fbpx

პრაიდი 2022: უხილავი ხილვადობა – დავით აფაქიძე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დავით აფაქიძე

 

ჩვენ ვართ უხილავი თემი (tribe), ბევრი უმცირესობებისგან განსხვავებით, ჩვენი ამოცნობა ხშირად ძნელია, რადგან ჩვენზე არსებული კლიშეები ტყუილია და ჩვენ მათზე გაცილებით მეტს წარმოვადგენთ.

ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ არ ვჩანვართ, ჩემს ქვეყანაში ბევრს საერთოდ არ სჯერა ჩვენი არსებობის.  დღისით ქუჩებში ერთმანეთს მზერით ვცნობთ, რომ ღამე შევხვდეთ, ვიცეკვოთ ერთმანეთთან, ვაკოცოთ ერთმანეთს, მოვტყნათ ერთმანეთი. ესაა ჩვენი ისტორია –  მალვა, სიბნელე და ვნება. ჩვენ ვმალავთ ჩვენ გრძნობებს, ჩვენს მანერებს, ჩვენ მეგობრებს, ჩვენ თავებს. მაგრამ ჩვენი ღამე ოდესმე უნდა დასრულდეს, რადგან სხვებისთვის დღე დადგა.

2013 წლის 17 მაისს ჩვენმა თემმა გამოქვაბულიდან ხელის გამოყოფა და მზის სხივებისთვის მიგებება სცადა. გამოქვაბულისგან გასაღწევი გზა ძნელი აღმოჩნდა და მჩაგვრელმა სისტემამ  უამრავი ჩრდილი დაახვედრა გამოქვაბულის მძევლებს, რელიგიით ზომბირებული ათასობით ადამიანი, რომლებიც, სინამდვილეში, იმავე სიბნელის მძევლები იყვნენ, უბრალოდ ჩრდილები, რომლებითაც მათ აშინებდნენ, ჩვენ ვიყავით. ჩვენი ტომის მეომრები ისევ სარდაფებს და გამოქვაბულებს დაუბრუნდნენ, მაგრამ ჩრდილების უკან  შუქი დაინახეს და გამოქვაბულმა დაშლა დაიწყო. ქვიარ აქტივიზმმა ანდრეგრაუნდში გადაინაცვლა და სისტემასთან ბრძოლა იქიდან გააგრძელა. მაშინ მოვხვდი ჩემს ქვიარ ოჯახში, 2013 წლის ტრაგედია მხოლოდ ტელევიზორიდან მახსოვდა, ამიტომ ჩემი იდენტობის გამოხატვის შიში არ მქონია, ვერ ვხვდებოდი ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ადამიანები რატომ იყვნენ ჩემზე თავშეკავებულები, რატომ იკეთებდნენ ნიღბებს, რატომ ეფერებოდნენ ერთმანეთს სიბნელეში, რატომ უყვარდათ ასე შავი ფერი.  

არ მიყვარს ეს დახასიათება, რადგან ესეც კლიშეა, მაგრამ ჩემი თაობა ბევრად ფერადი, გენდერული ნორმებისგან დაცლილი, სექსუალურად თავისუფალი და ნაკლებად ტრავმირებული გაიზარდა ჩაგრული სისტემისგან. საქართველო ჩემი საყვარელი ქვეყანა იყო (ახლაც არის),  ქვიარ დედაქალაქი ჩემთვის სწორედ ამ ქვეყნის დედაქალაქი, თბილისი იყო, რადგან ქვიარ თემი ამ ქვეყანაში იზრდებოდა. როდესაც  დასავლურ მედიაში ვნახულობდი, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანა იყო, ვბრაზდებოდი, იმიტომ, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვიყავი, სიყვარულს იქ გამოვხატავდი,  სადაც მინდოდა, ისე გამოვიყურებოდი, როგორც მინდოდა, ისე ვცეკვავდი, როგორც გული მიკარნახებდა და ასევე იყო ყველა, ვინც ამ ქვეყანაში ჩემ გვერდით  ცხოვრობდა…

ახლოვდებოდა თბილისი პრაიდი, ჩემი მეგობრები 2013 წლის ტელევიზორის კადრებს იხსენებდნენ, მე კი იმას ვიხსენებდი, როგორ მკრთალდებოდა ჩემი უფროსი მეგობრების სახეები ყოველ მაისს, როგორ ქრებოდნენ ყოველ 17 მაისს ქუჩებიდან ქვიარ ადამიანები და მივხვდი, რომ გამოქვაბულის ჩრდილებს ისევ გამოიყვანდნენ, რადგან მთავარი ურჩხული, რომელიც სამწუხაროდ, მხოლოდ ჩრდილი არ არის, უკვე დიდი ხანია  ჩვენს ქვეყანაში ბობოქრობდა. მისი ჩრდილები პირველად 2018 წლის აქციებზე ვნახე, აქციებზე, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც rave revolution. ახალგაზრდა თაობას, რომელსაც თავისი ძალის სჯეროდა, ოლიგარქიულმა მთავრობამ რუსულ ძალებთან ერთად ათასობით ველური, ბოროტი მამაკაცი მოგვისია, რომლებიც, სინამდვილეში, ჩვენსავით ჩაგრული, შეშინებული ადამიანები იყვნენ. ჩვენ ჰიპსტერებს გვეძახდნენ, მათ კი ბნელებს, უნდოდათ მათი სისტემისადმი აგრესია ჩვენზე გამოეყენებინათ, მაგრამ ჩვენ, ისე როგორც 2013-ში, ყვითელ ავტობუსებში ჩავსხედით და ქალაქის სხვადასხვა უბნებში დავიმალეთ, მე სპორტის სასახლესთან ჩამომსვეს. 

მოკლედ, მოდიოდა პრაიდი, სოცქსელებში სტარტ აპების და ცნობილი ადამიანების ვიდეოები მხვდებოდა, სადაც 6 ფერში და მოკლე ლამაზ სიტყვებში ეტეოდა ჩვენი თემის საფორთი. ქუჩაში კი გაბრაზებული ხალხი, რომლებმაც მეც ამ 6 ფერში ჩამატიეს. ჩრდილები ისევ გაჩნდა, მე ქუჩაში ხალხის მეშინოდა, ქუჩაში ხალხს კი ჩემი. მათ ეშინოდათ იმ პოლიტიკის, რომელსაც მე უნებლიედ ვატარებდი, როგორც ხილვადი ქვიარი. მაშინ გრძელი ლამაზი თმა მქონდა,  ჩემთვის უბრალოდ გრძელი ხვეული თმა იყო, იდენტობის გარეშე. უცებ ჩემი თმაც პოლიტიკური, ხილვადი გახდა. საერთო ტრანსპორტში ქალები თმას მწიწკნიდნენ, ქუჩაში კაცები დედას მაგინებდნენ – “მოდის პრაიდიო”. ერთ დღეს ჩემმა მეზობლებმა გამაჩერეს, ბიჭო, რას გავხარო და დავიწყეთ  ჩხუბი, სადაც ჩემი მეზობლები დამპირდნენ, რომ თუ თმას არ შევიჭრიდი და სტილს არ შევიცლიდი, ყელს გამომჭრიდნენ. ირონიულად ვუპასუხებდი, თავს ვიკავებდი, მაგრამ რამდენიმე დღეში თმა მაინც შევიჭერი,  ფერადი ტანსაცმელი კარადაში ღრმად შევალაგე და საცხოვრებლად მეგობართან გადავედი. როდესაც თმას ვიპარსავდი, ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდი: იმაზე, რომ ჩემი სამშობლო აქ აღარ იყო; იმაზე, როგორ მაჯერებდნენ, რომ მართლაც უმცირესობა ვიყავი; იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა ევროპაში და იმაზე, რომ საქართველო საერთოდ არაა ევროპა. მაგ დღეს გადავწყვიტე ქვეყნიდან წასვლა და ბელგიაში ლტოლვილად ჩაბარება, იმ ყველაფრის მიტოვება, რაც მიყვარდა, რაც მე ვიყავი. ჩემი ოცნებები და წარმოდგენები ერთ დღეს გადაჰყვა.

ჩრდილებმა ისევ დამალეს მზის სხივები და მეც გამოქვაბულში აღმოვჩნდი, პრაიდის დღე სიზმარივით მახსოვს. მეგონა, რომ მძიმე ნარკოტიკულ თრობაში ვიყავი, ისეთი საშინელი იყო ის, რასაც გაჯეტებიდან ვუყურებდი. სამაგიეროდ ძალიან კარგად მახსოვს მრავალრიცხოვანი აქცია, რომელიც მეორე დღეს ჩატარდა, საშინელი ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც დავდექი გარეთ, რადგან მინდოდა  გამეპროტესტებინა, რაც წინა დღეს მოხდა, გამეპროტესტებინა ჰომოფობია და სისტემური ჩაგვრა. პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი დამხვდა და იმედი მომეცა, მაგრამ როდესაც მომხსენებლების მოსმენა დავიწყე,  თვალებზე ცრემლები მომადგა. სცენაზე ამოსული ხალხი ყველაფერზე საუბრობდა,  გარდა ქვიარებისა. ერთი თვე გავატარე შიშში, ცრემლებში, ხილვადობის პოლიტიკას შეეწირა ჩემი და ბევრი სხვა ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა და სცენაზე, უმცირესობის ხსენებისას, მორიდებით ბოლოში ჩურჩულებდნენ ჩვენზე… სექსუალური უმცირესობა… აქციაზე, რომელიც ქვიარ ადამიანების ჩაგვრის გასაპროტესტებელი უნდა ყოფილიყო, აქციაზე, სადაც ჩემი თემის დასაცავად მოვედი, ყველაზე უხილავად ვიგრძენი თავი.   

დასრულდა პრაიდი, ქალაქი დაწყნარდა, დაწყნარდა მოწამლული ხალხი და მეც საქართველოში დარჩენა გადავწყვიტე. ისე თავისუფლად ვეღარ დავდივარ ქუჩებში, როგორც ადრე დავდიოდი, მაგრამ მჯერა, რომ გამოქვაბულიდან გამოვალთ. მაგრამ არ მჯერა, რომ რომელიმე უმცირესობამ, რომელიმე თემმა შეიძლება მარტომ დასძლიოს მჩაგვრელი სისტემა. დასავლური ხილვადობის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობს, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანია უხილავი, ბევრი თემია ჩაგრული და ჩვენ ყოველთვის შეგვაშინებენ ერთმანეთით, ეცდებიან დაგვაჯერონ, რომ ერთმანეთის მტრები ვართ. არაა საჭირო პლატონი იმის გასაგებად, რომ სიბნელიდან დასაღწევად ერთიანობაა საჭირო და განსხვავებულობის პოვნამდე საერთო რაღაცები უნდა ვიპოვოთ.

უხილავები მხოლოდ ქვიარები არ ვართ, ამიტომ ჩემთვის არ არსებობს ჩემი ქამინფ აუთის ისტორია, რადგან მე იქამდე ვიქნები სიბნელეში და იქამდე ვერ გამოვალ გარეთ, სანამ სხვა იჩაგრება, მე იქამდე ვიქნები უხილავი, სანამ სხვა არის უხილავი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.