fbpx

Balenciaga-ს haute couture-ს 51-ე მოდის ჩვენება – Je t’aime… je t’aime


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

Balenciaga-ს haute couture-ს 51-ე მოდის ჩვენება ხელოვნური ინტელექტის მიერ გაჟღერებული სასიყვარულო პოემის ფონზე ჩატარდა. 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დემნა გვასალიას დისტოპიურ მულტივერსში, სადაც Mercedes-AMG F1 Applied Science-ის მიერ დამზადებულ ჩაფხუტებში და შავ ნეოპრენში შემოსილი ჰუმანოიდები მზად არიან კაცობრიობას დაეუფლონ… 

შოუს მეორე ნახევარი „სელებრითებით“ დატვირთული იყო: კიმ კარდაშიანი მჭიდრო კორსეტში, დემნას მუსიკოსი ქმარი – BFRND ოპერის ხელთათმანებში და ტანკ-ტოპში, ნიკოლ კიდმანი ვერცხლისფერ კაბაში, დუა ლიპა და ბელა ჰადიდი ფერადებში, ნაომი კემპბელი კი Balenciaga-ს მალეფისენტი იყო. 

რადიკალური დიზაინი და ორიგინალური დეკორაციები დემნა გვასალიას ყველა ჩვენების განუყოფელი ნაწილია, თუმცა Balenciaga-ს შოუების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი მუსიკაა. ფრანგი მუსიკოსი ლოიკ გომესი, რომელიც BFRND-ს სახელით არის ცნობილი, წლების განმავლობაში ხშირად ბრენდის ბლოკბასტერული შოუების საუნდტრეკის ავტორი იყო. მეტიც, მუსიკოსი დემნა გვასალიასთან ხანგრძლივი კოლაბორაციის შედეგად, Afterlife-ს ვიდეოთამაშში ავატარად და The Simpsons-ების სპეციალური ეპიზოდის ანიმაციადაც კი იქცა. 

გომესი მის მთავარ ინსპირაციად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმების მუსიკას ასახელებს, როგორიც არის ჰანს ზიმერის მუსიკა კრისტოფერ ნოლანის „Interstellar”-ისთვის. მუსიკოსი ხშირად კლასიკური ინსტრუმენტების რე-კონტექსტუალიზაციით გამოირჩევა. მის შემოქმედებას ხშირად „Blade Runner“-ის კომპოზიციას ადარებენ, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ გომესის მუსიკა სრულიად ახალი და განსხვავებული ჟანრია, რომელიც რთულია მხოლოდ ერთ კატეგორიას მიაკუთვნო. 

ლოიკ გომესი დემნა გვასალიასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. წყვილმა 2017 წელს შვეიცარიაში იქორწინა, თუმცა დიზაინერთან შეხვედრამდე მუსიკოსს მოდის ინდუსტრიისადმი ინტერესი არასოდეს გამოუჩენია. „როდესაც პირველად დემნას შემოქმედებას გავეცანი, გაოგნებული ვიყავი. როგორც იქნა, ვიღაც იმ ენაზე ლაპარაკობდა, რომელიც მესმის და რომელთანაც კავშირს ვგრძნობ“. 

მუსიკოსი მიიჩნევს, რომ მოდის ჩვენებისთვის საუნდტრეკის შექმნა რადიკალურად განსხვავდება ალბომზე მუშაობისგან, რადგან პირველი უფრო თანამშრომლური ხასიათისაა, ის არა მხოლოდ საკუთარ იდეებსა და პრეფერენციებს, არამედ კოლექციის სეზონურ კონცეფციას და ხედვას ეფუძნება. ალბომზე მუშაობა კი პირიქით, კონკრეტულ ჩარჩოებში არ ჯდება და დამოუკიდებელ რეჟიმში ხდება. მიუხედავად ამისა, გომესი თვლის, რომ მუსიკა მოდის ჩვენების ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ასპექტია: „მუსიკა ისეთივე მნიშვნელოვანია მოდის ჩვენებისთვის, როგორც ფილმისთვის, ამიტომ მათ შორის ძალიან ძლიერი, ინტიმური და გარდაუვალი ურთიერთობაა“.

ტრადიციულად, BFRND Balenciaga-ს haute couture-ს 2022/2013 შემოდგომა/ზამთრის კოლექციის საუნდტრეკი იყო, კერძოდ, Love in E Minor, რომლის ტექსტიც: Je t’aime … je t’aime, ჩანთა/დინამიკებიდან ისმოდა. 

“მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა. ვფიქრობდი, ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი. მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა. არასდროს ვიცოდი, როგორ აღმეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთხვევითობის გარეშე. ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. ეს იმედის იმიჯები. უკვე 30 წელია მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები“. 

ამ ტექსტს სოციალურ ქსელში დიდი დისკუსია მოჰყვა, იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიუძღვნა ეს სიტყვები დიზაინერმა. არაერთი ვერსია გაჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი აფხაზეთი იყო, მეორე კი თავად გომესი თუმცა Demna Daily-ს ფეისბუქგვერდის  განცხადებით, დემნამ ე.წ. სიყვარულის წერილი თავისი ცხოვრების ორ დიდ სიყვარულს – მეუღლეს და ხელოვნებას მიუძღვნა, რომელსაც haute couture ჰქვია“. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.