fbpx

აისი – შენი გზამკვლევი ახალი აღმოჩენებისკენ


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა პატარიძე 

ფოტო-ვიდეო: დათო ქორიძე

 

აისი ფსიქო-საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც GCRTის ინიციატივით შეიქმნა. GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრია, რომელიც  უკვე 22 წელია თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ფუნქციონირებს, მისი მთავარი ამოცანა კი – ტრავმირებული ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენაა. 

GCRT-ის გუნდის ბაზაზე  22-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალური გუნდის ჩართულობით  შეიქმნა ახალი პლატფორმა აისი, რომლის მთავარი მიზანია  საზოგადოებაში მტკიცებულებებსა და უახლეს კვლევებზე დაფუძნებული, სანდო ინფორმაციის გავრცელება, რაც დაგვეხმარება მარტივად და ეფექტურად აღვიქვათ ცოდნა, რომელიც საკუთარი ემოციების, შეგრძნებების და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემეცნებაში დაგვეხმარება.  

At.ge  წარმოგიდგენთ ინტერვიუს “აისის” დამფუძნებლებთან: ლელა ცისკარიშვილი – ორგანიზაცია GCRT-ის აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ქორიძე – “აისის” იდეის თანაავტორი და მენეჯერი.

 

გვესაუბრეთ “აისის” დაარსების იდეაზე, როდის გაჩნდა იდეა და რამ განაპირობა ის?

ლ. ც.: სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ახალგაზრდებთან დიალოგის დაწყება და მათთვის საინტერესო, სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება ფსიქიკური ჯანმრთელობის, ემოციური წიგნიერების, საკუთარი მდგომარეობების მართვის შესახებ. 

პანდემიის დროს განსაკუთრებით ნათელი  გახდა და ვაკვირდებოდი, თუ როგორ უჭირდათ ადამიანებს (მათ შორის – ჩემს უახლოეს გარემოცვაში) არსებულ რთულ რეალობასთან გამკლავება. სწორედ მაშინ დავინახე ძალიან მკვეთრად რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაცია, რომელიც ბაზისურ დონეზე მაინც დაეხმარება ადამიანს სტრესთან გამკლავებასა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. განსაკუთრებით განვიცდი ახალგაზრდა ადამიანების მდგომარეობას ამდენი და ასეთი უკონტროლო სტრესის ფონზე. სწორედ ამან გააღრმავა ჩემი სურვილი, რომ როგორმე გაგვეზიარებინა ჩვენი დაგროვილი ცოდნა, თუ როგორ ამოიცნონ, მართონ საკუთარი მდგომარეობები და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. 

თითქოს ელემენტარულია… დღეში 10 წუთი დიაფრაგმული (ღრმა, მუცლით) სუნთქვა საგრძნობლად აუმჯობესებს კონცენტრაციას, ემოციების მართვის უნარს, ამცირებს შფოთვას. სისტემატური, თუნდაც 10-წუთიანი მედიტაცია გარდაქმნის პროცესებს ჩვენს თავის ტვინში, არეგულირებს ნერვულ სისტემას და სოციალურად უფრო ჩართულს გვხდის. ფეხით სიარული ან ვარჯიში, სიცილი მეგობრებთან ერთად, წუხილის გაზიარება და მხარდაჭერის მიღება… ეს ყველაფერი საგრძნობლად აუმჯობესებს ჩვენს კეთილდღეობას. თუმცა ასეთ რაღაცებსაც კი ხშირად სწავლა და მუდმივი პრაქტიკა სჭირდება.  

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by აისი • AISI (@aisi.daily)

 

განმარტეთ რა შინაარსის და ასოციაციის  მქონეა თქვენთვის სიტყვა “აისი”?

ე. ქ.:  აისის სახელზე თვეების განმავლობაში ვფიქრობდით. გვინდოდა ყოფილიყო რაიმე ისეთი, რომელიც ფსიქო-საგანმანათლებლო სივრცის შინაარსს სრულად გამოხატავდა და გააერთიანებდა იმ იდეას, რომელზეც ვდგავართ. 

ჩვენთვის სიტყვა “აისი” შინაგანი მდგომარეობაა. მომენტია, როდესაც მარტო ვართ საკუთარ თავთან და ამავდროულად, ერთიანი სამყაროსთან. ის საკუთარ თავთან დაახლოების, უკეთ გაცნობისა და მასზე ზრუნვის შესაძლებლობაა.

ფსიქო-საგანმანათლებლო სივრცე, “აისი”, სწორედ ამ იდეას ეფუძნება. გზამკვლევია, როგორ დავუახლოვდეთ საკუთარ თავს, დავინახოთ, გავაცნობიეროთ და შევიგრძნოთ მისი მთლიანობა. აისი ის შინაგანი სხივია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს, ეს სივრცე კი მისი ხელახლა აღმოჩენისკენ გვიბიძგებს.

ლ. ც.: აისი სიმშვიდე, სიხარული, გამჭვირვალობა და გარინდებაა. რაღაცის დასაწყისი და სამყაროსთან ერთიანობის განცდაა. რაც  უნდა მოხდეს, ვიცით, რომ გათენდება და ახალი დღე დაიწყება. აისი მომენტია, როდესაც სინათლე შემოსვლას, სამყარო კი გამოცოცხლებას იწყებს. აისიც სწორედ ამას უკავშირდება, გვინდა, რომ მისი მეშვეობით ხელი შევუწყოთ ადამიანებს, დაინახონ სინათლე საკუთარ თავში და ირგვლივ, შეიგრძნონ, თუ რამდენად არის გადაჯაჭვული ყველაფერი სამყაროში და ამ ურთიერთდამოკიდებულებით როგორ შეიძლება სირთულეებთან გამკლავება და სისავსის განცდა.  

 

რა ტიპის დახმარებას სთავაზობს პლატფორმა ფსიქო განათლებით დაინტერესებულ აუდიტორიას?

ლ. ც.: ამ ეტაპზე “აისი” დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საინფორმაციო მასალებს. დავიწყეთ სტრესსა და მის ნეირობიოლოგიურ მექანიზმზე საუბრით, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ გავიგოთ და ვმართოთ ჩვენი მდგომარეობები. ნელ-ნელა შევქმნით ვიდეომასალებს, გვექნება ლაივები, დახურული ონლაინ-ჯგუფები. გარდა ონლაინსივრცისა სექტემბრიდან ვგეგმავთ ფიზიკურ სივრცეში ღონისძიებების ორგანიზებას. ჩვენი ამოცანაა, რომ მივწვდეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს,  ხელი შევუწყოთ  სისავსისა და სიმშვიდის განცდის მოპოვებაში. ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებზე გვაქვს. 

ე. ქ.: “აისი” GCRT-ის ინიციატივით შექმნილი ახალი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, უფასო ფსიქო-საგანმანათლებლო სივრცეა, რომლის უკანაც პროფესიონალთა გუნდი დგას. ვგეგმავთ და ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ვიდეოებს, ვორქშოფებს, შეხვედრებს, ვებინარებსა და ლაივებს პროფესიონალების ჩართულობით, პირდაპირი კავშირის უზრუნველსაყოფად. ასევე, ჩვენს აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს კვირაში ერთხელ გამოაგზავნოს კითხვები მისთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით, რომლებსაც “აისის” გუნდის სპეციალისტები უპასუხებენ. სწორედ ეს კავშირია “აისის” ქვაკუთხედიც და მიზანიც. რაც შეიძლება მჭიდრო კომუნიკაციით შევქმნათ ქსელი როგორც საკუთარ თავზე, ისე ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ზრუნვისთვის. 

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by აისი • AISI (@aisi.daily)

 

გვესაუბრეთ თქვენ შესახებ, გაგვაცანით “აისი” გუნდი და მათი მიმართულებები…

ლ. ც.: ჩვენი ორგანიზაცია (GCRT) 22 წელია მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის, კერძოდ კი ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროში. ძირითადად რთული ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანებთან გვიწევს მუშაობა. ამ პერიოდში ძალიან დიდი ცოდნა დაგვიგროვდა, რომლის გაზიარებაც, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია. 

“აისის” მთავარი მამოძრავებელი ძალა ელენე ქორიძეა. ადამიანი, რომელიც შემოუერთდა ჩვენს გუნდს სწორედ იმიტომ, რომ მართოს და განავითაროს ის. ელენე ხიდია GCRT-ის პროფესიონალებსა და “აისის” მომხმარებლებს შორის. მას აკისრია საკმაოდ რთული ამოცანა, რომ გარდაქმნას ხანდახან რთული, აკადემიური ტექსტები და სამეცნიერო ცნებები მარტივ, ონლაინპლატფორმის შესაფერის შინაარსად – ისეთად, რომელიც მიიპყრობს ახალგაზრდების ყურადღებას.

ელენეს ზურგს უმაგრებენ GCRT-ის ფსიქოთერაპევტები – მაია ცირამუა, ანა ჟღენტი, თინა ჯავახიშვილი.  ჩვენ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა მიმართულებით წავიდეთ, რა შინაარსი შევქმნათ, ახლა რა იქნება მნიშვნელოვანი, დროული და საინტერესო. ვმუშაობთ, როგორც გუნდი და ამ გუნდში პასუხისმგებლობებსაც თანაბრად ვიზიარებთ, რაც გვეხმარება, რომ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება ერთ სივრცეში გავამთლიანოთ და გავუზიაროთ ჩვენს აუდიტორიას. დროთა განმავლობაში GCRT-ის სხვა სპეციალისტებიც აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. 

 

“აისი” სულ ცოტა ხანია გაჩნდა ონლაინსივრცეში, თუმცა უკვე გამოირჩევა ვიზუალური სტილითა და აქვს  განსაკუთრებული ნიშა, გვესაუბრეთ  მისი იდენტობის შექმნის პროცესზე

ე. ქ.: ფსიქო-საგანმანათლებლო სივრცის შექმნის იდეა ჯერ კიდევ შარშან დაიბადა და ამ მიმართულებით მუშაობაც მალევე დავიწყეთ. იდეიდან “აისის” ჩამოყალიბებამდე მთელმა გუნდმა დიდი გზა გავიარეთ. განსაკუთრებული წვლილი კი არტ დირექტორ სალი ნიკოლაიშვილს მიუძღვის, რომელთან ერთადაც თვეების განმავლობაში ვმუშაობდით “აისის” ვიზუალურ იდენტობასა და სტილზე. დღეს კი გრაფიკულ დიზაინერ გვანცა გაბუნიასთან ერთად ვქმნით თითოეულ პოსტს და თითოეული მათგანი განსაკუთრებულად გამორჩეულია ჩვენთვის. ინფორმაცია და ვიზუალური ენა თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგანაც ერთი მეორეს ამდიდრებს, უფრო საინტერესოსა და ხელშესახებს ხდის.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ლოკალურად ონლაინ ფსიქო-საგანმანათლებლო პლატფორმების არსებობა? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება…

ე. ქ: ადგილობრივ დონეზე ფსიქო-საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა, ხელშეწყობა და გაძლიერება მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე აუცილებელია სანდო, გადამოწმებული და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელება, რომელიც ადამიანებს მიაწვდის საჭირო, სანდო ინფორმაციას, გახდება ყოველდღიური მეგზური და მხარდამჭერი, თუ როგორ ამოვიცნოთ ყოფითი სირთულეები, გავაძლიეროთ ჩვენი რესურსები, ვიყოთ აქ და ამჟამად და მივიღოთ ის სიამოვნება, რომელიც დაგვეხმარება საკუთარი თავის უკეთ განცდაში. სწორედ ეს არის აისის მიზანიც. 

ლ. ც.: ამავდროულად, “აისს” აქვს ორი ძირითადი მიმართულება და მიდგომა. ერთი მხრივ, გთავაზობთ მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას, მეორე მხრივ კი უახლეს (ე.წ. cutting edge) მიდგომებს, რაც ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by აისი • AISI (@aisi.daily)

 

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე… როგორია “აისის” განვითარების ხედვა და გეგმები?

ლ. ც.: ჩვენი ახლანდელი ამოცანა “აისის” შესახებ ცნობადობის გაზრდაა. ამის პარალელურად კი ვგეგმავთ ვიდეოკონტენტს, დახურულ ჯგუფებს, სხვადასხვა შინაარსის გამოწვევას, ვებინარსა თუ ლაივს. ასევე, ღონისძიებებს ფიზიკურ სივრცეში. ძალიან გვინდა, რომ “აისმა” მოიცვას ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და მათთვის ტელეფონის მეშვეობით გახდეს ხელმისაწვდომი ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ.

 

ეწვიეთ “აისის” instagram გვერდს 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.