fbpx

რაინერ ვერნერ ფასბინდერი – „სიყვარული სიკვდილზე ცივია“ – 1969 წელი


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთა კირთავა

 

უვერტიურა განსაკუთრებულ სიძნელეს წარმოადგენს ჩემთვის. არასდროს ვიცი როგორ დავიწყო წერა. ალბათ იმიტომ, რომ არასდროს ვიცი რაზე ვწერ. ერთ კარგ ხერხს მივაგენი – დავიწყო იმით, თუ რა ხდება გარშემო; აქ და ახლა. 

სახლში ვარ. ქუჩაში 32 გრადუსია და ჩემს თბილ სამზარეულოში არავინ მაწუხებს. დღეს ჩემს მეგობარს ფასბინდერის ფილმის ნახვა ვურჩიე; „სიყვარული სიკვდილზე ცივია“.

– უბრალოდ შეხედე. ვერ დაგპირდები, რომ ამ ფილმის შემდეგ უკეთესი ადამიანი გახდები, თუმცა სიამოვნებას ნამდვილად მიიღებ, – ვუთხარი მას.

არ მოგაწყენთ თავს და ფილმს არ მოგიყვებით. მით უფრო, რომ დღეს უკვე ერთი ინსტაგრამ-პოსტი მივუძღვენი ფასბინდერს და თან მივწერე, რომ ცხოვრება ისევ ისე მიედინება, როგორც მის გაცნობამდე. ცხადია, სამყარო უსამართლოა, არასდროს არის ჩვენ გვერდით ის, ვინც გვინდა, რომ იყოს. ცხოვრება სავსეა დანაშაულით, ტკივილით, ტყუილით და სასოწარკვეთით, მაგრამ… არსებობს ასეთი სიმღერა, ლეონარდ კოენის, რომელიც ხსენებულ ავტორს ასე ძალიან მოსწონს: „true love leaves no traces”. ხომ შეიძლება, რომ სწორედ ეს სიმღერა ავირჩიოთ და არა რომელიმე სხვა… კიდევ არსებობს ჩემი ძაღლი, რომელიც ყოველ ჯერზე, როდესაც ვეძახი, დაუყოვნებლივ მოდის.

თავად ფასბინდერის სურვილია, რომ არავის უყვარდეს. და არავინ იცის, რა ბედი ეწევა ამ გათამამებულ ბავშვს, როდესაც აღმოაჩენს, რომ მართლაც არავის უყვარს. 

მხოლოდ ერთი სცენა მინდა გავიხსენო ფილმიდან „სიყვარული სიკვდილზე ცივია“:

ჰანა, ფრანცი და ბრუნო სავაჭრო ცენტრში არიან; სათვალის დახლთან მიდიან და სამივე გამყიდველს რაღაცას ეკითხება. მრგვალი დახლია, გამყიდველი იბნევა, არჩევანს ვერ აკეთებს ვის მოემსახუროს, ხან ერთს შეაქცევს ზურგს, ხან მეორეს. ამ დროს სამივე ახერხებს სათვალის მოპარვას, მადლობას უხდის გამყიდველს და უჩინარდება. გამყიდველი არჩევანს ვერ აკეთებს და სწორედ მაშინ იძარცვება.  

და კიდევ ერთი: დაგეგმილი მკვლელობისას ისე მოხდება, რომ ჰანას, ფრანცს და ბრუნოს უდანაშაულო გოგოს მოკვლა მოუწევთ. მკვლელობის შემდეგი სცენა ასეთია: სამივე გზაზე მიდის, ისინი მიაბიჯებენ უდარდელად. სცენა საკმაოდ დიდხანს გრძელდება და გმირები არაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ მისეირნობენ. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი ხდება. უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი იწვევს „არაფერს“.  მათ არავინ გაასამართლებს.

სასჯელი, რომელიც მათ გზაზე წამოეწევათ, არის უსუსური პოლიცია, რომელიც თავად ადამიანმა მოიგონა.  

რაც შეეხება უვერტიურას… ეს არის უვერტიურა:

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.