fbpx

Mindful Getaway-ს ტურები, რომელსაც Rooms Kokhta და Visa მასპინძლობს


გააზიარე სტატია

ავტორი: თამუნა გეფერიძე

 

Mindful Getaway-ს ტურები, რომელსაც “კოხტა” მასპინძლობს, ყოველ ჯერზე მრავალფეროვანი და განსხვავებულია, მაგრამ ყოველ მათგანს ერთი მიმართულება და მიზანი – მონაწილეების ფიზიკური და გონებრივი დასვენება ამოძრავებს.

ადამიანებს განსხვავებული ინტერესები და ინდივიდუალური განტვირთვის ხერხები აქვთ.  განსხვავებული ცხოვრების სტილისა და დატვირთვის მიხედვით Mindful Getaway-ს ტურები შესაბამისად ერგება ამ გამოწვევას. პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა ჰოლისტური ჯანმრთელობის ტური, ივნისის დასაწყისში ლევან გიგინეიშვილისა და რევაზ კორინთელის დამოუკიდებელი და ერთი საერთო ლექცია, შემდეგ კი  Tbilisi Yoga Loft-ის პროგრამა.   

ხოლო 24-26 ივნისს, Rooms Kokhta-სა და Visa-ს თანამშრომლობით შექმნილი მორიგი პროგრამის ფარგლებში,  ვისწავლეთ მადლიერება, მიღებისა და გაცემის საიდუმლოს მნიშვნელობა, საკუთარი გულისა და გარშემო მყოფების მოსმენა, რაშიც ვინიასა იოგას პრაქტიკული ვარჯიშები და ინსტრუქტორი დანიელა იფრახი დაგვეხმარა.

ტურის მთავარ დანიშნულებას სხეულისა და გონების გაჯანსაღება წარმოადგენს, თუმცა გამოცდილება, რომელსაც ამ სამი დღის განმავლობაში იღებ, ბევრად ღრმა და ძვირფასია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.  ამ ტურის განმავლობაში დანიელას სიტყვები, ხმოვანი თერაპია და მედიტაცია, რომელიც წინ უძღვის ასანებს, ალბათ სამუდამოდ დაილექება მეხსიერებაში, რათა შევძლოთ სწორი მიმართულების პოვნა ცხოვრებაში, მაშინ როცა სუნთქვაც კი რთული და წარმოუდგენელი ხდება. 

 „ვინიასა“ ითარგმნება, როგორც „სუნთქვითი“ და სწორედ საკუთარი სუნთქვის მოსმენის სწავლით იწყება ეს მოგზაურობაც. სუნთქვა უწყვეტია, ისევე როგორც დრო და ნებისმიერი მოვლენა ჩვენ გარშემო. თვალების დახუჭვა და ირგვლივ არსებული ქაოსისგან ცოტა ხნით ყურადღების მოწყვეტა არის ის, რაც გვახსენებს რეალობის ჭეშმარიტ არსს – ჩვენც ამ უწყვეტი მოძრაობის ნაწილი ვართ და იმისთვის, რომ გადავრჩეთ, ზოგჯერ საკმარისია უბრალოდ ვიცოდეთ, როგორ ვისუნთქოთ სწორად. 

დანიელა, რომელიც ისრაელიდან ესტუმრა საქართველოს, უკვე 6 წელია მოგზაურობს და უზიარებს სხვებს იმ ცოდნას, რომლის შეგროვებასაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. მისი სწავლება ეფუძნება იოგას, ბუდიზმისა და ძენის ფილოსოფიას, აერთიანებს იოგას სესიებს, მედიტაციას, Soft Movement-ს, მოსიარულე მედიტაციის პრაქტიკას და ხმოვან თერაპიას. როგორც თვითონ ამბობს, გაზიარების პროცესი მისთვის დიდი პატივია და ყველაზე დასაფასებელი რამ არის ამ საქმიანობაში. ამიტომაც ვარჯიშამდე ყოველთვის მოგვიწოდებდა მადლიერება გამოგვეხატა იმ უძველესი სიბრძნისათვის, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

ყოველ მოძრაობას, სათანადოდ შერჩეული მუსიკის ფონზე, თან ახლდა ინსტრუქტორის მშვიდი, გაწონასწორებული ხმა, რომელიც გვიხსნიდა, თუ რას ნიშნავდა ესა თუ ის მოქმედება, რას იწვევდა და ცვლიდა ჩვენს სხეულსა თუ გონებაში. რას ემსახურებოდა თითოეული ჟესტი და რომელი ჩაკრის ამოქმედებასა და გახსნას უწყობდა ხელს. ხმა და სიტყვები უკეთ გეხმარება გაცნობიერებასა და შეგრძნებაში, პროცესის სწორად წარმართვასა და სასურველი შედეგის მიღებაში, რადგან ადამიანის ყოველ ქმედებას, სიტყვასა და ფიქრს გააჩნია ძალა შეცვალოს შინაგანი და გარეგანი მოვლენები. ამ ტურის აქტივობები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო, თუ როგორ წარმართო შენში არსებული ენერგია სწორი მიმართულებით. 

მედიტაციის დროს ყველაზე დიდი ყურადღება ჭიპის, გულისა და მესამე თვალის ჩაკრას ენიჭებოდა, მაგრამ გამორჩეულად მაინც ანაჰატას – გულს ვუსმენდით. გულს, რომელიც ყველაზე მეტს და ყველაფერს იტევს. 

ტურის მეორე დღეს, შუადღისას, წყვილებს შორის ჩატარდა განსაკუთრებული პრაქტიკული ვარჯიშები. მონაწილეობა შეეძლოთ ერთმანეთისთვის ნაცნობ და ასევე უცნობ ადამიანებსაც.  მის მთავარ არსს ერთმანეთის მოსმენა, გაგება და გაცემისა და მიღების პროცესის გააზრება წარმოადგენდა, რისი შესაძლებლობაც  ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გვაქვს,  რადგან ყოველი ჩვენგანი საკუთარ, პირად  სივრცეშია ჩაკეტილი და მისი მოშლა ერთგვარი ქცევის ეტიკეტის დარღვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი უცნობ ადამიანებთან მიმართებაში.  იმის ცოდნა,  რომ შენს სხეულს ვიღაც დაიჭერს, დაიცავს და ვიღაცაზე დაყრდნობას შეძლებს, წარმოუდგენელ თავდაჯერებულობასა და სითამამეს გაძლევს.  

შემდგომი დილაც დაიწყო სუნთქვითი ვარჯიშებით, მედიტაციებითა და ასანებით. ამ ყველაფრის ერთობლიობა სესიის დასასრულს ბედნიერებითა და სამყაროს ახლიდან დანახვის სურვილით გავსებს. ხვდები, რომ ტურზე მიღებული გამოცდილებით ბევრი რამ გარეთ შეცვლილი დაგხვდება, თუმცა არამხოლოდ გარეთ, პირველ რიგში ცვლილებას შენი შინაგანი სამყარო განიცდის – სხეული დასვენებულია, ხოლო გონება გამოფხიზლებული. მაგრამ  ამ სამი დღის განმავლობაში ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას, ახლაც კი, კაკაოს ცერემონიის მოგონებები ახდენს.  თეთრი სანთლები, მონაწილეების ერთობა, კავშირი. ზუსტად არავინ ვიცოდით რას და რისთვის ვაკეთებდით, მაგრამ ყველას ამოძრავებდა სურვილი რაღაც საერთო დღესასწაულში მიეღო მონაწილეობა. კაკაო მაიას ტომებში განსაკუთრებულ სასმელად, გულის წამლად ითვლებოდა. მათ სჯეროდათ, რომ სასმელი ავსებდათ ენერგიითა და ვნებით და ყოველთვის განსაკუთრებულ შემთხვევებში მიირთმევდნენ ხოლმე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სწამდათ, რომ კაკაოს  გულის ტკივილის დაამება და განკურნება შეეძლო.  

Rooms Kokhta-სა და Visa-ს სხეულისა და გონების გამაჯანსაღებელი ტურები მაისიდან ტარდება და თითოეული მათგანი განსაკუთრებულ და უნიკალურ გამოცდილებას გვთავაზობს. ყოველი პროგრამა ცხოვრების გაუმჯობესების ახალ გზებსა და ხედვას გვიზიარებს, გვიმდიდრებს ცოდნას განსხვავებული კულტურების, ფილოსოფიისა და პრაქტიკის შესახებ. მსგავსი აქტივობების ჩასატარებლად ადგილმდებარეობაც იდეალურადაა შერჩეული. “კოხტაში” სტუმრობისას მშვიდი, მწვანე გარემო და ინტერიერი სიმყუდროვისა და ჰარმონიის შეგრძნებას გიჩენს. ხის სურნელი, დაბალი განათება და კედლებსა და გობელენებზე დატანილი სიმბოლოები ყოველ ჩვენგანში ღრმად ჩამარხულ ინსტინქტებსა და ცოდნას აღვიძებს, ძალაუნებურად თან გდევს მისტიციზმის შეგრძნება, რომელსაც გარემო ქმნის. მსგავსი ატმოსფერო უკეთ გამზადებს მომავალი გამოცდილებისათვის, რომელიც შენი სხეულისა და გონების სულიერ თერაპიასა და ზრდას  ემსახურება. პროგრამა, ლოკაცია და ტურის არსი უნაკლოდ ერწყმის ერთმანეთს და დაუვიწყარ, ღრმა და საინტერესო მოგზაურობას გთავაზობს პირველ რიგში შენს შინაგან და შემდეგ უკვე „კოხტას“ სამყაროში. 

რაც შეეხება მომავალ ტურებს,  9, 10 და 11 ივლისს Rooms Kokhta და Visa „აზროვნების აკადემიასთან“ ერთად გვთავაზობს ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ტრენინგებს თემაზე “Burnout, ანუ პროფესიული გადაწვა“.   

სამი სამუშაო შეხვედრა, საუბრები სტრესსა და მასთან გამკლავების გზების ძიებაზე ისევ და ისევ “კოხტას” გამაჯანსაღებელ და განსხვავებულ  პრაქტიკას ეძღვნება.  

იმავე მიზნით, 16 და 17 ივლისს “კოხტას” ლარისა პარკაძე და ანი ანთაძე ესტუმრებიან, მონაწილეებს მიზნისა და მანიფესტაციის მასტერკლასს შესთავაზებენ და ორ განსხვავებულ სფეროს – ფსიქოთერაპიასა და ეზოთერიკას გააერთიანებენ, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას  სამყარო სრულიად ახალი ფერითა და რაკურსით დავინახოთ.   

აგვისტოში კი “კოხტა”   ანდრო დგებუაძესა და ალექსი ჩიქოვანს უმასპინძლებს

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.