fbpx

მე ვარ საქართველო!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

დაახლოებით ერთი თვის წინ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C კატეგორიის მეოთხე ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად, თავიდანვე დასჭირდებოდა ქულების დაგროვება და არა ბოლოს, როდესაც უკვე ყველაფერი გარკვეულია…

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი გუნდი თავისი ოცდაათწლიანი არსებობის განმავლობაში არცერთ შესარჩევ ტურნირს არ შეხვედრია ისეთ მაღალ დონეზე მომზადებული, როგორც მიმდინარე ერთა ლიგის გათამაშებას.

აბა ვინ წარმოიდგენდა სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ, რომ პირველი ოთხი მატჩიდან ჩვენები სამს მოიგებდნენ და ერთს ფრედ დაასრულებდნენ, თორმეტ ბურთს გაიტანდნენ და საკუთარ კარში მხოლოდ ორს გაუშვებდნენ?

არადა სულაც არ გასულა დიდი ხანი მას შემდეგ, რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის ზოგჯერ ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში სანატრელი იყო არათუ ერთადერთი გოლის, არამედ საგოლე მომენტის ხილვაც კი.

გუნდი შესარჩევ ციკლს საერთოდ თამაშის მოგების გარეშე ასრულებდა ხოლმე და  საბოლოოდ მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ სულ რაღაც ოთხი წლის წინ, როდესაც ერთა ლიგის ტურნირი დაარსდა, საქართველოს ნაკრები ევროპის დანარჩენ თხუთმეტ ყველაზე სუსტ გუნდთან ერთად, მისთვის სამარცხვინო D კატეგორიაში განათავსეს.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ძნელი იყო იმასთან შეგუება, რომ გუნდი, რომელმაც 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ისტორიულ სადებიუტო შესარჩევ ციკლში წინა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი, ხრისტო სტოიჩკოვის პერიოდის ბულგარეთის ნაკრები დაამარცხა და იურგენ კლინსმანის გერმანიის ნაკრებს, რომელიც ცოტა ხანში ევროპის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, ასეთ ფსკერზე დაეცემოდა…  

სამწუხაროდ ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაკავებული მესამე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის დღემდე საუკეთესო შედეგია, მაგრამ მისი გაუმჯობესების იმედს სწორედ რომ ერთა ლიგის წინა და განსაკუთრებით მიმდინარე ტურნირზე შესანიშნავი ასპარეზობა გვაძლევს, რადგან არც დღევანდელი ბულგარეთის დამარცხებაა ადვილი  დიდი ანგარიშით და თანაც გასვლაზე.

ბულგარელებთან ანგარიშით 5:2 მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკვე ჯგუფის ფავორიტად შერაცხულ ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ წარდგა გასვლით შეხვედრაში.  

მაკედონიელებმა ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშების ფინალში ჩვენს გუნდთან მოგების და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ, შარშან გერმანია დაამარცხეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. 

ცოტა ხნის წინ კი მათ ჯერჯერობით სეზონის მთავარი სენსაცია მოახდინეს, დატოვეს რა იტალიის ნაკრები კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა.

 

 

საქართველოს ნაკრებს, როგორც ვიხილეთ, თურმე იოტისოდენა შიშიც არ ჰქონია სენსაციებით სახელგანთქმული მეტოქისა და ის მხოლოდ თბილისში წაგებული თამაშისთვის შურისძიებაზე ოცნებობდა.

ვილი სანიოლმა ბულგარეთში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, პირველი წუთებიდანვე შეტევის ტაქტიკა მეორე ტაიმზე გადაათამაშა და თანაც იმდენად გონივრულად და მიზანმიმართულად შეუდგა ფეხბურთელების შეცვლას, რომ მაკედონიელთა გუნდის მწვრთნელი მილევსკი ალბათ, კარიერის ბოლომდე გაოგნებული დარჩება საქართველოს ნაკრების დამრიგებლის მიერ მისთვის ჩატარებული სამწვრთნელო მასტერკლასით.    

სანიოლის გუნდმა ვითომც და „მეორე ნომრად“ თამაშით ისე გათანგა „ფავორიტი“ მასპინძლები, რომ მათ მთელი მატჩის განმავლობაში ერთი რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნეს ჩვენი გუნდის კართან.

აი მატჩის 52-ე წუთზე ხოჭოლავა-წიტაიშვილი-ზივზივაძის ელვისებრი სამსვლიანი კონტრიერიში კი ჩრდილოეთ მაკედონიელთა კარში პირველი გოლით აღინიშნა.

ზუსტად ათ წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ მინდვრის შუაგულში გადაინაცვლა, ორ მეტოქეს აუარა გვერდი და მოძრაობაში დაარტყა ისე მოულოდნელად, რომ მასპინძელთა გოლკიპერ დიმიტრიევსკის, რომელიც შეხვედრის დაწყებამდე ტრაბახობდა, ერთ გოლსაც არ გავუშვებო, ისღა დარჩენოდა, მეორეჯერ გამოეტანა ბურთი საკუთარი კარის ბადიდან.

ჩრდილოეთ მაკედონიელთა დამცირებას კი წერტილი შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დაუსვა, რომელმაც კვეკვესკირის გადაცემა აქცია გოლად, დააფიქსირა რა შეხვედრის საბოლოო ანგარიში – 3:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

 

 

საინტერესოა, რომ პირველ სამ შეხვედრაში, მეორე ნახევარში მოედანზე გამოსვლის შემდეგ,კიტეიშვილის გარდა, თავი ორჯერ ისახელა ყაზაიშვილმა, რომელსაც  ბულგარეთთან მატჩში თამაშემწეობა ასევე შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაუწია. 

დანარჩენი ცხრა გოლიდან სამი გუნდის გამოხატულ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, ორი ბურთი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, თითოჯერ თავი კაშიამ, მიქაუტაძემ და დავითაშვილმა გამოიჩინეს, ხოლო ბულგარელ ხრისტოვს კი ავტოგოლი აზაროვმა „აჰკიდა“. 

როგორც ვხედავთ, გოლები გააქვთ ნებისმიერი ამპლუის მოთამაშეებს და ეს სწორედ ჩვენი ფეხბურთელების  მხრიდან მეტოქის მიმართ იმ თავბრუდამხვევი გადანაცვლებების შედეგიცაა, რამაც საქართველოს ნაკრებს ამდენი მომენტის გამოყენებისა თუ განიავების ფუფუნება მიანიჭა.

ყველაზე მეტი საგოლე ეპიზოდი ჩვენებმა გიბრალტართან პირველ შეხვედრაში გაანიავეს, ბულგარელებთან და ჩრდილოეთ მაკედონიელებთან მომენტების რეალიზაციის მაღალ ხარისხზე კი ამ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩში გატანილი რვა ბურთი მეტყველებს. 

ცალკე საკითხია ამ გოლების სილამაზე და მრავალფეროვნება, რადგან მათ სტაჟიან  გულშემატკივრებს სწორედ ის პერიოდი გაახსენეს, როდესაც ქართული ფეხბურთის განუმეორებელი ხელწერა საბჭოეთის საფეხბურთო სამყაროს შურს აღუძრავდა, ევროპელებს კი აბნევდა, რადგან რუსებისგან ისინი სირბილის მეტს არაფერს ელოდნენ. 

აი „ბენფიკას“, „ატლეტიკოს“ „ლივერპულის“ თუ „ბაიერნის“ მომგები თბილისის „დინამოელები“ ხომ ნამდვილად განსხვავებული „რუსები“ იყვნენ, რადგან ისინი გასული საუკუნის 80-იან წლებში ფანტაზიის და ბურთით ჟონგლიორობის თვალსაზრისით, თვით ზიკოს პერიოდის  რიო დე ჟანეიროს „ფლამენგოსაც“ არ ჩამოუვარდებოდნენ…

ნუთუ ბრუნდება ის დრო? თუკი ასეა, დღევანდელი პერიოდი აუცილებლად საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის დაახლოებით ასწლიან ისტორიაში, რადგან ამჟამად ქართველ ქომაგებს სრულფასოვანი და არა 1937 წლის პერიოდის ბასკეთის ნაკრების წინააღმდეგ მოთამაშე, თუ 1979 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის მეორე ადგილოსანი „საქართველოს ნაკრების“ მხარდაჭერის საშუალება ეძლევათ და შეიძლება უმჯობესიც კია, რომ დღევანდელი თაობის გულშემატკივრები უბრალოდ ვერც გებულობენ, რა ხდებოდა ძველად…

დღეს საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი ჰიმნი აქვს და „მე ვარ საქართველოს“ ჰანგების ქვეშ „დინამო არენას“ გასასვლელი კიბეებიც კი შევსებული იყო ბულგარეთთან მატჩზე, რაც „ლივერპულის ეპოქის“ შემდეგ დავიწყებული  იყო  თბილისში.

ეს უმნიშვნელოვანესი ამბები 2-დან 12 ივნისის ჩათვლით, სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში დატრიალდა. მისი გმირები და შემოქმედნი კი სწორედ იმ სამკუთხედს წარმოადგენენ, რომლის ერთ წვეროში გუნდია, მეორეში ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო მესამეში კი გულშემატკივრები, რომელთა მსგავსსაც არაერთი წამყვანი საფეხბურთო ქვეყანა ინატრებდა.

ამის დანახვა კი უმარტივესია. მაგალითად, ინგლისის ნაკრების შეხვედრას ერთა ლიგის ტურნირზე ევროპის ჩემპიონ იტალიელთა წინააღმდეგ ვულვერჰემპტონში სულ რაღაც 1782 (!) კაცი დაესწრო. ბულგარეთში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ საკუთარ გუნდს 3500-მა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიაში კი 10 000 კაცმა უგულშემატკივრა.

აი „დინამო არენაზე“ კი გიბრალტართან და ბულგარეთთან შეხვედრებში, უეფას მონაცემებით,   შესაბამისად 43 412-მა და 54 200-მა კაცმა მოიყარა თავი. ნაკლები არც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მივა 23 სექტემბერს…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.