fbpx

ქართული დერბიდან კოპა ლიბერტადორესამდე


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების წარმატებული დებიუტის შემდეგ გულშემატკივართა მხრიდან ინტერესმა ეროვნული ჩემპიონატის მიმართაც იმატა. 

ამიტომაც,  ბათუმის და თბილისის დინამოელებს შორის მე-20 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას მაყურებლები მოუთმენლად ელოდნენ.

სტადიონზე შეკრებილი თეთრ ფერში გამოწყობილი ბათუმელი გულშემატკივრები, პირველ წრეში 3:0 მოგებული თამაშის შემდეგ, მასპინძლებმა არც ამჯერად დააღალატეს, რადგან ანგარიში 3:0 ტაბლოზე უკვე პირველი ტაიმის შემდეგ კიაფობდა და აშკარა იყო, რომ მეტოქე ახალ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობითაც ვერ შეძლებდა მატჩის მეორე ტაიმში ძირეული გარდატეხის შეტანას.

ბათუმელებმა საკუთარ სტადიონზე შესანიშნავი წარმოდგენა მოუწყვეს ქართველ გულშემატკივრებს და მნიშვნელოვანია, რომ მე-17 წუთზე გატანილ პირველ გოლამდე, ისინი მრავალჯერ იყვნენ ახლოს დაწინაურებასთან. 

მატჩის დებიუტში თბილისელებმა მხოლოდ ერთხელ შექმნეს ხიფათი მეტოქის კართან, როდესაც ხარიხას გაარტყეს ბურთი, 25-ე წუთზე ალთუნაშვილის შესანიშნავი ინდივიდუალური გოლის შემდეგ კი მათი დიდი ანგარიშით წაგების საშიშროება გაჩნდა, რადგან ამ პერიოდიდან                                                                                                                                               

მოყოლებული ტაიმის ბოლომდე, მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი – ბათუმის „დინამო“ იმყოფებოდა. 

ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა მესამე გოლით სამი ქულა და სატურნირო ცხრილში ცხრა ქულის უპირატესობით დაწინაურება გაინაღდეს. შესვენებაზე კი სტადიონზე მისულმა ქომაგებმა ხვიჩა კვარაცხელიას გულთბილი გაცილება მოუწყვეს „ნაპოლიში“…

თბილისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში მათ მოახერხეს სათამაშო უპირატესობის მოპოვება და 58-ე წუთზე გატანილ გოლს მათ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც მოაყოლეს.

მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, საკუთარ კარში მიღებულმა ბურთმა გამოაფხიზლა მასპინძლები, რომლებმაც თანდათანობით დაიბრუნეს ხელთ თამაშის მართვის სადავეები. 

მატჩის საბოლოო შედეგი – 4:1 კი მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც სტადიონზე მისულმა ქომაგებმა ამჯერად უკვე ზურიკო დავითაშვილის მიერ შესრულებული შესანიშნავი სოლო რეიდი და აუღებელი დარტყმა იხილეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის „დინამოელები“ უკვე ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში ვერ ახერხებენ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის დამარცხებას. წლევანდელ ჩემპიონატში ჩატარებულ სამ მატჩში კი მათ ერთადერთი გოლი აქვთ გატანილი გია გეგუჩაძის გუნდის კარში.

აწი ბათუმელთა მთავარი მიზანი ამ კვირაში ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ გასვლით მატჩში სლოვაკეთის „სლოვანის“ დამარცხება იქნება.

მათ პარალელურად კიდევ სამი ქართული კლუბი – თბილისის „დინამო“, „საბურთალო“ და გორის „დილა“ ევროპის კონფერენს ლიგის ტურნირში ჩაერთვება. 

მათი მეტოქეები კი შესაბამისად, ესტონეთის, ფინეთის და ალბანეთის გუნდები იქნებიან, რომელთა ძლევაც დიდად სასურველი იქნება ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟისათვის. 

საქართველოს მსგავსად, სამხრეთ ამერიკაშიც საფეხბურთო სეზონი მიმდინარეობს  და ეროვნულ ჩემპიონატებთან ერთად, კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული  საკლუბო ტურნირი – ლიბერტადორესის თასიც – უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის.   

„კოპა ლიბერტადორესს“ 63-წლიანი ისტორია აქვს. ათწლეულების განმავლობაში იცვლებოდა ამ ტურნირის როგორც სტრუქტურა, ისე მოქმედი გმირები, რომელთა სახელებიც კარგა ხანს ჩრდილავდნენ თავიანთ ევროპელ მეტოქეებს, რადგან უფრო ხშირად ამარცხებდნენ კიდეც მათ.

ასე იყო, მაგალითად, 1962 და 1963 წლებში, როდესაც პელეს „სანტოსი“ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში უგებდა ეუსებიოს „ბენფიკას“ და ჯანი რივერას „მილანს“.

ურუგვაის ყველაზე სახელოვანი კლუბი „პენიაროლი“ კი საერთაშორისო ასპარეზზე არავისაც აღარ ახსოვს. არადა ეს კლუბი გახლავთ ლიბერტადორესის ხუთ და საკონტინენტთაშორისო თასის სამ გზის მფლობელი. 

რაც დრო გადის, სამხრეთ ამერიკაში სულ უფრო აშკარა ხდება ბრაზილიურ და არგენტინულ კლუბთა დომინირება და ლიბერტადორესის თასს, ბუნებრივია, რომ ყველაზე ხშირად ისინი ეუფლებიან.

ტურნირის უკანასკნელი ორი წლის გამარჯვებული „პალმეირასია“. მან 2020 და 2021 წლების ფინალებში ასევე ბრაზილიური „ფლამენგო“ და „სანტოსი“ დაამარცხა. 

იქამდე „ფლამენგომ“ „რივერ პლეიტს“ მოუგო, ხოლო 2018 წელს საფეხბურთო სამყარომ „ბოკა ხუნიორსის“ და „რივერ პლეიტის“ მონაწილეობით არგენტინული სამკვდრო-სასიცოცხლო დუელი იხილა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 

მაგრამ სანახაობრივი თვალსაზრისით როგორი თვალწარმტაციც  უნდა იყოს „კოპა ლიბერტადორესზე“ ჩატარებული მატჩები, ფაქტია, რომ ამ ბოლო ხანს ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებთან სამხრეთ ამერიკის კონტინენტის წარმომადგენლები მარცხდებიან და მას შემდეგ, რაც 2005 წელს ტურნირს კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატი დაერქვა, სამხრეთ ამერიკულ კლუბთაგან ევროპელებისთვის ფინალური მატჩი უკანასკნელად „კორინთიანსს“ 2012 წელს აქვს მოგებული. 

ასეთი შედეგის მიზეზი ისაა, რომ ლათინური ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელებს წამყვანი ევროპული კლუბები ყიდულობენ, ადგილობრივები კი ისევ გასული საუკუნის ტექნოლოგიებით იკვლევენ გზას თანამედროვე ფეხბურთში და აღარ აქვთ უფრო მაღალ ტემპში მოთამაშე ევროპელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჩემპიონატის წელიწადს როგორც სკაუტთა, ისე ფეხბურთის რიგითი გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი ლიბერტადორესის თასის გათამაშებისკენ, რადგან ტურნირზე ისეთი ფეხბურთელებიც შეიძლება გამოჩნდნენ, რომლებიც კატარის ჩემპიონატზე ბრაზილიის, არგენტინის თუ ურუგვაის ნაკრებების ღირსებას დაიცავენ. 

გათამაშების მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიის და არგენტინის ექვს-ექვსმა კლუბმა მოიყარა თავი. დანარჩენი ოთხეული კი პარაგვაის, ეკვადორის და კოლუმბიის წამყვანმა გუნდებმა შეავსეს, რომელთა მიზანიც მაქსიმალური წინსვლა და ფეხბურთელების ბრაზილიურ და არგენტინულ კლუბებში გაყიდვაა.

მერვედფინალური ეტაპის პირველმა მატჩებმა უაღრესად დაძაბულად ჩაიარა და მომდევნო ეტაპზე გასულად თავი მხოლოდ ტურნირის ბოლო ორგზის გამარჯვებულმა „პალმეირასმა“ შეიძლება ჩათვალოს, რომელმაც გასვლაზე პარაგვაის ჩემპიონი „სერო პორტენო“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის მოქმედი ჩემპიონი სერია A-ს მიმდინარე გათამაშებასაც ლიდერობს და უახლოეს მდევარ „კორინთიანსს“ 3 ქულით უსწრებს. 

„კოპა ლიბერტადორესის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება სწორედ „კორინთიანსსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის შედგა. ორივე გუნდი ძირითად ყურადღებას საკუთარი კარის უსაფრთხოების მიმართ იჩენდა და შეხვედრაც ფრედ – 0:0 დასრულდა. მატჩის დაძაბულობაზე კი მსაჯის მიერ თითოეული გუნდისთვის ნაჩვენები სამი ყვითელი ბარათიც მეტყველებს.

ასევე ფრედ, ოღონდ ანგარიშით 1:1 დასრულდა „ფორტალეზას“ და „ესტუდიანტესს“ შორის შედარებით დაბალი დონის ბრაზილიურ-არგენტინული დაპირისპირება. არადა სახელოვანი წარსულის მქონე „ესტუდიანტესი“ ლიბერტადორესის თასის ოთხ და საკონტინენტთაშორისო თასის ერთ გზის მფლობელია.

დიდ ინტერესს იწვევს ასევე არგენტინული დაპირისპირება „ველეჟ სარსფილდსა“ და „რივერ პლეიტს“ შორის, რომლის პირველ მატჩშიც „ველეჟ სარსფილდის“ ფეხბურთელებმა მინიმალური სხვაობით – 1:0 გაიმარჯვეს.

მეოთხედ ფინალისტების ვინაობა ამ კვირაში, საპასუხო მატჩების შემდეგ გახდება ცნობილი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.