fbpx

დღეს ბათუმში – რაგბი: საქართველო-იტალია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლუკა ღუდუშაური 

 

საქართველო იტალიის წინააღმდეგ ბათუმში 2022 წლის 10 ივლისს ითამაშებს რაგბის.

ამხელა მიმოხილვის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე,  რომ რაგბის მცოდნე და ნაკლებად მცოდნე მაყურებლისთვის ეს თამაში გადამეტებულად დამაინტერესებელია.

 

შესავალი ასეთია – ბორჯღალოსნები, რომლებიც უკვე 20 წელია ევროპის რანგით მე-7 ქვეყნის გუნდია, ვერა და ვერ აღზევდა კონტინენტის უმაღლეს დივიზიონში. მიზეზი მარტივია. რაგბი კაპიტალისტურ იმპერიაში მოგონილი სპორტია, რომელიც დღესაც „საშუალო ფენის“ სპორტად აღიქმება გაერთიანებულ სამეფოში. ამ მიზეზით, ყველაზე კარგად რაგბის  ინგლისის ყოფილი კოლონიების ქვეყნები თამაშობენ. თუმცა, ჩვენ მსგავსად, რამდენიმე ინგლისის ყოფილი კოლონიაც არ არის ელიტურ ჩემპიონატებში მოთამაშე გუნდი, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა ამ ქვეყნებშიც არასაკმარისია.

ევროპის 6 ერის გათამაშება ზემოთ ხსენებულის პრაქტიკული მაკეტია. ევროპის ის გუნდები, რომლებიც თან კარგად თამაშობენ რაგბის და თან მეტ-ნაკლებად მდიდრები არიან, ჩაკეტილ ტურნირში ერთმანეთს ერკინებიან და მათთვის, იქიდან გამომდინარე,  რომ ტურნირიდან გავარდნის სისტემა არ არსებობს, ერთადერთი პრესტიჟი ტურნირისვე მოგებაა.

ბორჯღალოსნების 6 ერში მიღება დაახლოებით საქართველოს ევროკავშირში მიღებასავით არის. ანუ ძალიან რთულია. უახლოეს ისტორიაში არაფერს წარმოადგენდი და ფულიც არ გაქვს.

 

თუმცა

მაყურებელს გაუჩნდა სურვილი, რომ რაგბი გახდეს გლობალური სპორტი და დედამიწაზე 16 გუნდზე 16-ჯერ მეტი გუნდი თამაშობდეს ამ სპორტს კარგად. ამ სურვილის რეალიზების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება საქართველოს ნაკრების განვითარებაა. ქვეყანა, რომელსაც ფინანსურად არ შეუძლია სპორტის განვითარება და წლების წინ, ინგლისის მაგივრად, რუსეთმა დაიპყრო, ჯიუტად ცდილობს ელიტაში გაწევრიანებას. ამიტომ უყვარს მსოფლიო რაგბის გულშემატკივარს ქართული რაგბი.

იტალიის ეროვნული ნაკრები 2000 წლიდან, როცა იტალია 5 ერის ჩემპიონატში მე-6 ერად მიიღეს, გუნდი აწყობილი იყო  ინდივიდუალურად უმაღლეს დონეზე მოთამაშე მორაგბეებზე, როგორებიც იყვნენ: სერჯიო პარისე, მარტინ კასტროჯიოვანი, დიეგო დომინგესი და მაურო ბერგამასკო (ვინც მე მახსოვს, ყოველ შემთხვევაში). თუმცა, ვერასდროს იტყოდი, რომ რომელიმე სეზონში იტალიამ გუნდურად თამაშით დაგვამახსოვრა თავი. ეს არ ყოფილა მათი სტილი, შესაბამისად, გუნდურ სპორტში არა გუნდურად მოთამაშე გუნდი ვერასდროს განვითარდება.

 

მაგრამ,

2022 წელს ყველაფერი შეიცვალა.

2021 წლის იტალია, სტატისტიკურად, იყო ყველაზე ცუდი გუნდი, რომელსაც 6 ერში უთამაშია. გაშვებული 239 ქულა არის აბსოლუტური ანტირეკორდი. თუმცა, რამდენადაც წარმოუდგენლად  უნდა ისმოდეს, შარშანდელი იტალია იყო პირველი, რომელმაც რეალურად დაიწყო წინსვლა. იმისთვის, რომ ეს წინადადება განვმარტოთ, უნდა დავბრუნდეთ 2015 წელში, როდესაც იტალიამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნა ირლანდიელი სპეციალისტი კონორ ო’შე. მისი დანიშვნის შემდეგ გულშემატკივარი ელოდა, რომ იტალიის ნაკრები იმთავითვე დაიწყებდა 6 ერის ტურნირზე თამაშების მოგებას. მითუმეტეს იმ ისტორიის ფონზე, რაშიც ყველა მისი წინამორბედი ოცნებობდა, რომ ტურნირზე რანგით მე-5 გუნდად გადაექცია იტალია. 

თუმცა, მისთვის გუნდის განვითარების მეთოდი ბევრად გრძელვადიანია, ვიდრე „დღეს“ და „ახლა“. პირველ რიგში, ასევე ირლანდიელი სტივენ ბუდი მოჰყავს ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელად. ბუდი ირლანდიის რაგბის კავშირში 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა 2009 წელს, როცა ირლანდიაში მსგავსი თანამდებობა მიიღო, მან კაპიტალურად გადააწყო აკადემიის სისტემა და გეტყვით რა შედეგები გამოიღო. ამ პერიოდში, ირლანდიის ნაკრებში, მიმდინარეობს ოქროს თაობის ცვლილება (ბრაიან ო’დრისკოლი, რონან ო’გარა, გარვინ დემპსი, პოლ ო’კონელი და მრავალი სხვა), რაც, რასაკვირველია, შიშს იწვევს გულშემატკივარში, თუმცა ყოველ მომდევნო წელს ირლანდიის ოთხივე პროვინცია ბადებს ახალ მსოფლიო კლასის მოთამაშეებს, რამაც მოგვიყვანა დღემდე. დღეს  ირლანდიას ჰყავს იმდენად ბევრი უმაღლესი დონის მოთამაშე, რომ სახელების დამახსოვრებაც საკმაოდ რთულია. 

 

 

სტივენ ბუდის დასჭირდა 6 წელი, რომ ხელახლა შეევსო ირლანდიის ნაკრები ახალი მოთამაშეებით. 2022 წელი არის მისთვის მე-6 წელი, რაც მას ეს თანამდებობა აქვს იტალიის ნაკრებში, სადაც წარმატებული შედეგები ციფრებით აისახება. სამი საუკეთესო გუნდი, რაც კი იტალიას ოდესმე ჰყოლია 20 წლამდელებში იყო: 2018, 2020 და 2021. ტურნირზე იტალიის 20-წლამდელების ქულების სხვაობას რომ გადავხედოთ: 2015-ში – 170 ქულა; 2016-ში – 117 ქულა; 2017-ში – 95 ქულა; 2018-ში – 55 ქულა; 2019-ში – 69 ქულა; 2020-ში – 3 ქულა; 2021-ში +4 ქულა; რა თქმა უნდა, ასეთი პროგრესი მხოლოდ თამაშების მოგებებით არის განპირობებული. უკანასკნელ 6 წელიწადში იტალიამ: შოტლანდიას მოუგო 5-ჯერ; უელსს და ირლანდიას 2-2-ჯერ; ერთხელ არგენტინას; და სულ რამდენიმე ქულით წააგო ინგლისთან (2-ჯერ)  და საფრანგეთთან (3-ჯერ); მაგრამ, თუ ვფიქრობთ, რომ 20 წლამდელებში ასეთი წარმატება ძალიან დიდი წარმატებაა, ეს კიდევ ყველაფერი არ არის.

2021 წელს იტალიის 18 წლამდელების ნაკრებმა 5 თამაშიდან (!) 4-ში გაიმარჯვა. მხოლოდ საფრანგეთთან დამარცხდა (32-40). 21 ქულით დაამარცხა უელსი; 31 ქულით დაამარცხა ირლანდია; 10 ქულით დაამარცხა ინგლისი; ამ თაობიდან პირველი შევსება იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაიწყო თითქმის 2 წლის წინ. რაგბის მოყვარულებში, ამ უმოკლეს პერიოდში, უკვე საკმაოდ ცნობილია სახელები: მიკეილ ლამარო (ეროვნული გუნდის კაპიტანი!), პაოლო გარბისი, ფედერიკა მორი, სტივენ ვანი, ნიკოლა კანონე; თუმცა, ხშირად მაქვს ნათქვამი, რესურსის გამოყენებას ცოდნა სჭირდება. ფრანკო სმიტი, რომელმაც ვერ შეძლო რესურსის გამოყენება, ჩაანაცვლა კიერან ქრავლიმ. მწვრთნელი, რომელმაც რენესანსი შექმნა კანადის ნაკრებში. მის ხელში კანადამ 2011 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა ტონგა და იაპონია. 2015 წლის მსოფლიოზე იტალიის ნაკრებთან სულ რაღაც 5 ქულით დამარცხდა. ეს ის თამაშია, დითიეიჩ ვან დერ მერვემ რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლელო რომ გაიტანა. ეს კარგად გაიაზრა იტალიამ და 1 წლის შემდეგ წაიყვანეს თავიანთი ყველაზე ძვირფასი კლუბის, ბენეტონის მთავარ მწვრთნელად. დაუჯერებელი იყო მაშინაც და ახლაც. რამდენიმე წლის შემდეგ ბენეტონმა აღმართა „რეინბოუ ქაფ-ი”!!! იგივე გინესპრო; იგივე პრო14.

რასაკვირველია, წარმატება დაცვის გარეშე შეუძლებელია. იტალია იყო გუნდი, რომელმაც 2021 წელს ოლ ბლექსს ყველაზე დიდი დროის განმავლობაში არ გაატანინა ქულა. რთულია დაცვის ტაქტიკის წერილობით ახსნა. ძალიან ტექნიკური ენა არის და ამიტომ ისევ ციფრებით ავხსნათ. იტალიის ახალმა დაცვის სისტემამ მოიგერია ოლ ბლექსის 17-ფაზიანი შეტევა საკუთარ ნახევარზე.

შეტევაში იტალია კიერან ქრავლის ფილოსოფიას იყენებს, რომელშიც აუცილებელია გახსნილ თამაშში ფეხით თამაში და სივრცეების მოძებნა. ბურთი აუცილებლად ცარიელ ზონაში უნდა ჩავარდეს, რამაც დამრტყმელ გუნდს უნდა მისცეს უზარმაზარი უპირატესობა. თუმცა, სანამ ჩემს ძალიან სუბიექტურ აზრს გეტყვით, უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელის მხრიდან რესურსის გამოყენება არ არის საკმარისი. მწვრთნელს ნიჭიერ მოთამაშეზე მეტად პროფესიონალი სჭირდება. ამაში კი მხარს სტადიონზე მუდმივად 3-4 მოთამაშე უბამს. მათ შორის პაოლო გარბისი. ჩემი აზრით, უნიკალური მორაგბე. მოთამაშე, რომელსაც აქვს უდიდესი ნიჭი და წარმოუდგენელი ინსტინქტები. ამას დამატებული პროფესიონალიზმი. პროფესიონალიზმი ნიშნავს მითითების მკაცრად მიყოლას. სად უნდა იდგე პოზიციურად. როგორი წყობით უნდა დაალაგო შეტევის ხაზი. თან, ამ ყველაფერს უნდა აკეთებდე გიჟურ ტემპში, რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცის აღქმა უნდა გქონდეს უმაღლეს დონეზე. სხვანაირად ვერ გამოვა. ერთი სიამოვნებაა გარბიზი-ლამარო-იოანი-ს ვიდეოების ყურება (როცა ბენეტონში ერთად თამაშობდნენ). სანტიმეტრებს უგეგმავენ ერთმანეთს. შეტევაში ხდებიან ერთი ორგანიზმი და თითქმის ყოველ ცდაზე ყველაფერი გამოსდით.

ამ ყველაფრის ფონზე გაჩნდა რეალური პროფესიონალური გუნდი. გარბისი, რომელსაც შეუძლია თანამედროვე სარაგბო ფილოსოფიით ათამაშოს მთელი გუნდი. 20 წამის ინტერვალში შეუძლია, ჯერ მარცხნივ გაათამაშოს 1-3-3-1 ფორმაცია, შემდეგ მარჯვნივ 1-3-2-2. ამას ემატება მისი თანაგუნდელი ბექები: მატეა მინოცი, ედუარდო პადავანი და მსოფლიო რაგბის ახალი „ვაილდქარდი“ ანჯე კაპუცო. განსაკუთრებით გამოსარჩევია გარბისი-პადავანი-ს დუეტი. ამ შემთხვევაში იტალიის შეტევას 2 გამთამაშებელი ჰყავს. წარმოიდგინეთ, რამხელა უპირატესობა აქვს შემტევ გუნდს.

ამ ყველაფრის ფონზე იტალიის რაგბის ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან, რომ სტადიონები გაუნაწილონ მათ. ასევე, ათასობით ახალ სკოლაში იგეგმება რაგბის დანერგვა.

ერთი სიტყვით, დღეს 2022 წელია. მაშინ 2015 წელი იყო, როცა კონორ ო’შე-მ იტალია ჩაიბარა. არასრული 7 წელი, რა დროის განმავლობაშიც ძალიან არაპროფესიონალი გუნდი გახდა მსოფლიო დონის პროფესიონალი გუნდი. ამას დღეს ვამბობ, 2022 წელს, როცა უელსს მოუგეს 1 თამაში. ვნახოთ, 2025 წელს რა იქნება. იქნებ 6 ერი მოიგონ?..

საქართველოს ეროვნული გუნდი – 1998 წელს ფეხბურთზე შემიყვანა დედამ – როგორც ყოველთვის და ყველგან ძალიან პოპულარული იყო თბილისშიც. 92-93 წლებში დაბადებული ბავშვების გუნდში იმდენი დავდიოდით, რომ გუნდი 3-ად დაიყო. მე მესამე გუნდის სათადარიგო მეკარედ გამაწესეს და ვერ ვიტყვი, მიხაროდა სპორტზე სიარული-მეთქი.

99-ში დედამ რაგბიზე შემიყვანა. ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი, ლევან სოხაძე, დამხვდა მწვრთნელად. ისეთი სიყვარულით ეჭირა ის უფორმო ბურთი, როცა პასს მასწავლიდა, მომინდა რაგბის თამაში. ყველაფერი გამომივიდა, რასაც მეუბნებოდა, რომ გამეკეთებინა. 1 თვის შემდეგ ფესტივალზე წაგვიყვანეს სათამაშოდ. 92-93 წლებში დაბადებული ბავშვები იმდენად ცოტა დადიოდნენ რაგბიზე, რომ ყოჩები ლელოს 3-3-ზე ვეთამაშეთ თამაშს. მერე წლები გავიდა და მოგროვდნენ ბავშვები. გუნდი ვიყავით უკვე. 2003-ში შედარებით უფრო მოდიოდა შუქი და მსოფლიოს ჩემპიონატს ვუყურე, სადაც საქართველო პირველად იყო გასული. ტიტანები იყვნენ ჩემთვის ის მოთამაშეები: აქვსენტი გიორგაძე, ილია მაისურაძე, პალიკო ჯიმშელაძე, ვიქტორ დიდებულიძე და სხვები კიდევ. ყოველი თამაშის წინ დიდებას მღეროდნენ და მეც ვმღეროდი და მერე რაგბის თამაშობდნენ და არ დამცირებულან არცერთ მატჩში. მერე 2007 წელი მოვიდა, სადაც არაფრის მოლოდინი გვქონდა და მეორე ტაიმის დასაწყისში გოშა მოწყდა ადგილიდან, ბურთი ჩაჭრა, ლელო დაამიწა და ინგლისელი კომენტატორი ყვირის:- Georgia lead Ireland!!! – ამ მომენტში გადაიქცა თამაში სპორტად ქვეყანაში. გაიელვა უცბად. ალბათ გოშაც ვერ იჯერებდა, ლელო რომ დადო. ის თამაში ცოტათი წავაგეთ, მაგრამ თამაში მაგ დღეს გადავაქციეთ სპორტად. მერე 2017 წელს თბილისში ჩატარდა 20 წლამდელების მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ჩვენი ბავშვები ტოლსწორად ეთამაშებოდნენ ყველა იმ ტიტანურ გუნდს. და მე სამსახურიდან გამოპარული ვიჯექი ტრიბუნაზე და ამპარტავნულად ვფიქრობდი, მე რომ მაშინ, 99 წელს, 3-3-ზე ლელოსთან მატჩში არ მეთამაშა, ეს არ მოხდებოდა-მეთქი…

 

 

და სად მოვედით ახლა

ამბიციებში. 6 ერი მინდა. გინესპროში გუნდი მინდა. იტალიის დამარცხება მინდა. ასი სტადიონი მინდა. აქ მინდა ახლა. ფრედი მერკური რომ მღეროდა: – „I want it all, I want it now”! მეც მინდა, მაგრამ როცა მინდა, არასდროს ვარ ემოციური. იტალიაზე რამდენი რაღაც ვიცი და ბორჯღალოსნებზე ხომ უფრო მეტი. მე და ჩემი ძმაკაცები ნინიაშვილს ბავშვთა ფესტივალებზე ვაკვირდებოდით. არც სკაუტები ვართ და არც რაგბის გუნდები გვაქვს და, სიმართლე გითხრათ, არც არანაირი კავშირი გვაქვს რაგბისთან. უბრალოდ გვიყვარს როგორც სპორტი. ბავშვთა ფესტივალებზე იმიტომ დავდივართ, რომ ვიცით სად არის განვითარების გასაღები. და მერე ყველასთან ვტრაბახობთ, რომ 12-13 წლის ბავშვები პირველად ჩვენ აღმოვაჩინეთ.

მაგრამ, რაგბის განვითარების პოლიტიკა სხვანაირია ქვეყანაში. შიდა ჩემპიონატი მაინც არაპროფესიონალურია. რაგბი ისევ არ არის პროფესიული სპორტი. გუნდში თუ ვირიცხები, დიდი ალბათობით ტრენაჟორებზე ჩემით დავდივარ და ვიხდი გადასახადს და ასე შემდეგ. თუმცა, ბევრი მოთამაშე დაიბადა უკვე, რომლებიც პროფესიონალურ კლუბებში წავიდნენ სათამაშოდ საფრანგეთსა და ინგლისში. იქ გაიგეს უკვე რა მნიშვნელობა აქვს სიტყვა პროფესიონალიზმს რაგბიში და ზოგიერთი თანამედროვე რაგბის ვარსკვლავიც გახდა. ჩემი აზრით, ყველა პოზიციაზე გვყავს მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მწვრთნელის დავალების შესრულება და ტაქტიკური თამაშის თამაში. თუ რომელიმე პოზიციაზე შედარებით სუსტია მოთამაშე, მაგას არა უშავს. ყოველ წელს ველოდებით ახალ ტალანტებს ახალგაზრდული ნაკრებებიდან.

ტალანტებზე და ვარსკვლავებზე ვლაპარაკობთ. დავით ნინიაშვილი, 19 წლის, მსოფლიო რაგბის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც ისეთ დონეს თამაშობს, რაზე მაღლა რაგბი დღეს არ დგას. მისი თანაგუნდელი ბექა საღინაძე. საკამათოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ფლანკერი თანამედროვე რაგბიში. გორგაძე, ცუცქირიძე, გიორგაძე. ვინ გინდა, რომ ძირითად შემადგენლობაში ათამაშო და სხვა სათადარიგოზე იყოს? გელა, რომელიც კვირაში ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონატიდან გვიგზავნის მარგალიტებს; მერაბ შარიქაძე, პროფესიონალიზმის ეტალონი, სიღრმისეულად რომ იცის რაგბის წესები და ყოველ თამაშზე ამას ამტკიცებს. პირველი ხაზიდან ვინ ჩამოვთვალოთ, რეალურად მსოფლიოს ვარსკვლავები ვერ ხვდებიან ხოლმე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

 

 

ტაბუცაძე, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფრთა არის უკვე, ვისაც კი ოდესმე ბორჯღალოსნებში უთამაშია. კვესელაძე. თუ უყურებთ გლოსტერში როგორ თამაშობს? სემი რადრადრას ქართული ვარიანტია. თუმცა, ასე დეტალურად ბიჭებზე თუ ვსაუბრობ, ვასკაზე უნდა ვთქვა საკმაოდ არაპოპულარული აზრი, რომელსაც დედამიწაზე ორად ორი ადამიანი ვიზიარებთ მხოლოდ, მე და ჩემი ძმაკაცი ყურშა, რომ ვასილ ლობჟანიძე არის საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბე. მოთამაშე, რომელიც მსოფლიო რაგბის ტურნირის ისტორიაში ყველაზე პატარა იყო, ვინც ითამაშა. და თამაში დაალაგა და ტონგას მოვუგეთ. ჯერ 25 წლის არის და ამ დროის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში 57 მატჩი აქვს ჩატარებული. თვითონ ნაკრებში მის მოღვაწეობაზე ორი სიტყვა: ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, სამწუხაროდ, ტაქტიკური თამაშები ფაქტობრივად არ გვითამაშია. შესაბამისად, ინდივიდუალური შესრულებით უნდა ვთქვათ: პასი, ფეხი, ფინტი, სისწრაფე, დაცვა, პოზიციის აღება და ჰაერში თამაში. 

ყველა ჩამოთვლილი არის უშეცდომო და უნიკალური. ეს არის პროფესიონალიზმზე დიდი პროფესიონალიზმი, როცა ქაოსში ინარჩუნებ სიმშვიდეს და ამ სპორტს მაინც პრაგმატულად თამაშობ. ამის შემდეგ შეგვიძლია ბრივის თამაშებს ვუყუროთ. სუსტი, თუმცა პროფესიონალური კლუბი. პრინციპებით და ტაქტიკებით მოთამაშე. იქაც ვერ იყენებს თავის შესაძლებლობებს ბოლომდე, თუმცა უზარმაზარი განსხვავებაა ამ ორ გუნდს შორის. ერთი სიტყვით, ჩემი აზრით, ვასკას შეუძლია რომ იყოს: საფრანგეთის და სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდების 9 ნომერი (შედარება სხვა ყველა ნაკრებზეც შეიძლება. ფაფ დე კლერკი და ანტუან დუპონი – ჩემი შემდეგი ფავორიტი 9 ნომრები არიან და ამიტომ დავწერე ეს 2 გუნდი).

მაგრამ რატომ ვჭიდაობ ისევ რუმინეთთან? რატომ მეთამაშება პორტუგალია ჩემზე ლაღ რაგბის?

იტალიაში ხდებოდა ეგ, რაზეც ვისაუბრეთ. ძალიან სამწუხაროდ, რესურსის გამოყენება არ იცის ჩვენმა მწვრთნელმა. არ აქვს ბორჯღალოსნების გაწვრთნის კვალიფიკაცია. გუნდის, რომელსაც შეუძლია 3-ჯერ მაღლა იდგეს, ვიდრე იმ საფეხურზე, რომელზეც დღეს არის.

დროა, რომ პროფესიონალურად შევხედოთ ნაკრებს. და იტალიაში ვნახეთ, რამხელა გავლენა შეიძლება მოახდინოს ორმა ადამიანმა 1 სპორტის განვითარებაში.

წარმატებები ჩვენს გუნდს იტალიასთან.

ქართულ რაგბის გაუმარჯოს!

1,865 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.