შემთხვევით აღმოჩენილი პროფესია – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ელენე კირვალიძესთან
ქართველ ინტერიერის დიზაინერს, 22 წლის ელენე კირვალიძეს გაგაცნობთ, რომელმაც მომავალი პროფესია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა.
ელენე 2000 წლის 10 აპრილს თბილისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ თავისუფალ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა, სწავლის მეორე და მესამე კურსი კი პანდემიას დაემთხვა.
“ეს ის პერიოდი იყო, როცა საკუთარ სახლებში გამოკეტილები და ერთფეროვნებით დათრგუნულები ვიყავით“.
AT.ge-მ ელენეს რამდენიმე კითხვა დაუსვა – ხელოვანის ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების გარდა, ამ ინტერვიუში ინტერიერის დიზაინის მიმართულებით სასარგებლო რჩევებსაც ამოიკითხავთ:
როგორ მიხვედით ინტერიერის დიზაინამდე?
პანდემიის პერიოდში გადავწყვიტე შემეცვალა ის გარემო, რომელშიც 24-საათიან რეჟიმში მიწევდა ყოფნა.
ჩემს ოთახში ვცვლიდი ავეჯის განლაგებას, კედლებზე მონაცვლეობით ვკიდებდი ჩემს ნახატებს, ვცდილობდი ახალ-ახალი დეტალებით გამეხალისებინა არა მარტო ჩემი ოთახი, არამედ მთელი ბინა. ეს საკმაოდ საინტერესო და შემოქმედებითი პროცესი აღმოჩნდა. მივხვდი, რამდენად დიდი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ინტერიერს ადამიანის განწყობაზე, როგორ ერთბაშად შეუძლია შეცვალოს მისი ემოციური მდგომარეობა.
ამ პროცესმა ძალიან გამიტაცა, აღმოვაჩინე, რომ ჩვენ გარშემო არსებული სივრცის ესთეტიკურად შეცვლის უამრავი შესაძლებლობა არსებობს და ძალიან მომინდა ამ სფეროში ჩაღრმავება. ასე მივედი ინტერიერის დიზაინის იდეამდე.
კერძო შეკვეთებზე მუშაობთ?
თავისუფალი უნივერსიტეტიდან გადავედი სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერის დიზაინის კურსზე. ეს სფერო შემოქმედებით უნარებთან ერთად ტექნიკურ უნარებსაც მოითხოვს, ამიტომაც, ახლაც სერიოზული მუშაობა მიხდება საკუთარ თავზე.
ბევრი რამ ვისწავლე ჩემს პირველ სამსახურში, სადაც 2020 წელს დავიწყე მუშაობა ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე. 2 წლის შემდეგ კი უკვე კერძო შეკვეთებსაც ვიღებ.
მიყვარს ჩემი საქმე და მიმაჩნია, რომ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. საინტერესოა იმით, რომ სულ რაღაც ახლის და ლამაზის, ეფექტურის ძიებაში ხარ. ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო დამკვეთის მოთხოვნები და მას რაც შეიძლება კომფორტული და მყუდრო გარემო შევუქმნა.
როგორი ტენდენციებია ახლა ინტერიერის დიზაინის მიმართულებით?
რაც შეეხება ტენდენციებს, ვფიქრობ, საჭიროა მივყვეთ იმას, რაც აქტუალურია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მომწონს ეს პროფესია, ისაა, რომ ყველა ვცდილობთ რაღაც საკუთარი შტრიხი შევიტანოთ. ეს კი უფრო მეტად ავითარებს ამ სფეროს.
ახლაც ხომ არ მუშაობთ რაიმე საინტერესო პროექტზე?
ყველა პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მაქვს ურთიერთობა განსხვავებულ ადამიანებთან და სულ რაღაც ახალს ვსწავლობ.
თუმცა, შემიძლია გამოვყო პროექტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დავასრულე. დამკვეთს სურდა ყველასგან განსხვავებული ინტერიერი ჰქონოდა, უნდოდა ყველა კუთხისთვის მნიშვნელობის მინიჭება და განსხვავებული ავეჯი. ფაქტობრივად ავეჯს, დეკორაციებს, განათებებს – ყველაფერს ვქმნიდი ჩემი ხელით. ვცდილობდი განსხვავებული ყოფილიყო და ეს იყო ამ პროექტის ყველაზე საინტერესო ნაწილი.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამჟამად ვფიქრობ სწავლის გაგრძელებას უცხოეთში, გერმანიაში ან იტალიაში, ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ მაქვს.