fbpx

„მოგონების კუთვნილება – არცერთი და 9,4 მილიონი“


გააზიარე სტატია

ავტორი: თამუნა გეფერიძე

 

მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოგონებების 50% იცვლება. ხან საერთოდ ქრება.  ზოგჯერ კი პირიქით, ვფიქრობთ, როგორ შეგვცვალა დრომ და რეალურად ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც წარსულში იყო. სწორედ მეხსიერების ფენომენი და მისი კვლევა აერთიანებს ექსპოზიციაში წარმოდგენილ ნამუშევრებს, რომლის კურატორიც ფოტოგრაფი ოლგა ბუბიჩი გახლავთ. გამოფენა ტარდება ბელორუსიის საერთაშორისო კულტურის კვირეულის ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.

2-12 ივლისის ჩათვლით (14:00-დან 20:00-მდე) პროპაგანდა წარმოგიდგენთ პროექტს – „მოგონების კუთვნილება – ერთი, არცერთი და 9,4 მილიონი“. სამი ბელორუსიელი და ერთი უკრაინელი მხატვარი ნამუშევრების გაერთიანებით  ცდილობენ დაიცვან ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერება დამახინჯებისაგან. რადგან ხშირად მოგონებებს გვიცვლიან და გვავიწყებენ, ხოლო ისტორია ყოველ ჯერზე იმეორებს თავის თავს და ჩვენც კვლავ ვიმეორებთ საკუთარ შეცდომებს და ვდგებით იმავე უსამართლობისა და გამოწვევების წინაშე, როგორც წლების წინ იდგნენ ჩვენი წინაპრები. თვითგამოცხადებული ლიდერებისა და პოლიტიკური რეჟიმების წყალობით ცოდნა წარსულის შესახებ საკმაოდ მწირია, შეცვლილი,  ცენზურაგავლილი  და  დამახინჯებულია. „ვის ეკუთვნის ჩვენი მოგონებები? ვინ ფლობს პირვანდელ „ნამდვილ“ ჩანაწერს იმისა, თუ რა გვინახავს, გვიგრძნია და გამოგვიცდია?“, – წერს კურატორი ოლგა ბუბიჩი, რომელსაც, ისევე როგორც სხვა მრავალ ხელოვანს, სწამს, რომ ნებისმიერი არტისტის პირდაპირი მოვალეობა რეალობის ასახვაა. 

პროექტის დიდ ნაწილს კურატორის, ოლგა ბუბიჩის ფოტო-წიგნი “Art of (not) forgetting” წარმოადგენს. მასში მოცემული ფოტოები და ტექსტი გვიყვება და გვაჩვენებს, თუ რა სტკივათ და რის დავიწყება სურს ყველაზე მეტად ბელორუსიელ ხალხს და ამავდროულად იმას, თუ რისი დავიწყება არ შეიძლება. ოლგა ზუმისა და სკაიპის საშუალებით მონაწილეებს უსვამდა ორ კითხვას:  დღე, რომლის დავიწყება გსურთ  და დღე, რომელიც გინდათ ყოველთვის გახსოვდეთ? მონაწილეები არ ლაპარაკობდნენ, მხოლოდ იხსენებდნენ და  ამ მომენტში ეკრანიდან ფოტოს გადაღებით არტისტი მეხსიერების, ორ განსხვავებულ ვიზუალს ასახავდა. „მოგონებების პანორამა“ – ასე უწოდებს ავტორი თავის ნამუშევრებს. კონცეფციის გაცნობისა და ფოტოების ნახვის შემდეგ, შენც მკვეთრად შეიგრძნობ ორ სრულიად საწინააღმდეგო ემოციას, რომელიც ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში არსებობს. წიგნის ნახვა ასევე შესაძლებელი იქნება გამოფენაზე. 

დაკარგულ მეხსიერებაზე, გამქრალ ქვეყანასა და ბუნდოვან მომავალზე გვიყვება ფოტოდოკუმენტალისტი ვადიმ კაჩანიც. საბჭოთა კავშირის დროს გადაღებული ფოტოფირები, რომელიც ახლა  აღმოაჩინეს  და გაამჟღავნეს,  თან ატარებს დეფექტებს, რომელიც ისევ და ისევ დრომ გამოიწვია. ერთი შეხედვით, შესაძლოა ფიქრობდე, რომ ეს უბრალო, გაფუჭებული სურათებია, მაგრამ ისინი ყველაზე ნათელი, დავიწყებისა და გაბუნდოვანებისაკენ მიმავალი მოგონებების სახე და მაგალითია. მეხსიერებაში ქრება დეტალები, ხმა, ფერები, ზოგჯერ მთლიანი გამოსახულება და რჩება მხოლოდ  ფრაგმენტები, სახეცვლილი ხატები და ხანდახან საერთოდ არაფერი.

სწორედ ასე ხედავს ხელოვანი წარსულს, რომელშიც მისმა სამშობლომ საბჭოთა კავშირის პერიოდში იარსება და გაქრა. რეალურ მოვლენებზე შეწყვიტეს საუბარი, შეწყვიტეს გახსენება და რეალური, იმ დროში დაბადებული ადამიანები გაურკვეველ, არაფერზე დაფუძნებულ მომავალში გადაისროლეს. ნამუშევრები კარგად ასახავს იმ დაბნეულობასა და დაკარგულობის შეგრძნებას, რომელსაც ის ადამიანები განიცდიან, ვისაც მოგონებები წაართვეს, მათ, ვისაც არ აქვთ მეხსიერება, არ აქვთ მომავალი. 

ვადიმ კაჩანის სერიიდან – „მოგონებები, რომლებიც ქრება ან დროის და სინათლის ნახატები“

ვადიმ კაჩანის სერიიდან – „მოგონებები, რომლებიც ქრება ან დროის და სინათლის ნახატები“

 კიდევ ერთ დროსთან დაკავშირებულ ონავრობას გვაჩვენებს ბერლინში მოღვაწე ხელოვანი ანდრეი ლოგინოვი. არტისტს წარმოდგენილი აქვს ფოტო-ალბომი, რომელიც დღევანდელი ბელორუსიელი ხალხის პორტრეტებს ინახავს, მაგრამ ნამუშევრის ვიზუალი სრულიად სხვა დროსა და სივრცეში გაგდებს, ფაქტურა, ფერები, გამოსახულება და ყოველი კომპოზიციის ფონი რეალურად მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის, წარსულის გამეორებაა. ანდრეი ლოგინოვმა ორიგინალი ფოტო-ალბომი ბელორუსიის ერთ-ერთ სოფელში, ჩერიომუშკში იპოვა და შეეცადა აღედგინა ის ხასიათი და ხედვა, რომელიც 30-იანი წლების  ავტორს ჰქონდა.  მაგრამ ფოტოების შედარებისას, სადაც ცდილობ იპოვო განსხვავება, რეალურად ვერაფერს ამჩნევ, არათუ არჩევ. სახეები, ადამიანები და გარემო მაინც იგივე, წარსულის ანარეკლად გვევლინება. მეხსიერება ხშირად ასეთ თამაშსაც გვეთამაშება, ვფიქრობთ, რომ რაღაც შევცვალეთ ან შევიცვალეთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ თავს ვიტყუებთ, როცა მოგონებებს, ჩვენ თვითონვე, სხვისი და გარემო პირობების ზეგავლენით ვცვლით. 

ანდრეი ლოგინოვი, „ჩერიომუშკის ოდისეა“ (1930-2022)

ანდრეი ლოგინოვი, „ჩერიომუშკის ოდისეა“ (1930-2022)

და ბოლოს, მეხსიერების ფენომენისა და მისი მნიშვნელობის შესაჯამებლად და შედეგის საჩვენებლად, გამოფენაზე წარმოდგენილია უკრაინელი მხატვრის, ნატალია დომინის ნამუშევრები. მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი ცხადყოფს და ნათლად გვაჩვენებს, თუ რამხელა ტრანსფორმაციას  განიცდის თითოეული ადამიანის მეხსიერება და როგორი ინდივიდუალური და განუმეორებელია იგი, რაოდენ მნიშვნელოვანია მისი შენახვა საკუთარი თავისა და მომავალი თაობებისათვის. ანდრეი ლოგინოვის ფოტო-ალბომის დათვალიერების შემდგომ, რაღაც დროის მერე, ნატალიამ დაიწყო ალბომში წარმოდგენილი პორტრეტების ხატვა მოგონებებზე დაყრდნობით. ნახატებისა და ფოტოების შედარებისას მარტივად იპოვით ორიგინალსა და მის ასლს, მაგრამ ასევე აღმოაჩენთ განსხვავებასაც, რომლებიც მხატვრის მეხსიერებამ შექმნა. ყოველი მოვლენა, სურათი, ვიზუალი… ინდივიდუალურ, განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე, რომელიც დროთა განმავლობაში შეგრძნებების მიხედვით ერთგვარ ხატად, მოგონებად ტრანსფორმირდება და ასე გვამახსოვრებს თავს, ის შესაძლოა სრულიად განსხვავდებოდეს რეალობისაგან ან ოდნავ სახეცვლილი იყოს. მაგალითად, ფოტოსურათზე ვხედავთ ბიჭს, რომელსაც ცხენის თავი ეფარება, ნატალიას ნახატში კი გვხვდება იგივე კომპოზიცია, იგივე ცხენი, ხე, ფეხსაცმელი, მაგრამ მის ნამუშევარში შეგვიძლია დავინახოთ გმირის სახე, რომელიც საერთოდ არ არსებობს ორიგინალ ფოტოში. 

ნატალია დომინის ნამუშევრები

 დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია საუბარი, წარსულის გადახედვა, აწმყოს ასახვა და ამ დიდი მეხსიერებისა და რეალური მოგონებების დაცვა მომავლისათვის. რადგან დღესდღეობით, ისევე როგორც ადრე, მუშაობს დავიწყების, ცენზურისა და დამახინჯების პროპაგანდა. ამ გამოფენით არტისტებს სურთ შეახსენონ საკუთარ თავს და ასევე სხვებს, თუ ვინ არიან და რისთვის იბრძვიან, რამდენად მნიშვნელოვანია მეხსიერება და რაოდენ დიდ როლს თამაშობს ის მომავალში სისხლისღვრისა და უსამართლობის თავიდან ასარიდებლად. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.