fbpx

ლიბერტადორესის თასზე ბრაზილიელები დომინირებენ


გააზიარე სტატია

მარტინ პალერმოს სახელი საყოველთაოდ ცნობილია არგენტინული ფეხბურთისა და  „ბოკა ხუნიორსის“ ისტორიაში, რადგან იგი 236 გატანილი ბურთით ამ ლეგენდარული კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფორვარდია. 

ბომბარდირთა სიაში თანამედროვეთაგან მას ყველაზე მეტად „სულ რაღაც“ 94 გოლით, მეათე ადგილოსანი კარლოს ტევესი უახლოვდება, სხვა ფორვარდები კი კლუბის ღირსებას ძირითადად გასული საუკუნის 30-იან-40-იან წლებში იცავდნენ. 

მაგრამ პალერმოს სხვა ტიპის „მიღწევაც“ აქვს. მან 1999 წლის 4 ივლისს „კოპა  ამერიკის“ ჯგუფური ეტაპის მატჩში არგენტინის და კოლუმბიის ნაკრებებს შორის სამი(!) თერთმეტმეტრიანის გაფუჭება მოახერხა და გინესის რეკორდების წიგნში არგენტინული ფეხბურთის ვარსკვლავმა სწორედ ამ მაჩვენებლით შეაბიჯა.

პალერმომ სამივე პენალტი თავად მოიპოვა, მაგრამ ეს ვიღას აინტერესებდა, როდესაც „ალბისელესტემ“ ის შეხვედრა ანგარიშით 0:3 დათმო?!

ლიბერტადორესის თასის განმეორებით დაპირისპირებაში „ბოკა ხუნიორსს“ და „კორინთიანსს“ შორის, რომელიც, პირველი მატჩის მსგავსად, ფრედ – 0:0 დასრულდა, პალერმოს საქმის გამგრძელებელი დარიო ბენედეტოს სახით გამოუჩნდა, რომელმაც მართალია, მხოლოდ ორი პენალტი გააფუჭა, მაგრამ აქედან ერთი – მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში, რაც „ბოკა ხუნიორსს“ ტურნირთან დამშვიდობებად დაუჯდა.

არგენტინელებმა შური ბრაზილიელებზე სხვა წყვილში იძიეს, სადაც „ესტუდიანტესმა“ ანგარიშით 3:0 გაანადგურა ბრაზილიის სერია A-ს ბოლო ადგილოსანი „ფორტალეზა“.

გათამაშების მთავარმა ფავორიტებმა – „პალმეირასმა“ და „ფლამენგომ“ დიდი ანგარიშებით – 5:0 და 7:1 გაანადგურეს თავ-თავიანთი მეტოქეები და აწი აგვისტოს დასაწყისში მეოთხედფინალებში უკვე თანამემამულეებს, შესაბამისად, „ატლეტიკო მინეიროს“ და „კორინთიანსს“ დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ „პალმეირასი“ ამჟამად ბრაზილიის სერია A-ს ლიდერობს, „ატლეტიკო მინეიროს“ და „კორინთიანსს“ ცხრილში შესაბამისად, მე-3 და მე-4 პოზიციები უკავიათ, „ფლამენგო“ ჯერჯერობით მერვეა, მაგრამ მე-2 ადგილზე ლიბერტადორესის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიის მეხუთე წარმომადგენელი „ატლეტიკო პარანაენსეა“, რომელიც პარაგვაის „ლიბერტადის“ კარში მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით, აწი არგენტინელთა მთავარ იმედს – „ესტუდიანტესს“ დაუპირისპირდება.

ბრაზილიური წყვილების მონაწილეობით მეოთხედფინალური შეხვედრები ფინალის ტოლფას პაექრობებად შეგვიძლია შევაფასოთ.

კიდევ ერთ წყვილში კი ერთმანეთს არგენტინული კლუბები – „ველეჟ სარსფილდი“ და „ტალერესი“ შეხვდებიან, რომელთაც მერვედფინალურ მატჩებში, უშეღავათო ბრძოლებში, თანამემამულე კლუბებს, შესაბამისად, „რივერ პლეიტს“ და „კოლონს“  სძლიეს. 

როგორ შევაფასებდით სამი არგენტინული კლუბის წარმატებული ასპარეზობის შანსს ხუთი წამყვანი ბრაზილიური კლუბის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც საკუთარი 28-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში თითოეული მათგანი ამჟამად ბოლო ათეულში იმყოფება?

როგორც ჩანს, დაახლოებით ისე, როგორც საქართველოს სამივე გუნდის ევროპის კონფერენს ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის ალბათობას ალბანური, ესტონური თუ ფინური კლუბების წინააღმდეგ საპასუხო მატჩებში.

არადა, ერთა ლიგის C კატეგორიის მეოთხე ჯგუფში ნაკრების წარმატებული სტარტის შემდეგ, ქართველი გულშემატკივრები ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპსაც შედარებით იმედიანად შეხვდნენ.

როგორ შეიძლება დავახასიათოთ ჩვენი სამივე გუნდის მარცხი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში? 

რა თქმა უნდა, სხვადასხვაგვარად, რადგან თუკი გორის „დილას“ გასვლაზე მოუწია თამაში ფინეთის ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერ „კუპსთან“, თბილისის „დინამო“ ესტონეთის ჩემპიონატის მეოთხე ადგილოსან „პაიდესთან“, ხოლო „საბურთალო“ კი სრულიად უთამაშებელ ალბანეთის „პარტიზანთან“ დამარცხდა, რადგან ამ ქვეყანაში ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა.

აქედან გამომდინარე, ყველაზე სუსტად ალბათ „საბურთალოს“ გამოსვლა უნდა შეფასდეს, რადგან გუნდი, რომელსაც ეროვნულ ჩემპიონატში უფრო მაღალ პოზიციებზე მყოფი მეტოქეებისთვის ქულების ართმევა ძალუძს, შინ გატანილი გოლის გარეშე არ უნდა მარცხდებოდეს ალბანეთის უთამაშებელ გუნდთან, რომელზეც უფრო ძლიერია…

თბილისის „დინამომ“ თანაქალაქელებს სწორედ გატანილი ბურთებით „აჯობა“, სინამდვილეში კი ესტონეთის ათგუნდიანი ჩემპიონატის მეოთხე ადგილოსან „პაიდესთან“  შეხვედრის უკანასკნელ ათ წუთში წაგებით საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა მორიგი სამარცხვინო ფურცლით შეავსო სახელოვან წინაპართა დანატოვარი ისტორია და ქართველ გულშემატკივრებს არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ფარერის კუნძულების გუნდთან ანგარიშით 1:6 განადგურებაც შეახსენა. 

ესტონელებთან ანგარიშით 2:3 მარცხი კი ამასთან შედარებით არც არაფერია, როდესაც წინ საპასუხო შეხვედრაა, სადაც სავსებით შესაძლებელია, რომ რევანში შედგეს…

განმეორებითი მატჩის წინ ალბათ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაინც გორის „დილაა“, რომელიც მართალია, თბილისურ კლუბებთან შედარებით ნაკლებად შერცხვა, მაგრამ გასვლაზე ორბურთიანი სხვაობით წაგების აღმოფხვრა, მისგან ნამდვილად გმირობის ტოლფასი იქნება. 

„საბურთალოს“ და „დინამოს“ კი მათზე სუსტი კლუბების ორი მატჩის ჯამში ძლევის უნარი თუ არ შესწევთ, მარცხის მიზეზები არა ფეხბურთელებში, არამედ გუნდების მომზადების არასათანადო დონესა და არასწორად შერჩეულ სათამაშო სტრატეგიაში უნდა ვეძიოთ.

მაგრამ როგორც  უნდა დასრულდეს კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრები, ფაქტია, რომ საქართველოში არსებობს ერთადერთი კლუბი, რომლის სტრატეგიაც მაღალ ევროპულ სტანდარტებს თანდათანობით უახლოვდება.

ეს გუნდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამოა“, რომელსაც იმედია, სამომავლოდ მაინც, საბჭოთა პერიოდის სახელწოდებას ჩამოაშორებენ და „ლივერპულის“, „ბარსელონას“, „მილანის“, „ნაპოლის“, „პორტოს“ და სხვათა მსგავსად, უბრალოდ ქალაქის სახელს მიანიჭებენ…

საქართველოს ჩემპიონს ბრატისლავას „სლოვანში“ მეტოქედ, ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისთან ერთად, ყოფილი და დღევანდელი კაპიტნები – ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, ასევე ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე დახვდნენ.

უკომპრომისო ბრძოლის მიმდინარეობისას მსაჯმაც დიდი როლი შეასრულა, რომლის საკამათო გადაწყვეტილების შემდეგ, სტუმრები შეხვედრის 42-ე წუთზე მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ.

მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ამ პერიოდისთვის მასპინძლებს ხელთ ეპყრათ სათამაშო ინიციატივა და მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშე ლაზარე კუპატაძეს უკვე სამჯერ ჰყავდა გუნდი გადარჩენილი გოლისგან.

ბათუმელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უმაღლეს დონეზე შეაფასა შექმნილი ვითარება, მოედანზე გამოცდილი რეხვიაშვილი დაცვითი ხაზის განსამტკიცებლად პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთსვე შეუშვა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა  კონფერენს ლიგაზე მონაწილე სამივე ქართული გუნდისგან განსხვავებით, მეორე ტაიმი პირველთან შედარებით უკეთ და თანაც კაც-ნაკლული შემადგენლობით ჩაატარა.

ანგარიში 0:0 თითქოს მეტოქეებს მომდევნო ეტაპზე გასვლის თანაბარ შანსს აძლევს, მაგრამ გასათვალისწინებელია ბოლომდე შევსებული ბათუმის სტადიონის განუმეორებელი ატმოსფერო და კიდევ ის უხილავი სათამაშო რესურსი, რომელსაც გია გეგუჩაძის გუნდი გასვლით მატჩში მხოლოდ გოლის გაშვების შემთხვევაში თუ გამოავლენდა…

ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ განმეორებით შეხვედრაში მაყურებლებმა ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელების შესრულებით დიდებული სპექტაკლი იხილონ, რაც, სავარაუდოდ, შედეგზეც აისახება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.