fbpx

ინტერვიუ დამოუკიდებელ კურატორ და ხელოვან ლიკა თარხან-მოურავთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთო გელაშვილი

 

ლიკა თარხან-მოურავი  მკვლევარი, დამოუკიდებელი კურატორი და ხელოვანია. ამჯერად მუშაობს  სადოქტორო ნაშრომზე სახვითი ხელოვნების განხრით, Royal College of Art-ში, ლონდონში. ის იკვლევს თარგმანის შესაძლებლობებს ლინგვისტური ფორმის საზღვრებს მიღმა. იყენებს ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა ტექნიკას და მათი ერთობლიობით ქმნის ნამუშევრებს. 

გამარჯობა, ლიკა. გმადლობ, რომ დათანხმდი ჩემთან ინტერვიუს.

საინტერესოა, როგორ დაიწყეთ ფიქრი ხელოვნებაზე? თქვენ საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ ამ სფეროში. ჯერ როგორც მკვლევარი ისე მუშაობდით, შემდეგ კი ხელოვნება  არჩიეთ, როგორც შემოქმედება. საინტერესოა, რამ განაპირობა თქვენი ეს არჩევანი?

სანამ ნამუშევრების კეთებას დავიწყებდი,  დიდხანს სხვადასხვა გალერეაში ვმუშაობდი, ვიკვლევდი, გამოფენებს და ვიდეოჩვენებებს ვაწყობდი. ხატვა ბავშვობიდანვე ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. იმდენად, რომ  სამხატვრო სკოლაში შემიყვანეს. არ ვიცი როგორ მოახერხა ბებიაჩემმა, რომ  უფროსკლასელების ჯგუფში დამსვა, სადაც პირველი იმედგაცრუება განვიცადე. აღმოვჩნდი ფანტასტიკურ მხატვრებს შორის, რომლებიც საოცარ ცხენებს ხატავდნენ. იმდენი იხარხარეს ჩემს ვირ-ცხენზე, რომ იმის შემდეგ გული ავიცრუე და აღარ მომიკიდია ხელი ხატვისათვის. მოგვიანებით ბერლინში გავაგრძელე სწავლა ლიბერალური ხელოვნების კოლეჯში. მქონდა ასეთი საგანი – ინსტალაციის ხელოვნება. დღემდე ჩემი საყვარელი ნამუშევრები სწორედ მაგ პერიოდშია გაკეთებული. რა თემაც მაინტერესებდა, იმაზე ვაკეთებდი გულუბრყვილოდ და დიდი აღფრთოვანებით. მაშინ საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, თუ ვის რა ჰქონდა გაკეთებული ამ თემაზე, ან რაიმე ახალს ვამბობდი თუ არა ჩემი ნამუშევრებით. ერთ-ერთი პირველი პროექტი მენსტრუაციაზე იყო. რატომღაც სულ მესმოდა, რომ მენსტრუაციის დროს როგორც  სიწმინდეებისთვის შეხება არ შეიძლებოდა ეკლესიაში, ასევე არ შეიძლებოდა ამ დროს სექსი. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ეს იყო სრულიად უსაფუძვლო მითი. ამ გააზრების საფუძველზე გავაკეთე ჩემი პირველი ნამუშევარი –  პატარა ოთახი ბევრი სისხლით და ფერად-ფერადი ვიტრაჟული შუქებით. შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად დავდგი საიდუმლო სერობა, მხოლოდ ქალებით, ფილმებიდან ამოჭრილი კასტრაციის სცენების პროექციის ფონზე. დღეს ამ თემებს ასეთი პირდაპირობით აღარ ვეხები, თუმცა, ის მიამიტობა და ბავშვურობა რაც იმ დროს მქონდა მაინც მენანება.

როდის დაინტერესდით მარიჯანით? და რატომაა ის დღეს ასეთი აქტუალური თქვენთვის, რომელსაც ასევე სახელოვნებო ჟურნალი „დანართის’’ მთლიანი  ნომერი (მე-15) მიეძღვნა.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც თბილისში ვიყავი, წავიკითხე თამთა მელაშვილის ტექსტი, სადაც ის წერდა, რომ საბავშვო ავტორად ცნობილ მარიჯანს ჰქონდა  დაწერილი ეროტიკული ლექსებიც. დავიწყე მათი არქივებში ძიება და გადავაწყდი მის რამდენიმე ლექსს, რომლებიც არასდროს არ გამოქვეყნებულა. ვნახე ასევე მეგობრისადმი მიწერილი წერილები, სადაც ჩანს მისი გულისშემძვრელი სიყვარულის ისტორია და განცდა, რომ ვეღარ წერს ლექსებს. მარიჯანის გამოუქვეყნებელი და მივიწყებული ლექსები მის სასაფლაოზე წავიკითხეთ მეგობრებთან ერთად, რითაც სიმბოლურად დავუბრუნეთ პოეტს დაკარგული ხმა. ლონდონში როცა დავბრუნდი, დავიწყე ფიქრი მის გარშემო არსებულ კონტექსტზე,  როგორ უნდა მომეყოლა მარიჯანზე და სხვა გარიყულ ქალებზე და რატომ იყო ეს თემა ასეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის. ამ დროს გადავაწყდი ენის პრობლემას, მივხვდი, რომ ყველაფერს ჩემს  სიტყვების მარაგში ვერ ჩავატევ და დავიწყე  ხატვა, ანიმაციების კეთება, კერამიკაზე მუშაობა, რომ რაღაცნაირად გამერღვია ეს ენობრივი ბარიერი. შემდეგ ეს თემა სადოქტოროზე შევიტანე,  მივიღე  4-წლიანი დაფინანსება და სტუდია ხელოვნების სამეფო კოლეჯში. 

დღეს თბილისის მაყურებლისთვის შედგა თქვენი როგორც ხელოვანის დებიუტი, ელენე აბაშიძის საგამოფენო სივრცეში, სერიით – „მეგობარს, რომელმაც შუშის გამდნარ ნამსხვრევებში დამინახა“. რას ეფუძნება თქვენი ეს აკვარელის სერია? 

ეს სერია ბევრ რამეს აერთიანებს, ერთ-ერთი მოტივი ნამდვილად მედიუმების კავშირია. კერამიკაზე ვაკეთებდი ექსპერიმენტს, მაინტერესებდა, თიხის გამოწვის პროცესში როგორ მიერთდებოდა შუშა ჭიქურთან, ეს გადასვლის მომენტი მინდოდა რაღაცნაირად დამეჭირა. მახსოვს,  ჩავიხედე ამ კერამიკის ჯამში და გამდნარ შუშაში ჩემი რეფლექსია დავინახე.  ფოტო გადავუღე ამ გამოსახულებას,  შემდეგ კი მეგობრის რჩევით ფურცელზე გადავხატე. აკვარელის ამ კონკრეტულმა სერიამ ასეთი გზა გამოიარა – კერამიკიდან შუშაზე, შუშიდან ფოტოზე, ფოტოდან აკვარელზე. ეს ტრაექტორია ძალიან  საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც ნამუშევრის ერთი სივრციდან მეორეში გადმოტანის, ანუ თარგმანის მეტაფორა. ვეფხვის ფორმა როგორ გამოჩნდა, საერთოდ აღარ მახსოვს – ზოგადად, ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩემთვის. 1921 წელს მოკლეს უკანასკნელი (მაშინ ასე ეგონათ) კასპიის  ვეფხვი საქართველოში, რომელიც უცნაურად ემთხვევა ბევრს სხვა მნიშვნელოვან მოვლენას. მაგალითად, მარიჯანის პირველი კრებულის გამოცემას, ან  საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას, და ა.შ. ადრეც დამიხატავს ქალი, რომელიც ვეფხვის ტყავს ხევს – როგორც პროტესტი პატრიარქალური სისტემების მიმართ… 

 

როგორ ფიქრობ, შინაარსი და სახელები მნიშვნელოვანია არტისტის ნამუშევრებში?  თუ ამ ყველაფერს მნახველს მიანდობ?

 

ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება შინაარსი საერთოდ არ იყოს მნიშვნელოვანი. პირადად ჩემთვის ესთეტიკურ მხარეზე უფრო საინტერესო აზრის ახლებურად დანახვების ფორმაა, ამიტომ შინაარსს დიდი დატვირთვა აქვს. სახელები ნამუშევარში შეჭყეტის საშუალებას იძლევა, რომლისკენ დამთვალიერებელს შეუძლია თავისი ასოციაციით და აღქმებითაც გაიკვალოს გზა.

 

 

სად შეიძლება დღეს შენი ნამუშევრების ნახვა?

 

ჩემი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ჩემს სახელოსნოში, რომელშიც ისეთი ქაოსია, რომ  მალე ჩემი ადგილი ალბათ საერთოდ აღარ იქნება. ასევე ინსტაგრამზეც. ჯერ ძალიან დაწყებით ეტაპზე ვარ – არ ვარ მიჩვეული გამოფენებში მონაწილეობას  ამიტომ ყველა დაპატიჟება ძალიან მიხარია. საქართველოში პირველი ელენე აბაშიძე დაინტერესდა ჩემი ნახატებით და გასულ თვეში მის სივრცეში იყო გამოფენილი ჩემი სერია. უახლოეს მომავალში ჩემი ანიმაციური ჩანახატის ჩვენება იგეგმება ქამდენის ხელოვნების ცენტრში გამართულ ფესტივალზე, შემდეგ კი ჯგუფური გამოფენა სტამბოლში. 

გამოფენაზე წარმოდგენილ შენ ნამუშევრებზე ამბობ, რომ გავლენა მოახდინა ქართულმა მწერლობამ, რატომ მაინცდამაინც ქართული და არა რაიმე სხვა? რა არის ამის მიზეზი, რომ ქართულ ლიტერატურას გამოარჩევ?

ქართული მწერლობა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც ლონდონში გადავედი საცხოვრებლად და ჩემს შვილებთან ჩემი იდენტობის გაზიარების ერთ-ერთი ფორმა ძილის წინ წაკითხული წიგნები გახდა. დამთრგუნველია ის ფაქტი, რომ სულ კაცების მწერლობას  გვასწავლიდნენ, როცა რეალურად არსებობდნენ  ავტორი ქალები და მათი არაჩვეულებრივი ნამუშევრებიც. ვცდილობ, ეს შეცდომა ჩემს შვილებთან გამოვასწორო.

 

ვინ ხდება არტისტი დღეს? ვინ უნდა იყო და რა წესებით უნდა ითამაშო, რომ შემოსაზღვრული გაარღვიო?

ნებისმიერი შემოქმედი ადამიანი ალბათ თავისთავად არტისტია. სამწუხაროა, რომ ხელოვნებაში მკაცრი იერარქიები არსებობს. თუმცა საზღვრები ნელ-ნელა იშლება. იმისთვის რომ წარმატებული არტისტი იყო, ყველაზე მეტად ალბათ იღბალია საჭირო, და შრომა, რა თქმა უნდა. არ ვთვლი, რომ ყველა შემდგარი არტისტი, ვისაც კარიერაში გაუმართლა, არაადამიანური ნიჭითაა დაჯილდოებული.  ეს თანხვედრის შედეგიცაა, როცა  შენი ხმა და ენერგია სხვის აღქმასთან მოდის თანხვედრაში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.