fbpx

მუსიკის გავლენა ფერწერაზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

მუსიკა ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა  ვიზუალურ ხელოვნებაზე. მე-19 საუკუნის ბოლოს ჯეიმზ აბოტ მაკნილ უისლერის „ნოქტიურნს“ გაცილებით მჭიდრო კავშირი აქვს შოპენის ამავე სახელწოდების სოლო ფორტეპიანოს კომპოზიციებთან, ვიდრე ტილოზე გამოსახულ ღამის სცენასთან. პაულ კლეეს გეომეტრიული აბსტრაქცია, „პოლიფონია“ (1932), ბახის მრავალხმიანი საგუნდო ნაწარმოების მიმართ ვნებას გამოხატავს. მოგვიანებით ავანგარდული შედევრები იმდროინდელი პოპულარული მუსიკით, კერძოდ, ჯაზით იყო შთაგონებული. მაგალითად, სტიუარტ დევისის  „სვინგის პეიზაჟი“ (1938), პიტ მონდრიანის „ბროდვეის ბუგი-ვუგი“ (1942-43), ანრი მატისის „ჯაზის სერია“ (1947) და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ხელოვნების ეტაპები დასავლური მუსიკის ქრონიკას წააგავს. 

მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე დასავლელ მხატვრებში ამ ორი ხელოვნების ფორმის სიმბიოზმა საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა. ისინი თავიანთ ნამუშევრებში მუსიკის რიტმების, სტრუქტურების და ტონების გადმოტანას ცდილობდნენ – ანუ ერთი სფეროს მეორეში ტრანსფორმაციას. მხატვრობის მუსიკასთან შერწყმის ავანგარდული „პროექტი“ სულ რომ წარუმატებელი ყოფილიყო, შედეგად მაინც საინტერესო ექსპერიმენტს მივიღებდით. 

რთულია მოდერნიზმზე მე-19 საუკუნის ლიტერატურათმცოდნე უოლტერ პატერის გარეშე ვისაუბროთ, რომელიც მეტწილად 1877 წელს დაწერილი ერთი წინადადებით არის ცნობილი: „ხელოვნების ყველა დარგი მუდმივად მიისწრაფვის მუსიკისკენ.“ პატერის  ინტერპრეტაციით, მუსიკა ხელოვნების ერთადერთი  სფეროა, რომლის ფორმა და შინაარსი არა მხოლოდ განუყოფელი, არამედ ერთი და იგივეა, რაც მუსიკას ტრადიციული დასავლური მხატვრობისგან ფუნდამენტურად განასხვავებს,  რადგან ფერწერა ამ მხრივ საპირისპიროა. პატერი თვლიდა, რომ ნახატი მუსიკისგან განსხვავებით ფიზიკური სამყაროს იერსახეა. 

თანამედროვე ხელოვნების რევოლუციის გარიჟრაჟზე ლიტერატურის და მხატვრობის კავშირი ნელ-ნელა ნელდებოდა. შესაბამისად, აბსტრაქტული მხატვრები ახალი ექსპერიმენტების ძიებაში იყვნენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მუსიკა ბევრი მათგანის ინსპირაციად იქცა. 

ერთი შეხედვით თითქოს შეუძლებელია ვიზუალურად ასახო ის, რასაც მუსიკა ბგერით გამოხატავს. შვეიცარიაში დაბადებული პაულ კლეე  სანამ მხატვრობაში გადაინაცვლებდა, ვიოლინოზე უკრავდა, აქედან გამომდინარე, მუსიკალური ცოდნა მკვეთრად აისახებოდა კლეეს საუკეთესო ნამუშევრებში, კერძოდ, მის კინეტიკურ კომპოზიციაში – „May Picture“ (1925). 

1910-იან წლებში კლეე „ლურჯი მხედარის“ ერთგული წევრი იყო, რომელშიც ასევე ფრანც მარკი, ვასილი კანდინსკი და ალბერტ ბლოხი შედიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „სინთეზი“ ექსკლუზიურად კანდინსკის არ ეკუთვნის, სწორედ მან შეუწყო ხელი მის პოპულარიზაციას. კანდინსკის ნამუშევრები ფერწერისა და მუსიკის შერწყმის ყველაზე ამბიციურ, პოეტურ და შთამბეჭდავ მცდელობას წარმოადგენს. თუკი ვიქტორიანული ეპოქის პატერის ცნება მხატვრობასა და მუსიკას შორის ურთიერთობის შესახებ იერარქიული იყო, კანდინსკის პირიქით, ანარქიულია – მუსიკის და ხელოვნების დიდებული „ქაოსი“. 

კანდინსკის შთაგონება მისი მეგობარი, ავსტრალიელი კომპოზიტორი არნოლდ შონბერგი იყო. შონბერგის მოდერნისტული და ატონალური კომპოზიციები მდარე ხარისხის მუსიკად მიიჩნეოდა, თუმცა მისმა გრანდიოზულმა ინოვაციამ, თორმეტტონიანმა ტექნიკამ, რომელშიც ვერც ერთი ნოტის ხელახლა გამოყენება ვერ მოხერხდება, სანამ დანარჩენი 11 არ შესრულდება, გარდატეხა მოახდინა მუსიკოსის კარიერაში. კანდინსკის „კომპოზიცია VIII-ში” (1923) აშკარად იგრძნობა შონბერგის გავლენა, სადაც ერთი შეხედვით შემთხვევითი ფერები და ფორმები მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. 

მოდერნისტმა მხატვრებმა პოპულარული ამერიკული მუსიკა, ისევე როგორც ევროპული ავანგარდი, ფაქტობრივად „გაძარცვეს“. მართლაც გასაოცარია, თეთრკანიანი ამერიკელების და ევროპელების ხელოვნება რამდენად გაჟღენთილია აფრიკული დიასპორის მელოდიებით – ბლუზი, ჯაზი, სვინგი და ა.შ. სტიუარტ დევისი ისე აღწერს „Hot Still-Scape for Six Colors-7th Avenue Style-ს“ (1940), თითქოს ნახატის ნაცვლად ჯაზ-სექტეტზე საუბრობს: „[ექვსი ფერი] გამოიყენება როგორც მუსიკალური კომპოზიციის ინსტრუმენტები, სადაც ბგერათა და ფერთა მრავალფეროვნება სხვადასხვა ინსტრუმენტთა ჯგუფების ერთდროული შეჯახებით არის გამოწვეული“. 

დევისს ხშირად აკრიტიკებენ ჯაზის მკაცრად ესთეტიკური ინტერპრეტაციის და სოციალური ჩაგვრის იგნორირების გამო. თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას უამრავ მოდერნისტ მხატვარზე, რომლებიც აფრიკულ-ამერიკულ მუსიკას იყენებდნენ თავიანთ ნამუშევრებში. მიუხედავად ამისა, დევისი, მონდრიანი და მატისი ერთ ჭეშმარიტებაზე თანხმდებოდნენ: მაღალი ესთეტიკური მიზნები, რომლებიც მათ ნახატებისთვის გააჩნდათ, შავკანიან ვირტუოზ მუსიკოსებს უკვე განხორციელებული ჰქონდათ.  მაგალითად, როდესაც დევისს შუა საუკუნეების მანჰეტენის ბობოქარი ცხოვრების გადმოცემა სურდა, მას შთაგონებისთვის კანდინსკისთვის ან შონბერგისთვის არ მიუმართავს. მხატვარი კვლავ ჯაზს მიუბრუნდა, შემდეგ კი თავისი ნახატის სახელწოდებად სინესთეტიკური ჯაზის ტერმინი გამოიყენა: „hot“. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.