fbpx

რას გავიგებ დღეს – ვონეგუტი, ხარატიშვილი და ვაშლოვანის ნაკრძალი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ქეთი ბზიკაძე


დღეს ისეთი დღე გამოდგა, აი, საერთოდ, არაფრის შემეცნების ხასიათზე რომ არ ხარ. წვიმდა ქარი ქროდა.  ინსტაგრამი ჩავსქროლე 1-2 წუთით. კურტ ვონეგუტის აუდიოწიგნი – “სარწეველა ფისოსთვის” ჩავრთე, მესამედ მივეცი შანსი, ბალიშთან დავიდე და დავიწყე მოსმენა, ჩამეძინა. გამეღვიძა. უკვე გვიანი იყო – აუდიოწიგნის მკითხველი სადღაც მე-15 თავზე იქნებოდა და ახალ-ახალ პერსონაჟებს ახსენებდა. 

ისევ საშინელი ქარი იყო. უგემურად და ბრაზიანად ვისაუზმე. ნინო ხარატიშვილის 1195-გვერდიანი “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” გავაგრძელე. 2-3 გვერდი წავიკითხე და მივხვდი, სხვა რამეზე ვფიქრობდი. სერიალ “The Sopranos”-ს გავაგრძელებ-მეთქი – ვერა, ვიფიქრე, სახლის ინტერიერში რამეს შევცვლიდი. შევცვალე! უარესისკენ!!! დავჯექი და ვსქროლე.  ბუნებრივია, სქროლვამ წაიღო. შემხვდა ბრენსონ დეკუს 1945 წელს გადაღებული ქუჩაში მოსეირნე პარიზელი ქალის ფოტო, 6 ბოთლი წითელი ღვინით და 1,5 მ სიგრძის ბაგეტით ხელში. ვიფიქრე, ნეტა ჩემი გადაღებული იყოს მეთქი. 

არაპროდუქტიული საკუთარი თავის გამო სინდისმა შემაწუხა, მაგრამ სქროლვა გავაგრძელე. 

შემთხვევით Underworld-ის 3 ალბომი შემომესმინა ამასობაში და ჩემი მეგობრის მესიჯმაც მომისწრო. მე და ელენე შემეცნებით ან, უბრალოდ, გაუსაძლისად საყვარელ reels-ებს ვუგზავნით ხოლმე ერთმანეთს. დღეს უნიკალური გველების მიმბაძველი მუხლუხის ვიდეოს ჯერი დადგა და, როგორც იქნა, რაღაცით გავერთე და მეტის გაგება მომინდა.

ბიოლოგია ყველაზე მეტად მიყვარდა სკოლაში. აღფრთოვანებული ვიყავი ცხოველების თვითგადარჩენის ინსტინქტით განპირობებული ფენომენალური თვისებით. 

შეჭამე ან იყავი შეჭმული! ბუნების ეს ფუნდამენტური კანონი დროთა განმავლობაში მცენარეებსა და ცხოველებში აყალიბებდა თვითგადარჩენის საინტერესო ადაპტაციურ მექანიზმებს, მაგალითად, მიმიკრიას. ამ პროცესში სამი ობიექტი მონაწილეობს:  იმიტატორი, მოდელი, რომელსაც ჰბაძავს იმიტატორი, და ის, ვინც ტყუვდება ამ იმიტაციით. 

ადაპტაციის მაგალითებია: ჰომოქრომია, რაც გულისხმობს ცხოველის გარემოში არსებულ ფონებთან გარევას, მაგალითად, პოლარული დათვი თეთრია, გარშემო არსებული თოვლის მსგავსად; მეორე, ანუ პატერნული კამუფლაჟირების მაგალითია  მტაცებელი ლომი ვერ აღიქვამს ფერებს და ხედავს ბიქრომატულ გამოსახულებას, ანუ შავ-თეთრს, როცა რამდენიმე ზებრა ერთად დგას, თავისი პატერნით  ისე “გადაებმებიან” ერთმანეთს, რომ ლომისთვის ერთ დიდ ორგანიზმად აღიქმება და თავდასხმას გვერდზე დებს. მსგავსია თევზების ჯგუფური გადაადგილებაც – ისინი მტაცებლისთვის ერთი დიდი ზომის ორგანიზმად წარმოჩინდება. არსებობენ ისეთი ორგანიზმები, რომლებიც სხვა არსებებზე მიმსგავსებით აგრძელებენ უსაფრთხოდ სიცოცხლეს. მაგალითად, ბაგამოლი, რომელიც ორქიდეას ჰგავს, კალია – ფოთოლს, ხოჭო – ჯოხს, პეპელა – ტოტს. Ჩემი საყვარელი ადაპტაციის ტიპი მიმიკრიაა, რისი მაგალითიც საოცრად ჭკვიანი რვაფეხაა, რომელსაც შეუძლია 15 სხვადასხვა ორგანიზმს  დაემსგავსოს ფერით, ფორმით, მოძრაობით. საკმაოდ უნიკალურები არიან უვნებელი გველები და პეპლები, რომლებიც თავისი სახეობის შხამიან ჯიშებს ჰგვანან, რომ საფრთხისშემცველებად გამოჩნდნენ. 

მიმიკრიის ნათელი მაგალითი გამოდგა ელენეს გამოგზავნილი ის პატარა, უვნებელი და ჩიტებისთვის მადისაღმძვრელი მუხლუხიც (Hawk Moth Caterpillar), რომელიც თავის გადასარჩენად გველს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და შემზარავ არსებას, ჰბაძავს, თავისი გაგანიერებული თავით, ლაქებით და თვალებითაც კი, რომელიც გველის ორად გაყოფილ ენას ჰგავს. 

ისე მოხდა, რომ სტატიის ამ აბზაცის წერას  სხვა დღეს ვაგრძელებ განსხვავებული განწყობით.  არც ქარია დღეს და არც პრედეპრესიულ განწყობაზე ვარ, პირიქით, სავსე ვარ უამრავი ახალი და სასიამოვნო გამოცდილებით. წინა აბზაცის მერე 3 კვირა გავიდა, მოვასწარი ვაშლოვანის ნაკრძალის სრულფასოვნად დათვალიერება, ხევსურეთში, ალპურ ზონაში, სეტყვაში აღმოჩენა, სამეგრელოში მეგობრებთან ერთად ეკალას ფხლის გაკეთება, ცაჩამოქცეულ ბათუმში ჩამოსვლა და სტატიასაც აქედან ვწერ.

ბუნების და თვითგადარჩენის თემატიკას ძალიან რომ არ ავცდე, ვაშლოვანის ნაკრძალზე გიამბობთ. წინა სტატიებშიც ვახსენე, რომ საქართველოში მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ამ უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაკრძალის მონახულების შემდეგ ყველას დაჟინებით ვურჩევ, რომ რაც შეიძლება მალე: მაღალი გამავლობის მანქანა, კარგი კომპანიონები და კარავი  იშოვოს, 3-4 დღის ამინდის პროგნოზი გადაამოწმოს, ვაშლოვანის ვიზიტორთა ცენტრში საშვებზე დარეკოს და სასწრაფოდ გაემგზავროს ქურციკების, ტალახის ვულკანების, უდაბნოების, ალესილი კლდეების, ალაზანზე გამავალი სასაზღვრო ზოლის, ოაზისების, მაჩვზღარბების, მერცხლების ქალაქის, ვინდოუსის უსასრულო მდელოების, დამშრალი ხევების და ა.შ. სანახავად.

პირველად ვიყავი ე.წ. ჯიპ-ტურში, ფეხით ფაქტობრივად არ გვივლია, ყველაფერს მანქანით ათვალიერებ. მიჯნისყურის ასკეტურ ბუნებაში ჯიპის წინ 3-4 ქურციკი გადაგირბენს წარმოუდგენელი სიჩქარით და თავი ტანზანიაში გგონია, უდაბნოში პატარ-პატარა ვესტერნული სახლების დანახვაზე – ტეხასში, მერე უცებ როუმინგი ირთვება და აზერბაიჯანს უყურებ და პატარა ოაზისში ხვდები, სადაც  ლომი და სპილო ერთად უნდა სვამდეს ალაზნიდან წყალს, ტახტი-ტეფას საოცარი პატერნების შემქმნელი ნავთობის აბუყბუყებული კრატერები ცალკე საოცრებაა და გზა ჭაჭუნას აღკვეთილში, რომელიც ამ “ვულკანებამდე” მიდის… აჰ, სულ დამავიწყდა… აქ იპოვეს საქართველოში მცხოვრები პირველი ჯიქი, ანუ ლეოპარდი, რომლის დანახვის მოლოდინში ხარ სულ, მაგრამ, როგორც მახსოვს, მომთაბარეობს და თუშეთში გადავიდა.

შეუძლებელია  სრულფასოვნად გადმოვცე ამ ნაკრძალის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა,  ვერც ტოპ-კამერა მიშველის და ვერც ორატორობა, თან არც ერთი მაქვს და არც  მეორე. ამიტომ ასე უსინდისოდ გადავალ ისევ კამუფლაჟირებაზე, თვითგადარჩენისთვის, და განახვებთ იქვე, არწივის ხეობაში ჩემს პირად აღმოჩენას: verbascum boerhavii – ულამაზესი ყვითელი ყვავილი, რომლის ბუტკოს და მტვრიანას აგებულება და შეფერილობა ძალიან ჰგავს ფუტკარს. ალბათ საუკუნეების განმავლობაში ყვავილი თვითგადარჩენისთვის, გამრავლებისთვის, იმისთვის რომ მწერი მოეზიდა და დამტვერილიყო, დაემსგავსა ფუტკარს და ისევ WOW!

მოკლედ, ვაშლოვანში National Geographic-ის კადრები ვიხილე რეალობაში და არცერთი წამი არ გაუცრუებია იმედები, ალბათ საუკეთესო ტური იყო საქართველოს მასშტაბით, ან ამაზე უკეთესში ჯერ არ ვყოფილვარ?! 

წადით, წვიმები მორჩება და წადით – სეზონი იწყება ვაშლოვანის, მადლობას მეტყვით:)


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.