fbpx

ვინ მოიგებს კატარის ჩემპიონატს?!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

უჩვეულოა მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატის რეგლამენტი, თარიღები, ჩატარების ადგილი და რაც მთავარია მოლოდინი.

როგორ აისახება რუსეთის აგრესია უკრაინაში უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე? რა კატაკლიზმები ელის მსოფლიოს ამა წლის ნოემბრისთვის? არსებობს მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის გარანტია?

არაერთი კითხვის ნიშნის არსებობის მიუხედავად, მსოფლიოს წამყვანი ნაკრებები სრული პასუხისმგებლობით ემზადებიან ტურნირისთვის, რომელიც მრავალი ფეხბურთელის კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ევროპული ნაკრებებისთვის მზადების საუკეთესო საშუალებად ერთა ლიგის ტურნირი იქცა, აი სამხრეთ ამერიკელები კი ამ დროს ისვენებდნენ და შორიდან ადევნებდნენ თვალყურს ბებერი კონტინენტის წარმომადგენელ მეტოქეთა წინასწარ შემუშავებულ სათამაშო სქემებს, გაუთავებელ ექსპერიმენტებსა თუ ფარულ ზრახვებს.

ნოემბრამდე მრავალი რამ შეიცვლება, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სექტემბრის მიწურულს ბოლო ორი ტურის მატჩებიც ჩატარდება და უკვე მაშინ გაირკვევა საბოლოოდ გუნდების მიახლოებითი შესაძლებლობები.

მიახლოებითი კი იმიტომ, რომ ხშირად სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირზე ავლენს ხოლმე მაქსიმალურ შესაძლებლობებს ესა თუ ის გუნდი, რომელიც იქამდე ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში მაინცდამაინც არაფრით გამოირჩეოდა და მარცხდებოდა კიდეც. 

ტრადიციული ბუნდოვანების მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატს ამ დროისათვის არ ჰყავს ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი, როგორიც ამ ოთხი წლის წინათ საფრანგეთის ნაკრები იყო.

დიდიე დეშამის მაშინდელ გუნდს ევრო 2016 წლის ფინალის საკუთარ მოედანზე დათმობის შემდეგ რევანშის წყურვილი ამოძრავებდა, 19 წლის მბაპე კი დღევანდელთან შედარებით გაცილებით სწრაფი იყო და ბურთს თითქმის არ კარგავდა.

ახლანდელი მბაპე კი მეტი გამოცდილების შეძენის მიუხედავად, თითქოს ცოტათი დამძიმდა და ბურთის დაკარგვასაც მაინცდამაინც არ განიცდის. სხვებიც გამაძღარნი არიან ტიტულებით. მაშ, რას უნდა ველოდოთ საფრანგეთის ნაკრებისგან კარსმომდგარ ჩემპიონატზე? შემთხვევით ჯგუფში ჩარჩენას ხომ არა? 

განა სტატისტიკა არ გვამცნობს, რომ 21-ე საუკუნეში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრაზილიის ნაკრების გარდა, მსოფლიოს ვერც ერთმა მოქმედმა ჩემპიონმა ვერ შეძლო ტურნირის ჯგუფური ბარიერის გადალახვა?

ასე დაემართა საფრანგეთს 2002 წელს, იტალიას 2010-ში, ესპანეთს 2014-ში და გერმანიას 2018-ში.

საფრანგეთის მსგავსად, ერთა ლიგის ტურნირის პირველ ოთხ მატჩში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა ინგლისის ნაკრებიც, რომელმაც ერთადერთი გოლის გატანა შეძლო და საკუთარ კარში ექვსი მიიღო.

როგორც  უნდა გააუმჯობესოს ინგლისის ნაკრებმა თამაშის ხარისხი, აქედანვე  ნათელია, რომ მას დიდი ალბათობით, ტრადიციულად დააკლდება როგორც ტურნირის მოგებისათვის საჭირო სათამაშო რესურსი, ისე სამწვრთნელო ინტელექტი.

ამ მხრივ დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის ნიდერლანდების ნაკრები, რომელსაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის შემოქმედი მწვრთნელი, გამოცდილი ლუი ვან გაალი დაუბრუნდა. 

ერთა ლიგის ტურნირზე მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა ფეხბურთის მოყვარულებზე, მაგრამ ისიც ხომ ცნობილია, რომ „ნარინჯისფრებს“ უფრო ძლიერი შემადგენლობის შემთხვევაშიც ვერ მიუღწევიათ სანუკვარი მიზნისთვის და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სამჯერ წაგებული ფინალი მათ ერთგვარ მუდმივ „ლუზერად“ წარმოაჩენს.

აი მეზობელი ბელგიის ნაკრების ამ თაობას კი საუკეთესო პერიოდი ალბათ უკვე განვლილი აქვს,  სადაც მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში თვით ბრაზილიის დამარცხების შემდეგ, გატანილი გოლის გარეშე დათმო ნახევარფინალი მომავალ ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებთან და ევრო 2020-ზეც ვერაფერი გააწყო უფრო სუსტი შემადგენლობით დაკომპლექტებული „სკუადრა აძურას“ წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მისგან ნაკლებად უნდა ველოდოთ.

ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტად თითქოს უნდა განიხილებოდეს ესპანეთის ნაკრები, თუმცა ევრო 2020-ის შემდეგ ამ გუნდმა მისთვის სამწუხაროდ, თავიდან ვერ მოიცილა მოგების განიავების ერთგვარი სენი, რაც კარგად გამოჩნდა პორტუგალიის ნაკრებთან ერთა ლიგის შეხვედრაში. 

გავიხსენოთ, რომ ესპანელები თერთმეტმეტრიანებშიც მოიკოჭლებენ, რაზედაც მათი ზედიზედ ორ ტურნირთან, მსოფლიოს 2018 და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატებთან პენალტების სერიაში დამშვიდობება მეტყველებს. 

არსებული პოტენციალით კი მას 2010 წლის მსგავსად, ნამდვილად უნდა გაუჭირდეს თითოეული პლეიოფის ძირითად თუ დამატებით დროში მოგება. 

მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიის მოგების მსოფლიო რეკორდსმენი გერმანიის ნაკრებია, რომელმაც მხოლოდ ერთხელ, ევროპის 1976 წლის ჩემპიონატზე, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან წააგო შეხვედრა პენალტების სერიაში. 

მას შემდეგ კი გუნდმა მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებზე 1982-2016 წლებში ზედიზედ ექვსჯერ(!) მოიგო თერთმეტმეტრიანების სერია. ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი პლეიოფის ნებისმიერ პოტენციურ მეტოქესთან ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ფლობს ფსიქოლოგიურ უპირატესობას. თანაც, გერმანელთა კარს ხომ თვით 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი მანუელ ნოიერი იცავს…

ვინ შეძლებს ამჟამინდელი  გერმანიის განვითარებადი ნაკრების ძირითად დროში დამარცხებას? მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში აშკარა ჩავარდნის შემდეგ გუნდს სათავეში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის, იოაჰიმ ლიოვის თანაშემწე ჰანს-დიტერ ფლიკი ჩაუდგა, გერმანიის ნაკრები არაერთი ხარვეზის მიუხედავად, ჯერჯერობით წაუგებელია და იტალიელთა დიდი ანგარიშით 5:2 დამარცხების შემდეგ, სერიოზულ განაცხადს აკეთებს შემდგომ წაუგებლობაზეც.

აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადასახედით ევროპის კონტინენტიდან გერმანიის ნაკრები ალბათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი გამოხატული ფავორიტია. 

სამხრეთ ამერიკიდან მას ერთდროულად ორი გუნდი, ბრაზილია და არგენტინა ეხმაურება, რომელთაგან პრიორიტეტი ალბათ ამ ბოლო პერიოდში უფრო მეტად განვითარებად გუნდს უნდა მიენიჭოს.

ასეთი კი არგენტინის ნაკრებია, რომელმაც შარშან სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიელთა „მარაკანაზე“ დამარცხებით, საკუთარ ისტორიაში საფუძველი ჩაუყარა ახალ – შურისძიების ეტაპს, რის მსხვერპლადაც ბრაზილიელთა შემდეგ, შეიძლება გერმანელები და წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მესის და მის თანაგუნდელთა მაწყინარნი, ფრანგებიც იქცნენ.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიასთან 2019 წლის 2 ივლისს არგენტინის ნაკრები ჯერჯერობით უკანასკნელად დამარცხდა და მას შემდეგ ჩატარებული 33 ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრიდან  22 მოგებული აქვს. 

საინტერესოა ისიც, რომ ბრაზილიის ნაკრებთან ბოლო სამი მატჩიდან არგენტინამ ორი ანგარიშით 1:0 მოიგო, ხოლო ერთი კი ფრედ – 0:0 დაასრულა.

თვით ბრაზილიელებზე რაღას ვიტყვით? რა არის მიზეზი იმისა, რომ უძლიერესი შემადგენლობით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უკანასკნელად 2002 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ჩატარებულ ოთხ ტურნირზე ერთი ფავორიტი გუნდისთვისაც არ მოუგია?

1998 და 2006 წლებში ისინი ფრანგებთან (0:3, 0:1), 2010 და 2014 წლებში ნიდერლანდელებთან (1:2, 0:3), იმავე 2014-ში გერმანელებთან (1:7) და 2018-ში ბელგიელებთან (1:2) დამარცხდნენ. ასეთი რამ კი პელეს, გარინჩას, ჟაირზინიოს ეპოქაში, უბრალოდ ვერ მოხდებოდა.

პლეიოფებში მეზობელ ჩილეს, კოლუმბიისა და მექსიკის ნაკრებებთან მოგება კი საკმარისი არ არის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.