვეული სტილის დაცვით არა მარტო ქუჩის მხატვრობას ქმნის, არამედ ტილოზეც ასრულებს ნამუშევრებს. მხატვარი უკვე მესამე პერსონალურ გამოფენას გამართავს დედიკას გალერეაში. მისი სამივე სერია სხვადასხვა თემის ირგვლივ ვითარდებოდა. გაგოშას პირველი პერსონალური გამოფენა დედიკას გალერეამ 2021 წელს წარმოადგინა. აქ დამთვალიერებელი ნახავდა 90-იანი წლების საქართველოსთვის დამახასიათებელ ცნობილ სახეებს, ფრაზებსა თუ ნივთებს.
ამ ექსპოზიციამ ყველა იუმორნარევი ნოსტალგიით დაგვაბრუნა წარსულში, რომელიც ყველას უკვე ტკბილად გვახსენდება, მაგრამ დაბრუნება არავის გვინდა. მეორე გამოფენა – „კუპიდბოლი“ მოუსვენარი და ცელქი კუპიდების ირგვლივ სიუჟეტურად ვითარდებოდა. ახალი გამოფენა, რომელიც 7 ივნისს გაიხსნა დედიკას გალერეაში, ეთმობა შუქნიშნებს, ანუ თბილისისთვის კიდევ ერთ აქტუალურ თემას, თუმცა ყველაზე საინტერესო აღნიშნულ გამოფენაზე ის მედიუმებია, რომლებიც არტისტმა ტილოზე შესრულებულ ნამუშევრებზე შემოგვთავაზა და ტრადიციული ტილო მოძრავ გამოსახულებებად გადააქცია. ე.წ. ნიუ მედია არტში შესრულებულ ნამუშევრებზე ლედ განათებები და მოძრავი მექანიზმებია ჩამონტაჟებული, რაც ნამდვილად კიდევ ერთი ახალი სიტყვაა ქართული მხატვრული შესრულების ისტორიაში.
სერიის შინაარსი კი, როგორც ავტორს სჩვევია, სატირულ-იუმორისტულია, აქ ნახავთ ტესლას, რომელიც უიმედოდ ცდილობს მწყობრიდან გამოსული შუქნიშნების შეკეთებას. თვითონ შუქნიშნები კი სიმბოლურად სისტემური წესრიგის გაგოშასეული ინტერპრეტაციაა, რამდენადაც არსებობს წესები, რომლებსაც ვემორჩილებით, არ ვემორჩილებით ან თავადვე ვქმნით. სწორედ ეს სამი არჩევანი ხდება გამოფენაზე მოსული დამთვალიერებლისთვისაც საინტერესო, რამდენადაც მნახველი აქ თვითონ ცდილობს ინტერაქციის გზით იმ წესების დარეგულირებას, რომელიც ავტორმა გვიკარნახა. როგორც გამოფენის კონცეფციაშია ნათქვამი შუქნიშნები მმართველობის სისტემური მოდელია, ისინი გარკვეული ქმედების ნებას გვართმევენ, გვიკრძალავენ ან სულაც უპასუხოდ გვტოვებენ.
ამ სისტემის შესაბამისად, ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: პირველი, რომლებსაც უწევთ შუქნიშნის კანონებს დაემორჩილონ, მეორე, ვინც ადგენს აღნიშნულ წესებს და მესამე, ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან სისტემურ გადაწყვეტილებებს. მათ შეუძლიათ სისტემასთან ინტერაქცია, გადაწყვეტილებების მოულოდნელად შეცვლა და თავისი წესების შექმნა. აღნიშნული სერია იმის საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, რომ თავად განსაზღვროს, რომელი კატეგორიის ადამიანია.
როგორც გაგოშასთან საუბარში გავარკვიე, არტისტი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ სერიაზე, მისთვის, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტისთვის, განსხვავებულ მედიუმში მუშაობა ექსპერიმენტულიც აღმოჩნდა და საინტერესოც – იმდენად, რამდენადაც წარმატებით განახორციელა ორი თითქმის განსხვავებული მედიუმის გაერთიანება. გაგოშა მომავალშიც აპირებს მსგავს მედიუმებში ნამუშევრების შესრულებას. დამთვალიერებელი კი ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდი ინტერესით დაელოდება, თუ რას შემოგვთავაზებს ამჯერად მხატვარი.