ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ზინკა ბარნოვის ფოტოგამოფენა იხსნება
14 ივლისს, 18 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება ზინკა ბარნოვის ფოტოების სოლო გამოფენა – „სახეები და დეტალები“, ასევე, პანდემიის შემდეგ პირველად გრძელდება საღამოების სერია „მუსიკა მუზეუმში“ და გამოფენის გახსნაზე შესრულდება კლასიკური მუსიკა – პიანისტი დავით ალადაშვილი უმასპინძლებს სოლო კონცერტს კამერულ სივრცეში. კონცერტზე შესრულდება ჰაიდნის, ლისტის და პროკოფიევის ნაწარმოებები. კონცერტის დასაწყისი: 19 საათზე.
ექსპოზიცია წარმოადგენს ზინკა ბარნოვის შემოქმედების ერთგვარ კოლაჟს. კურატორის – კონსტანტინე ბოლქვაძის კონცეფციით, გამოფენაზე თავს იყრის ცნობილი ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტები, ქართული თუ მსოფლიო კულტურული სივრციდან. სახეების კონკრეტული სერია ექსპოზიციის ვიზუალური თხრობის ღერძია. გამოფენა გაგრძელდება 28 აგვისტოს ჩათვლით.
შავ-თეთრ და ფერად ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან: ჭაბუა ამირეჯიბი, გია ყანჩელი, მაია პლისეცკაია, ელისო ვირსალაძე, ოთარ იოსელიანი, ნანა ჯორჯაძე, კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი, კოკა იგნატოვი, ირაკლი ოჩიაური, ლიკა ქავჟარაძე, ნინო ქორიძე, ირაკლი ჩარკვიანი, რეი ჩარლზი.
ფოტოგრაფის მიერ ასახული ადამიანები არიან ის ფიგურები, რომლებიც განაპირობებენ თანამედროვე ქართული კულტურის იდენტობას მსოფლიო მასშტაბით. განსხვავებული სახელოვნებო სფეროების წარმომადგენელთა სახეებში ირეკლება ეპოქის კვალი, ერთგვარი ანაბეჭდი. თუ, ტრადიციულად, ნიუ-იორკის ფოტოგრაფიულ სკოლაში (Richard Avedon, Irving Penn) ვარსკვლავები უფრო მეტად გამოხატავენ მათ პროფესიულ იდენტობას, წარმატებას და ეროტიკულობაზე გადააქვთ აქცენტი, ზინკა ბარნოვის ფოტოებში პოპულარული ადამიანები გარკვეულ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს, ჩაკეტილობას და ნატურალიზმს ავლენენ. კულტურა და პოლიტიკა გათანაბრებულია, შესაბამისად, პოპულარობის და ცნობადობის ხიბლი უკუგდებული.
მარტოობა, სევდა, რეფლექსია, სიუხეშე, ირონია და ეროსი გადაწყვეტილია მხატვრული ფოტო ენის გზით, თუმცა კადრებში ფოტოგრაფის დოკუმენტური მანერაც იკითხება. ფოტოპორტრეტები აბსტაჰირებულიცაა, პოეტურიც, მაგრამ ვიზუალური ენა მაინც განყენებულია – დროისგან იზოლირებული ან სტაგნაციაში მყოფი. საგამოფენო თხრობა ჟანრობრივად სწორხაზოვანი რომ არ გამოსულიყო, კურატორული ხედვით, ექსპოზიცია აიგო შემდეგი სელექციით: არაკონკრეტული და ბუნდოვანი გზავნილები – თავები ახლო ხედით, ასევე განყენებული დეტალები, კადრირება, მონტაჟი. ფოტოპორტრეტებს ყოფს ფოტოგრაფის რეალისტური და ყოფითი სცენები, დეტალები და მოტივები, რაც, გარკვეულწილად, ზინკა ბარნოვის ხელწერის და შემოქმედების ინტერპრეტაციას ახდენს. ბუნდოვანი დეტალები ასახავს ქალაქს, ოჯახის წევრებს, ბუნებას, ევროპის მუზეუმებს და პოლიტიკურ მოვლენებს. სახეების და დეტალების კომბინაციით მიიღწევა ახალი ფოტო რეალობა, სადაც ტრადიციული ენა და კონცეპტუალური ნიშნები ურთიერთმიმართებაშია.
ამ გამოფენით დამთვალიერებელი უფრო მჭიდრო ურთიერთობას შეიგრძნობს ძვირფას და აღიარებულ ხელოვანებთან, რადგან მათი წვლილი უზომოდ დიდია თანამედროვე ქართული კულტურის ფორმაციაში. ნატურალისტურ, ორგანულ ფოტოებში დიდი ფიგურების სახეები და სხვა დეტალები თითქოს ერთიანი ფილმის კადრირებაა, მათივე ბიოგრაფიისა თუ უახლესი საქართველოს დაბადების შესახებ.