fbpx

Vegetal Milk – უკრაინელი ხელოვანის, დანა სკიცკას საქველმოქმედო გამოფენა “პროპაგანდაში”


გააზიარე სტატია

 

 

არსებობენ მცენარეები, რომელთა ღეროდან რძე გადმოდის. რძე, როგორც მცენარის სისხლი. ეს  მდგომარეობაა  ახალგაზრდა არტისტს საკუთარი იარებიდან სისხლდენას აგონებს. 

16-იდან 21 ივლისის ჩათვლით “პროპაგანდა” სასტუმრო “სტამბაში” წარმოგიდგენთ ახალგაზრდა უკრაინელი ხელოვანის, დანა სკიცკას პირველ გამოფენას, სახელწოდებით “მცენარეული რძე”, რომელიც საქველმოქმედოა  და ნამუშევრების  გაყიდვიდან შემოსული თანხა ხერსონის რეგიონში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების სათანადოდ აღჭურვას მოხმარდება. 

გამოფენა ბავშვობას, წარსულის აღქმასა და ქვეცნობიერში დალექილი მოგონებებს  უკავშირდება, ისევე როგორც დანას სხვა  ნამუშევრები. როგორც თვითონ  ამბობს, მუშაობის პროცესი ყოველთვის გაუცნობიერებელია, წინასწარ არ არსებობს რაიმე გეგმა ან საბოლოო წერტილი, ის უბრალოდ გონებიდან “იღებს”  იმ ჩანახატებს, რაც ბავშვობამ დაუტოვა სამახსოვროდ. სხვაგვარი შემოქმედების გზა და ზრდასრულობის აღქმა მისთვის უცნობი და უცხოა. 

წარმოდგენილ გამოფენაში რთულია გაარჩიო ან ამოიკითხო პოლიტიკური ქვეტექსტები, რადგან ყველაფერი ბუნებისა და ფოლკლორისაკენ მიიწევს. მაგრამ სამშობლოს, უკრაინის ბუნებისა და კულტურის  გამოხატვა  უკვე წარმოადგენს არტისტისათვის მთავარ არსსა და დანიშნულებას. ის ჩანახატებიც კი, რომელიც კონკრეტულად მამისგან მოსმენილ ომის ამბებს აღწერს, ასევე ბუნდოვნად არის წარმოჩენილი და მნახველს  მხოლოდ  სევდას უტოვებს. ბავშვობა, ბუნება, დღევანდელი რეალობა, ყველაფერი იმ მცენარეული რძით – იარებიდან წამოსული სისხლით ამ ერთ პროექტში ერთიანდება. 

ყვავილებით შექმნილი დეკორაციები, სამკაული, ოდესღაც, ძველად,  უკრაინულ სახლებს ამშვენებდა, განსაკუთრებით კი წარმართულ დღესასწაულებზე, ბოროტი სულებისაგან თავის დასაცავად.  წარსულის აღქმა და მისი თავიდან განცდა არტისტის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. დანას ბავშვობა ბებია-ბაბუასთან, ტყით გარშემორტყმულ სოფელ პოლესიეს უკავშირდება და აქედან იწყება მისი მუდმივი სწრაფვა ბუნებისაკენ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.