fbpx

შინაური ცხოველების სასტუმროები თბილისში


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინო იმერლიშვილი

 

მიახლოებითი სტატისტიკით,  მსოფლიოს მოსახლეობის 57 პროცენტს ჰყავს  შინაური ცხოველი. ცხოველებთან  მეგობრობას ადამიანის ცხოვრებაში  ბევრი დადებითი სიახლე შემოაქვს. დროთა განმავლობაში  ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ოჯახის წევრები ხდებიან,  რასაც ემოციურ დამოკიდებულებასთან ერთად, მზრუნველობითი ფაქტორის გაღრმავებაც ახლავს თან. ცხოველის აყვანა დიდი პასუხისმგებლობაა  – სანამ გადავწყვეტთ,  ჩვენი სახლის კარი გავუღოთ,  კარგად უნდა დავფიქრდეთ,  ვართ თუ არა  მზად,  რომ მათზე ვიზრუნოთ.

გადაწყვეტილების მიღებისას, ბევრი დეტალის გათვალისწინება გვმართებს – ჩვენი ცხოვრების სტილის, სამუშაო გრაფიკის, საცხოვრებელში არსებული შესაბამისი პირობების, ფინანსური მზაობის და რაც მთავარია – გვაქვს  თუ არა ოჯახის ახალ ბინადარზე ზრუნვის ნებისყოფა. ცხოველზე ზრუნვისას არაერთ გამოწვევასაც გადააწყდებით – მაგალითად,  მათი დიდხანს დატოვების პრობლემას. 

გადატვირთული წლის შემდეგ,  ყველა განტვირთვისა და ნანატრი შვებულებისათვის ვემზადებით, შინაური ცხოველების თან წაყვანა კი,  არც ისე მარტივი ამბავია. უპირველეს ყოვლისა, თუ საკუთარი მანქანა არ გყავთ, გარკვეულ პრობლემას შეხვდებით  ცხოველის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ბევრი სასტუმრო უარს გეტყვით თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად დაბინავებაზე. ასეთ დროს,  ერთ-ერთი  გამოსავალია,  წინასწარ შეუთანხმდეთ ოჯახის წევრებს  ან მეგობრებს და  დროებით თქვენი პასუხისმგებლობები მათ გადააბაროთ. თუმცა, ეს ასე მარტივი არ არის – განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, როცა ყველას თავისი გეგმები აქვს. 

რამდენადაც წლიდან წლამდე იზრდება შინაური ცხოველების აყვანის მაჩვენებელი, მეტად ვითარდება  ის სერვისებიც, რომლებიც კონკრეტულად ცხოველების მეპატრონეებზეა გათვლილი. ერთ-ერთი მათგანი კი,  შინაური ცხოველების დროებით შეფარების სერვისია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, კერძო შემფარებელი დავიქირაოთ  ან  ცხოველების სასტუმროებს მივმართოთ. 

უნდა აღინიშნოს, რომ კერძო შემფარებლები ბევრად ბიუჯეტური არჩევანია, თუმცა, შესაბამისი რისკებიც ახლავს თან –  თუკი  თქვენი ცხოველის ნდობას უცხო ადამიანისათვის გადაწყვეტთ, გირჩევთ, კარგად გაიკითხოთ კონკრეტული პირის შესახებ და მხოლოდ საუკეთესო რეკომენდაციების შემდეგ მიმართოთ მას. რაც შეეხება ცხოველების სასტუმროებს, ეს მეტად უსაფრთხო და სანდო მეთოდია, რამდენადაც ასეთ დაწესებულებებს,  როგორც წესი,  აქვთ შესაბამისი სტანდარტები. სასტუმროების გუნდი დაკომპლექტებულია თქვენი ცხოველის უსაფრთხოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე პერსონალით და ამასთან ერთად, სასტუმროს, როგორც სერვისის მიმწოდებელი ბიზნესის პასუხისმგებლობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს  შესაძლოა კერძო პირის  შემთხვევაში იყოს. 

თუკი ამ სტატიას ჯერ კიდევ კითხულობთ, დიდი ალბათობით, თქვენც გყავთ შინაური ცხოველი.  შესაძლოა, ზუსტად ახლა გეგმავთ დასასვენებლად წასვლას და თქვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრის სხვისთვის დატოვების  ვარიანტებს განიხილავთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ თბილისში მდებარე ცხოველების რამდენიმე სასტუმროს გაგაცნობთ, რომლებიც  სხვადასხვა თემატურ  ჯგუფში დადებითი რეკომენდაციებით სარგებლობენ. 

 

FISKO 

FISKO  კატების სასტუმროა, რომელიც თევდორე მღვდლის პირველ ჩიხში მდებარეობს. სასტუმროში კატის დატოვებისა და მოვლის საფასური დღე-ღამეში 15 ლარია. უნდა გაითვალისწინოთ, რომ  ამ ანაზღაურებაში არ შედის საკვები, რომელიც თავად უნდა დატოვოთ შინაური ცხოველის მიბარებისას. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს დამფუძნებლები თავად ვეტერინარები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ FISKO-ს სერვისით სარგებლობისას, თქვენს ოთხფეხა მეგობარს გარანტირებულად საიმედო გარემოში ტოვებთ.

 

Pets Hotel 

Pets Hotel ძაღლების სასტუმროა. დაწესებულება სვანეთის უბანში მდებარეობს. აქ  შესაბამისი მასშტაბის  ღია  სივრცე დაგხვდებათ, რათა  დღის განმავლობაში თქვენმა შინაურმა ცხოველმა თავისუფალ გარემოში გაატაროს დრო. გარკვეული ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ზოგ პატრონს არ სურს, რომ თავისი ძაღლი სასტუმროს სხვა ბინადრებს ეკონტაქტოს – ამისათვის  Pets Hotel-ში შესაბამისად მოწყობილი ვოლიერებიც არის განთავსებული. სასტუმროში არ იტოვებენ აგრესიულ ძაღლებს, რათა სხვა შინაური ცხოველების უსაფრთხოება მაქსიმალურად  იყოს დაცული. რაც შეეხება სერვისის ღირებულებას, სასტუმროს მომსახურების სანაცვლოდ,  დღე-ღამეში 20 ლარის გადახდა მოგიწევთ. 

 

Milo Pet Hotel

Milo Pet Hotel როგორც ძაღლებისათვის, ასევე კატებისათვის განკუთვნილი სასტუმროა. კატის დატოვების ღირებულება  დღე-ღამეში 30 ლარია, რაც შეეხება ძაღლებს,   სერვისის საფასური 40 ლარია. ძაღლების ოთახები სპეციალურად არის მოწყობილი შესაბამისი  აღჭურვილობითა და ღამის განათებით. სერვისი ასევე  მოიცავს თამაშის საათებს და სამჯერად კვებას. კვების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისევე როგორც ყველა სხვა სასტუმროს სერვისით სარგებლობისას, თქვენი შინაური ცხოველის საკვები  თავადვე მიგაქვთ. Milo Pet Hotel-ის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში ჩართულია  სათვალთვალო კამერები, რაც უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს და სტანდარტებს  უზრუნველყოფს. სასტუმრო ტერიტორიულად ვარკეთილის დასახლებაში მდებარეობს, ზუსტი ადგილმდებარეობის გასაგებად, დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე ციფრული ინტერაქციული  რუკით სარგებლობაა შესაძლებელი. 

 

გრამპი & ემი

ძაღლებისათვის განკუთვნილი ეს სასტუმრო თბილისში, მაჭავარიანის 9 ნომერში მდებარეობს. აქ თქვენი ოთხფეხა მეგობრის მშვიდ, უსაფრთხო და მზრუნველ  გარემოში დატოვებას შეძლებთ. სასტუმრო მოიცავს  დიდ სათამაშო გარე სივრცეს. სასტუმროში დაგხვდებათ ყურადღებიანი და ცხოველების მოყვარული თანამშრომლები, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავს თქვენს შინაურ ცხოველზე. სასტუმროს მომსახურების  ღირებულება  დღე-ღამეში 30 ლარია. ძაღლის დატოვებაზე აქ მხოლოდ მაშინ გეტყვიან უარს, თუკი ცხოველი განსაკუთრებით აგრესიულია და შესაძლოა,  სხვებისათვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდეს. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ მშვიდად წახვიდეთ  დასასვენებლად, ან თუნდაც საქმიან მოგზაურობაში. თუ კი ამ პერიოდის განმავლობაში,  ერთგული ოთხფეხა მეგობარი მოგენატრებათ, სასტუმროს პერსონალი მის ვიდეოს გამოგიგზავნით, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენს არყოფნაში,  ის უსაფრთხოდ და კარგად გრძნობს თავს. 

 

 

PET CARE

Pet Care ძაღლების სასტუმროა, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის  245 ნომერში მდებარეობს. მომსახურების საშუალო ფასი 30 ლარია. თუმცა, თუ თქვენი ძაღლ ალერგიულია, საჭიროებს მედიკამენტების მიღებას ან განსაკუთრებულ ზრუნვას, შესაძლოა, ეს თანხა სტანდარტულისაგან  განსხვავდებოდეს. ძაღლებს ერთ დიდ ოთახში სძინავთ, თუმცა, სურვილის შემთხვევაში,  პატრონს მისი განცალკევება შეუძლია მოითხოვოს. გარდა ამისა, სერვისი მოიცავს სათამაშო საათებს და შესაბამის მეთვალყურეობას. 

 

SKUPI

ძაღლების სასტუმრო SKUPI თბილისში, არმაზის ქუჩაზე მდებარეობს. სერვისის ღირებულება 35-დან 40 ლარამდეა. პატარა ჯიშის ძაღლები ღამით ერთ დიდ ოთახში იძინებენ, ხოლო მოზრდილი ჯიშის შინაური ცხოველებისათვის ცალკე სივრცეებია გამოყოფილი. სერვისით შეგიძლიათ მაშინაც ისარგებლოთ, თუკი თქვენს ძაღლს მედიკამენტები აქვს დანიშნული –  ამ შემთხვევაში სასტუმროს პერსონალი დამატებითი ანაზღაურების გარეშე იზრუნებს თქვენს ოთხფეხა  შინაურ ცხოველზე. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.