fbpx

და თქვენ რას ფიქრობთ, გადარჩება კი ადამიანი? კანის ფილმების შეჯამება – ანანო ბაკურაძე


გააზიარე სტატია

წელს პირველად ჩემი საფესტივალო 10 წლის განმავლობაში საკითხავი სათვალე დამჭირდა. პირბადესთან ერთად, დაორთქლილი სათვალიდან ხან ირანული, ხან კორეული, ხან იაპონური ფილმების სუბტიტრებს ყურადღებით ვკითხულობდი. უცნაური და ახალი ჩემთვის ჩემი ახალი სათვალე იყო – ხან დაორთქლილი, ხან სველი და ხან გასაწმენდი.

მე წელს 30 წელი, კანს კი 75 წელი შეუსრულდა. ზოგი ამბობს, კანი დაბერდაო, ჩემზეც ასე ამბობენ ვიღაცები, ზოგიც ამბობს, კანს ასაკი არ აქვსო. ფაქტი ერთია, კანი კინოსამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვისთვის რუტინა, ვისთვის სიახლე, ვისთვის ნომრიანი სათვალიდან დანახული და ვისთვის უბრალოდ გასეირნება.

მახსოვს, 74-ე გამოშვებაზე ფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრემომ, გასპარ ნოეს ფილმის პრემიერამდე, რომელიც ღამის პირველ საათზე იმართებოდა, მოგვმართა დარბაზში მსხდომ კინოკრიტიკოსებს და გვითხრა: “კანი ოჯახიაო”. კანი მართლაც ოჯახია. წელს ჩემთვის უკვე მეათე ფესტივალი დამთავრდა, ვიღაცისთვის კი შეიძლება ოცდამეათე საფესტივალო წელიც კი მიიწურა – აქ ერთხელ ჩამოსული, უკვე შემდეგი წლისთვის იწყებს მზადებას.

პანდემიამ და ომმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია კინოსურათებს. რეჟისორების ნაწილი ადამიანს გადარჩენის შანსს არ უტოვებს, მეორე ნაწილი კი თანაუგრძნობს მას.

ირანი, საფრანგეთი, ამერიკა, შვედეთი, რუმინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბელგია, რუსეთი ესპანეთი, იტალია – ვთვლი იმ ქვეყნებს, საიდანაც ამბებს გვიზიარებენ რეჟისორები. 12 დღეში თითქოს წარმოდგენა გექმნება, რა ხდება იქ, სადაც არ ხარ, არც გიფიქრია და არც გსმენია მათი – ხშირად დაუჯერებელი ამბების შესახებ. კიდევ ერთხელ რწმუნდები, ერთ-ერთ უდიდეს ჭეშმარიტებაში: “ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ის, რაც გვყოფს”.

კინოს უსაზღვრო შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ კატალონიელი რეჟისორის, ალბერტ სერას კინოსურათმა “Pacification” დამარწმუნა. თითქოს გამაყრუებლად მიძინებულ კონკურსს გარღვევა, შერყევა სჭირდებოდა. თუ ალბერტ სერას სხვა ფილმებიც ნანახი გაქვთ, დამერწმუნებით, რომ ფილმის სინოფსისის მოყოლა თითქმის შეუძლებელია, თუმცა შევეცდები.

პოლინეზიის კუნძულებზე ფრანგი ოფიცერი კაზინოს გასახსნელად ჩადის. მის გარშემო უცნაური მოვლენები ვითარდება, მას შემდეგ რაც კუნძულზე ატომური სადგურის საფრთხის შესახებ ჭორები ვრცელდება.

Will the masses love “Pacification”? Of course not. – მეუბნება მუბის კინოკრიტიკოსი სეანსის შემდეგ. სერას ნელი სათქმელი ყველასთვის არ არის, თუმცა, თუ შანსი გექნებათ და კინოში დიდ ეკრანზე, ხარისხიანი ხმის სისტემით ამ ფილმს ნახავთ, სრულიად ახალ გამოცდილებას შეიძენთ.

პირადად ჩემი გამოცდილება თუ საინტერესო იქნება თქვენთვის, სერას ფილმის შემდეგ რამდენიმე საათი გაბრუებული ვიყავი. ჩემთვის ეს კინოსურათი იყო მედიტაციაც, გამოცდილებაც და რყევაც, რომელსაც დიდხანს ველოდებოდი.

და ბოლოს, კატალონიელი რეჟისორი, ადამიანს გადარჩენის შანსს არ უტოვებს.

ოქროს პალმის რტოს მფლობელი, შვედი რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი კანში დაბრუნდა და კანიდან მეორე ოქროს პალმის რტო წაიღო, ფილმით “მწუხარების სამკუთხედი”.

სატირისტი, მემარცხენე რეჟისორი, ამჯერად ელიტური სამყაროს ძალიან, ძალიან მდიდარი ადამიანების გროტესკულობასა და სისასტიკეზე გვიყვება.

მსხვრევადი მოდის ბიზნესის, სოციალური მედიის ინფლუენსერებისა და უფუნქციოდ შერჩენილი მდიდრული ნივთების წინააღმდეგ ილაშქრებს. მეტიც, წაფენილი კამერით და ნახევრად ჩაძირული ძვირფასი იახტით, ადამიანს გადარჩენის არანაირ გზას არ უტოვებს.

ამ სათქმელს კი ფინალში აჟღერებული ჯგუფ რიფიუზდის სიმღერის ტექსტი ამყარებს:

“დიადი სიტყვები ვერ გადაფარავს უშნო საქციელს, ლამაზი ჩარჩოები ვერ გადაარჩენს ცუდ ნახატებს”…

წლევანდელი ფესტივალს შესანიშნავი კინოსურათი 32 წლის ბელგიელმა რეჟისორმა ლუკას დონტიმ უჩვენა.

ფილმი გვიამბობს ამბავს 13 წლის ბიჭების მეგობრობაზე. ლეო და რემი საუკეთესო მეგობრები არიან. საზაფხულო არდადეგები იწურება და ბიჭები სკოლაში მიდიან. მათი კონფლიქტი სკოლაში იწყება.

რეჟისორი ჰყვება ამბავს უარყოფითი გმირის გარეშე და მიუხედავად ამისა, ოსტატურად ქმნის კონფლიქტს. აკვირდება გმირებს, არ არღვევს ადამიანების პირად სივრცეებს და არ გახედებს უფრო შორს, ვიდრე საჭიროა. თითქოს ყველაფერი საკმარისი და მოზომილია. არც მეტია და არც ნაკლები. ზუსტად ისაა, რაც უნდა ვიცოდეთ, რამაც უნდა აგვაღელვოს და მეტიც, ცრემლით გვატიროს. თუ სხვები ადამიანს გადარჩენის გზას უჭრიან, დონტის ადამიანი უყვარს, თანაუგრძნობს და ეხმარება მას.

რეჟისორი პრესკონფერენციაზე იხსენებდა, რომ მთავარი გმირი ლეო (ედენ დამბრინი) მეტროში შენიშნა და ასე შესთავაზა ფილმში მონაწილეობა.

ბელგიელ ძმებზე, დარდენებზე გადავიდეთ.

რეჟისორები, რომლებსაც ასევე ადამიანები უყვართ. წლევანდელ კონკურსში მათ “ტორი და ლოკიტა” უჩვენეს.

თუ ვინმემ სამყაროში იცის, რა არის კინო, რა ფუნქცია აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში, თუ ვინმემ იცის, რა არის სისადავე, თავმდაბლობა, ამბის სიზუსტე, თუ ვინმემ იცის, მუსიკის გარეშე როგორ აატიროს და დააფიქროს მაყურებელი, ესენი დარდენები არიან.

და-ძმა, ტორი და ლოკიტა ბელგიაში აფრიკიდან ჩადიან, რათა თავშესაფარი იპოვონ. დარდენები მათ მეგობრობას დაუნდობელ სამყაროს უპირისპირებენ.

ამერიკელი სცენარისტი და დოკუმენტალისტი ბრეტ მორგენი დეივიდ ბოუის ცხოვრებას 5 წელი იკვლევდა და ფილმად კრავდა. არასაკონკურსოდ. ანიევს ვარდას სახელობის კინოდარბაზში, დილის სეანსზე ბოუის მუსიკამ შეგვაფხიზლა.

“ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენი დრო გვაქვს, არამედ ამ დროში რისი კეთება გვინდა”, – ამბობს ბოუი.

ადამიანები სვამდნენ კითხვებს: ბოუი რობოტია თუ ადამიანი? ქალია თუ კაცი? თვითონ მღერის თუ ეფექტია?

რეჟისორი თხრობას იწყებს ნიცშეს სიტყვებზე, ბოუის რეფლექსიით და დროდადრო ზომიერად უფენს ბოუის მუსიკას. მონტაჟი, ხმა, იმიჯები, ყველა დეტალი, რაც კინოს კინოდ აქცევს, დიდ და უცნაურ თავგადასავალში გაგდებს.

ბოლოს კი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მუსიკოსი გვახსენებს სიტყვებს, რომელიც მისი ცხოვრების განმსაზღვრელი აღმოჩნდა:

”არა სიყვარულო, შენ მარტო არ ხარ!”

 


 

კინო დასრულდა. ჩვენ ლოდინს მომავალ მაისამდე ვიწყებთ, კინოს ოსტატები საკუთარი ნამუშევრებს მსოფლიო ეკრანების გასანათებლად უშვებენ. და მაინც რეჟისორებს ადამიანები უნდა უყვარდეთ. ისე როგორც დარდენებს, ისე როგორც ახალგაზრდა ბიჭს ბელგიიდან.

 

21 საკონკურსო ფილმი (სათაურის თარგმანების ჩემეული ვერსიები)

  • ალი აბასი “წმინდა ობობა”
  • ვალერია ბრუნი ტედესკი “მუდამ ახალგაზრდა”
  • დევიდ კრონენბერგი “მომავლის დანაშაულები”
  • ჟან-პიერ და ლუკ დარდენები “ტორი და ლოკიტა”
  • კლერ დენი “შუადღის ვარსკვლავები”
  • არნო დესპლეჩინი “და ძმა”
  • ლუკას დონტი “ახლოს”
  • ჯეიმს გრეი “არმაგედონის დრო”
  • ჰიროკაზუ კორე ედა “ბროკერი”
  • მარიო მარტონე “ნოსტალგია”
  • კრისტიან მუნჯუ “რ.მ.ნ”
  • რუბენ ოსტლუნდი “მწუხარების სამკუთხედი”
  • პარკ ჩან-ვუკი “წასვლის გადაწყვეტილება”
  • კელი რაიკარდი “გამოჩენა”
  • საედ რუსტაე “ლეილა და მისი ძმები”
  • ტარიკ სალეჰი “ბიჭი სამოთხიდან”
  • კირილ სერებრენიკოვი “ჩაიკოვსკის ცოლი”
  • ალბერტ სერა “მშვიდობის დამყარება”
  • ლეონორ სერაილ “დედა შვილი”
  • ჯერზი სკოლიმოვსკი “იო”
  • შარლოტ ვანდერმეხი და ფელიხ ფონ ხრონინგენი “რვა მთა”

შედეგები:

  • ქალის საუკეთესო როლი – ზაჰრა ამირ ებრაჰიმი, ალი აბასის ფილმი “წმინდა ობობა”
  • სუკეთესეო სცენარი – ტარიკ სალეჰი “ბიჭი სამოთხიდან”
  • კაცის საუკეთესო როლი – სონგ კანგ ო, კორე ედას ფილმში “ბროკერი”
  • ჟიურის სპეციალური ჯილდო – დე ჯერზი სკოლიმოვსკი “იო” / შარლოტ ვანდერმეხი & ფელიქს ფონ გრონინგენი “რვა მთა”
  • კანის კინოფესტივალის 75-ე გამოშვების სპეციალური პრიზი ჟან ლუკ და პიერ დარდენები “ტორი და ლოკიტა”
  • ჯილდო რეჟისურისთვის – პარკ ჩან ვუკი “წასვლის გადაწყვეტილება”
  • გრან პრი – ლუკას დონტი “ ახლოს / კლერ დენი “შუადღის ვარსკვალევები”

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.