fbpx

ისლამის გამოძახილი მაღალმთიან აჭარაში – მეჩეთები და ნაქარგები


გააზიარე სტატია

 ავტორი: ანო კლდიაშვილი  

 

აღმოსავლურ რელიგიათა შორის კულტურის,  ესთეტიკის,  ისტორიისა თუ მის სიღრმეებში არსებული მრავალი შრის გამო პირადად ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო ისლამია. ადამიანთა დამოკიდებულება ამ რელიგიის მიმართ ხშირად სტერეოტიპებითაა ნასაზრდოები – მასზე საუბრისას მხოლოდ ტერორიზმი და ფანატიზმი ახსენდებათ, ხოლო ის, რაც ისლამს სხვა რელიგიებისაგან გამოარჩევს, მისი კულტურულ-რელიგიური მახასიათებლები თუ სპირიტული  განზომილებები, ყურადღების მიღმა რჩება.  როგორც სტუდენტისა და ავტორისათვის, რომელიც ისლამის კვლევითაა დაინტერესებული, საოცარი შესაძლებლობა იყო ის, რომ ჩემ მიერ შერჩეული საკვლევი რელიგიის მრავალსაუკუნოვანი კერა საქართველოში, კერძოდ კი მაღალმთიან აჭარაშია, რის გამოც მხოლოდ თეორიულ საუბარს ვარჩიე, რომ ჩემივე  ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგია საველე კვლევას დაფუძნებოდა – წავედი ამ  რეგიონში,  სადაც რამდენიმე დღით  მაინც მუსლიმი აჭარლების ყოველდღიურობაზე დაკვირვების შესაძლებლობა მომეცა. ჩემი  მიზანი იმ კულტურულ-რელიგიური თავისებურებების კვლევა იყო, რომლებიც კონკრეტულად მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული ისლამისთვის არის დამახასიათებელი. 

ჯერ ოსმალთა, ხოლო შემდეგ რუსეთის იმპერიის ბატონობისა და საბოლოოდ ამ ორი დამპყრობლის დაპირისპირების გამო აჭარაში მუდმივად იცვლებოდა რელიგიური, ნაციონალური თუ პოლიტიკური საზღვრები, რაც  ამ რეგიონში გავრცელებული ისლამის შესახებ საუბარს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ისლამი მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებთა თვითიდენტობის მთავარი მაკონსტრუირებელია და არა მხოლოდ რწმენა-წარმოდგენათა ერთობლიობა, არამედ ცოდნაა, რომელიც იმდენად ძვირფასი იყო მათთვის, რომ რელიგიური განათლების არ არსებობის პირობებში ზეპირსიტყვიერად გადაეცა თაობიდან თაობებს და ამგვარად შემოინახა, შემოინახა და ამავდროულად, უნიკალური კულტურის შექმნას დაუდო საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიანი აჭარაში გავრცელებულ ისლამი მრავალ საინტერესო ასპექტზე საუბრის შესაძლებლობას იძლევა, ამ  სტატიაში  რეგიონში მდებარე გასაოცარი მეჩეთებისა და აქაური ქალების ნაქარგების შესახებ გიამბობთ, ვინაიდან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სწორედ რომ მათმა ნახვამ მოახდინა. ვფიქრობ, რომ როგორც ისლამური არქიტექტურა, ასევე ხანშიშესული ქალბატონების ნაქარგები იდეალური ვიზუალიზაციაა იმისა, თუ როგორია ისლამი აჭარაში –  მეჩეთების,  ეგრეთ წოდებული ჯამეების, ინტერიერის ფერებისა და ორნამენტების სიუხვით აოგნებს მნახველს,  არანაკლებ მომხიბვლელია  ამ ტერიტორიაზე მცხოვრები აჭარელი ქალების მიერ მოქარგული თეთრი ნაჭრებიც, რომლებიც ხშირად ძველ თაროებზეა მიმალული, თუმცა მეჩეთების მსგავსად, თავისუფლად შეიძლება, ქვეყნის ძვირფას კულტურულ მემკვიდრეობად ჩაითვალოს. 

როგორც უკვე ვახსენე, ისლამი აჭარელი ხალხის იდენტობისა თუ კულტურული მეხსიერების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს რელიგია ამ მხარეში „ჩუმია და დაფარული“ – ის ფაქტი, რომ მუსლიმ აჭარლებს დღემდე უწევთ მტკიცება იმისა, რომ საქართველოს სხვა კუთხეების ქრისტიანი წარმომადგენლების თანასწორნი არიან და განსხვავებული სარწმუნოების გამო ხშირად ხდებიან ჩაგვრის მსხვერპლნი, ისლამურ არქიტექტურაზეც ნათლადაა ასახული. მეჩეთები, რომლებიც ვიხილე, სოფლებში მდებარე სახლების ექსტერიერისაგან მხოლოდ მინარეთით გამოირჩევა, არ აქვს ის მასშტაბი, რაც, ჩვეულებრივ, რელიგიური ნაგებობებისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა მნახველი გაოგნებული რჩება მაშინ, როდესაც მეჩეთში შესვლისას ტრადიციისამებრ ფეხსაცმელს იხდის და მარჯვენა ფეხით აბიჯებს ზღურბლს – საოცარი ორნამენტებითა და ჩუქურთმებითაა ხოლმე შემკული აქ მდებარე ძველი ჯამეების კედლები, ვხვდებით ინტერიერის ასათვისებლად გამოყენებულ მრავალ სახე-სიმბოლოსა და ფერთა მდიდარ პალიტრას, მეჩეთის ყოველ კუთხეში აჭარელი ქალების მიერ  ფერადი მძივებით აწყობილ კრიალოსნებსაც ვხვდებით, რომლებიც ზიქრის – ალაჰის სახელის 99-ჯერ ხსენების რიტუალისათვის გამოიყენება. 

მაღალმთიან აჭარაში მდებარე მეჩეთების რთული ისტორიის დასაბამი საქართველოში ოსმალეთის იმპერიის სამსაუკუნოვან ბატონობას უკავშირდება, ხოლო მას შემდეგ რაც ამ ტერიტორიაზე ოსმალთა ბატონობა დასრულდა და აჭარა საბჭოთა საზღვრებში მოექცა, აქ მეჩეთების არქიტექტურის ადგილობრივი სახესხვაობა ჩამოყალიბდა, რომელთა ნიმუშებიც დღემდეა ამ მხარეში შემონახული და აჯადოებს მნახველს. როგორც ადგილობრივებმა მიამბეს, საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებულმა ანტირელიგიურმა პოლიტიკამ რაღაც მხრივ დადებითი შედეგი გამოიღო – მათ მეჩეთები კი არ დაანგრიეს, საწყობებად, სკოლებად, სამხედრო საავადმყოფოებად, კინოსეანსების ჩასატარებლად თუ მაღაზიებად გამოიყენეს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მეჩეთი, რომელიც თივისა და სასუქების საწყობად გადაკეთდა, დაიწვა,  მათი ნაწილი დაუზიანებლად შემოინახა –  ჯამეების იერსახის შენარჩუნება მათივე უგულებელყოფის გზით მოხერხდა. 

აჭარული ჯამეები  ევროპის  ყველა სხვა მხარეში მდებარე მეჩეთებისაგან განსხვავდება ვიზუალით – ისინი კარგად გვიხასიათებს რეგიონული არქიტექტურის გამოკვეთილ ტიპოლოგიას. ექსტერიერით არცთუ გამორჩეული ისლამური სალოცავების მინარეთები ადგილობრივთა ძალისხმევით ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღდგა, ხოლო რაც შეეხება ჭერს, ცივი ზამთრისაგან თავდაცვის მიზნით, თავდაპირველად გამოყენებული კრამიტი პროფილირებული თუნუქით  ჩანაცვლდა. მიუხედავად განსხვავებული დიზაინისა, აქ მდებარე ყოველი მეჩეთი წააგავს ერთმანეთს შიდა განლაგებით – ყოველ მათგანს აქვს მიჰრაბი – სალოცავი ნიშა და ფარდით დაფარული მინბარი – სივრცე სპეციალური ლოცვებისათვის. ასევე იმის გამო, რომ ისლამში ლოცვის ზუსტ დროს შესრულებაა მნიშვნელოვანი, ყველა მეჩეთში ვხვდებით რამდენიმე საათს; ხალხის სიმრავლის გამო მეჩეთების უმრავლესობას მეორე სართულიც აქვს, საიდანაც ალეგორიული ნახატებითა და ხის ორნამენტებით შემკულ სივრცეზე დაკვირვება კიდევ უფრო სასიამოვნოა.

სტატიაში მაღალმთიანი აჭარის სამ სოფელში: აგარაში, ღორჯომსა და ბეღლეთში მდებარე მეჩეთებს გაგაცნობთ, რომელთაგან ყველაზე ძველი ბეღლეთში მდებარეობს. ის 1870-1900 წლებშია აგებული, ხოლო რესტავრაცია 1926 წელს ჩაუტარდა. 

მიუხედავად იმისა რომ ჯამეს მშენებლის სახელი უცნობია, ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, რომ მისი საოცარი მოხატულობის ავტორნი ლაზი ოსტატები – ომერ უსტა და უსტა ბინ აჰმედი იყვნენ. მეჩეთის კედლებზე ლიმონის ხეებისა და ყვავილების ქოთნების მოტივებს ვხვდებით, ამ სალოცავში მიჰრაბი მუქი მწვანეა, ხოლო მის ნიშებზე ოქროსფრად მოვარაყებული ყვავილის თაიგულებია გამოსახული. რაც შეეხება ორნამენტებს, ისინი ვარდისფერ ან თეთრ ფონზე ლურჯი საღებავით არის მიხატული. ბეღლეთის მეჩეთი სხვა ჯამეებისაგან იმითაა გამორჩეული, რომ მიჰრაბის მარცხენა მხარეს სამი თურქული დროშაა მიხატული, რომელზე გამოსახული თეთრი ნახევარმთვარეები წაშლის გამო რთულად, თუმცა მაინც იკითხება. ეს ჯამე ფერთა საოცარი პალიტრითაც გამოირჩევა, რომელთა ტონებიც უჩვეულოდ კაშკაშა და თბილია – როგორც მეჩეთის იმამმა მიამბო, თურმე ლაზი ოსტატები ამ უცხო ფერებს სხვადასხვა მცენარისა და ყვავილისაგან იღებდნენ, გამოხარშავდნენ მათ და შემდეგ მიღებულ სითხეს საღებავად იყენებდნენ.

არანაკლებ საოცარი და ფერადია, პალმის გამოსახულებებით შემკული აგარის მეჩეთი, რომელიც ლაზ ოსტატებს 1903 წელს აუგიათ. ბოლო  წლებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჯამეს რემონტი გაუკეთეს, თუმცა მისი პირვანდელი სახე, რომელიც მხატვრობითა და გაფორმებით სამცხე-ჯავახეთში მდებარე სოფელ ზიკილიის 1906 წელს აშენებული მეჩეთის შემკულობის იდენტურია, შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულია. ის, რაც 90-იან წლებში ჯამეს ინტერიერის განახლებას მოჰყვა, შენობის მთელ სიგრძეზე ტრაფარეტის გამოყენებითა და შეფრქვევით გამოყვანილი პალმებია, რაც აჭარის რეგიონის თბილი კლიმატის სახე-სიმბოლოდ გვევლინება. ინტერიერის დიზაინის სხვა ორიგინალური ელემენტები: ჩუქურთმებით მორთული მინბარი, მიჰრაბის ჩარჩო, აივანი და კარი რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდისათვის დამახასიათებელ ორნამენტულ სტილს გვაგონებენ.  ჩატარებული რემონტის მსვლელობისას არავინ შეხებია ჯამეს გუმბათს, რომელიც განსხვავებულ ფერებში წარმოდგენილი არაბული წარწერების,  ყვავილებისა თუ ნახევარმთვარეების გამოსახულებებისა და ჩუქურთმების ერთობლიობაა,  საქართველოში გავრცელებული ისლამური კულტურის ერთ-ერთ საოცარი ნიმუშია. 

ნანახ ჯამეებს  შორის ყველაზე დიდი და ფერადოვანი, მდიდრული დეტალებით შემკული, ვრცელი სალოცავი დარბაზითა და მრავალრიცხოვანი მრევლით გამორჩეული სოფელ ღორჯომში მდებარე ხუთგუმბათიანი მეჩეთია, რომელიც 1902 წელსაა აშენებული. მეჩეთი ორჯერ ჩამოინგრა და ბოლოს ის 2014 წელს აღადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ იყო დიდი მცდელობა, მისი პირვანდელი სახის შენარჩუნებისა, რისი დასტურიცაა ის, რომ ჯამეს ინტერიერი თავდაპირველი მოხატულობის საფუძველზე გადაღებეს, რამდენიმე ძველებური დეკორატიული ელემენტი მაინც დაიკარგა. მნიშვნელოვანია, რომ მეჩეთის მოხატვა ამ შემთხვევაშიც ნახსენებ ლაზ ოსტატებს – ომერსა და უსტას უკავშირდებათ, მათი ხელწერა ჯამეს შესასვლელის ორივე მხარეს მიხატული სიმინდისა და ოსმალური გემის მოტივებზე დაკვირვებისას  იგრძნობა.  შენობის ხასხასა მწვანედ შეღებილ ჭერზე კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ორნამენტებით შემკული ხუთი გუმბათი, საინტერესო დეტალია ისიც, რომ გუმბათების საყრდენებად ოსტატებს, რომლებსაც მეჩეთის აგების პერიოდში ხელი მხოლოდ ხის მასალაზე მიუწვდებოდათ, ზრდასრული ხისგან გამოთლილი სვეტები აქვთ გამოყენებული.  მეჩეთის მიჰრაბის თავზე ისლამური წმინდა ადგილების – ქააბასა და ზამზამის ჭის გამოსახულებებსაც ვხვდებით.

რაც შეეხება ნაქარგებს, ჩემი მათ მიმართ დიდი ინტერესის გამო მოგზაურობისას მრავალ აჭარულ ოჯახს ვესტუმრე – როდესაც მათ ნამუშევრების ვათვალიერებდი, ძირითადად ხანშიშესული ადამიანები მიამბობდნენ, რომ მათი შვილებისა და შვილიშვილებისათვის ქსოვა და ქარგვა ნელ-ნელა აქტუალობას კარგავს და ის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ერთ დროს ძალიან დიდ ადგილს იკავებდა მათ ცხოვრებაში, ძალიან მალე შესაძლოა დავიწყებას მიეცეს. ერთ-ერთი საოცარი ქალბატონი – სოფელ სხალთის მცხოვრები, 86 წლის ჰატიჯე მიყვებოდა, რომ თეთრ ტილოზე ფიგურების ამოქარგვა აჭარელი ქალებისათვის როგორც განტვირთვის საშუალება, ასევე უმნიშვნელოვანესი ხელსაქმეც იყო, ვინაიდან დაქორწინებისას მზითევს სწორედ რომ ამ მშვენიერი ნაქარგებით სავსე ყუთი წარმოადგენდა. ულამაზესი ნამუშევრები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა და ზოგიერთ აჭარულ ოჯახში დღემდე გამოიყენება პატარებისათვის აკვანზე გადასაფარებლად, რათა ისინი მწერებმა არ შეაწუხონ, ასევე სუფრებზე დასაფენად, ტანსაცმლის დაბინძურებისაგან დასაცავად, კედლების მოსართავად თუ ამობეჭდილი ფოტოების დასაფარად, ვინაიდან ისლამური ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილი ადამიანის ფოტოს გამოჩენა არ შეიძლება. 

მრავალ ნაქარგზე შემხვდა ტიტას გამოსახულება, რომელიც აჭარელ ქალებს სხვადასხვა ფერითა და დიზაინით აქვთ მონაქარგი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყვავილის, როგორც სახე-სიმბოლოს გამოყენება ძალიან ხშირია ისლამურ კულტურაში, ის ხშირად გვხვდება როგორც  მხატვრობაში, სამოსის დიზაინში, ხალიჩებსა და ნაქარგებზე, ასევე მეტაფორად გვევლინება პოეზიაშიც. ტიტა აღმოსავლურ კულტურაში სრულყოფილების, სიმდიდრის, სამოთხისა და ქალური სილამაზის სიმბოლოა, რაც აჭარელმა ქალებმა ორიგინალურად ასახეს თავიანთ  ხელოვნებაში. 

საინტერესოა, რომ მაშინ, როცა სოფლებში –  სხალთაში, აგარასა და ბეღლეთში მუსლიმ ქალებს ნაქარგები მცირე რაოდენობით ჰქონდათ შემონახული,  ამბობდნენ, რომ თითქმის ყველა მათგანი გააჩუქეს და  თუკი ჰქონდათ, ნაზი და მშვენიერი, თუმცა მივიწყებული და თაროებზე შემონახული, სოფელ ღორჯომში  სეირნობისას კი პირველი კადრი, რაც ყველაზე მკაფიოდ დამამახსოვრდა, სახლთან გამოფენილი ტილოები იყო ზედ ამოქარგული ფერადი ყვავილებით, თუთიყუშებით, ლარნაკებით და სხვადასხვა ორნამენტებით. ამ სოფელში უფროსი თაობის  ქალები ცდილობენ, რომ უნიკალურ ფერთა და ფორმათა შერწყმის ტრადიცია შენარჩუნდეს და ამ საქმიანობაში შვილებისა და შვილიშვილების ჩართვასაც ასევე ცდილობენ, თუმცა ამავდროულად,  იმაზე წუხან, რომ ადრე,  გაჭირვების ჟამს, ეს სხვადასხვა ზომისა და ფერის  ნაქარგები  სასაჩუქრედ გამოიყენებოდა და შესაბამისად, ყველა ქალი ხშირად ქარგავდა, ახლა კი მრავალი რამეა მათი ჩამნაცვლებელი.  

მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა ჯადოსნური თავგადასავალია, ქვეყნის საზღვრების დატოვების გარეშე მოხვედრაა სივრცეში, სადაც ორი – ქართული და ისლამური კულტურა ერწყმის ერთმანეთს. აქ ვიწრო ბილიკებზე სეირნობისას თავს  საქართველოს ერთ-ერთ ჩვეულებრივ სოფელში გრძნობ, სადაც ჰაერი ახლად აყვავებული ხეებისა და შკელის სურნელითაა გაჟღენთილი და მყუდრო ეზოებში თავსაფრიანი მოხუცები საქმიანობენ, თუმცა, მოულოდნელად მოლას ხმა გესმის, რომელიც მოსახლეობას მინარეთიდან მოუწოდებს ლოცვისაკენ – ეს მუსიკალური ხმა მთელ სივრცეს იპყრობს. მალევე ზოგიერთი მოსახლე, რომელმაც მეჩეთში მისვლა ვერ მოასწრო, ეზოშივე აფენს ხალიჩას და გულმოდგინედ იწყებს ლოცვას. როდესაც აზანის ამ მაგიურ ხმას შეიგრძნობ, უძველეს მეჩეთებს ათვალიერებ, საოცრად სტუმართმოყვარე ადამიანების სახლებში ხვდები, სადაც ნაქარგებით სავსე კედლებს ხედავ და გაჩვენებენ ყურანს, რომელსაც თუ გინდა, შეეხო, აუცილებლად უნდა წარმოთქვა ფრაზა „ღმერთის სახელით“ – იაზრებ, რომ სწორედ ესაა აჭარაში ისლამის გამოძახილი. 

      

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.