თბილისის სავიზიტო ბარათი – რესტორანი ფუნიკულიორი ბრუნდება!
სულ მალე თბილისში განსაკუთრებულად ნოსტალგიური და საზეიმო განწყობა დატრიალდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ ქალაქს მთავარი სიმბოლო, ღირსშესანიშნაობა და უნიკალური კულინარიული წერტილი – რესტორანი „ფუნიკულიორი“ უბრუნდება! ლეგენდარული სივრცე, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ბავშვობის მოგონებებს აღძრავს, ისტორიას თვალწინ გვიცოცხლებს და ჩვენი ქალაქის წარსულში უწყვეტად გვამოგზაურებს.
განახლებული „ფუნიკულიორი“ სტუმრებს, ტრადიციულად, საინტერესო სიახლეებს და უნიკალურ გასტრონომიულ თავგადასავალს შესთავაზებს. თვალწარმტაცი ხედებითა და მონატრებული გემოებით ტკბობასთან ერთად, შეგიძლიათ რესტორნის სივრცეში ახლად გახსნილ ლაუნჯსაც ესტუმროთ, სადაც წასახემსებელ მენიუსა და მრავალფეროვან კოქტეილებს აღმოაჩენთ.
უმაღლესი დონის სამზარეულოს, სერვისისა და ხელისგულივით გადაშლილი თბილისის შთამბეჭდავი პანორამის ერთობლიობა „ფუნიკულიორს“ ქალაქის ყველაზე მიმზიდველ წერტილად აქცევს. თუმცა, ამასთან ერთად, მისი მთავარი ხიბლი – ავთენტურობაა. ჯერ კიდევ 1938 წლიდან რესტორანი „ფუნიკულიორი“ დაუვიწყარი შეხვედრების უცვლელი მასპინძელია. გახსნის დღიდანვე ეს სივრცე როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას და აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს წარმოადგენდა. დეკადების განმავლობაში სწორედ აქ იწვევდნენ ქალაქის ყველა საპატიო სტუმარს გემრიელი ვახშმისთვის, თბილისის ხედით ტკბობისა და თბილისურ შეგრძნებებთან ზიარებისთვის. მათ შორის იყვნენ: ჯონ სტეინბეკი, რობერტ კაპა, ნილს ბორი, მარგარეტ ტეტჩერი, ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი, ფიდელ კასტრო, მოჰამედ რეზა ფეჰლევი, დავით ბააზოვი, გალაკტიონი და სხვები.
ახლა კი 20 ივნისიდან რესტორანი „ფუნიკულიორი“ ისტორიული შენობის კარს კვლავ გააღებს და სტუმრებს ჩვეული გულმოდგინებით უმასპინძლებს.
ასე რომ, თუ განტვირთვისა და მეგობრული შეკრებებისთვის განსაკუთრებულ სივრცეს ეძებთ, განახლებულ „ფუნიკულიორს“ აუცილებლად უნდა ეწვიოთ – აქ ქალაქის მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას ხელახლა აღმოაჩენთ, ავთენტურ გემოებს ეზიარებით და ნოსტალგიურ ატმოსფეროში პირისპირ შეხვდებით თბილისის რომანტიკულ წარსულს.