დემნა გვასალია “უკრაინის აღდგენის” მიმართულებით UNITED24-ის ელჩად წარადგინეს
დემნა გვასალია უკრაინის აღდგენის გლობალური ფონდის – პლატფორმა UNITED24-ის ელჩი გახდა. ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალური მედიის მეშვეობით, თავადვე განაცხადა. ზელენსკიმ ინსტაგრამზე დემნასთან ვიდეოზარის ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა და მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისათვის.
View this post on Instagram
დემნა გვასალია უკრაინის აღდგენის ფონდთან Balenciaga-ს კრეატიული ხელმძღვანელის სტატუსით ითანამშრომლებს. კოლაბორაციის ფარგლებში, ფრანგული მოდის სახლი მაისურების ხაზს გამოუშვებს, რომლის თემატური დიზაინი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ცნობადობის გაზრდას და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამასთან ერთად, სპეციალური კოლექციის გაყიდვიდან მიღებული სრული შემოსავალი, სწორედ UNITED24-ის ფონდში გადაირიცხება.
აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიამ უკრაინისადმი სოლიდარობა აქამდეც ღიად გამოხატა. შეგახსენებთ, რომ მარტში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე მისულ სტუმრებს, სკამებზე დახვდათ მაისურები უკრაინის დროშის ფერებში. მაისურებს თან ახლდა წერილი დემნასგან, რომელშიც დიზაინერი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებდა. ამის შემდეგ კი, ჩვენება უკრაინულ ენაზე მიმართვით გაიხსნა – ეს იყო ლექსი, რომელსაც თავად დემნა კითხულობდა.



