fbpx

VOGUE – სიმამაცის პორტრეტი: უკრაინის პირველი ლედი – ოლენა ზელენსკა


გააზიარე სტატია

 

ფოტო: Rachel Donadio Photography By Annie Leibovitz

თარგმანი: ანი ქისტაური

ომის დროს პირველი ლედისთვის სცენარი არ არსებობს, ამიტომ ოლენა ზელენსკა საკუთარს თვითონ წერს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე, კომედიების ავტორი, ყოველთვის ამჯობინებდა კულისებში დარჩენას, მაშინ როდესაც მისი ქმარი, ყოფილი კომიკოსი და პოლიტიკოსი, რომლის პრეზიდენტობამ შესაძლოა, ჯერ კიდევ განსაზღვროს თავისუფალი სამყაროს ბედი, ყურადღების ცენტრში ანათებდა.

ოლენა ზელენსკას გვარი კიაშკოა. დედამისი სამშენებლო კომპანიის ინჟინერი და მენეჯერი იყო, მამა კი – ტექნიკურ სკოლაში პროფესორი. იგი ქმრის მსგავსად დედისერთაა.

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზელენსკა მოულოდნელად აღმოჩნდა ტრაგედიის ცენტრში. როდესაც მას სტატიის ავტორი რეიჩელ დონადიო ცოტა  ხნის წინ, წვიმიან შუადღეს, შეხვდა კიევში, სადაც კაფეები ჩართული სირენების ფონზეც კი სავსე იყო, მისი მოციმციმე სახე და მომწვანო-ყავისფერი თვალები თითქოს ყველა იმ ემოციას გამოხატავდა, რომელიც დღეს უკრაინაში ტრიალებს: ღრმა სევდა, შავი იუმორის ნაპერწკალი, ბედნიერი წარსულის მოგონებები და მტკიცე ეროვნული სიამაყე. ის, რაც მას შთააგონებს, მისივე თანამემამულე უკრაინელები არიან.

„ეს იყო ყველაზე საშინელი თვეები ჩემსა და ყველა უკრაინელის ცხოვრებაში. ჩვენ მოუთმენლად ველით გამარჯვებას და ერთი წუთითაც არ გვეპარება ეჭვი, რომ გავიმარჯვებთ. ესაა, რაც წინსვლაში გვეხმარება“, – თქვა მან და თარჯიმნის მეშვეობით ისაუბრა მშობლიურ ენაზე.

თავიდანვე ეს ომი მიმდინარეობდა როგორც ხმელეთზე, ასევე საინფორმაციო სივრცეში, სადაც ზეთისხილისფერ მაისურში გამოწყობილი პრეზიდენტი ზელენსკი – საზრიანი, ტელეგენური და ენერგიული კაცი – საერთაშორისო მხარდაჭერისა და ახალი სამხედრო დახმარებისთვის იბრძვის. აქ პირველი ლედის როლი აღარ არის უმნიშვნელო და ორნამენტული. ზელენსკა, რომელიც ქმრის მსგავსად  44 წლისაა, საზოგადოების თვალში გამოჩნდა და გახდა მისი ერის სახე – ქალისა და დედის სახე, თანამგრძნობი ადამიანის სახე.

უკრაინაში ათიათასობით ქალი იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებებში და ზელენსკას როლი სულ უფრო და უფრო გადის დიპლომატიაზე. ცოტა  ხნის წინ იგი ვაშინგტონში არაოფიციალური, დაუგეგმავი ვიზიტით იმყოფებოდა და შეხვდა როგორც პრეზიდენტ ბაიდენს, ასევე პირველ ლედის, დოქტორ ჯილ ბაიდენსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. იქ მან ასევე მიმართა კონგრესსა და დეპუტატთა ორპარტიულ ჯგუფს, როგორც დედამ და ქალმა, ყველას აჩვენა უკრაინელი ბავშვების სურათები, რომლებიც რუსულ რაკეტებს შეეწირნენ, მათ შორის – ოთხი წლის დაუნის სინდრომის მქონე პატარა.

„მე ვითხოვ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მომინდებოდა – იარაღს, რომელიც არათუ სხვის მიწაზე ომის საწარმოებლად გვჭირდება,  არამედ საკუთარი სახლის დასაცავად“, – განაცხადა მან.

ლონდონში მცხოვრები Vogue Ukraine-ის ყოფილი რედაქტორი ტეტიანა სოლოვეი ამბობს, რომ ოლენა ზელენსკას გამოსვლა კრიტიკული იყო და ამ ომში ქალთა ხმას კარგად უნდა  მოუსმინონ, რადგან ზელენსკა არის პირველი, ვინც ომის ადამიანურ გამოცდილებაზე ისაუბრა.

ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტი ზელენსკი მთელი მსოფლიოს ეკრანებზე ჩანდა და სთხოვდა შეერთებულ შტატებსა და ევროპას, გამოეგზავნათ იარაღი და დახმარება, ამ დროს პირველი ლედი და შვილები უსაფრთხო ადგილზე იყვნენ. იმ რთულ დღეებში ოლენა ზელენსკა  პირველი ლედის ოფიციალურ მოვალეობებს ასრულებდა, აძლევდა წერილობით ინტერვიუებს და ა.შ.

„ჩემს ყოველდღიურ განრიგში არ იყო  თავისუფალი დრო,  როდესაც შემეძლო უბრალოდ დავმჯდარიყავი და ცუდზე მეფიქრა“, – თქვა მან. ოლენა ეხმარებოდა შვილს ონლაინ სწავლაში, რაც საკმაოდ რთული იყო, ეთამაშებოდა სამაგიდო თამაშებს და კითხულობდა. ზელენსკამ ხელახლა წაიკითხა ჯორჯ ორუელის „1984“, რაზეც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საშინელი დამთხვევა და ზუსტი სურათია იმისა, რაც დღეს რუსეთში ხდება.

 

სრულად: https://www.vogue.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.