fbpx

ერთა ლიგის პანორამა


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევრო 2020-ის ფინალური მატჩის შემდეგ დაახლოებით ერთი წელიწადი გავიდა. ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე დაპირისპირებული იტალიის და ინგლისის ეროვნული გუნდები კი ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების A კატეგორიის მე-3 ჯგუფში აღმოჩნდნენ, სადაც მათთან ერთად ოთხეული ნებისმიერი ტურნირის ფავორიტმა, გერმანიის და ევრო 2020-ის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, უნგრეთის ნაკრებებმა შეადგინეს. 

ამ ჯგუფის მიმართ ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესს ევროპის ჩემპიონატზე მიუნხენის „ალიანს არენაზე“ გერმანელებს და უნგრელებს შორის ჩატარებული ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაც ამძაფრებდა, რომელშიც სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ და მოგებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ და ჯგუფში ბოლო ადგილს ვერ ასცდნენ.

ერთა ლიგის ტურნირზე ინგლისის ნაკრების ორივე მატჩში დამარცხების შედეგად კი უნგრელები ამჟამად ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფს ლიდერობენ და მეორეადგილოსან გერმანიის ნაკრებს ერთი ქულით უსწრებენ.

ბოლო ტურის ორივე შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა, მაგრამ თუკი გერმანელთა მიერ მისთვის ტრადიციულად უხერხული მეტოქის, იტალიის ნაკრების დიდი ანგარიშით დამარცხება „სკუადრა აძურას“ შემადგენლობის გრანდიოზული განახლების პროცესის შედეგია, უნგრეთის ნაკრების მიერ გასვლაზე ინგლისელთა ანგარიშით 4:0 მიწასთან გასწორება  ერთგვარი საფეხბურთო ანომალიაა.

ამ წაგებამ მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონთა სტაჟიან გულშემატკივრებს გასული საუკუნის 50-იან წლებში ლეგენდარული ფერენც პუშკაშის და მის თანაგუნდელთა მიერ ინგლისის ნაკრების ზედიზედ ორჯერ, ლონდონში (6:3) და ბუდაპეშტში (7:1) განადგურება თუ შეახსენა და გულის სიღრმეში უკვე მერამდენედ აფიქრებინათ, რომ ინგლისის ნაკრებს არასოდეს ეშველება…

რას დაემსგავსა გარეთ საუთგეიტის გუნდი ევრო 2020-ის შემდეგ? ნუთუ წამყვანი ინგლისელი ფეხბურთელები „ვიწრო“ კლუბური ინტერესებით შემოიფარგლებიან, პრემიერლიგის დაძაბული სეზონის შემდეგ მხოლოდ დასვენებაზე ფიქრობენ და ნაკრების პრესტიჟი მათთვის აღარ არსებობს?

მე-4 ტურში იტალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ უნგრელების მსგავსად, გერმანელთა გამოსვლაც დამაკმაყოფილებლად შეიძლება შეფასდეს. 

რაც მთავარია, ჰანსი ფლიკის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისვლის პერიოდიდან მოყოლებული, გუნდი განაგრძობს წაუგებელ სერიას და ხშირი ტაქტიკური ექსპერიმენტების ფონზე თანდათანობით წინსვლას, რაც „კოპა ამერიკის“ მომგებ არგენტინის ნაკრებთან ერთად, მას მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ გამოხატულ ფავორიტად აქცევს.

ინგლისელებივით ერთობ საწყალობელი შთაბეჭდილება დატოვა ერთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა საფრანგეთის ნაკრებმაც, რომელიც ევრო 2020-ის ფინალისტის მსგავსად, ოთხი ტურის შემდეგ ორად ორი ქულით პირველი ჯგუფის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.

გუნდს, რომლის შემტევ ხაზსაც მბაპე, ბენზემა და გრიზმანი ამშვენებენ, სულ სამი ბურთი აქვს გატანილი. 

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფრანგების დღევანდელი სტრატეგია კატარის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფორმაში დახვედრას ემსახურება, მაგრამ იმ პერიოდისთვის ხომ ჩემპიონთა ლიგასთან თუ წამყვან ევროპულ ჩემპიონატებთან დაკავშირებული გადაღლის პრობლემა იჩენს თავს, რაც „ვარსკვლავებს“ იდეალური კონდიციების მიღწევაში ხელს შეუშლის…

ასეთები კი უხვად ჰყავს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალისტ ხორვატიის ნაკრებსაც, რომელმაც ბოლო ტურში საფრანგეთის წინააღმდეგ თავისი პირველი – ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

პარიზის „სენ დენის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი უკვე მე-5 წუთზე, ლუკა მოდრიჩმა პენალტით გაიტანა.

ფრანგებს ანგარიშის გასათანაბრებლად წინ მთელი მატჩი ჰქონდათ, მაგრამ მათთან შედარებით მეტი სახიფათო ეპიზოდი ისევ უკეთ მომზადებულმა სტუმრებმა შექმნეს კონტრიერიშებზე. 

ხორვატებმა ფრანგების მსგავსად ჩააგდეს ტურნირის პირველი ორი მატჩი, მაგრამ მათგან განსხვავებით შემდგომში მოუმატეს და საფრანგეთის ნაკრებთან მოგებამდე, მესამე ტურში ასევე გასვლაზე, ჯგუფის ლიდერი დანიის ნაკრებიც დაამარცხეს.

მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად იასპარეზა ესპანეთის ნაკრებმა, რომელიც მეორე ჯგუფს ლიდერობს და პორტუგალიას ერთი ქულით უსწრებს.

ამ გუნდებს შორის სევილიაში ჩატარებულმა ფრედ დამთავრებულმა შეხვედრამ კი ცხადყო, რომ პირველადგილოსნის ვინაობა სავარაუდოდ ბოლო ტურში, მათ საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. გარკვეული სიურპრიზები სამომავლოდ ჩეხეთის ან შვეიცარიის ნაკრებებისგანაც არ უნდა გაგვიკვირდეს. 

A კატეგორიის გუნდებიდან საუკეთესო შთაბეჭდილება ალბათ „მფრინავმა ჰოლანდიელებმა“ დატოვეს, რომელთაც გამოცდილი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით გულშემატკივრებს ლაღი და შემტევი ფეხბურთი შესთავაზეს.

„ნარინჯისფრებმა“ უკვე პირველ ტურში საუცხოო თამაში აჩვენეს გასვლით შეხვედრაში ჯგუფის ფავორიტ ბელგიის ნაკრებთან, რომელიც დიდი ანგარიშით 4:1 გაანადგურეს.

ამ ნაკრებებს შორის არსებული ისტორიული დაპირისპირება ძირითადად არაპროგნოზირებადია, რადგან ხშირად შედეგი კონკრეტულ მომენტში გუნდების მომზადების დონეზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ ფეხბურთის მოყვარულები ყოველთვის ინტერესით ელიან ბენილუქსურ დერბის.

ბელგიელებმა მეორე ტურიც მარცხიანად დაიწყეს, როდესაც რობერტ ლევანდოვსკიმ მათთან შეხვედრის 28-ე წუთზე წინ გაიყვანა პოლონეთის ნაკრები. 

მაგრამ, როგორც გაირკვა, შინ ზედიზედ მეორე მატჩის წაგება, თურმე აშკარად  მიუღებელი ყოფილა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი გუნდისთვის. 

პასუხმაც არ დააყოვნა და დე ბრიუინემ და მისმა თანაგუნდელებმა მატჩის მეორე ნახევარში მეტოქეს ისეთი სასტიკი დღე აყარეს, რომ პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელებს და მის გულშემატკივრებს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ 2022 წლის 8 ივნისს ბრიუსელის სტადიონზე ანგარიშით 1:6 განცდილი მარცხი.

პოლონელებმა რეაბილიტაცია ჰოლანდიელთა წინააღმდეგ შეხვედრაში სცადეს და გასვლაზე მეოთხე ჯგუფის ლიდერთან ორბურთიანი უპირატესობით მოახერხეს დაწინაურება.

მაგრამ მეორე ტაიმში ლუი ვან გაალის გუნდმა წონასწორობა აღადგინა და მატჩი საბოლოოდ ფრედ – 2:2 დასრულდა. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია „ნარინჯისფერთა“ დაპირისპირებები ჯგუფის აუტსაიდერ უელსის ნაკრებთან, რადგან ამ უკანასკნელთ ორივე შეხვედრაში ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ დამატებულ მეორე, ხოლო ვან გაალის გაწვრთნილებმა კი მოგება მესამე წუთზე შეძლეს. 

ერთა ლიგის ტურნირზე თითოეულ კატეგორიაში ჯგუფების გამარჯვებულთა ვინაობა სექტემბრის ბოლოში გაირკვევა, როდესაც უკანასკნელი ორი ტურის მატჩები ჩატარდება. 

ჩვენთვის საინტერესო, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეების – თურქეთის, საბერძნეთის და სავარაუდოდ ყაზახეთის მომზადების დონეა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ გუნდს პირველი თამაშების მიხედვით A კატეგორიის უკვე ნებისმიერი მეტოქისათვის შესწევს სათანადო წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

სამომავლოდ ინგლისელებიც, იტალიელებიც, ბელგიელებიც და კიდევ სხვებიც მომძლავრდებიან, მაგრამ ჩვენც არ ვიქნებით გაჩერებულნი ერთ ადგილზე. 

ჩრდილოეთ მაკედონიის და ბულგარეთის ნაკრებებთან გასვლაზე მოგებას კი A კატეგორიის რომელი გუნდი მოახერხებდა საქართველოს ნაკრებზე დიდი სათამაშო უპირატესობით თუ ანგარიშით?

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.