fbpx

ფრანკფურტის შტედელის სახელოვნებო სკოლა 11 სტუდენტს უმასპინძლებს – Propaganda.Network


გააზიარე სტატია

2022 წლის 4 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით ფრანკფურტის შტედელის სახელოვნებო სკოლა, Propaganda.Network-ის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, 11, მათ შორის თბილისის სამხატვრო აკადემიის, სტუდენტს უმასპინძლებს, რომლებიც ფრანკფურტის სახელოვნებო სცენას გაეცნობიან. 

 პროგრამის ფარგლებში 2021 წლის ივნისში, აჭარა ჯგუფის ხელშეწყობით, საქართველოს შტედელის 9 სტუდენტი ეწვია, რომელთა საცხოვრებელი თბილისში  Fabrika-მ   უზრუნველყო. სტუდენტები თბილისის არქეოლოგიის მუზეუმს ესტუმრნენ. მათ, ასევე, საშუალება ჰქონდათ სამხატვრო აკადემიის და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტებს გასცნობოდნენ. ამასთან ერთად, მოეწყო გასვლითი ტური დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, წყალტუბოში. 

საქართველოში პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე და რეზიდენტი  ფრანგი ხელოვანი სიპრიან გალიარდი იყო, რომელიც, აგრეთვე, ანდრო ვეკუასთან თანამშრომლობდა. სწორედ მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი ინსტიტუციურ გაცვლით პროგრამას შტედელსა და Propaganda-ს შორის. პროგრამა სტუდენტების არტისტული გარემოს გაფართოებას გულისხმობს. „პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებს შორის  გაცვლითი პრაქტიკა  და დასავლური სისტემის გაზიარებაა“, – აღნიშნა ორგანიზაცია Propaganda-ს დირექტორმა თინათინ ასათიანმა, „ჩვენი გარემო განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც აქამდე მხოლოდ ევროპაში სწავლობდა და მუშაობდა“. 

მიუხედავად პანდემიისა, პროგრამა წარმატებით განხორციელდა. სტუდენტებმა ვიზიტი დადებითად შეაფასეს. თინათინ ასათიანის განცხადებით, ისინი სტუდენტებთან ურთიერთობას  განაგრძობენ, რომლებიც საქართველოში მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაშიც იყენებენ. შედეგად, Propaganda-მ ანალოგიურ პროგრამაზე დაიწყო მუშაობა ამჯერად ქართველი სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელიც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს.  მონაწილეები ძირითადად ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან არიან.  

პროგრამის ხელმძღვანელი ლიკა ლეკიშვილია (Propaganda), რომელმაც ნინა კინწურაშვილთან და  თამო ჯუღელთან თანამშრომლობით, სხვადასხვა მედიუმში და სტილში მომუშავე ქართველი ხელოვანებისთვის ექსპერიმენტული საგანმანათლებლო პროგრამა ROOM 4 წამოიწყო. ლიკა ლეკიშვილი  თეორიულ ნაწილს უზრუნველყოფს,  ნინა კინწურაშვილი კი პროგრამირებას. ROOM 4 საგანმანათლებლო პროცესში მრავალფეროვანი და ინკლუზიური დიალოგის წახალისებას და ინტეგრირებას ისახავს მიზნად. 

წლევანდელი გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსების მოპოვება იყო, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. გრანტების ნაკლებობის მიუხედავად, პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება, რადგან ის უპირველეს ყოვლისა ქართველი ხელოვანების ევროპაში ინტეგრირებას მოიაზრებს. „უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონტაქტებს, – ამბობს თინათინ ასათიანი, –  ეს პროგრამა სტუდენტებს საჭირო ხალხის გაცნობაში დაეხმარება. გარდა ამისა, გამოცდილებას დააგროვებენ და საბოლოოდ პროფესიონალ ხელოვანებად ჩამოყალიბდებიან,    რომლებიც არა მხოლოდ ადგილობრივ,  არამედ საერთაშორისო სცენაზეც დაიმკვიდრებენ თავს“. 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ „გამოცდილებების დაგროვებით შესაძლებლობებიც ჩნდება“.  სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2022 წლის სარეზიდენციო პროგრამა, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ციურიხიდან მიიღებს დაფინანსებას, რომელიც ასევე გაცვლით პროგრამას ისახავს მიზნად. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.