fbpx

რას გავიგებ დღეს 4 – ბირთვისი, მწვანე ჩაი და ლამრაბატის ფოტოგრაფია


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი ბზიკაძე

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ფლორა, ფაუნა, ჟანგბადი, სიჩუმე, ახალი ადგილების აღმოჩენა და თან არც ისე ცოტას დავძრწი ხოლმე აქეთ-იქით, ტურისტებისგან განსხვავებით, მაინც არ მაქვს საქართველო კი არა, თბილისის შემოგარენიც კი ნორმალურად დათვალიერებული. ამიტომ ასეთი ტრადიცია დავამკვიდრეთ ოჯახში, რომ დღესასწაულების არაჩვეულებრივ დილას, ნოყიერი საუზმის შემდეგ, მივდივართ ახალი ადგილის  სანახავად. წელს, ჩემდა საბედნიეროდ, პირველად აღმოვჩნდი ბირთვისში.

1-2 ვიკიპედიური წინადადება ბირთვისზე: ბირთვისი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში მდებარეობს და იქ არსებული ციხესიმაგრე უკავშირდება სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ მოვლენებს: თბილისის ამირას, კლდეკარის ერისთავს და თემურ ლენგის მერვე ლაშქრობას. 

ყველას გაგვიგია ბირთვისი, პანორამული ფოტოებიც გვინახავს სიმწვანეში შერწყმული კლდეებით, მაგრამ რეალურად  სულ სხვა რამე ყოფილა. ცოტა ცოცვის უნარები დაგჭირდებათ, თუ ციხესიმაგრეზე ასვლა მოგინდებათ, მაგრამ მის გარეშეც ბევრია სანახავი. მე, მაგალითად, ფავორიტი კლდე და ფავორიტი ხე მყავს დედამიწაზე, ბირთვისში.

აღმართი სრულდება პანორამული ხედით, გრძელდება დაღმართით, რომელიც ბირთვისის ყველაზე ლამაზ სიღრმეებში შედის. ძალიან შთამბეჭდავია ვიწრო-ვიწრო კლდეებს შორის ბილიკებით ტყე-ტყე სიარული მზიან ამინდში, ახლად გამოზაფხულებულზე, ამ დროს ნაცნობი ფერების ადრეულ სტადიებს ნახავთ, ახლახან დაბადებული ფოთლები – ახალგაზრდა, დაუღვინებელი, ქორფა მწვანე ფერისაა, თითქოს სტრუქტურა და პატერნიც უფრო მკაფიოდ ჩანს. ყოველი ზემოთ ახედვისას ტოტების, ფოთლების, კლდეების, ცის და მზის სხივების განსხვავებული სურათი ფოტოაპარატის ამოღებას მაიძულებს. მიწაზე ყოჩივარდები, გიაცინტები, ტყის ორქიდეები და რა არ გხვდება. მოკლედ, თუ ჩემნაირი ფლორომანები ხართ, სახლში პატარ-პატარა ყვავილებისგან აწყობილი 17 თაიგულით დაბრუნდებით. მხატვრული აღწერების დიდოსტატიც რომ ვიყო, ვერ გავუმკლავდებოდი ამ სილამაზის აღწერას, რადგან “ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული”. არ ვიცი, რა მისტიკაა ადრეული გაზაფხული, აღდგომა თუ ტყეების მონატრება, მაგრამ ბირთვისში შემდეგ ჯერზე კარვით წავალ და არა ბოლოჯერ. 

ბირთვისიდან დაბრუნებულმა, ძალიან სასიამოვნოდ დაღლილმა მწვანე ჩაი დავლიე მარწყვის ტორტთან ერთად (guilty pleasure) და გამახსენდა, რომ მწვანე ჩაის პანაცეური თვისებები აქვს. ჰოდა, ბენეფიტები (სარგებელი) დავგუგლე. ანტიოქსიდანტებით ყოფილა სავსე. მარტივად რომ ვთქვათ, ანტიოქსიდანტი ბიოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც უჯრედებს იცავს გარკვეული ტიპის დაზიანებისგან. შესაბამისად, რაღაც დაავადებების პრევენციისთვის არ იქნება ურიგო ხილ-ბოსტნეულის და მწვანე ჩაის ხშირად მირთმევა,  რა თქმა უნდა, გადამეტების გარეშე. მწვანე ჩაი კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს ამცირებს, ცხიმებს შლის, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას. დღეში 4 ჭიქა ჩაიდან 1 მწვანე გარანტირებულად მექნება. ეს აბზაცი მედიკამენტების რეკლამას ჰგავს, რომლის ბოლოც სწრაფ-სწრაფადაა წასაკითხი – გვერდითი მოვლენების შესახებ მიმართეთ ექიმს.

ჰოდა მწვანე ჩაით და ტელეფონით ხელში გავემზადე დასაძინებლად, ძილის წინ 1-2 ჩავსქროლე და მუს ლამრაბატს (Mous Lamrabat) წავაწყდი. ლამრაბატმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება მკვეთრი, თამამი, ჟღერადი ფერებით და პროვოკაციული შინაარსით.

მაროკოში დაბადებული და ბელგიაში გაზრდილი ფოტოგრაფის პორტფოლიო ძირითადად წარმოადგენს მაღალი მოდის და ორიენტალური ტრადიციულობის, კონკრეტულად კი მაროკოს მდიდარი ეროვნული და ისლამური მემკვიდრეობის, ექსცენტრიკულ სინთეზს. ფოტოების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია უტოპიური პეიზაჟები და ამ უკიდეგანო შიშველ სივრცეებში მულტიკულტურულად შემოსილი ფიგურები. 

დრო და სივრცე, სადაც კულტურული საზღვრები არ არსებობს, პოპკორნი, ნიქაბი, ფეზი, ბურკა, ვერსაჩე, მაკდონალდსი და პოპკულტურის საყვარელი სიმბოლო – “გული” თანაარსებობს. ეს ფოტონამუშევრები არის ორ სამყაროს შორის გაჭედილი არტისტის რეფლექსია. 

მუს ლამრაბატი კონტრასტული სამყაროების გლამურულ ხასიათს ფაქტურების, პატერნების და დეტალების ზედმიწევნით გონივრული შეხამებით ქმნის. თამამად ვამბობ, რომ  შეუძლებელია მისმა ეფექტურმა და თვალისმომჭრელმა ფოტოებმა დამთვალიერებელზე არ მოახდინოს შთაბეჭდილება და არ მოუნდეს ამ ერთი შეხედვით საოცნებო კომფორტზონის ნაწილად ქცევა, სადაც ავტორის კომპლექსური ემოციების სპექტრია თავმოყრილი.

მგონი, საკმარისია დღეისთვის. წავალ ამჯერად უკვე შავ ჩაის გავიკეთებ, წინა  დღის ხაჭაპურს გავიცხელებ (ისევ guilty pleasure) და “The worst person in the world”-ის რეჟისორის რომელიმე  სხვა ფილმს ვნახავ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.