fbpx

გურამ შავდიას პერსონალური გამოფენა – „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

15 ივნისს 18:00 საათზე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში (მარჯანიშვილის 7),  ახალგაზრდა მხატვრის, გურამ შავდიას პერსონალური გამოფენა იხსნება, სახელწოდებით „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“.  გამოფენის დათვალიერება ერთი თვის განმავლობაში – 15 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ექპოზიციაში წარმოდგენილია ხელოვანის მიერ 2008-2022 წლებში ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოფენა არაა ომის შესახებ. ის მშვიდობის, გადარჩენის იდეას ეძღვნება და მეტაფორულად ტრაგიკულ ვითარებაში ცხოვრების გაგრძელების მოტივაციის პოვნისაკენ გვიბიძგებს.  

გამოფენის სახელწოდება ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ფილოსოფოსისა და ნევროლოგის, ლოგოთერაპიის მეთოდის ავტორის ვიქტორ ფრანკლის 1946 წელს გამოცემული წიგნის სათაურიდან არის ნასესხები. ფსიქოლოგის სამკურნალო პრაქტიკა ლოგოთერაპიას ეფუძნებოდა – მტანჯველ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს ავტოტრენინგის მეშვეობით თავიანთი ცხოვრების აზრი უნდა ეპოვათ, რაც შემდგომ მათთვის გადარჩენის მოტივაცია ხდებოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვიქტორ ფრანკლი საკონტენტრაციო ბანაკებში მოხვდა, სადაც ამ მეთოდით – აზრით განკურნების თერაპიით წარმატებით დაიხსნა დეპრესიისა და აპათიისაგან  ათასობით ტყვე, მოგვიანებით კი დაწერა წიგნი – „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ცხოვრებას!“. ვითარება თანამედროვეობაშიც რთული და ტრაგიკულია, ამჟამად მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში უამრავი ადამიანი იღუპება, უამრავი ადამიანი იტანჯება დეპრესიით და ანგრევს ვითარების სიმძიმე. გურამ შავდიას გამოფენისთვის ეს სახელწოდება იმ მიზნით შეირჩა, რომ ხაზი გაესვას იდეას, რომლის თანახმადაც, ადამიანებს პიროვნული უნიკალური მნიშვნელობის ძიებისა და არსებობის მოტივაციის აღმოჩენის გზით, შეუძლიათ, თავი დააღწიონ  საყოველთაო აპათიას და ცხოვრება გააგრძელონ, უთხრან მას – „დიახ.“

გურამ შავდია თანამედროვე ქართველი მხატვარია. 2003 წელს იგი  იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში ჩაირიცხა, ოთხი წლის შემდეგ კი  გერმანიაში გაემგზავრა და სწავლა დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში განაგრძო, სადაც  სწავლების განსხვავებული მეთოდი და საურთიერთო გარემო დახვდა, სტუდენტსა და პროფესორს შორის არსებული ყოველგვარი იერარქიის გარეშე. ახალგაზრდა ხელოვანს შესაძლებლობა მიეცა, ცნობილი მხატვრების: მარკუს ლუპერცისა და ანდრეას შულცეს კლასში ესწავლა. დიუსელდორფის აკადემიაში სწავლამ გურამ შავდიას მხატვრობას არსობრივად  განსხვავებული დატვირთვა შესძინა, თავისუფალი აზროვნებისა და გამოხატვის ახალი შესაძლებლობებით.

ხელოვანი ძირითადად შერეულ ტექნიკაში მუშაობს, ზეთისა და აკრილის საღებავებთან ერთად ნახშირსაც იყენებს, რის გამოც მისი ნამუშევრები ფერწერისა და გრაფიკის გასაყარზე ხვდება – მედიუმიდან გამომდინარე, კონცეფციაც იცვლება. სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი მისი ნამუშევრები, ხშირად, ფიგურატიული, აბსტრაგირებული ან ირონიზირებულია, გამოყენებულია არქეტიპული ნიშნებიც.  

ომის თემატიკაზე პირველი ნამუშევარი გურამ შავდიამ 2008 წელს  შექმნა – კოლაჟი „ტანკი“, როგორც სიკვდილისა და მოკვდინების სიმბოლო; ერთგვარი ნიშანი, რომელიც სიმბოლურად, ყოველგვარი დრამატული თუ ბრუტალური სცენებისა და სისხლის გარეშე გვიამბობს ტრაგიკულ ისტორიას, არის ყრუ, მაგრამ მეტყველი. მისი ასევე გამორჩეული ნამუშევარია: „შავწვერა. ედვარდ ტეჩი“ – ეკლესიის წინ დამხობილი ცნობილი მეკობრე და ზღვის ჰორიზონტთან ცეცხლმოკიდებული გემი, ყაჩაღმა ის გაძარცვა და გადაწვა – ეს ისტორიული ფაქტის ავტორისეული ინტერპრეტაციაა და ერთგვარი ირონია ძალადობაზე. გურამ შავდია ემიგრაციის თემასაც ეხება: „ლტოლვილთა ბანაკი“, „გზა შინისაკენ“… „ემიგრანტი“. მთავარი დეტალი ამ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევართა სერიაში – ქუდია, თითქოსდა, მთელს სამყაროსთან, განსხვავებულ კულტურებთან ინტეგრირების სიმბოლო. მაგრამ თავი ხომ შენია?!

გურამ შავდია  გერმანიიდან 2020 წელს დაბრუნდა, საქართველოში მისი პერსონალური გამოფენაც სწორედ მაშინ დაიგეგმა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი გადაავადა. 2022  წლის რუსეთ-უკრაინის ომმა და განვითარებულმა შოკისმომგვრელმა მოვლენებმა მთლიანად შეცვალა გამოფენის კონცეფცია. „ამ სიტუაციაში, ალბათ, უადგილო იქნებოდა სხვა თემაზე ფიქრი და მუშაობა. ამ ომმა მთელი ჩემი გონება მოიცვა. იქ ახლა ჩემი მეგობარი იბრძვის“ – გვიამბობს გურამი. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე ხელოვანის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი სამი ახალი ნამუშევარიც იქნება წარდგენილი.

ქეთევან კორძახია, გამოფენის კურატორი: „ექსპოზიციაში გავაერთიანეთ  ექსპონატები, რომლებიც გურამმა ომის თემატიკაზე შექმნა, მაგრამ, ეს გამოფენა ომს არ ეძღვნება – ვერც ბატალურ სცენებს და ვერც სისხლს აქ ვერ ნახავთ, ომის ტრაგიზმის შეგრძნება სულ სხვა მხატვრული ხერხებითაა მიღწეული. ამ რთულ ვითარებაში, როცა ადამიანების ურთიერთობის ენა შეცვლილია, როცა ადამიანი დაკარგული და გაუცხოებულია ამ სამყაროში, და სხვა ადამიანების სიკვდილს ინტერნეტით ხედავს, ჩვენ მშვიდობასა და გადარჩენის მოტივაციაზე გვსურდა ყურადღების გამახვილება. ადამიანებმა უნდა მოახერხონ ცხოვრების გაგრძელების მიზეზების მოძებნა. ამისათვის ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და დავეხმაროთ, ვიქტორ ფრანკლის მეთოდიც ხომ სწორედ ესაა – ლოგოთერაპია ანუ სიტყვის დიდი ძალით განკურნება. 18 ივნისს, შაბათს ღია დისკუსიას ვგეგმავთ, სადაც დაინტერესებული ადამიანები ვიქტორ ფრანკლის მეთოდის, ომის, გადარჩენისა და ზოგადად გამოფენის თემატიკის შესახებ ისაუბრებენ.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.