fbpx

სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი 10-16 ივლისს გაიმართება


გააზიარე სტატია

2022 წლის 10-16 ივლისს მესტიაში სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის მეორე გამოშვება ჩატარდება, რომელიც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა. კინოფესტივალის დამფუძნებლები არიან რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი, ასევე, კომპანია სვანეთის კინოსტუდია.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასტუმრო “ფოსტა”, “თელიანი ველი“,  მესტიის მუნიციპალიტეტი და ფრანგული ინსტიტუტი.

ფესტივალის მეორე გამოშვება სტუმრების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოწვეულნი არიან: კანის კინოფესტივალის ოთხი წარმომადგენელი, ბერლინალეს კინოფესტივალის ორი წარმომადგენელი, სანდესის, ტალინის, გეტებორგის, ლოკარნოსა და სხვადასხვა A კლასის კინოფესტივალის წარმომადგენლები.

2022 წლის ფესტივალზე გვეწვევიან: 

ვიმ ვანაკერი – კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ოფიციალური კონკურსის შესარჩევი კომიტეტის წევრი. იგი First Cut Lab-ის სარედაქციო კონსულტანტად მუშაობს. ასევე, არის სცენარის კონსულტანტი, კრეატიული მრჩეველი, პროგრამისტი, დამრიგებელი და  მრავალი სემინარის, კინოფესტივალისა და პროექტის განვითარების მოწვეული სპიკერი.

ქრისტოფერ ლეპარკი – კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციის გენერალური მდივანი. ასევე, LUX-ის სელექციის პანელის წევრი. 2011 წლიდან დღემდე მონაწილეობს  ფესტივალების ორგანიზებასა და სელექციაში. 2008 წლიდან მუშაობს ახალგაზრდა რეჟისორთა აღმოსაჩენად. იგი ასევე, არის “სინემედის”  (ხმელთაშუაზღვისპირეთის კინოფესტივალი მონპელიეში) დირექტორი. 

ალიონა შუმაკოვა – პროდიუსერი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის Directors fortnight პროგრამერი. 

კარმენ გრეი – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალისა და ვინტერტურის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის შესარჩევი კომიტეტის წევრი,  ხელოვნების ჟურნალისტი, ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე The New York Times-ისთვის, ასევე, მუშაობს  – Criterion, The Guardian, The Observer, Sight & Sound, Screen International და Art Review და სხვა გამოცემებისთვის.  არის Open City Docs-ის პროგრამის მრჩეველი. მუშაობს ინდუსტრიის მრჩევლად First Cut Lab-ში.

მარტა ბალაგა – ყველაზე ცნობილი კინოპლატფორმების ჟურნალისტი Cineuropa, Hollywood Reporter  & Variety-ში.  იგი გახლავთ ფინეთის კრიტიკოსთა ასოციაციის, SARV-ის, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის, FIPRESCI-სა და ევროპის კინოაკადემიის წევრი; იგი შეუერთდა კომიტეტს, რომელიც წყვეტს ნომინაციებს – ევროპული აღმოჩენა 2019, 2020 და 2021 – Prix FIPRESCI. მარტა ბალაგა  მიწვეული იყო ჟიურის წევრად ვენეციის საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა კვირეულზე,  ვენეციის კინოფესტივალზე 2019 წელს.

ედვინას პუტსკა – ჟურნალისტი, ტალინის კინოფესტივალის პროგრამერი,  ევროპული კინოაკადემიის, FIPRESCI-ის  წევრი, ფესტივალებზე მოგზაური, მოხალისე და რეპორტიორი, იგი გახლდათ მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრი კანში, ბერლინში, ბუსანში, ვარშავაში, ვროცლავში, ლოძში, ბუქარესტში, ტალინში, მინსკში, მალატიაში, პილსენსა და ვარნაში და ა.შ.

ფრედი ოლსონი – გეტებორგის კინოფესტივალის პროგრამერი.

სამეჰ ალა – რეჟისორი, მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “მეშინია შენი სახე არ დამავიწყდეს“  კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წელს ოქროს პალმის რტო მიიღო,  ფილმი ასევე, დაჯილდოვდა ქალღმერთ დალის პრიზით სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 

სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს ოთხმოცამდე  კინოხელოვანს,  წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს.  კინოფესტივალი გაიხსნება 10 ივლისს და დაიხურება 16 ივლისს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი.  საბოლოოდ ოცი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩევა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფილმების მიღება, ფილმების გამოგზავნის ბოლო ვადა 30 მაისია. ფილმები შესაძლებელია გამოაგზავნოთ ფესტივალის ვებგვერდის და ასევე, Filmfreeway-ს მეშვეობით: http://svanetifilmfestival.com/submit-film/  და https://filmfreeway.com/dashboard

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაეცემა ქალღმერთ დალის პრიზი.
  • ასევე, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ოპერატორის და საუკეთესო რეჟისორის ფილმებსაც.
  • ფესტივალზე ფიჩინგ-ფორუმისთვის შეირჩევა 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი, საუკეთესო პრეზენტაციის ავტორებს გადაეცემათ ფულადი პრიზები. 

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება;

  • პრესკონფერენცია
  • ვორქშოფები
  • მასტერკლასები
  • ინდივიდუალური შეხვედრები
  • გარე და დახურული ჩვენებები
  • გახსნის და დახურვის ცერემონია
  • ჩვენებების შემდეგ მოეწყობა Q & A.

უკვე ცნობილია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიური: 

ჟიურის თავმჯდომარე:

  • ფრანგი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ვიმ ვანაკერი. ის, ასევე,  კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამერია.

ჟიურის წევრები:

  • ცნობილი ქართველი რეჟისორი გელა ბაბლუანია. მისმა ფილმმა “13 ცამეტი” უდიდესი წარმატება პოვა, წილად ხვდა არაერთი საერთაშორისო ჯილდო.
  • სამეჰ ალა ისტორიაში პირველი ეგვიპტელი რეჟისორია, რომელმაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მიიღო.

 

ფესტივალზე დასწრება შეუძლიათ აკრედიტებულ პირებს, ხოლო მსურველებს  შეუძლიათ ბილეთები შეიძინონ. 

მედია აკრედიტაცია – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციისთვის გამოაგზავნეთ მოთხოვნა სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ვებგვერდზე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.