fbpx

სოლიკო ვირსალაძე – ბალეტი ჩემი გაუნელებელი სიყვარულია…


გააზიარე სტატია

ავტორი: მზეხა  მახარაძე

ფოტო: სერა ძნელაძე

ექსპოზიციის ფოტოები: ხატია ჯიჯეიშვილი

 

მსოფლიო სცენებზე “სუხიშვილების” კონცერტებზე აპლოდისმენტები დარბაზში  ცეკვის დაწყებისთანავე გაისმოდა. “ეს ტაში სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებს ეკუთვნოდა! სოლიკოს გენიალური კოსტიუმების გარეშე ის აღიარება, რაც ანსამბლმა მიიღო წლების მანძილზე, არ იქნებოდა…” – იხსენებდა ლეგენდარული ნინო რამიშვილი ანსამბლის უცვლელ მხატვარზე, რომელმაც ცენზურის ეპოქაში არა მარტო ხალხური კოსტიუმი აიტანა სცენაზე, არამედ თავისი შექმნილი კოსტიუმებიც გაახალხურა, – “სამაია”, “აჭარული”, “სადარბაზო”, “აფხაზური”, “ჯეირანი”, “ყაზბეგური”, “დოქებით ცეკვა”, “ხორუმი”, “სიმდი”…   

ქალებს  ემოსათ  გრძელი,  დაშვებული კაბები, რომლებიც ბრწყინავდა, მაყურებელს კი  ისეთი შეგრძნება  ეუფლებოდა, რომ  ისინი  იყვნენ  მისტიკურნი… – The New-York Times-ის რეცენზიიდან.  

 “აჭარულის” ცეკვის კოსტიუმი, ჯერ კიდევ 1957 წელს შექმნილი, გენიალური სცენოგრაფის ნოვატორული ჩანაფიქრია, რაც მანამდე არ არსებობდა და ეს ფორმალიზმის ეპოქისთვის იყო მოდერნი. ქალის ამ სილუეტურ კაბას მხატვარმა გრძელი, განიერი და ზოლებიანი ქამარი თეძოზე დეკორატიულად შემოახვია, თავზე კი მოცეკვავეს შავი ყაბალახი მოარგო. ქალებს თავზე შავი ყაბალახი მოუხდათ, და აქ კოსტიუმის მეტრის ორიგინალური ხელწერა ყველაზე თამამად გამოჩნდა. ქალებს მამაკაცის ყაბალახი?! როგორ შეიძლება?! – 50-იან წლებში ეს მოულოდნელი დეტალი, რომელიც მკაცრი ტრადიციისა და ნოვაციის უხილავ ურთიერთობებს შიფრავს, ზღვარგადასულ რისკად ჩაითვალა, ვინაიდან მანამდე აჭარელი ქალები, ლაზების ცხოვრების სტილის გავლენით, ჩადრში ცეკვავდნენ თურმე, მაგრამ ეს სამფერიანი კოსტიუმი თავისი ესთეტიკით, რიტმით, ანდა სახასიათო სიზუსტით დროში, ტრადიციულ ფორმებთან ერთად იქცა კლასიკად, ისევე, როგორც კოსტიუმზე სოლიკოსეული ფერთა გრადაციები – ღაჟღაჟა წითელი, მჟღერი ფირუზისფერი და ინტენსიური შავი გაწყობილი  ჩამქრალი ოქროსფერი სირმებით. 

მე ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემი მხატვრობის  საშუალებით, მაყურებელი  გრძნობს იმას, თუ როგორ  ხდება  მუსიკა ხილული, როგორ  იმოსება  ცეკვა… – წერდა სოლიკო ვირსალაძე. 

ცნობილი  “ჯეირანის” ფირუზისფერი კაბა 1952 წელს ვირსალაძემ ნამდვილ აღმოსავლურ პოეზიად აქცია “ცეკვის დედოფლად” აღიარებული ნინო რამიშვილისთვის, “სიმდის” შავ-თეთრი კოსტიუმების გრაფიკული გადაწყვეტა, ესეც კონტრასტული “სვლაა” კოსტიუმში, რომელსაც მისცა შეფარული რომანტიკა, დააგრძელა “ოსურის” მკლავები, რამაც კაბისა თუ ჩოხის სილუეტი გახადა კიდევ უფრო ჰაეროვანი, სადა, თუმცა სკულპტურული, ხასიათით – მკაცრიც… კოსტიუმის გრაფიკა, რომელიც ცეკვის არქიტექტონიკაში “ზის”, მის ქორეოგრაფიულ გააზრებას გაძლევს, ამბობენ, რომ აქ “მუსიკის ფერი” მხატვარმა კოსტიუმს დაუმორჩილა, კოსტიუმს, რომელიც ესკიზებზე დაიბადა, და ისევე ხელუხლებლად დარჩა, როგორც “სიმდის კარიბჭე” ცეკვაში, როდესაც სცენაზე “სიმდის” ჰორიზონტალური ხაზები ტრიალებს, ამ ხაზების მიმართულება და ფორმა იცვლება, თუმცა ხაზებში სისწორე არ უნდა დაირღვეს… უფროსები ამბობენ, რომ ფერის აბსოლუტური სმენა ჰქონდაო “კოსტიუმის მეტრს”, ალბათ ამიტომაც, მისთვის “ყაზბეგურში” მამაკაცის კოსტიუმი ყავისფერია ზურგზე შემოგდებული ბეწვით, თავზე კი შავი ფაფახით. აქაც, როგორც კოსტიუმის ფაქტურა, ისე მისი დამჯდარი გრადაციაა – ყავისფრიდან თიხისფერში, ცეკვაში კი ტეხილი მოძრაობების სიმკაცრე მთიელების ტრადიციული ყოფა-ხასიათია, მთასავით ასე განდეგილი, ენერგიული და, თუნდაც, მძიმე.         

“სამაიას” ულამაზესი ესკიზი 1980 წელს  სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკიდან “კოსტიუმის მეტრმა” მეფური სიდიადით დახატა. ცეკვა ფრესკული სტატიკით იწყება და, ამიტომაცაა, რომ ამ კოსტიუმებში, რომლებშიც იკითხება სამეფო სამოსის ბიზანტიური გავლენა, სიმბოლიკად შემოსულია ფრესკის ფერები: მოიისფრო კაბა აღებულია თამარის ვარძიის ფრესკიდან, ღია ცისფერი ბეთანიისა და ყინწვისის მოხატულობიდან, სპილენძისფერი კი დავით გარეჯში ბერთუბნის ხატწერიდან. ასეთი გააზრებით, კოსტიუმების დიზაინი ქსოვილის ფაქტურაზე არაჩვეულებრივად ეფექტურია, – ნაცრისფერი გრადაციაში გადადის მუქ იისფერთან, ცისფერთან და სპილენძისფერთან. ასეთ სამფერიან გამასთან უცვლელად რჩება კაბის სილუეტურობა, ისტორიაში გამოვლილი დახვეწილი სტილი და ძვირფასი ქვების მისტიკური ფილოსოფია. ისიც სიმბოლიკაა, რომ სამეფო სამოსის გულისპირშია “ჩალაგებული” თეთრი მარგალიტები ისევე, როგორც დიდი ძვირფასი თვლები – ზურმუხტები, ლალები, საფირონები – არქაული მოზაიკის მსგავსად… ასეთ ჰარმონიას რომ ეხები, გგონია, რომ ალბათ, არცერთ ესკიზში არ არის ჩადებული ასეთი ასკეტიზმი და მონუმენტურობა, მეფური ზომიერება, მეფური სიმშვიდე, ქალური სინაზე თუ სიდარბაისლე… ამ კოსტიუმებს ცეკვაში შემოაქვს თავისი რიტმი, ქორეოგრაფიული ნახაზის სტატიკურობა. “სამაიას” გვირგვინი? – ესეც სამეფო გვირგვინის ანალოგია, რომელიც მხატვარმა სამუზეუმო ექსპონატად აქცია… “სამაიას” საოცრად ლამაზ, სილუეტურ კაბებს ბიზანტიური სამეფო სამოსისგან მიჰყვება მთავარი აქსესუარი – ლორი, რომელიც კაბის უცვლელი ნაწილია და მოცეკვავეებს ხელზე აქვთ ხოლმე გადაფენილი… 

ჩვენ ძალიან მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა გვქონდა, გასაოცრად ერთნაირად ვაზროვნებდით და მართლაც ერთად ვქმნიდით ცეკვას. იყო შემთხვევები, როდესაც მხატვარი ჯერ ცეკვას ნახავდა და შემდეგ ქმნიდა ესკიზებს, ცეკვის ნახატიდან და მოძრაობიდან გამომდინარე გრძნობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა, ხდებოდა პირიქითაც, მხატვარმა წინასწარ იცოდა თემა, მოჰქონდა ესკიზი და ჩვენ უკვე ესკიზიდან გამომდინარე ვდგამდით ცეკვას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისეთი ბრწყინვალე შემოქმედი, როგორიც სოლიკო ვირსალაძე იყო, თავისი ესკიზის მიხედვით გვკარნახობდა ცეკვის ნახაზს… ის არაჩვეულებრივად გრძნობდა ქსოვილის ფაქტურას. სულ უბრალო ნაჭრიდან ისეთ მდიდრულ ფაქტურას შექმნიდა, რომ გაოცებული ვრჩებოდი, ფერის სრულიად განსაკუთრებული შეგრძნება ჰქონდა, თვითონ ღებავდა ქსოვილებს, ზედ საკუთარი ხელით აკრავდა აპლიკაციასა და ორნამენტს… თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სოლიკო ვირსალაძე ჩვენთან ერთად ანსამბლის ერთ-ერთი შემქმნელია და ცხოვრების ბოლომდე მისი უცვლელი მხატვარი”.  – ნინო რამიშვილის მოგონებიდან. 

სოლიკო ვირსალაძე ანსამბლ “სუხიშვილების” კოსტიუმების უცვლელი დიზაინერი იყო. სოლიკოს “ხელის ინტელექტმა” მოიტანა ცეკვა “სადარბაზოს” ორიგინალური კოსტიუმიც, რომელიც უფრო მოგვიანებით, 1978  წელს  მოსკოვის დიდი თეატრის სახელოსნოში შეიკერა. ქალის და მამაკაცის ამ კოსტიუმების ფორმა და სტილი არისტოკრატულია, ეს არის სულ ხელით ნამუშევარი, რომელსაც ერთდროულად წარსულიც აქვს და მომავალიც, ყველას მოულოდნელად აოცებს და თითოეულში  ინდივიდუალურ ემოციებს ტოვებს… ქალის მდიდრული სადარბაზოს საზეიმო კოსტიუმი გრძელი წელში გამოყვანილი კაბაა დიდი შლეიფით… ფერი? – როგორც კოსტიუმის მხატვარი იტყოდა, მიმქრალი ოქროსი, ღია იასამნისფერი რომ გადაჰკრავს. კაბის ქსოვილი ვერცხლისფერ-ოქროსფრად ბზინვარებს და მას განსაკუთრებულ მხატვრულ ეფექტს აძლევს შავი ფუნჯით შესრულებული ყვავილოვან-გეომეტრიული აპლიკაცია, შავზოლიანი ქამარი, ქამარზე მიმობნეული მარგალიტები, და, რა თქმა უნდა, გვირგვინი, რომელიც სადედოფლო გგონია. ქალის “სადარბაზოსგან” განსხვავებით, მამაკაცის კოსტიუმის დიზაინი უფრო მკაცრია, თუმცა ისიც სადად არის მოხატული, თარგი მანერულია, უფრო თეატრალიზებული, ამ ფაქტურასა და სტილში ჩანს დასავლური ცივილიზაციის პირდაპირი გავლენა.

ამ ანსამბლთან თანამშრომლობა ჩემი დიდი სიყვარული და გატაცებაა, აღარც კი  მახსოვს, რამდენი წელია ვიცნობ  ქალბატონ  ნინოს, დღემდე  მაოცებს  მისი  გადამდები ხალისი, ენერგია და შემართება. წლების მანძილზე სამშობლოსგან მოშორებით მცხოვრებს, საქართველოსთან, ყოველივე ქართულთან ეს უფრო მაახლოებს. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვმუშაობ მათთვის, ეფექტის მიღწევაში თვითონ ქართული ცეკვები მეხმარება. როდესაც კოსტიუმებისათვის ფერებს ვარჩევ, უპირველეს ყოვლისა მთელ ცეკვას ვხედავ… – წერდა ნოვატორი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე. 

გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე:

„მე მქონდა ბედნიერება, მენახა სოლიკო ვირსალაძე მუშაობის პროცესში, ხშირად ისეთი ულამაზესი ესკიზები დაუჭმუჭნია და გადაუგდია, გული გაგისკდებოდა. ცხადია, მან იცოდა რას აკეთებდა. იგი იყო აბსოლუტურად უკომპრომისო საქმესა და მოქალაქეობრივ ეთიკაში, ქართველობაში. შეიძლება ვინმე დაეჭვდეს – საიდან? მისი ნამუშევრების უმეტესობა ხომ რუსეთის ოპერისა და ბალეტის თეატრების სცენაზე ხორციელდებოდა. პირველ რიგში მოსკოვის დიდ თეატრში, აგრეთვე სანქტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში და პრაქტიკულად მსოფლიოს წამყვან კულტურულ დედაქალაქებში: პარიზში, რომში, მილანში, სტოკჰოლმში, ტოკიოში და ა.შ.  და მაინც, მისი ნიჭი თავისი ფესვებით ქართულ სამყაროშია და ქართული კულტურიდან მოდიოდა. ეს კარგად ვიცი მისი დამოკიდებულებიდან სამშობლოსადმი და ეს არსებითია მხატვრის შემოქმედებაშიც. მახსოვს აგრეთვე მისი სიტყვები: ისეთი კომპლექსები, როგორიც ატენისა და ყინწვისის მოხატულობებია, მსოფლიოში ერთი-ორი თუ იქნება. ეს ჩვენმა შვილებმა ბავშვობიდანვე უნდა შეისისხლხორცონო… ხოლო რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრობას, ეს ყველამ იცის, ვინც კი მისი შემოქმედებით დაინტერესებულა. – ნიკო ფიროსმანი ჩემთვის ერის შემოქმედებითი პოტენციალის განსახიერებაა! – მითხრა მან ერთხელ და დასძინა:  – და კიდევ! ეჰ, ჟენია (ევგენი მიქელაძე) რომ არ დაეხვრიტათ, ვახტანგი (ვახტანგ ჭაბუკიანი), ჯენია და მე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ თეატრს შევქმნიდითო!..“ 

ამ მასშტაბურ და მრავალმხრივად საინტერესო ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დეკორაციისა და კოსტიუმების ესკიზები ბალეტებისთვის – „მძინარე მზეთუნახავი“ (1952 წელი), „შვიდი ლამაზმანი“ (1953 წელი), „მაკნატუნა“ (1954 წელი),  „რომეო და ჯულიეტა“  (1978 წელი), „რაიმონდა“ (1984 წელი)…  ამ დეკორაციებში კოსტიუმი განიხილება, როგორც საერთო კომპოზიციის რიტმულ ელემენტად, რადგან კოსტიუმი უფრო ჟღერადია, ვიდრე თუნდაც, სადა და მარტივი დეკორაცია. აქვეა გამოფენილი ჩანახატები ფილმისთვის „ჰამლეტი“ (1964 წელი), ესკიზები ოპერისთვის „აბესალომ და ეთერი“ (1952 წელი) და 1954 წლით დათარიღებული „გედების ტბის“ სცენოგრაფიისა და კოსტიუმების ჩანახატები, ქაღალდზე უფაქიზეს ოქროსფერ თუ ვერცხლისფერ გამაში შესრულებული. გუაშში ეს ერთგვარი ამოსუნთქვაა მსუბუქი, მოძრავი და ჰაეროვანი გრადაციებით. ფერთა ლივლივზე, ფერთა მეტაფორებსა თუ ფერის ემოციურ ინტელექტზე გენიოს ვირსალაძეს თავისი განსაზღვრება ჰქონდა მუსიკის ინსპირაციით ნაკარნახევი: 

როდესაც ვმუშაობ სპექტაკლის კოლორისტული სისტემის გადაწყვეტაზე, ყოველთვის მუსიკიდან ამოვდივარ და ამა თუ იმ ფერის ნიუანსირება იბადება მუსიკალური მოქმედების ხასიათიდან, განწყობიდან, ემოციიდან. იგი იძენს „სახეს“, რომელიც შეესაბამება მუსიკის „სულს“, ამიტომ ფერადოვანი გადაწყვეტა ყოველთვის სხვადასხვაგვარია…“ 

ბალეტი უყვარდა უზომოდ არა მარტო თავისი თეატრალური ესთეტიკით, არამედ რიტმით და შინაარსით, ამიტომაც მისი მხატვრული კონცეფცია გულისხმობდა სპექტაკლის სცენოგრაფიულ სურათებში ყოფილიყო არა მხოლოდ დოკუმენტური და ლაკონიური, არამედ ინდივიდუალური ხედვით გამორჩეული, ექსპრესიული, გაბედული და ზუსტი კლასიკიდან  მოდერნამდე… ასე შექმნა ბალეტის სამყაროში თავისი ეპოქა, ძალიან ძვირფასი, სანიმუშო და მნიშვნელოვანი, რომელიც დროში რჩება თანამედროვე და აქვე მისი პიროვნების სხვა ასპექტებსაც ვეცნობით, – „ბალეტი ჩემი გაუნელებელი სიყვარულია, იგი უფრო ახლოა ჩემს სულთან, აქ მეტია ჰარმონია და ესთეტიკა“, – წერდა  დიდი მხატვარი, კულტურით და ერუდიციით გამორჩეული ხელოვანი, რომლის სცენოგრაფიაშიც ასევე მთავარი ასპექტი იყო განათების პარტიტურა. თურმე სინათლეს ყოველთვის თვითონ აყენებდა, ეს იყო განათების თავისებური დრამატურგია…  განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობაში 1957 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის რეჟისურით ალექსი მაჭავარიანის „ოტელოსთვის“ შესრულებული ნიმუშები. ვიქტორ ვანსლოვი მიიჩვევს, რომ „ოტელოთი“ იწყება, უფრო სწორად, ისახება ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებაში, „ოტელო“ იყო მოვლენა არა მარტო ქართულ ბალეტში, ქართულ კულტურაში, არამედ მთელ თეატრალურ სფეროში, როდესაც გამოჩნდა სოლიკო ვირსალაძის უნარი ელაპარაკა სცენური სივრცის, ფარდების, ქსოვილის ფაქტურისა და, რაც მთავარია, ფართო ფერწერის ენით“.   

წარმატებასთან ერთად იყო უსიამოვნო მომენტებიც საბჭოთა ოფიციოზის რეჟიმთან ურთიერთობისას. აბა, სხვანაირად, როგორ იქნებოდა?! 

„ცენზურა ძალიან აქტიური იყო გასული საუკუნის 40-იან წლებში და 50-იანების დასაწყისში. მახსოვს,როგორ იგონებდა სოლიკო ერთხელ ჩვენთან – დებთან და დისშვილებთან ერთ ეპიზოდს: „გედების ტბის“ ერთ-ერთი დადგმისას ვიღაცას უჩივლია, ვირსალაძემ ფორმალისტურად გადაწყვიტა დეკორაციებიო. მოიწვიეს კომისია. სხდომას ესწრებოდა თვით საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრი, თავისი სიმკაცრითა და პირდაპირობით საკმაოდ ცნობილი პიროვნება ეკატერინა ალექსეევნა ფურცევა. გარჩევა დაიწყო იმით, რომ რომელიღაც მლიქვნელმა განაცხადა, ტბა არ ჰგავს ტბასო! სოლიკო არ აპირებდა უკან დახევას და უპასუხა: – დიახ, მეთევზის თვალსაზრისით, ალბათ, არ ჰგავსო!“ ატყდა ხარხარი – შენიშვნის ავტორი მართლაც თავგადაკლული მეთევზე ყოფილა. შემდგომ ეკატერინა ფურცევამ ჰკითხა ვადიმ რინდინს, მოსკოვის დიდი თეატრის მთავარ მხატვარს, გალინა ულანოვას მეუღლეს, რომელსაც გარკვეულად კონკურენცია ჰქონდა სოლიკოსთან: – თქვენ რას იტყვითო? – ეს ღვთაებრივია, უპასუხა მან მინისტრს. მე კომპლიმენტი არ მითხოვიაო, –  ბრძანა ეკატერინა ალექსეევნამ. ასე ჩაიშალა ქართველი მხატვრის გასაკიცხად მოწვეული სხდომა. არადა, ამ დროს, 50-იანი წლების მიწურულს სოლიკო აღიარებული მაესტრო იყო…“ – იხსენებს ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია სოლიკო ვირსალაძეზე, რომელიც სამშობლოში 30-იანი წლების მძიმე რეპრესიებს სანქტ-პეტერბურგში გადაურჩა, როდესაც კიროვის სახელობის თეატრში აფორმებდა ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმულ ორ სპექტაკლს – ანდრია ბალანჩივაძის „მთების გულს“ (1938 წელს) და ალექსანდრ კრეინის „ლაურენსიას“, ხოლო მცირე თეატრში ბორის ასაფიევის „აშუღ-ყარიბს“ და ემანუილ კაპლანის რეჟისურაზე ჯუზეპე ვერდის ოპერა „ფალსტაფს“. ამ დროს თბილისიდან უთვლიდნენ, არავითარ შემთხვევაში არ ჩამოხვიდეო – 1937 წელს დაიჭირეს მამამისი ბაგრატი, და ლოლიტა, 1938 წელს კი მეორე დის, თინას ქმარი… 

1964 წლიდან  სოლიკო ვირსალაძე მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი მხატვარი გახდა ცნობილი ქორეოგრაფის, იური გრიგოროვიჩის მიწვევით და ქმნის მხატვრულ შედევრებს  ბალეტებისთვის: ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“ (1973 წელი),  „მაკნატუნა“ (1966 წელი), „გედების ტბა“ (1969 წელი), ხაჩატურიანის „სპარტაკი“ (1968 წელი), პროკოფიევის „ივანე მრისხანე“ (1975 წელი), „რომეო და ჯულიეტა“ (1978 წელი), შოსტაკოვიჩის „ოქროს საუკუნე“ (1982 წელი), გლაზუნოვის „რაიმონდა“ (1984 წელი ), ეშპაის „ანგარა“ (1976 წელი)…  როდესაც ამ ესკიზებს ათვალიერებ, ხვდები, რომ თითოეული ჩანახატი არის ცალკე აღებული სრულფასოვანი ნამუშევარი, მინიმალისტური,  მეტაფორულად მრავლისმთქმელი, ზღაპრული და კონკრეტულიც. გრაფიკულ ესკიზებში  საინტერესო მიზანსცენების მიღმა, პერსონაჟების გრაცია და პლასტიკაც კი იკითხება. ამიტომაცაა, რომ ეს სპექტაკლები თავისი დრამატურგიული საწყისებით და სოლიკოს მიერ გააზრებული მუსიკალური ინტონაციების ვიზუალიზაციით დღესაც ძალიან თანამედროვედ იკითხება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.