fbpx

ოდა დელფოს მეეტლესა და მარიანო ფორტუნის პლისე ქსოვილის შექმნაზე


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ  ბერძენიშვილი

 

ამბავი, რომელსაც დღეს მოგიყვებით, ვფიქრობ, ხელოვნების ორ – ფორმის და ესთეტიკის მიმართ განსაკუთრებით  მგრძნობიარე მიმართულებას აერთიანებს.

ქანდაკება როგორც მიზანი, ადამიანის ფიზიკური თუ სულიერი სახის შექმნის მცდელობა და ტანისამოსი, როგორც პიროვნების წარმომავლობის, საქმიანობის და მისწრაფებების ანარეკლი.

ქანდაკება დელფოს მეეტლე 1871 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, იგი მარტო მდგომ ახალგაზრდა მამაკაცის ფიგურას წარმოადგენს. სავარაუდოა, რომ ეს დიდი ზომის ქანდაკება გახლდათ, იგი კვადრიგასთან (ანტიკური 4-თვლიანი ეტლი 4 ცხენით, რომელსაც მეეტლე ფეხზე მდგომი მართავს) ერთად იყო გამოსახული. სკულპტურა ოლიმპიური თამაშების გამარჯვების აღსანიშნავად შეიქმნა. 

დახვეწილი ფორმებისა და  რეალისტურობის მაღალ ხარისხთან ერთად ეს ნამუშევარი ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დღემდე აღმოჩენილ არქაულ ქანდაკებებს შორის იგი ერთადერთი ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომელიც ბერძნული ორიგინალის სახით შემოგვრჩა.

ამ ნამუშევარს ნამდვილად აქვს ძალა მნახველთან მჭიდრო ემოციური კავშირი დაამყაროს, რბილი ფორმები, სახის ნაკვთებისა თუ დრაპირების უზადო დამუშავება ამაღელვებელი და მომნუსხველია, ესპანელი ხელოვანი მარიანო ფორტუნიც მოაჯადოვა მისმა ხილვამ და მისი ყველაზე დიდი მიგნება ტექსტილის სფეროში, Delphos Gown, სწორედ ამ ნამუშევრითაა შთაგონებული.

მარიანო ფორტუნი 1871 წლის 11 მარტს ესპანეთში, ქალაქ გრანადაში, მხატვრების ოჯახში დაიბადა, 1880-იან წლებში კი მშობლებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად.

მარიანოს მამა ეგზოტიკურ, ანტიკურ ნივთებსა თუ მცირე ზომის სკულპტურებს აგროვებდა, სწორედ ღრმა ბავშვობიდან მოდის მისი ინტერესი დიზაინისა თუ ავეჯის მიმართ. მამის მსგავსად მანაც ადრეული ასაკიდან დაიწყო ტექსტილის, მეტალის და სხვადასხვა დეკორატიული ნიმუშების შეგროვება. მისი სამუშაო მედიუმების დიაპაზონი არასდროს ყოფილა შეზღუდული და მოიცავდა ტექსტილის, ავეჯის, განათების თუ თეატრის დეკორაციის სისტემების შესწავლას, ეს სწორედ ის იყო, რაც მისთვის ახალ და საინტერესო გამოწვევებთან ასოცირდებოდა.

წლების განმავლობაში ფორტუნი ვენეციაში, პალაცო ორფეიში მუშაობდა მეუღლესთან ერთად, სადაც ისინი უამრავ ექსპერიმენტს ატარებდნენ.

ფორტუნი გატაცებული იყო ორიენტალისტური ხელოვნებით, განსაკუთრებით ტექსტილით, არაბული და აზიური ქსოვილის სახეობებით, ამ კულტურას მის ნამუშევრებში დიდი ადგილი უკავია.

ფორტუნი საკუთარ თავს მოდის დიზაინერად არ განიხილავდა, არასდროს იზღუდავდა თავს სეზონების მიხედვით სამოსის შექმნისგან, მის მთავარ ამოცანას ახლის გამოგონება წარმოადგენდა. დიდ დროს უთმობდა ქსოვილის ღებვას და ახალი სილუეტებისთვის სწორი მატერიების შერჩევას. მარიანო მხოლოდ ნატურალურ ქსოვილებთან მუშაობდა, როგორიცაა აბრეშუმი და ხავერდი. მას სპეციალურად ჩამოჰქონდა Tussah Silk იაპონიიდან, Carmine dye – მექსიკიდან, ინდიგოს ნატურალური საღებავები კი ინდოეთიდან და ბრაზილიიდან.

1901 წლიდან 1934 წლამდე მან ოცამდე ნივთის დაპატენტება შეძლო, რაც  განათების სისტემებს, პროპელერის აპარატს ნავებისთვის და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია – ე.წ. Fortuny Dome-ს მოიცავდა, ამ უკანასკნელმა მთლიანად შეცვალა თეატრალური სასცენო განათების სისტემა.

მას ასევე ეკუთვნის პრესის მანქანის გამოგონება, მრგვალი ფაიფურის ტუბებში სველ დაუმუშავებელ აბრეშუმს ათავსებდა, რომელიც შემდეგ იპრესებოდა და შედეგად მდგრად პლისე ქსოვილს იღებდა. აბრეშუმის დამუშავების ამ ტექნოლოგიის საიდუმლო ხელოვანთან ერთად გაქრა, რადგან ფორტუნის და მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მანუფაქტურას აეკრძალა „დელფოს“ წარმოება.

თუმცა მსგავსი ტუბები დღემდე გამოიყენება მაღალ მოდაში სხვადასხვა სისქისა თუ სიდიდის პლისე ქსოვილის მისაღებად. 

დელფოს ხშირად იცვამდნენ იმ დროის გამორჩეული ქალბატონები, მაგალითად, პეგი გუგენჰაიმი და მოცეკვავე აისედორა დუნკანი.

„დელფოს“ კაბის ესთეტიკა XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩენილი ერთი მიმდინარეობის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, ამ პერიოდში პრერაფაელისტებმა კლასიკური ბერძნული სტილის გაცოცხლება გადაწყვიტეს, მაშინდელ მხატვრობაში ხშირად შეხვდებით დავარდნილ, სიზმრისეული ეფექტის მქონე ქსოვილებს. კაბის ნაპირების დასამუშავებლად ფორტუნი მურანოს უმაღლესი ხარისხის შუშას იყენებდა, ამ მასალის და აბრეშუმის კომბინაცია სხეულზე დამდნარი ლავის შთაბეჭდილებას შეგიქმნიდათ. ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეული კაბა Body Friendly გახლდათ, მას ჰქონდა თასმა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ქალს შეეძლო იდეალურად მოერგო სამოსი საკუთარ სხეულზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.