fbpx

აფხაზეთი იაპონელის თვალით – ინტერვიუ ტაკაში ნაგაკავასთან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მირიამ გრიგალაშვილი

 

ტაკაში ნაგაკავა იაპონელი არტისტია, რომელიც აქტიურად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. სწორედ ამგვარი მოგზაურობის დროს აღმოჩნდა აფხაზეთსა და რამდენიმე სხვა არაღიარებულ სახელმწიფოში. At.ge-სთან ინტერვიუში ტაკაში გვესაუბრება ამ ტერიტორიებზე მოგზაურობის  გამოცდილებაზე და პროექტზე, რომელიც სტეფანაკერტის ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოჩენილი წარწერის შთაგონებით შექმნა. 

რატომ დაინტერესდი ფოტოგრაფიით? რამ მიგიზიდა ამ სამყაროსკენ?

26 წლის ასაკში აქტიურად დავიწყე მოგზაურობა, რომ უკეთესად გავცნობოდი და შემესწავლა უცხო ქვეყნები, მათი მოსახლეობა, კულტურა, ისტორია და ა.შ.

მოგზაურობის დროს გავაანალიზე, რომ ფოტოების გადაღება საშუალებას მაძლევდა მივახლოებოდი ადამიანებს, უკეთესად აღმექვა მათი ყოველდღიური ცხოვრება და კულტურა.  სწორედ ამიტომ დავიწყე ყველა მოგზაურობის დროს ფოტოკამერის ტარება. 

რომელმა ფოტოგრაფებმა მოახდინეს შენზე გავლენა? შენს აზროვნებასა და ფოტოგრაფიაზე?

თავდაპირველად „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ფოტოგრაფების დიდ გავლენას განვიცდიდი. განსაკუთრებით ჯონ სტენმეიერის. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ კარგი ფოტოს გადასაღებად აუცილებელია შენს ობიექტს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მიუახლოვდე. მოგვიანებით ფოტოსააგენტო მაგნუმის ფოტოგრაფების პროექტების შესწავლაზე გადავედი, რომლებიც არაჩვეულებრივად ახერხებენ დოკუმენტური და მხატვრული ფოტოგრაფიის შერწყმას. განსაკუთრებით ტრენტ პარკის პერსონალური პროექტი უნდა გამოვყო, რომელიც დამეხმარა, გამეანალიზებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის, ოჯახისა და ბავშვობის მოგონებების დოკუმენტირება. ამჟამად ვმუშაობ პროექტზე „ჯეტ ლეგი“, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როდესაც ავიაკომპანიის პილოტად ვმუშაობდი და მუდმივად მაწუხებდა უძილობა და გადაღლილობა.

ორი წლის წინ თანამედროვე ხელოვნების შესწავლა დავიწყე. განსაკუთრებით არტ ინსტალაციები მაინტერესებს.  ოლაფურ ელიასონისა და ქრისტიან ბოლტანსკის დიდი ფანი ვარ. გასულ წელს გამიმართლა და კიოტოს ერთ-ერთ ტაძარში ინსტალაციის გაკეთების საშუალება მომეცა, რომელსაც „სინათლეების სასაფლაო“ ჰქვია. ეს გამოცდილება ჩემი კარიერის შემდეგ საფეხურად იქცა არა მხოლოდ როგორც ფოტოგრაფის, არამედ როგორც არტისტის. 

როგორ არჩევ თემებს შენი ფოტოპროექტებისთვის?

მარტივად რომ ვთქვა, უბრალოდ გადასაღებად მივდივარ და ყველანაირი წინასწარი ჩანაფიქრის გარეშე ვიწყებ გადაღებას. ამ დროს შეიძლება ბუნებრივად გამიჩნდეს იდეები ჩემთვის საინტერესო თემების შესახებ, ანდაც სახლში დაბრუნების შემდეგ, როდესაც მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებ. როდესაც პროექტის კონცეფციას ბოლომდე გავიაზრებ, საჭიროებისამებრ ვუბრუნდები კონკრეტულ ადგილს გადასაღებად. 

მოგვიყევი შენი პროექტის შესახებ „ვარსკვლავები ვერ ანათებენ წყვდიადის გარეშე“. რატომ გადაწყვიტე ამ პროექტის გადაღება და რის შესახებაა იგი?

ქართველი მეგობარი მყავს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია. ამჟამად თბილისში ცხოვრობს და მშობლიურ  სოხუმში დაბრუნება არ შეუძლია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი და გადამეღო აფხაზეთი მისთვის. 

მას შემდეგ, რაც კარგად გავეცანი ამ საკითხს, მივხვდი, რომ აფხაზეთისა და სხვა არაღიარებული ტერიტორიების შესახებ უფრო მეტი უნდა სცოდნოდა მსოფლიოს. სამწუხაროდ, ეს ის თემაა, რომლითაც გამომცემლობები და რედაქტორები უკვე ნაკლებად ინტერესდებიან, რაც ჩემთვის ძალზე გულდასაწყვეტი აღმოჩნდა. მესმის, რომ ისინი ახალ-ახალ ისტორიებსა და თვალისმომჭრელ ამბებს ეძებენ, მაგრამ მჯერა, რომ არის რაღაცები, რომლის ხელახლა მოყოლაც აუცილებელია, თუნდაც თემა ახალი არ იყოს. 

მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტის ერთ-ერთ ქუჩაზე სეირნობისას შემთხვევით წავაწყდი სახლის კედელზე გაკეთებულ წარწერას – „ვარსკვლავები ვერ ანათებენ წყვდიადის გარეშე“. მაშინვე გამეფიქრა, რომ ეს ის ხმაა, რომელსაც ადგილობრივები გულის სიღრმეში მალავენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ძალიან ბედნიერადაც გამოიყურებიან. 

ამ პროექტს არ აქვს კონკრეტული ისტორიები. ეს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრებია, მაგრამ ესაა ის, რასაც დანარჩენი სამყარო ვერ ხედავს და არც ინტერესდება. 

დიდი ხანი და ბევრი სხვადასხვა ტექნიკა დამჭირდა იმისთვის, რომ კონფლიქტის ზონის ყოველდღიურობა ისე გადმომეცა, რომ გაუგებარი არ ყოფილიყო. საბოლოოდ ავირჩიე მეთოდი, რომლითაც ვფიქრობ, რომ მნახველის ყურადღებას მივიპყრობდი. ეს პროექტი დროის მოძრაობასა და დავიწყების ცნებებსაც ეხება. მინდოდა მეთქვა, რომ ამ სამყაროში ბევრი რამეა, რისი დავიწყებაც არ უნდა მოხდეს, არაღიარებული ქვეყნები კი ერთ-ერთი ასეთი საკითხია. 

როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩათ აფხაზეთში მოგზაურობის შემდეგ?

ადამიანები ძალიან კეთილგანწყობილები და თავაზიანები იყვნენ. მთიანი ბუნება საოცრად ლამაზი. წინასწარ რომ არ მცოდნოდა, ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს გაყინული კონფლიქტის ზონაა. 

რიგითი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებები ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისგან. ვფიქრობ, რომ ქართველ და აფხაზ ხალხს შეუძლია მშვიდობით თანაცხოვრება, თუკი მომავალში არსებული პრობლემის გადაჭრა მოხერხდება. 

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ყველა ჩემი ამჟამინდელი პროექტი, რომლებზეც საზღვარგარეთ ვმუშაობდი, შეჩერებულია პანდემიის გამო. იმედი მაქვს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და ისევ შევძლებ შეზღუდვების გარეშე მოგზაურობას. 

პროექტი „ვარსკვლავები ვერ ანათებენ წყვდიადის გარეშე“ ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებ აფხაზეთსა და სხვა არაღიარებულ ტერიტორიებზე დაბრუნებას. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.