fbpx

თბილისის მე-14 სტუდენტური ფილმების ფესტივალი 21 ივნისს იხსნება


გააზიარე სტატია

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 21 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით თბილისის  მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. 

კინოფესტივალი საზეიმოდ იხსნება 21 ივნისს, 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“  ლევან ერისთავის და დიტო ცინცაძის ფილმით „კვაზიმოდო“ (ხანგრძლივობა: 36 წუთი, გამოშვების წელი: 1981). ფილმი გადაღებულია მერაბ აბაშიძის მოთხრობის მიხედვით – “აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!”.

თბილისის სტუდენტურ კინოფესტივალს მისი ოფიციალური პარტნიორი – კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს, სადაც ფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამა ნაჩვენები იქნება  დიდ ეკრანზე. 

ფესტივალის ოფიციალური საკონკურსო პროგრამის სელექციონერები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტები, კინომცოდნეები: ეთერ ფარჩუკიძე, ნათია ფანცულაია, საბა მახარაშვილი, თიკო მამედოვა და ბესო დარასელია. ხელმძღვანელი: მაია ლევანიძე /კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი/.

სელექციის შედეგად კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი, რომელთა შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია.

სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამის ოფიციალური ჟიურის წევრები არიან: ანა ურუშაძე – კინორეჟისორი; ალეკო ცაბაძე – კინორეჟისორი, სცენარისტი და

ქეთევან ტრაპაიძე – კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

27 ივნისს კინოთეატრი „ამირანი“ ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლებს.  ჟიური საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო ანიმაციური ფილმი
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი
  • საუკეთესო რეჟისურა
  • ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი 
  • გრანპრი

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება უკრაინული სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სპეციალური ჩვენება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე დასწრების მსურველები შეძლებენ საფესტივალო ბილეთების შეძენას ბმულზე: www.kinoafisha.ge , ხოლო სტუდენტებისთვის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინგ-ფორუმი“ – პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი, რომელიც ჩატარდება 25, 26 და 27 ივნისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (მის.: შოთა რუსთაველის გამზირი №19).

 

TISFF ფიჩინგ-ფორუმი 2022-ის ტუტორი და ჟიურის წევრები არიან:

  • ტუტორი: თამარა ტატიშვილი – ევროპულ კინოინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალი; 
  • ჟიური: ქეთი დანელია – პროდიუსერი; ალექსანდრე კობერიძე – კინორეჟისორი; დავით ჯანელიძე – კინორეჟისორი.
  • ფიჩინგ-ფორუმი  თბილისის მერიის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით გაიმართება.
  • ფორუმის პარტნიორია კინოკომპანია „ჯაგა გრიპი“, რომელიც გამარჯვებულ პროექტებს თიზერის მომზადების პროცესში გადასაღები ტექნიკით უზრუნველყოფს.
  • ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პირველი არხისა და კინოთეატრ “ამირანის” მხარდაჭერით.
  • ფესტივალის მეგობრები:  AT.ge, რადიო „ფორტუნა“, City Institute Georgia და რესტორანი „შავი ლომი“. 

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.