fbpx

EYESTAGE და ZION GARDEN – გამორჩეული კონცეფციის ღამის სცენები, რომლებიც Tbilisi Open Air-ზე გველოდება


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Tbilisi Open Air  მსმენელს უბრუნდება. 24 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით მუსიკის მოყვარულები კვლავ  შეძლებენ ფესტივალის ფარგლებში არაერთ ცნობილ საერთაშორისო და ადგილობრივ არტისტსა თუ მუსიკალურ კოლექტივს მოუსმინონ.  

Tbilisi Open Air გამორჩეულია თავისი ისტორიით, მუხტით და კონცეფციით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ჟანრობრივი მრავალფეროვნება და ის  დინამიკაა, რომელიც ფესტივალის მსვლელობისას უწყვეტი გართობის საშუალებას გვაძლევს. სამი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე მუსიკალური გემოვნებით, ასაკით, ინტერესებითა და ცხოვრების სტილით განსხვავებული ადამიანები იყრიან თავს. მაშინ როდესაც მთავარ სცენაზე ფესტივალის ჰედლაინერების მუსიკალური პერფორმანსები სრულდება, მთავარი მუხტი  ღამის სცენებზე გადადის. ეს არის ჟანრობრივად და ვიზუალურად  განსხვავებული სცენები – EYESTAGE  და ZION GARDEN, სადაც საინტერესო არტისტების მოსმენაა შესაძლებელი. 

EYESTAGE ელექტრონული მუსიკის და ვიზუალური ხელოვნების სცენაა. წელს  ფესტივალზე დასწრების მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია, შესაბამისად, დიდია ღამის სცენების მიმართ ინტერესიც. აქედან გამომდინარე EYESTAGE-ის მასშტაბებიც უფრო გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებთან ერთად მოწვეულები არიან განათების ქართველი არტისტები, რომლებიც შთამბეჭდავი გარემოს შექმნაზე იზრუნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ EYESTAGE-ის კონსტრუქცია ყოველთვის უცვლელია,  ის ყოველწლიურად სხვადასხვა სახეს იძენს. იცვლება ინსტალაციები, განათება და, რა თქმა უნდა,  იცვლებიან არტისტები. ყოველი ფესტივალი ახალ გამოცდილებას გვაძლევს, ვიზრდებით ჩვენც და ჩვენთან ერთად  სცენაც.  რაც შეეხება ლაინაფს, ვფიქრობ, წელს EYESTAGE -ზე საკმაოდ  კარგი არტისტები გვყავს – როგორც უცხოელები, ასევე   ქართველები. აღსანიშნავია, რომ მუსიკის პარალელურად, სცენაზე განთავსდება  ირაკლი კეიდიას გრაფიკული რომანის მიხედვით აწყობილი ერთ-ერთი გმირი”. – ქეთა დონაძე, EYESTAGE-ის თანადამფუძნებელი

Tbilisi Open Air პირველი ფესტივალია საქართველოში, რომელმაც ერთ-ერთი სცენა ფსაიტრანს ჟანრის მუსიკას დაუთმო და ასე გაჩნდა  ZION GARDEN, რამაც მსმენელისათვის გამორჩეულად შთამბეჭდავი  გარემო შექმნა. ეს სცენა ფესტივალის განუყოფელ ნაწილად 2016 წელს იქცა და  მას შემდეგ  მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. 

საერთო ჯამში, ფესტივალის მრავალფეროვნებამ, გარემომ და სხვადასხვა აქტივობამ საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეაყვარა თავი და წელიწადის ამ დროს ყველა მოუთმენლად ელოდება Tbilisi Open Air-ს. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვით ღამის სცენებსაც, რომლებმაც თავისი აუდიტორია შემატა ფესტივალს. რაც შეეხება კონკრეტულად  ZION GARDEN-ს, დღესდღეობით ფსაიტრანსი საკმაო  პოპულარობით სარგებლობს და წლიდან წლამდე  უფრო და უფრო იზრდება  ჩვენი სცენის აუდიტორიაც. ჩვენი  გუნდი ყოველთვის ცდილობს, მსმენელს შეუქმნას ჯადოსნური გარემო, რომელიც მათთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა”. – ლუკა იოსელიანი, ZION GARDEN-ის თანადამფუძნებელი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს   ღამის სცენების გარეშე  Tbilisi Open Air წარმოუდგენელია. ეს სცენები  გართობის,  განტვირთვის, ახალი ემოციებისა და შთაბეჭდილებების მიღების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა.   ყველა დეტალით და კომპონენტით  Tbilisi Open Air ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე  მუსიკალური სცენისა და კულტურის  ისტორიის განუყოფელი ნაწილია.  MUSIC BREAKS FREE  – სწორედ ასე ჟღერს ფესტივალის სლოგანი და მართლაც – 2009 წლიდან  AlterVision-ის გუნდი მსმენელს იდეალურ გარემოს უქმნის თავისუფლებისა და საკუთარი იდენტობის გამოხატვისათვის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.