fbpx

რა წავიკითხოთ ზაფხულში?


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

ზაფხული ადამიანებისთვის ყოველდღიური, დამქანცველი რუტინისგან თავის დაღწევის, დასვენებისა და ახალი ენერგიის მოკრების სეზონია. ჩვენ სხვადასხვა ადგილებს ვირჩევთ დასასვენებლად: იქნება ეს ზღვა, მთა, სოფელი თუ სხვა, მაგრამ, სადაც  უნდა მივდიოდეთ, ჩემოდანში მაინც ვუთმობთ ადგილს წიგნს და ამ გზით კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ვხდით ამ სეზონს. ალბერ კამიუსთვის ზაფხული ქაოსში სიმშვიდის პოვნის ხელოვნებაა: “შუაღამეა, მარტო ვარ სანაპიროზე, ცოტას დავახანებ, მერე წავალ, ვარსკვლავებით აკიაფებული ზეცაც მიყუჩდა, მსგავსად აი, იმ ნათურებით გაჩახჩახებული გემებისა…” ფრანგი კლასიკოსი ზაფხულის რომანტიზმს მარტო დარჩენასა და მშვიდად ფიქრში ხედავს. ძნელია, თანამედროვე სამყაროში დავეთანხმოთ ფრანგ გენიოსს და გართობის ათას ერთ ფორმაზე უარი ვთქვათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გასული საუკუნის ინსტინქტებიდან ბევრი არაფერი გამქრალა და რიგ ეპიზოდებში ადამიანები ამ რეალობიდან გაქცევას მხატვრული ნაწარმოებებით ცდილობენ, დასვენების პერიოდშიც კი… 

 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ის რამდენიმე ნაწარმოები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ ჩასწვდეთ კამიუს თვალით დანახულ სიამოვნების წყაროს და იმოგზაუროთ მრავალფეროვან, საინტერესო და, როგორც ოლდოს ჰაქსლი იტყოდა, “საოცარ ახალ სამყაროში”.

 

“საუკუნის სკანდალი” – გაბრიელ გარსია მარკესი

კოლუმბიელ კლასიკოსს, გაბრიელ გარსია მარკესს, ქართველი მკითხველი რომანებითა და მოთხრობებით იცნობს. ჩვენთვის ახალი სულაც არაა, პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას, სანტიაგო ნასარის, წერილის მოლოდინში მყოფი პოლკოვნიკის, დიქტატორის თუ სხვა ლეგენდარული მხატვრული სახეების ისტორიები, მაგრამ, ვფიქრობ, ის კი ძალიან საინტერესოა, თუ როგორ მუშაობდა ავტორი ამ სიუჟეტებისა და პერსონაჟების ჩამოყალიბებაზე. გამომცემლობა “ინტელექტის” გამოცემული “საუკუნის სკანდალი” მარკესის ერთ-ერთი ვრცელი, ცნობილი რეპორტაჟის სათაურია და ეს ტექსტი მწერლის ჟურნალისტურ მხარესაც შესანიშნავად გვაცნობს. მარკესს საგამოძიებო რეპორტაჟების წერისას თავისი სტილი არასოდეს დაუკარგავს,  – ის დოკუმენტურ ამბებს მხატვრულ სტილში მოგვითხრობს და მკითხველისთვის ძალიან საინტერესოდ აქცევს. ჩანაწერებისა და რეპორტაჟების ამ კრებულში შეხვდებით თქვენთვის კარგად ნაცნობ სახეებსაც. მაგალითად, გაიგებთ, თუ როგორია გაბოს თვალით დანახული ერნესტ ჰემინგუეი, რა დამოკიდებულება აქვს მარკესს ზოგადად მხატვრული ლიტერატურის მიმართ, როგორ იქმნებოდა ბუენდიების ოჯახის, მაკონდოს ისტორია და და ბევრ სხვა ისეთ დეტალს, რომელიც მწერლის ცხოვრებისა და ნაწარმოებების უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება. ამდენად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პატარ-პატარა ჩანაწერებისგან შემდგარი კრებული ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

 

 “მთვარე კოცონთა მიღმა” – ჩეზარე პავეზე

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მწერლის, ჩეზარე პავეზეს რომანი “მთვარე კოცონთა მიღმა” გამომცემლობა “ინტელექტმა” წინა წელს გამოსცა. წიგნის მთავარი გმირი საკუთარი ფესვებისა და საკუთარი თავის საპოვნელად ამერიკიდან ბრუნდება. პროტაგონისტი ამერიკაში გამდიდრდა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მთავარი სიმდიდრე ვერ მოიხვეჭა – ვერ დაადგინა, თუ “რა სისხლია მის ძარღვებში?”, “ვინ იყო ის დაბადებამდე” და ასე შემდეგ. რომანი სავსეა ავტობიოგრაფიული დეტალებითა და შტრიხებით. პავეზეს სურს, რომ მთავარ გმირთან ერთად ზემოთ აღნიშნულ შეკითხვებს უპასუხოს და პასუხებამდე მისვლას ძალიან დინამიკური თხრობის სტილით, განსაცვიფრებლად სხარტი წინადადებებითა და ფათერაკებით სავსე თავგადასავლების მოგონებებით ცდილობს. წიგნის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი რომანტიკული საწყისია. ავტორმა რომანი თავის უკანასკნელ სიყვარულს, ამერიკელ მსახიობსა და მოდელს, კონსტანს დოულინგს მიუძღვნა. ჩეზარე პავეზეს ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ღირსება, ვფიქრობ, ურთულესი თემების მარტივი და აკურატული ფრაზებით გადმოცემაა, რაც მისი შემოქმედების წაკითხვას ძალიან ამარტივებს. სწორედ ამ მახასიათებლის საოცარი ნიმუშია “მთვარე კოცონთა მიღმა”, რომელიც, ვფიქრობ, ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც პავეზესეულ, ზოგად-საკაცობრიო საკითხებზე ჩაფიქრება და დასკვნების გამოტანა უყვარს. 

 

“საუბარი კათედრალში” – მარიო ვარგას ლიოსა

მარიო ვარგას ლიოსას შედევრი “საუბარი კათედრალში” პირველად 1969 წელს გამოქვეყნდა. ქართველი მკითხველისთვის ლიოსას რომანები და მათში არსებული თემატიკა უცხო არაა. ქართველი მკითხველი უკვე შესანიშნავად იცნობს “ცუდი გოგოს ოინებს”, “დეიდა ხულიას”, ლეონსიო პრადოს თვალით დანახულ სამხედრო სასწავლებელში არსებულ სისასტიკეს, დიქტატორ ტრუხილიოსა და “ხუთ კუთხეში” გადმოცემულ პროპაგანდისტულ, ადამიანთა დასაშანტაჟებელ გაზეთს. “საუბარი კათედრალში” ქართულად შესანიშნავად თარგმნა ლანა კალანდიამ. რომანში საუბარია უსამართლო, კორუმპირებული სისტემის შესახებ, რომელმაც “ყოფა უტირა” პერუს და ადამიანებს მომავალი წაართვა. რომანის გმირები სანტიაგო და ამბროსიო არიან. ისინი წლების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და მათი გულწრფელი დიალოგის მიღმა მკითხველი ხედავს, თუ სადამდე მიიყვანა დიქტატორმა ოდრიამ პერუს საზოგადოებრივი ცხოვრება. უნდა აღვნიშნოთ, რომ რომანს თავისებური სირთულეები ახასიათებს, მაგალითად, მრავალშრიანი დიალოგები, თხრობის საოცრად დინამიკური სტილი და სხვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, წიგნი მაინც ძალიან სწრაფად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ ასეთი მარიო ვარგას ლიოსა აქამდე არ გვინახავს, ეს რომანი მისი ყველა სხვა ტექსტისგან რადიკალურად განსხვავებულია. პერუელი კლასიკოსი ამბობდა, რომ თავისი ნაწარმოებებიდან ერთის გადარჩენა რომ შეეძლოს, აუცილებლად აირჩევდა – “საუბარი კათედრალში”.  ამდენად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რით იყო ლიოსა ასე აღფრთოვანებული და რატომ მიიჩნევა ეს რომანი მისი შემოქმედების გასაღებად. 

 

“ჩემი უცნაური ფიქრები” – ორჰან ფამუქი

ადამიანი, რომელმაც თურქეთი გააჩინა მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზე, თავის საყვარელ თემას – სტამბოლს და დასავლურ-აღმოსავლური კულტურების თანაარსებობას უბრუნდება. ორჰან ფამუქი საკმაოდ სქელტანიან, “დიოგენეს” გამოცემულ რომანში “ჩემი უცნაური ფიქრები” თურქული ტრადიციული სასმლის, ბოზას, გამყიდველების ისტორიას აღწერს. მთავარი გმირი, მევლუდი, ძალიან ღარიბი სოფლიდან სულ რაღაც 12 წლის ასაკში ჩამოდის სტამბოლში, საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. მწერალი მევლუდის თვალით დანახულ სტამბოლის საიდუმლოებების შესახებ გვიამბობს. ავტორმა პოლიტიკურ კონტექსტს ამ ნაწარმოების წერის დროსაც არ უღალატა. ბოზას გამყიდველების ისტორიის მიღმა მკითხველის თვალწინ ცივილიზაციათა მთელი რიგი მახასიათებლები იშლება. ფამუქი ადამიანური, ყველასთვის კარგად ნაცნობი განცდების ილუსტრირებას ცდილობს და, ვფიქრობ, ბრწყინვალედ ართმევს ამ ამოცანას თავს. მიუხედავად რომანის სიდიდისა, მკითხველი დაღლას ვერ გრძნობს, მეტიც, ყოველი წაკითხული გვერდის შემდეგ უფრო და უფრო ეფლობა მევლუდის სამყაროში და ცხადად ხედავს რომანში მოცემული პერიოდის სტამბოლისა და თურქეთის ცხოვრებას. ამდენად, მიმაჩნია, რომ ზაფხულის დასვენების პერიოდი საუკეთესო დროა ამ ტიპის უდიდესი მნიშვნელობის რომანებისა და მსგავსი საინტერესო სამყაროების აღმოსაჩენად.

 

“კუნძულის შესაძლებლობა” – მიშელ უელბეკი

რამდენიმე წლის წინ “სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა მიშელ უელბეკის, ვფიქრობ, საუკეთესო რომანი “კუნძულის შესაძლებლობა”. რომანის მთავარი თემა სიყვარულია. მთავარი გმირი, კომიკოსი დანიელი, მაყურებელს წარმატებით ართობს სხვადასხვა ტიპის იუმორისტული სკეტჩებით. უეცრად ის გადაწყვეტს, რომ პორნოფილმი გადაიღოს. წარმატებებით თავბრუდახვეული მთავარი გმირი ადამიანის გონებითა და აზროვნების ანალიზით ინტერესდება. მიშელ უელბეკი ამ თავგადასავლების მიღმა ძალიან მწარე, აუტანელ რეალობას ხატავს და მკითხველს სამყაროს თავისებურ ხედვაში ღრმად ითრევს. ბევრ სხვა საინტერესო მახასიათებელთან ერთად ნაწარმოების განსხვავებული სტრუქტურა ერთ-ერთი უმთავრესი დეტალია რომანზე მსჯელობისას. ტექსტში ერთმანეთს ორი სხვადასხვა სიუჟეტური ხაზი ენაცვლება, რაც მარიო ვარგას ლიოსას მიერ “ვაცის ნადიმისა” და “დეიდა ხულიას” სტრუქტურულ თავისებურებებს მოგვაგონებს. უელბეკის რომანში ერთმანეთს ფანტასტიკური და რეალური სამყარო ეჯახება და, ვფიქრობ, სწორედ ამ ორი ასპექტის გადაკვეთაში უნდა მოვძებნოთ ნაწარმოების მთავარი სათქმელიც. 

 

ამერიკელი მწერალი, ჯერომ სელინჯერი, ამბობდა, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰყავდეს გვერდით ვინმე, გამომლაპარაკებელი. იმედს ვიტოვებ, ზემოთ მოყვანილ ნაწარმოებთა წაკითხვა ახალი სამყაროების აღმოჩენასა და სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ, მოგწყვეტთ სტრესულ და დამღლელ გარემოს და ზაფხულის ცხელ დღეებში გამომლაპარაკებლის ფუნქციასაც შეასრულებს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.