8 ლიეტუველი ფოტოგრაფი – გამოფენა თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, თბილისის ფოტოფესტივალთან და კაუნასის ფოტოგრაფიის გალერეასთან თანამშრომლობით, 10 სექტემბრამდე წარმოგიდგენთ გამოფენას – 8 ლიეტუველი ფოტოგრაფი: ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი
ხელოვნება, ისევე როგორც მეცნიერება, განვითარების საკუთარ ლოგიკას მიჰყვება, სულ მოძრაობაშია და ამ გზაზე მას ვერაფერი შეაჩერებს. თუკი გადავხედავთ ხელოვნების ისტორიას და არამარტო ხელოვნების, მივხვდებით, რომ ისტორიას დაწერს ის, ვინც ბოლოს დაიბადება. ეს, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფიასაც ეხება. ჩვენ გამუდმებით ვუბრუნდებით ისტორიას და ამოგვაქვს იქიდან ის, რაც აქტუალურია, ფოტოგრაფია კი, როგორც მედიუმი დროსთან ერთად არსებობს.
შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში – Tbilisi Photography & Multimedia Museum – საბჭოთა ეპოქის ფოტოგრაფია დღეს აქტუალურად ჟღერს და შთაგონებულია 1969 წლის ლიეტუვური ფოტოგრაფიის მასშტაბური გამოფენით მოსკოვში – ”9 ლიეტუველი ფოტოგრაფი”. სწორედ ამ გამოფენას უკავშირდება “ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის“ როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიის ფენომენის შეფასება და აღიარება.
უნდა ითქვას, რომ მაშინდელი გამოფენა დროს რამდენიმე ათწლეულით უსწრებდა, მოულოდნელი, უჩვეულო და სახიფათოც კი იყო ფოტოგრაფების ასეთი კონცეფცია და დამოკიდებულება გადაღებული ობიექტებისადმი. გარდა ფოტოგრაფიული გამოსახულების მაღალი ხარისხისა, აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირშიც იღებდნენ პერსონალურ პროექტებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ოც ან ორმოცდაათწლიან პროექტებად იქცნენ. ნამუშევრები ასახავდნენ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას, მათ ემოციებს და ვნებებს, ბუნებას, წელიწადის დროებს, ნაციონალური იდენტობის გარეგნულ მახასიათებლებს, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ცხოვრებას, ბავშვების, რომლებიც საბჭოთა კავშირში ოფიციალურად არ არსებობდნენ. მარგინალი ხდებოდა ყველა, ვინც საბჭოთა სისტემას, მის იდეოლოგიას და ამ იდეოლოგიის ვიზუალურ მახასიათებლებს არ შეესაბამებოდა.
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ექსპოზიციამ გამახსენა საბჭოთა ეპოქის ზუსტი განსაზღვრება: “შიშის ბალანსის ეპოქა”, რომელმაც თავის წიაღში ძალიან ძლიერი “პერსონალური წინააღმდეგობის ეპოქა” წარმოქმნა. სწორედ ამგვარ დაპირისპირებაში დაიბადნენ ლიეტუველი მსოფლიო დონის ფოტოგრაფები, რომლებმაც ფოტოგრაფიული გამოსახულების ხარისხით, მრავალფეროვნებით და რაოდენობით უნიკალური საგანძური შექმნეს.
რვაეკრანიანი მულტიმედიური ინსტალაცია ლიეტუვური ფოტოგრაფიის 8 კლასიკოსის – ანტანას სუტკუსის, ვიტას ლუცკუსის, ალეკსანდრას მატიაუსკასის, ალგიმანტას კუნჩიუსის, რომულდას პოჟერსკისის, ვირგილიუს შონტას და რიმალდას ვიკშრაიტისის 1300 ნამუშევარს და ვიდეო-ინსტალაციებში წარმოდგენილი სერიების მიხედვით შექმნილ 8 ფოტო-წიგნს მოიცავს.
გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილია 1970-2003 წლებში შექმნილი და გამოფენილი პოსტერები. არქივის ეს მდიდარი კოლექცია ასახავს არა მხოლოდ ლიეტუვის ფოტოხელოვანთა ასოციაციის ფართო და მრავალფეროვან საგამოფენო საქმიანობას, არამედ იმდროინდელ კულტურულ თემატიკასაც. პოსტერები, ერთი მხრივ, ვიზუალური კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ხერხია ფოტოგამოფენებისთვის და ასევე დამოუკიდებელი ნამუშევრებია კედლებისა და ქუჩებისთვის. ამ აფიშებში იმდროინდელი ლიეტუვის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული რეალობაც თვალნათლივ ჩანს.
ექსპოზიციის მთლიანობას, საგამოფენო სივრცე და ლიზა რივსის მუსიკალური ინსტალაცია ქმნის.
ამ მასშტაბური, ლამაზი და მრავლისმთქმელი გამოფენის კურატორი გინტარას ჩესონისია, რომელიც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის დარბაზში მეგზურობას მიწევს და ჩემს ინტერესს საკითხის ღრმა ცოდნით უპასუხებს:
“8 ლიეტუველი ფოტოგრაფი: ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი” – გამოფენა აერთიანებს რვა სხვადასხვა ინტერესის, ასაკის და ფოტოგრაფიული სტილის მქონე ლიეტუველ ხელოვანს. თქვენთვის, როგორც კურატორისთვის, რა იყო ამ გამოფენის მთავარი იდეა თანამედროვეობის კონტექსტში?
გინტარას ჩესონისი: ციფრი 8 არ ნიშნავს რაიმე განსაკუთრებულს – მონაწილე შეიძლება იყოს 7 ან 10 და ეს მაინც ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის მხოლოდ ნაწილი იქნება, რომელიც ასახავს ლიეტუვური ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენის მასშტაბს. აქ, თბილისში წარმოდგენილი ფოტოგრაფების უმეტესობა იმყოფებოდა 1969 წლის იმ ნოვატორულ გამოფენაზე, რომელმაც ათობით სხვა ფოტოგრაფი შთააგონა ლიეტუვაში მცხოვრები ადამიანების იდენტობის საკვლევად. ლიეტუველი ხალხის იდენტობა არის საკვანძო ელემენტი ამ გამოფენაშიც. რვავე ხელოვანი ცოტა ხნის წინ კაუნასის ფოტოგალერეამ დასავლეთის მუზეუმებსა და გალერეებში წარადგინა, რასაც ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფიული წიგნების გამოსვლა მოჰყვა. დღეს ყველა ეს წიგნი თავმოყრილია თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში.
თინა ლაღიძე: დღეს როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს აგრესორი რუსეთი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას, ძნელია არ იფიქრო ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხებზე. საფრთხე ყველა მოსაზღვრე, პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, და არამარტო მათ, ემუქრება. ამ ფონზე “8 ლფ” გამოფენა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
გ. ჩ. – მართალია, საბჭოთა სისტემიდან არგამოსვლის სცენარის წარმოდგენაც კი საშიშია. ბალტიისპირეთის და რუსეთის მიერ ანექსირებულმა სხვა პატარა ქვეყნებმა ძალიან დიდი საფრთხე გაიარეს, არ გაქრნენ რუკიდან და სრულიად არ დაკარგეს საკუთარი იდენტობა. მე მტკიცედ მჯერა, რომ ფოტოგრაფიამ, როგორც მედიუმმა, ამ ბრძოლაში დიდი როლი ითამაშა. ფოტოგრაფია ადამიანთა მოდგმის უპასუხისმგებლო ქცევის წინააღმდეგ მნიშვნელოვან იარაღად რჩება. რუსეთის ტერორისტული ტოტალიტარული რეჟიმის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამართლება შეუძლებელია. იმედია ფოტოგრაფია აქაც მნიშვნელოვანი დოკუმენტური მტკიცებულება იქნება.
“ლიტვური ფოტოგრაფიის სკოლა” – დღეს მიღებული საერთაშორისო ტერმინია, რომელიც 1970-იან წლებში დამკვიდრდა, მას საინტერესო ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი აქვს. საიდან მოდის ლიეტუვური ფოტოგრაფიის სკოლის ტრადიცია?
გ. ჩ. – ლიეტუველი ხელოვნების ისტორიკოსის, ტომას პაბედინსკას თქმით, ფოტოგრაფიის ხელოვნება ფოტოგრაფიის დასავლურ თანამედროვე კონცეფციასთან მჭიდრო კავშირშია, ლიეტუვაში ეს კონცეფცია 1980-იანი წლების ბოლოს გავრცელდა. ლიეტუველმა ფოტოგრაფებმა და მხატვრებმა დაიწყეს ფოტოგრაფიის განხილვა არა როგორც გამოსახულების, რომელიც ავლენს პიროვნების „არსს“, არამედ როგორც გამოსახულების, რომელიც ასახავს პიროვნული იდენტობის გარეგნულ ნიშნებს. ფოტოგრაფიის კონცეფციის ამ ცვლილებამ, ფოტოგრაფების შემოქმედება გადაიყვანა ადამიანის მიმართ ჰუმანისტური დამოკიდებულებიდან რეფლექსიურ და ხშირად კრიტიკულ ხედვაზე როგორც საკუთარი იდენტობისადმი, ასევე ფოტოგრაფიისადმი.
ტომას პაბედინსკასი ასევე აცხადებს, რომ შემოქმედებითი თვისებები, რომლებიც დამახასიათებელი იყო ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის წარმომადგენლებისთვის, არ იყო ექსკლუზიურად „ლიეტუვური“ ან დამახასიათებელი მხოლოდ საბჭოთა კავშირის მხატვრული ფოტოგრაფიისთვის.
როგორც ფოტოგრაფიისა და კინოს კრიტიკოსმა სკირმანტას ვალიულისმა და ფოტოგრაფიის ისტორიკოსმა სტანისლოვას ჟვირგჟდასმა აღნიშნეს, ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის პიონერები განიცდიდნენ ფოტოგრაფიის ჰუმანისტური ტრადიციის გავლენას, რომელიც დომინირებდა დასავლურ ფოტოგრაფიაში გასული საუკუნის შუა ხანებამდე. იგულისხმება ომის შემდგომი ფოტოჟურნალისტიკის ჰუმანისტური სულისკვეთება, რომელიც ემთხვეოდა ლიეტუველი ფოტოგრაფების ეთიკურ და ესთეტიკურ კრედოს, მათ სოციალურ და ეთნოგრაფიულ მოტივებსა და ემოციურობას“. თავად ავტორები შთაგონების ერთ-ერთ წყაროდ ასახელებენ გამოფენას – “The man Family” (ადამიანთა მოდგმა), რომელიც „ჰუმანისტური ფოტორეპორტაჟის კულმინაციაა“.
“The man Family”-ს კურატორმა ედვარდ სტეიხენმა საკუთარი კონცეფცია ასე ახსნა: „გამოფენა ჩაფიქრებული იყო, როგორც უნივერსალური ელემენტების და ადამიანური ყოველდღიური ემოციების სარკე – როგორც მსოფლიოს კაცობრიობის უნივერსალური სარკე“. ამ გამოფენისთვის შერჩეულ ფოტოებს აერთიანებდა „არა სოციალური, არამედ საბაზისო ადამიანური ცნობიერება“. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი შთაგონებული იყო ჰუმანისტური ფოტოგრაფიით, რაც გულისხმობს ადამიანზე დაკვირვებას ფოტოგრაფიის მეშვეობით, მისი ფსიქოლოგიის, შინაგანი სამყაროს და სულის უნივერსალური თვისებების გამოვლენას.
როგორ დაიწყო ორი ინსტიტუციის – კაუნასის ფოტოგალერეისა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანამშრომლობა?
კაუნასის ფოტოგალერეა და თბილისის ფოტოფესტივალი 2012 წლიდან თანამშრომლობენ, პარალელურად თვალს ვადევნებდით თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის შექმნის ამბიციური იდეის განვითარებას და მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ TPMM-ით იამაყოთ. ეს მუზეუმი თავისი შესანიშნავი გუნდითა და პროგრამით სიამაყის ობიექტი იქნებოდა ნიუ-იორკში, ლონდონსა და პარიზშიც. ლიეტუვაში, კაუნასში ასეთ ამბიციურ პროექტზე ჩვენ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. მუზეუმს და მის პარტნიორებს დიდ მომავალს ვუსურვებ!
გამოფენის ორგანიზატორი: თბილისის ფოტო ფესტივალი & კაუნასის ფოტოგრაფიის გალერეა
მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო “სტამბა”, დ ბლოკი, მეორე სართული.
დასწრება თავისუფალია.