fbpx

ამბები თბილისზე – რადიო GIPA-ს და თიბისი კონცეპტის პოდკასტების სერია


გააზიარე სტატია

თბილისი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მრავალწახნაგოვანი ქალაქია. ქალაქი, რომელიც ერთდროულად მოგწონს კიდევაც და თან – არა, გიყვარს და თან არ გიყვარს, ერთდროულად არის ძალიან მშობლიურიც და უცხოც, ყველაზე ტოლერანტულიც და სასტიკიც.  

თბილისს ადამიანები ქმნიან და ასევე, ამ ადამიანების მიერ შექმნილი ურთიერთობები, ლეგენდები, არქიტექტურა, ლექსი, მუზეუმი, მოთხრობა, კინო, მოედნები, კულინარია…

როგორც თბილისური სადარბაზოების კედლებს მრავალჯერ შეცვლილი ყოფა, ისე ატყვია ფენა-ფენა მთელი ეს ამბები დედაქალაქს და ქმნის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აუცილებლად უნდა გავიცნოთ, გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ.

სწორედ ამ ამბებს გვახსენებს თიბისი კონცეპტისა და რადიო GIPA-ს (94.3 FM ) ერთობლივი პროექტი. პოდკასტების სერია – „ამბები თბილისზე” დედაქალაქის ისტორიებს მოიცავს. პოდკასტის სტუმრები საუბრობენ ქალაქის ამბების, ლეგენდების, ადათ-წესების, სასიყვარულო ურთიერთობებისა და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი თბილისური ამბების შესახებ. 

პოდკასტის ერთ-ერთი ავტორისთვის, GIPA-ს პროფესორისა და საჯარო პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის, ცირა ელისაშვილისთვის თბილისი არის ქალაქი, რომელიც დასმულ შეკითხვებზე მარტივ პასუხებს არ იძლევა და რაც უფრო დიდ დროს უთმობს მის კვლევას, მით უფრო მრავლდება კითხვები, ნაცვლად იმისა, რომ შემცირდეს. 

რა განასხვავებს თბილისურ კულტურას ქართული კულტურისგან, თბილისის რომელი უბნებია ევროპული და რომელი – აზიური, ვინ იყვნენ თბილისელი სოფისტები და რატომ ეძახდნენ რუსთაველის გამზირზე მდგარ ჭადარს ლადოს ხეს – სწორედ ამ თემებზე პასუხების, თბილისის ხასიათის, ლეგენდების, ისტორიის  და დეტალების კვლევის შესაძლებლობაა ცირა ელისაშვილის პოდკასტი. 

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Radio GIPA FM 94.3 (@radio_gipa)


მწერალი დათო ტურაშვილი თბილისის გერმანულ ისტორიაზე გვიყვება. 1817 წელს საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, მათ შორის თბილისშიც, რამდენიმე სოფელი გააშენეს. 

მათი კვალი ახლაცაა შემორჩენილი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. იცოდით, რომ სწორედ გერმანელებმა დაიწყეს თბილისში კარტოფილის თესვა? ამ და ბევრ სხვა საინტერესო ამბავს მოისმენთ დათო ტურაშვილის პოდკასტში.

GIPA-ს პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ზაზა აბაშიძე XX-XXI საუკუნეების თბილისს, კინოს, ისტორიადქცეულ კორპუსსა და მის მცხოვრებლებს იხსენებს

სახლი, რომელიც სანაპიროზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარეობს, პირველი საუწყებო სახლი იყო, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და სადაც, ძირითადად, კინოსთან დაკავშირებულ  სხვადასხვა პროფესიის ხალხს მისცეს ბინები. სწორედ ამიტომ ეწოდა იქაურობას კინოსტუდიის სახლი. ზაზა აბაშიძეც ამ სახლის და მისი მცხოვრებლების გახსენებით ჰყვება იმ პერიოდის ქართული კინოს ისტორიას.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Radio GIPA FM 94.3 (@radio_gipa)

პოდკასტის სერიის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი გუგა კოტეტიშვილს ეკუთვნის, რომელიც  თბილისურ ინტერიერზე და არქიტექტურაზე საუბრობს

მხატვარი და დიზაინერი გვიყვება თბილისურ ინტერიერზე, რომელიც სინამდვილეში ეკლექტური, ევროპულისა და აღმოსავლურის ნაზავი იყო. ე.წ. თავადურ ინტერიერებზე, სადაც ერთმანეთს ბუნებრივად ეხამებოდა ორი კულტურა, მაგალითად,  აღმოსავლური ხალიჩა და ევროპული ავეჯი. 

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Radio GIPA FM 94.3 (@radio_gipa)

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი და GIPA-ს პროფესორი ნინია ჩარექიშვილი უცხოელების თვალით დანახულ თბილისზე გვიყვება

აღმოსავლელი და ევროპელი მოგზაურების ჩანაწერების მიხედვით საუკუნეების წინანდელ თბილისში ვმოგზაურობთ და ვეცნობით, თუ როგორ გამოიყურებოდა თბილისი, მისი განაშენიანება, სამეფო სასახლეები თუ უბრალო ადამიანების საცხოვრისები. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა პერიოდის და სხვადასხვა ავტორის ჩანაწერებშიც კი გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, რომელიც ყველას აღაფრთოვანებდა – აბანო, ბაზრის მოედნები, ქარვასლა; განსაკუთრებით აღნიშნავდნენ თბილისელების ყოველდღიურ საკვებს, სტუმართმოყვარეობას. გარდა დადებითი შთაბეჭდილებებისა, უკმაყოფილებასაც გამოთქვამდნენ, არ მოსწონდათ, რომ ქალაქში არ იყო სანიაღვრეები, ქუჩები კი ცუდად იყო მოკირწყლული. 

პოეტი დიანა ანფიმიადი თავის პოდკასტში “თბილისი – ლიტერატურული ტოპოსი” იკვლევს თბილისს, როგორც ლიტერატურის ქალაქს და როგორც ქალაქს ლიტერატურაში. 

როგორ აისახება სხვადასხვა პერიოდის თბილისი პოეზიასა და პროზაში, როდის ხდება ქალაქი ობიექტი მხატვრულ ტექსტში და როგორ იცვლება თბილისის სახე სხვადასხვა ავტორთან – ამ ძალიან საინტერესო საუბარს გთავაზობთ დიანა ანფიმიადი.

მეცნიერის და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის თემაა “თბილისის არქეოლოგია”.

თბილისის ყველზე დიდი ხიბლი ისაა, რომ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი. თბილისის არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ის სცდება მხოლოდ საქართველოს ისტორიას – კვლევები ადასტურებს, რომ ეს გეოგრაფიული არეალი ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდამდეც მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, მაგალითად, დღევანდელი დიღმის ტერიტორიაზე დაახლოებით 6000 წლის წინანდელი არტეფაქტებია აღმოჩენილი,

დღევანდელი დელისის მიდამოებში კი განსაკუთრებული არქეოლოგიური ნიმუშებია ნაპოვნი, რომლებიც აჩვენებენ რომაული ეპოქის განსაკუთრებულ ხელოვნებას. 

დავით ლორთქიფანიძის პოდკასტის მოსმენის შემდეგ, ნამდვილად ყველა დაეთანხმებით მეცნიერს, რომელიც ამბობს, რომ  თბილისი არ არის უბრალოდ ისტორიული ქალაქი, თბილისი ის ქალაქია, სადაც ძალიან ბევრი ახლის სწავლა შეიძლება მისი მემკვიდრეობის მეცნიერული კვლევით.

რადიო GIPA-ს და თიბისი კონცეპტის სერია “ამბები თბილისზე” საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტის, გასტრონომიული კულტურის მკვლევრის, დალი ცატავას პოდკასტით დასრულდება, რომელიც თბილისზე და მის განსაკუთრებულ გასტრონომიულ კულტურაზე მოგვიყვება. პოდკასტის მოსმენა 15 ივნისიდან იქნება შესაძლებელი, მანამდე კი შეგიძლიათ სხვა ავტორების თბილისურ ამბებს გაეცნოთ როგორც თიბისი კონცეპტის და GIPA-ს პოდკასტების მეშვეობით, ასევე რადიო GIPA-ს YouTube-ის არხზე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.