ქართული წარმატება მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე
მადრიდის რიგით მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 18 ივლისს გაიხსნა — ჩვენი ყურადღება ფესტივალმა კი მას შემდეგ მიიქცია, რაც გავიგეთ, რომ ქართველი მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე საუკეთესო მსახიობად, ხოლო ბახვა ბრეგვაძე მოკლემეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.
თითქიმის 3-წუთიანი ვიდეო “შენი ისტორია“ ქართული ღვინის ბრენდისთვის, სარაჯიშვილისთვის გადაიღეს. მასში მონაწილეობას კი ცნობილი ქართველი მსახიობი, ნინო კასრაძე, მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე იღებენ.
AT.ge ბახვა ბრეგვაძეს დაუკავშირდა და კინოფესტივალისა და მისი ნამუშევრის შესახებაც ჰკითხა
“კომპანია სარაჯიშვილისთვის გაკეთდა ვიდეოების სერია — სულ 10 ვიდეო გადავიღეთ, აქედან ნაწილი იხილა მაყურებელმა, ნაწილი კი ჯერ კიდევ გამოსაქვეყნებელია.
სწორედ ამ სერიიდან, ერთ-ერთი იყო ვიდეო “შენი ისტორია“, რომელშიც ნინო კასრაძე, ნიკა მაჩაიძე და ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობენ და რომელსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ოპერატორების “ოსკარის“ მფლობელი ქართველი ოპერატორი, გიორგი შველიძე ვიდეოს გადაღების შემდეგ ამბობდა, რომ ნამუშევარი პატარაფილმს ჰგავდა და რომ წარმატების შანსი ჰქონდა.
საბოლოოდ კი მარიამ ცქიტიშვილმა და ლევან კუპატაძემ “შენი ისტორია“ გაგზავნეს სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის, მადრიდში, საიდანაც ძალიან მალე მივიღეთ ნომინაციები და ბოლოს რამდენიმე ჯილდოც ორ სხვადასხვა კატეგორიაში.
ვიდეოსთვის მუსიკა სპეციალურად მარიამ ჯანჯღავამ, ნინი ნუცუბიძემ და გიგაშამ შექმნეს. მიხარია, რომ უნიჭიერესი ქართველი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის პირველი საერთაშორისო წარმატების „მოზიარე“ გავხდი. ძალიან ბედნიერი ვართ ყველა.
“გამარჯვებას არ ველოდი ნამდვილად, ეს იყო ყველაზე მოკლე ფილმი მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის და ცოტა რთულია “მოასწრო” და დააჯერო ვიღაც, მაგრამ არ ვიცი მემგონი გამოვიდა და ძალიან გახარებულები ვართ, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბახვა მოიგებდა, საბედნიეროდ ეგრეც მოხდა”, – ამბობს მსახუობი ანდრო ჭიჭინაძე.




