კინოფესტივალი ომის დროს – ნენე კვინიკაძე
ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე
კანის 75-ე კინოფესტივალი ომის პარალელურად მიმდინარეობდა. იმის მიუხედავად, რომ ქალაქში არც უკრაინის მხარდამჭერი დროშები და სიმბოლოები მოგჭრიდა თვალს და ქართული დელეგაციისაგან განსხვავებით, ვერც შესაბამისი მაისურებით შემოსილ მოქალაქეებს შეხვდებოდი, თავად ფესტივალის დირექციამ უმნიშვნელოვანესი და თამამი გადაწყვეტილება მიიღო – გახსნის ცერემონიის სცენა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას დაუთმო.
ოვაციების ფონად ომში მყოფი პრეზიდენტის, დღის მთავარ ციტატად ქცეული სიტყვები ისმოდა: მსოფლიოს სჭირდება ახალი ჩაპლინი, რათა კინო არ იყოს მუნჯი, – თქვა მან.
ვლადიმერ პუტინის პატიმრად წოდებული კირილ სერებრენიკოვი ერთადერთი რუსი კინორეჟისორია, რომელსაც კანის 75-ე კინოფესტივალზე დასწრების უფლება მისცეს. მეტიც, მისი კინოსურათი სახელწოდებით – “ჩაიკოვსკის ცოლი” საკონკურსო პროგრამაში გახლდათ.
სერებრენიკოვის მცდელობა ცნობილი კომპოზიტორის, პეტრე ჩაიკოვსკის (ოდინ ბაირონი) ცოლის, ანტონინა მილიუკოვას (ალიონა მიხაილოვა) ცხოვრების, გნებავთ, ამ ცხოვრების განადგურების ტრაგედიის ჩვენება იყო. სერებრენიკოვი 19-ე საუკუნის ამბავში, თანამედროვეობისთვის აქტუალური საკითხების წარმოჩენას კინოენით ეცადა, მაგრამ მაყურებელს ახალი ვერაფერი შესთავაზა.
ფილმის პრესკონფერენციაზე მსოფლიო პრესას “ჩაიკოვსკის ცოლის” შესახებ შეკითხვები არ გასჩენია; ფილმის ირგვლივ მხოლოდ ერთი შეკითხვა გაისმა.
მიმდინარე ამბებში სრულყოფილად ჩახედულ ჟურნალისტებს აინტერესებდათ, თუ რას ფიქრობს სერებრენიკოვი ომზე, უკრაინაზე და რუსეთზე? რატომ იღებს ფულს რომან აბრამოვიჩისგან? ომში დაზარალებულებს თუ ეხმარება?
სერებრენიკოვი თანაუგრძნობს უკრაინელებს; თანაუგრძნობს სახლებიდან იძულებით გაქცეულ უკრაინელებს და რუსებს. აუდიტორიას ახსენებს, რომ ამ ომს უკრაინელებთან ერთად, რუსი ლტოლვილებიც ჰყავს. რეჟისორმა ახსენა მებრძოლები, იძულებული მსხვერპლი – არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, დაიღუპნენ. მათ დარჩათ ოჯახები. ჩვენ ყველამ ომის მსხვერპლთა ჰუმანიტარულ დახმარებაზე უნდა ვიფიქროთ და მე ამას ვაკეთებო.
“რაღაც დრომდე ჩვენი ხელისუფლება არ იყო ასეთი ტოქსიკური, ჩვენ ვთანამშრომლობდით მათთან, თეატრების და დიდი კულტურული ღონისძიებების ერთადერთი ფინანსური მხარდამჭერი სახელმწიფოა.
შესაბამისად, რაღაც დრომდე ის ლოგო, რომელიც პრეზიდენტის მხარდაჭერას გულისხმობდა, სამარცხვინო არ იყო”.
პრესკონფერენციაზე რეჟისორმა ისიც დააზუსტა, რომ რომან აბრამოვიჩი ოლიგარქი არაა, ის ჩინოვნიკია. ხელოვნების მხარდამჭერი.
სერებრენიკოვი ამბობს, რომ კულტურა ჰაერივითაა, როგორც წყალი და ღრუბელი. ის ჩვენ მიღმაა, არ შეიძლება რუსული ენის აკრძალვა, არ შეიძლება დოსტოევსკის, ჩაიკოვსკის აკრძალვა. ცუდ დროში კინოს, თეატრს და მუსიკას შეუძლია ადამიანებს თავი ცოცხლად აგრძნობინოსო.
კანის კინოფესტივალზე შუაღამის ჩვენების სექციაში დევიდ ბოუის შესახებ დოკუმენტური ფილმის – “Moonage Daydream”-ის ჩვენების წინ ფილმის ავტორმა ბრეტ მორგენმა წითელ ხალიჩაზე Let’s Dance-ზე იცეკვა.
თავად როკ-ვარსკვლავს დამსგავსებულმა ცნობილმა დოკუმენტალისტმა მაყურებელს მედიტაციურ-კალეიდოსკოპური ფილმი წარმოუდგინა.
დევიდ ბოუის სიტყვები და სიმღერები ესაა ჩვენი გზამკვლევი ფილმში, რომლის შესაქმნელადაც მასალას 2 წელი აგროვებდნენ, წარმოება კი 5 წელს გაგრძელდა.
ბოუის პროდიუსერმა ტონი ვისკონტიმ და ბოჰემური რაფსოდიის ხმის ინჟინერმა პოლ მესიმ ფილმში სიმღერების რემიქსზე იმუშავეს.
“Moonage Daydream”-ში აქამდე უცნობი ფაქტები, პერფორმანსები, მუსიკოსის ნახატები, პორტრეტები, ფოტოები, ჟურნალები, – როგორც დათვალეს, ჯამში 5 მილიონი საგანია თავმოყრილი.
ეს არაა ქრონოლოგიურ-ბიოგრაფიული პორტრეტი, დევიდ ბოუი როგორც ნარატორი, თავად მიგვიძღვის საკუთარ კოსმოსში: მუსიკით, – მუსიკა, როგორც ფსიქოდელიური ლოკომოტივი, – წერდა Variet.
მისი ქამელეონისებრ სტილის ექსპოზიციით – სასცენო კოსტიუმები, მაკიაჟი, საკუთარი თავის გამოხატვის მრავალშრიანობა – არტისტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები.
არქივთან შერეული ორიგინალური, სპეციალურად შექმნილი გრაფიკა და ვიდეოინსტალაციები, რაც კუბრიკის, დრეიერის, მურნაუს, მელიესის, ეიზენშტეინის თუ ბუნუელის კინო-ციტატებს გულისხმობს, მთლიანობაში წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
კანის კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამის სექციაში ნაჩვენებ ჯეიმს გრეის “არმაგედონის დროს” მაყურებლის დიდი ოვაცია მოჰყვა. ავტობიოგრაფიული დრამის მოსათხრობად, რეჟისორმა ენტონი ჰოპკინს, ენ ჰეთევეის და ჯერემი სთრონგს მოუყარა თავი. პროტაგონისტი მოზარდის, პოლ გრაფის როლი კი ბენქს რეპეტას მიანდო.
ემოციურ განწყობას, რასაც საკუთარი ამბის თხრობა გულისხმობს, ისიც ამძაფრებდა, რომ ორი წლის წინ ჯეიმს გრეის მამა კოვიდით გარდაიცვალა. შესაბამისად, “მოგონებების არქივში” მუშაობა კიდევ უფრო სენსიტიური გახდა.
ესაა საშუალო კლასის ებრაული ოჯახის პორტრეტი; პოლის ბავშვობა და მოზარდობა 1980-იანი წლების ქუინსში. პოლისთვის რთულ სამყაროში თვითგამორკვევის და ცნობიერების ფორმირების ინსტრუმენტი ხატვაა; ბავშვობის და მოზარდობის შესაყარზე მყოფი ემოციური ბიჭისთვის, სკოლა რთული სივრცეა, შავკანიანი ჯონი – საუკეთესო მეგობარი, ბაბუა კი მფარველი ანგელოზი.
პოლი ჯონისთან (ჯეილი ვები) ერთად დიდ ბიჭად ქცევის სხვადასხვა თამაშის ვერსიას მოსინჯავს. მკაცრად დასჯას კი უფრო მძიმე დანაშაულით უპასუხებს.
პოლი ჰეკლბერი ფინის ჰგავს. ბიჭი, რომელიც გარბის. გარბის და უკან აღარ იყურება. ჰეკის მსგავსად, პოლიც სწავლით შეწუხებულია; პოლიც გააბოლებს, თამბაქოს არა, მარიხუანას; პოლიც გამუდმებით ფათერაკების ძებნაშია.
საჯარო სკოლების თემა, რასიზმი, დისკრიმინაცია, ცოლ-ქმრული კრიზისი, რეიგანის საარჩევნო კამპანია,1980-იანი წლების შფოთი, გარდატეხა და ტკივილი – გრეის არმაგედონში ყველაფერი ერთად მოკრძალებულად იყრის თავს.
ალბერ სერას ენიგმური და მედიტაციური, იმავდროულად ბასრი პოლიტიკური მანიფესტი ცალკე სტატიას იმსახურებს. PACIFICTION – სრული ლოკდაუნის დროს პოლინეზიაში გადაღებული ფილმია. ესაა ახალი სიტყვა თანამედროვე კინოში. სურათი, რომელიც არცერთ სხვა ფილმს, მეტიც, თავად ალბერტ სერას არცერთ წინა ნამუშევარს არ ჰგავს. თუმცა, ორსაათ-ნახევრიანმა სერფინგის მსგავსმა მოგზაურობამ, ჟიურის წევრები ვერ მოხიბლა.
ჟიურიმ ვენსან ლენდონის ხელმძღვანელობით 28 მაისს ლუმიერების კინოდარბაზში შეკრებილ მაყურებელს ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან და ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, შედეგები გააცნო.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ზაჰრა ამირ ებრაჰიმი დაჯილდოვდა. ის ალი აბასის “წმინდა ობობაში” ჟურნალისტის როლს ასრულებს. 2000-2001 წლებში ირანში სერიულმა მკვლელმა, საკუთარი ქალაქის “ცოდვისაგან გაწმენდის” იდეით, 16 სექსმუშაკი ქალი მოკლა.
სწორედ ეს რეალური ამბავი აქცია ფილმად 2018 წელს “განსაკუთრებული ხედვის” სექციაში გამარჯვებულმა, დანიაში მცხოვრებმა სცენარისტმა და რეჟისორმა.
ფილმის პრემიერის დღეს წითელ ხალიჩაზე, დირექციასთან შეუთანხმებლად, ფემინისტების ჯგუფმა იმპროვიზებული დრამატული სცენა დადგა; ქალებმა, მთავარ კიბეზე დიდი ზომის თეთრი ფორმატი გაშალეს, რომელზეც საფრანგეთში 2021 წლის კინოფესტივალიდან დღემდე ცნობილი 129 ფემიციდის მსხვერპლი ქალის სახელი და გვარი ეწერა. დაცვის სამსახურმა პროტესტს ხელი ვერ შეუშალა.
ალი აბასი სერიული მკვლელის, 50 წლის საიდის (მეჰდი ბაჯესტანი) ყოველდღიურობას გვაცნობს. ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი, რაჰიმი, კი საზარელი მკვლელობების სერიის გამოძიებას საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობს, რადგან შედეგის მისაღწევად, გარდა კოლეგისა, მას არავინ ეხმარება.
ტოტალიტარულ სახელმწიფოში სექსმუშაკების მკვლელობის მიმართ პოლიცია გულგრილია, საზოგადოების ერთი ნაწილი – ცოდვისაგან ქალაქის გაწმენდის მომხრე, მსხვერპლთა მშობლებს კი მოკლული შვილების რცხვენიათ და ჩუმად არიან.
ჯუნ ჰო ბონგის “პარაზიტმა” 2019 წელს კანის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმი მთელი მსოფლიოს კინოთეატრებშიც წარმატებით უჩვენეს, მეტიც, “პარაზიტი” პირველი სამხრეთ კორეული ნამუშევარია, რომელმაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში “ოსკარი” მიიღო.
წლევანდელ კანის კინოფესტივალზე სწორედ “პარაზიტში” მთავარი როლის შემსრულებელი კანგ ჰო სონგი დაჯილდოვდა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. “Broker” იაპონელი კორე ედა ჰიროკაზუს პირველი კორეული ფილმია, რომელიც არასასურველი ბავშვების შესახებ მოგვითხრობს. თითქმის ყველა მისი სურათის მსგავსად, “Broker”-იც ერთი ოჯახის შესახებ გვიყვება, თუმცა ბევრ სხვა ამბავს და შრეს მოიაზრებს.
საუკეთესო სცენარის ჯილდოს მფლობელი დანიელ-ეგვიპტელი ტარიკ სალეჰი გახდა, რომელმაც კინოსურათში “ბიჭი სამოთხიდან” მეთევზის შვილის ამაფორიაქებელი თავგადასავალი გვიამბო.
მამასთან ერთად სოფლის რუტინულ საქმეში ჩართული ადამი, მოულოდნელად, კაიროს პრესტიჟულ, ალ-აზარის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისლამის შესასწავლად აღმოჩნდება.
უნივერსიტეტში მომხდარი მკვლელობა ყველაფერს ცვლის. შეთქმულება; მაღალი სასულიერო პირების თამაშები; მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკოსების გავლენა; ადამისთვის შეთავაზებული თანამშრომლობა და გამოწვევები, – სწორედ ამ ჩაკეტილი წრიდან თავის დასაღწევი გზების საინტერესო გადაკვეთისთვის და ამბის მოულოდნელი განვითარების, ასევე, სითამამის გამო, წლევანდელმა ჟიურიმ სალეჰის სცენარი გამოარჩია.
ჟიურის სპეციალური ჯილდო საკონკურსო პროგრამის ყველაზე ასაკოვანი, პოლონელი რეჟისორის – სკოლიმოვსკის ფილმისთვის “იო” და შარლოტ ვანდერმეხისა და ფელიქს ფონ გრონინგენის “რვა მთისთვის” გაიყო.
კანის კინოფესტივალის 75-ე გამოშვების სპეციალური პრიზი ჟან პიერ და ლუკ დარდენებს გადაეცათ ბრწყინვალე ნამუშევრისთვის “ტორი და ლოკიტა”.
მათი ჯილდოების უხვ ჩამონათვალს (1999 წელს – “როზეტასთვის”, 2005 წელს – “ბავშვისთვის” ორი ოქროს პალმის რტო; 2008 წელს საუკეთესო სცენარისთვის “ლორნას სიჩუმე” დაჯილდოვდა; “ბიჭი ველოსიპედით” 2001 წელს გრანპრის მფლობელი გახდა; 2019-ში კი “ახალგაზრდა აჰმედს” საუკეთესო რეჟისურისთვის ერგო პრიზი) ეს მნიშვნელოვანი პრიზიც დაემატა.
“პუტინი დემოკრატიის მტერია, შესაბამისად, ის ჩემი პირადი მტერია”, – ბელგიელმა ძმებმა წელს ერთ ინტერვიუში პოლიტიკური განცხადებაც გააკეთეს.
“ტორი და ლოკიტა” ჟან პიერ და ლუკ დარდენების გულისგამჩერებელი დრამაა. ტორის და ლოკიტას (პაბლო შილსი და ჯოილ მბუნდუ) ბენინიდან, დასავლეთ აფრიკიდან, ბელგიური საბუთების მისაღებად რეალური და-ძმობის დამტკიცება სჭირდებათ. რთული ბიუროკრატიული სქემა დაუცველ ემიგრანტებს მძიმე გამოწვევის წინაშე აყენებს.
არალეგალებს თავის გატანა სჭირდებათ: ლოკიტას აფრიკაში ხუთი და-ძმისთვის სწავლის ფული აქვს გასაგზავნი; ტრაფიკერისთვის კი ხარკის გადახდის ვალდებულება.
ტორი და ლოკიტა, პერიოდულად, კაფეებში მღერიან, თუმცა, არც აქ აღებული და არც ნარკოდილერობით გამომუშავებული ფული არ ჰყოფნით.
გამოუვალი სიტუაციის გამო ლოკიტა დასახლებული პუნქტიდან შორს, გასაიდუმლოებულ მარიხუანას სათბურში, უმძიმეს სამუშაო პირობებს თანხმდება.
სოციალური რეალიზმის და სამყაროს ეგზისტენციალურთან შეხების ოსტატები ამჯერადაც საუცხოოდ ახერხებენ ევროპისა და დანარჩენი სამყაროს პრობლემებში, თანამედროვე ადამიანის შემზარავ ტრაგედიებში შეღწევას. ტოტალურ ქაოსში კვლავინდებურად მკაფიოა სურათი, სადაც რეჟისორი ძმები, ყველასაგან განწირული, მგრძნობელობისაგან დაცლილ გარემოცვაში აღმოჩენილი ემიგრანტების გულისგამჩერებელ ტრაგედიას გვიზიარებენ.
ჟან-პიერ და ლუკ დარდენები, თითქოს საგნებს შეჩვეულ გარემოს გამოგლეჯენ ხოლმე და საკუთარ კინოენას დაუქვემდებარებენ; დარდენების კინოში ინდივიდუალურია გამოსახულებისა და ხმის სინთეზი; სიჩუმესაც მათი მკაფიო ხელწერა აქვს.
ბელგიელი რეჟისორების ფილმებში იშვიათად ისმის მუსიკა და ტრადიციულად, მცირე გამონაკლისის გარდა,ისინი არც ვარსკვლავებზე დებენ ფსონს.
“ტორი და ლოკიტა” ის კინოსურათია, რომლის პრემიერასაც წლევანდელ კინოფესტივალზე ლუმიერების დარბაზში ყველაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.
წლევანდელ ფესტივალზე სამხრეთ კორეელები განსაკუთრებით იღბლიანები აღმოჩნდნენ. ჯილდო რეჟისურისთვის – პარკ ჩან ვუკის გადაეცა. “წასვლის გადაწყვეტილება” გამომძიებლის ამბავია, რომელიც მთიდან გადმოვარდნილი კაცის შემთხვევას არკვევს.
ფესტივალის გრანპრი – ლუკას დონტის “ ახლოსა” და კლერ დენის “შუადღის ვარსკვლავებს” შორის გაიყო.
ზომიერი და ლაკონიური პლასტით მოთხრობილმა 13 წლის ორი ახლო მეგობრის და კლასელის, ლეოს და რემის (ედენ დამბრინი გუსტავ დე უაილი) ისტორიამ ზოგს ერიკ რომერი, ზოგს კი ჟან-პიერ და ლუკ დარდენები გაახსენა.
ფილმი, დარდენების სქემის მსგავსად, ოთხ ძირითად ლოკაციაზე თამაშდება – სახლი, სკოლა, ყინულის მოედანი და ყვავილების პლანტაციები. ლეოს ოჯახს ყვავილების პლანტაცია აქვს, სადაც ლეოც უფროსების მსგავსად, თავდაუზოგავად მუშაობს. ყვავილების პლანტაცია ფილმის ერთგვარი გულსართია და ლეო, რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში კამერა არ შორდება, თითქოს სწორედ ამ მცენარეების დარგვის, ყვავილობის თუ დახარისხების იდენტურ ეტაპს გადის.
სხვა რეჟისორებთან ასოციაციების თუ რეფერენსების მიუხედავად, ახალგაზრდა ბელგიელი ლუკას დონტი, ეგზისტენციალურთან კამერის ურთიერთობის კიდევ სხვა, ახალ ფორმას და მანძილს იგონებს. თინეიჯერების აკრძალული ტერიტორიის დელიკატური და იმავდროულად, სიღრმისეული ცოდნით, მეგობრობის, სიახლოვის და სიყვარულის გამორჩეულ მანიფესტს წარმოგვიდგენს.
დენის ჯონსონის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში “შუადღის ვარსკვლავები”, მთავარ როლებს ახალი თაობის ფავორიტები – მარგარეტ ქუელი და ჯო ოლვინი ასრულებენ. სწორედ მათი სილამაზე და სასიყვარულო სცენები იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. ისტორია, კინოენა თუ ფორმა, – ამ თვალსაზრისით კლერ დენის კინოსურათი არ გამოირჩევა.
ფილმი სახელწოდებით “სევდის სამკუთხედი” სამ ნაწილადაა დაყოფილი. რუბენ ოსტლუნდის განსაკუთრებული შურისძიების სამიზნე ამჯერად ინფლუენსერები და ოლიგარქები აღმოჩნდნენ.
პირველ ნოველაში ახალგაზრდა წყვილი კარლი (ჰარის დიკინსონი) და იაია (შარლბი დინ კრიეკი) არიან სცენაზე და ორი თანამედროვე ადამიანის გამოფიტულ, სელფებით გაჯერებულ, სინამდვილისაგან დაცლილ სამყაროში, ზუსტი და ბასრი დიალოგებით, მათ ყოფას ვაკვირდებით. იცნობენ თუ არა ისინი ერთმანეთს და სურთ თუ არა ერთად ყოფნა? ურთიერთობა როგორც კონტრაქტი, სადაც წესებია დადგენილი და დარღვევა არაკანონიერია.
კარლი და იაია სწორედ ინფლუენსერობით აღმოჩნდებიან საბედისწერო კრუიზში ფეშენებელურ გემზე, სადაც სადილზე და ვახშამზე სხვადასხვა ადამიანებს გაიცნობენ: ბრიტანელ წყვილს, რომელმაც ფული ნაღმებით იშოვა; რუსი ოლიგარქს, რომელიც ცოლთან და საყვარელთან ერთად მოგზაურობს, შვედს კოდების დამწერ შვედ კაცს, რომელმაც თამაშის კოდის დაწერით მილიონები მოიპოვა.
რეჟისორი არც გემის ეკიპაჟის წევრებს ინდობს; მათი მუშაობის ქარხნულ წესს მენეჯერი, ვიკი ბერლინის გმირი, შესანიშნავი შესრულებით ადგენს. ვუდი ჰარელსონის გმირი კი სასმელსა და ლენინზე შეყვარებული გემის კაპიტანია.
ყველაფერი კი მაშინ იცვლება, როდესაც გემის კაპიტნის საპატიო ვახშმის დროს ზღვაში ღელვა იწყება და პიზის კოშკივით გადახრილ გემზე ძვირფასი სამოსით და სამკაულებით მორთული მდიდრები თავიანთსავე ნარწყევსა და ფეკალურ მასებში ამოისვრებიან. მესამე ნაწილი გემის ჩაძირვას გადარჩენილი, კუნძულზე აღმოჩენილი ადამიანების ამბავია. ყოვლისშემძლე და ყველაფრის მქონე მდიდრებს მხოლოდ ძვირფასი საათები შერჩათ მაჯებზე.
ველურ კუნძულზე რუს ოლიგარქს, კოდების დამწერ მილიონერს და ინფლუენსერებს არაფრის გაკეთება შეუძლიათ. შესაბამისად, დამოკიდებული ხდებიან ეკიპაჟის იმ გადარჩენილ წევრზე, რომელიც გემზე მათი დასვრილი ტუალეტების დასუფთავებას ხელმძღვანელობდა, ახლა კი როგორც ცეცხლის დანთების, თევზის დაჭერის და საჭმლის მომზადების მცოდნე თავს კაპიტნად აცხადებს და მდიდრებს დღის წესრიგს უსაზღვრავს.
თანამედროვე ადამიანების პორტრეტების მხილების, ორიგინალური ფორმის, ინდივიდუალური კინოების და სითამამისთვის ჟიურიმ ფავორიტად სწორედ “სევდის სამკუთხედი” დაასახელა.
“ფორსმაჟორის” და “კვადრატის” შემდეგ, რუბენ ოსტლუნდი ისევ ყურადღების ცენტრშია – შვედი კინორეჟისორი მეორე ოქროს პალმის მფლობელია.
წლევანდელ ნამუშევრებში ყველაზე საგრძნობი პანდემიის გავლენები იყო. სხვადასხვა კონტინენტებსა და ქვეყნებში მოღვაწე, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ავტორებისთვის შიში, ზაფრა და უარესის მოლოდინი საერთო განცდები იყო.
პანდემიის დროს გადაღებული ფილმების პრემიერა ომში რთული საქმეა.
მაგრამ, ესეც დროებითია; დიდი პროცესის ნაწილი. ჩვენ გვჯერა ფილმების და ვიცით, რა შეუძლია კინოს. ბოლოს და ბოლოს, ჯერ უხმომ აიდგა ენა, შემდეგ კი ხმოვანმა კინომ სიჩუმე მოიგონა. გაბრუებული მდგომარეობიდან გამოსვლაზეც ისაა პასუხისმგებელი.