fbpx

როგორ აქცია ფრანჩესკო კლემენტემ მოდელები ხელოვნების ნიმუშად


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინკა მამულაშვილი

 

ცნობილი მოდის ჟურნალის, Harper’s Bazaar-ის და 1980-იანი წლების გამოჩენილი ნეო-ექსპრესიონისტის, ფრანჩესკო კლემენტეს ორიგინალური კოლაბორაციის შედეგად, სუპერმოდელებმა – ანა ევერსიმ, ლია კიბედემ, კრისტი ტურლინგტონმა, ლინდა ევანგელისტამ და იმანმა, პოდიუმიდან ფერწერაში გადაინაცვლეს. 

Versace-ს კაბაში გამოწყობილი ანა ევერსი 23 წლის იყო, როდესაც კლემენტის სესიაში მიიღო მონაწილეობა. „გასაოცარია, რომ მისი მუზა ვიყავი, – იხსენებს მოდელი. – ის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არტისტია. ვფიქრობ, მან ჩემი ხასიათი ზუსტად დაიჭირა“.

ლია კიბედეს 20-წლიანი სამოდელო კარიერის მანძილზე არასოდეს ჰქონია ფერწერასთან შეხება, რაც მოდელისთვის ამ გამოცდილებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა. „მის შემოქმედებას არ ვიცნობდი, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ მან გვინეტ პელტროუს პორტრეტი დახატა (1998  წლის ფილმში „დიდი იმედები“ (Great Eexpectations), ძალიან აღელვებული ვიყავი, – ამბობს ის. – მახსოვს, როდესაც ფილმს ვუყურე, პორტრეტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. იგივე სტილში შესრულებული ჩემი პორტრეტი რომ დავინახე, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა“. 

კრისტი ტურლინგტონისთვის კლემენტი უცხო არ იყო, რომელთანაც პირველად მოდელმა 20 წლის წინ ითანამშრომლა. „ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ დრო ბევრ რამეს ცვლის“, – თქვა მან. ეს ფამილიარობა, ვალენტინოს განსაცვიფრებელ კაბასთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ტურლინგტონის პორტრეტი  გამორჩეული იყო ამ სერიაში. „პორტრეტი ისეთ განცდას გიქმნის, თითქოს პონტორმოს, მოდილიანის ან ჯაკომოს მიერ იყოს შესრულებული – მხატვრები, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს“.

ლინდა ევანგელისტა კრისტი ტურლინგტონთან ერთად, სუპერმოდელების ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო, თუმცა მისი ლეგენდარული 35-წლიანი კარიერის განმავლობაში მხატვრისთვის არასოდეს უპოზიორია. „ჩემს თავს ვუმეორებდი, ლინდა, ის არ აგირჩევდა, რომ არ მოსწონდე. როდესაც პირველად დავჯექი, კლემენტიმ მითხრა, „ნამდვილად გსურს ამ კაბის ჩაცმა?“ მე კი ვუპასუხე, „ეს კაბა მე ვარ“. – თქვა მოდელმა Dolce and Gabbana-ს ყვავილებით მორთულ კაბაზე. კლემენტის პორტრეტს ევანგელისტამ საკუთარი თავის „გაზვიადებული ვერსია“ უწოდა. 

პირველი მოდელი, რომელიც კლემენტის სერიისთვის შეირჩა, იმანი იყო. თუმცა, სამწუხაროდ, მეუღლის, დევიდ ბოუის გარდაცვალების გამო, მან ფოტოსესიის დასრულება ვერ შეძლო. როდესაც კლემენტის პორტრეტების სერიაში მონაწილე ქალებს ჰკითხეს, ვინ არის მათთვის სამაგალითო, ყველამ ერთხმად თქვა, „იმანი“.  

დღეს კლემენტის პორტრეტები სასურველი არტეფაქტებია საერთაშორისო ელიტისთვის, თუმცა მან ფართო პოპულარობა 1983 წელს, Mary Boone Gallery-ის მეშვეობით მოიპოვა, სადაც არტისტმა ყურადღება მისი სიურრეალისტური, სიზმრის მსგავსი კომპოზიციებით მიიპყრო. „წარმოსახვა გონების ფუნქციაა, რომელიც გარკვეულწილად იმ ფუნდამენტურ გამოცდილებებთან არის დაკავშირებული, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეგვიძლია“, – აღნიშნა მხატვარმა. ქვეცნობიერი სწორედ ის ქვეტექსტია, რაც კლემენტის პორტრეტებს უნიკალურს ხდის, რადგან ფერწერაში პორტრეტი ხშირად ზედაპირულ, ამაოებაზე დაფუძნებულ ჟანრად მიიჩნევა. 

მოდელების პორტრეტები და თანმხლები ინტერვიუები დაკავშირებულია ნომრის სერიასთან – fabulous at every age (“ზღაპრული ყველა ასაკში”). ამ ქალების ნახატებისა და ისტორიების დანახვა ასაკთან ერთად კიდევ უფრო დახვეწილი ხდება და მკითხველს აიძულებს გააცნობიეროს, რომ პორტრეტებში სილამაზეზე ბევრად მნიშვნელოვანი რამ იზომება: სიცოცხლე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.