fbpx

რას გავიგებ დღეს? – ტარო, ავტოსტოპი და ბედისწერა


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი ბზიკაძე

 

ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი სამეგრელოში რამდენიმე დღით, სრულ სიმშვიდესა და ჰარმონიაში. გადავწყვიტე, ჩვენი პასტორალური ცხოვრების ერთ-ერთ გასართობზე ინტერვიუს ფორმატში მომეყოლა. გამორჩეულად შესანიშნავი ელენე დ. ინტერვიუში მოგვიყვება XV საუკუნიდან აქტუალურ ტაროს კარტზე, რომელიც მე-18 საუკუნიდან ევროპელი დიდგვაროვნების ბუდუარებში კარტომანიაში, ანუ მკითხაობაში, ოკულტისტური მიზნებით გამოიყენებოდა.

 პირველად ტაროს 5 თვის წინ ვეზიარე საოცრად ემოციური ფონის თანხლებით, ელენემ დამსვა, გონება გამასუფთავებინა, მომიწოდა კონცენტრირებისკენ მთავარ კითხვებზე, დასტაზე ხელი დამადებინა და აჩეხისას შემთხვევით ამოტრიალებული კარტებით მისტიკური საღამო მომიწყო კურკუმას და ქოქოსის რძის უალკოჰოლო კოქტეილის თანხლებით.

მე როგორც ბედისწერისადმი სკეპტიკურად განწყობილი პერსონა, მაინც საკმაოდ აღელვებული ველოდებოდი, რას მეტყოდა შემთხვევითობა. ვკვდებოდი ინტერესით, იმიტომ რომ მჯეროდა მთელი ამ სეანსის ინტროსპექციული ხასიათის, წინასწარვე გავაცნობიერე, რისი მოსმენა მინდოდა. ელენეს მიერ მაგიდაზე დადებული კარტების განმარტებას პარამონიულად მთავარ შეკითხვებამდე მივყავდი. მოკლედ, შედეგად ის მივიღე, რომ უფრო დავრწმუნდი ჩემს სურვილებსა და შიშებში, პრინციპში მხოლოდ ასეთი ჯადოქრობის და მისტიკის მწამს, რასაც საკუთარ თავთან და ფიქრების დამშვიდებულ კალაპოტთან მიჰყავხარ.

“Tarot is a spiritual practice that helps people better understand themselves. Sometimes, when people are anxious and depressed, it’s a sign that their soul needs nurturing. Tarot connects deeply with the soul. It’s a really good vortex for opening the subconscious mind and collective unconscious mind… and for figuring out what’s going on below the surface.” Cindi Sansone-Braff,  (tarot card reader)

 

რა კითხვებით შეგიძლია მიმართო ტაროს?

ე.დ. ნებისმიერი საკითხით, რაც გაინტერესებს, ტარო ამაში დაგეხმარება, ტარო ხო სინამდვილეში Selfcare არის. მსგავსი პრაქტიკით დაინტერესებულებს არ აქვთ მოლოდინი, რომ გაშლილ კარტზეა მათი ბედი დამოკიდებული, მათთვის ეს თვითრეფლექსიის საშუალებაა, მათში არსებული შეგრძნებების და ცოდნის მხატვრული და პოეტური დასტურია, მარტივად რომ ვთქვათ, ტაროს სეანსი გი-approve-იებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც უკვე ისედაც გადაწყვეტილი გაქვს.

რატომ გახდა ასეთი პოპულარული ტარო?
ე.დ. ძალიან გვჭირდება თანამედროვე ციფრულ სამყაროში მცხოვრებ მექანიკურ და ავტომატიზებულ ადამიანებს ჯადოქრობის ნაპერწკალი, რომელიც ნუგეშის მომცემი და დამამშვიდებელია. საინტერესოა, რომ თავდაპირველად კარტზე მეფეებისთვის მკითხაობდნენ, რათა გაეგოთ მათი შთამომავლების ამბავი, ომის თარიღები, შედეგები და ა.შ. ადამიანების იმედის მოთხოვნილებამ ტარო ფუფუნების საგნიდან ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქცია. 

ნაპოლეონის ცოლის ტაროს მკითხავზე წავიკითხე სტატია და წარმოვიდგინე, რომ ბოროდინოს, მარენგოს და ვატერლოოს ბრძოლების ბედიც სრულად ამ ქალის ხელში იყო. 

ე.დ. მაგიტომაც ეშინოდათ და წვავდნენ ჯადოქრებს. მკითხავებს მანუგეშებელ ინფორმაციასთან ერთად, მწარე სიმართლის თქმაც შეეძლოთ, ანუ ძალაუფლება და ცოდნა აქვთ ხელში და ამით მანიპულაციის საშუალება ეძლევათ, მითუმეტეს, თუ ადამიანი პირდაპირ და ბრმად, გაუაზრებლად და არა მეტაფორულად აღიქვამს მკითხაობას.

 

ძირითადად რა თემატიკაზე გატარებინებენ ტაროს სეანსს?

ე.დ. ძირითადად სიყვარულზე, როცა გაინტერესებს, რას ფიქრობს შენზე ის, ვინც მოგწონს, როგორ უნდა მოექცე მას, აიგნორო, ეპრანჭო, თავი იფასო თუ პირიქით… დახმარება ძირითადად სასიყვარულო ამბებში გვჭირდება, ტარო გეხმარება გაერკვე გრძნობებში, სურვილებში, გადაწყვეტილებებში, თუმცა საბოლოოდ მაინც ისე გაიგებ მკითხავის ნახსენებ სიმბოლოებს, როგორც გჭირდება და სწორი გგონია. ეს პროცესი შეიძლება გაიგივებული იყოს მეგობარულ საუბართან.   მე პირადად შემთხვევით ამოსული სიმბოლოები და არკანები თვითრეფლექსიაში მეხმარება, მომავალში რა მოხდება ცოდნის მიღმაა და ტაროს ფუნქციაც არაა წინასწარმეტყველება. სიმბოლოებთან გაჩენილი დიდ-პატარა ასოციაციები რეალობასთან იმდენად გვახარებს, რომ რაღაც ჯადოსნურ რწმენას გვიჩენს –  გვჯერა, რომ “რაღაც არსებობს” და სეანსიც უფრო სასიამოვნო ხდება. საერთო ჯამში, დამამშვიდებელი და იმედისმომცემია ტარო, ცუდი პასუხების შემთხვევაშიც კი  შეიარაღებული და მომზადებული ხარ.

 

ერთგვარი ფსიქოთერაპია, ხომ ტარო? 

ე.დ. ვერაფრით ჩაანაცვლებ ფსიქოთერაპიას, ტარო თვითანალიზსა და ძველ ტრავმებში ვერ დაგეხმარება, რა თქმა უნდა. ტაროს გაშლის სურვილი როცა ჩნდება, ბუნებრივია, რომ რაღაც საკითხისადმი წუხილი და კითხვები გაქვს და სეანსიც მარტივი პასუხების პოვნის საშუალებაა, მიმართულების მომცემი უფროა.

მე ასტროლოგიასაც ასევე  აღვიქვამ, რა ფიქრებიც პარანოიულად გიტრიალებს თავში იმის პასუხებს გაძლევს, არა? 

ე.დ. ასტროლოგიაც მსგავსი პრაქტიკაა და მჭიდრო კავშირშია ტაროსთან. თუმცა ჩემთვის
ასტროლოგია უფრო ფსიქოანალიზია, ვიდრე ტარო, ტარო უფრო კითხვებზე პასუხი და მიმართლების მიცემაა იმ მომენტში. ასტროლოგია იდენტობის ბევრად სიღმისეულად ჩაშლის საშუალებას გაძლევს მცირე ჯადოსნობის ელფერით. 

კიდევ არაერთ გვერდს გავავსებდი ელენესთან ლაპარაკში ფსიქოანალიზსა და თრიგერებზე, მაგრამ ამჯერად საკმარისია.

ჰოდა, ზოლიან ლეიბზე გაშლილი კარტების არკანებს და სიმბოლოებს დავუჯერე, ავწონ-დავწონე და პასუხებით ნასიამოვნები, ბედს და საკუთარ გადაწყვეტილებებს მივენდე და შამპანურის მოყვარულმა გადავწყვიტე სამეგრელოდან ბათუმამდე მარტო მემგზავრა ავტოსტოპით. 

5 მანქანა გამოვიცვალე სოფ. ბანძადან ბათუმამდე. 5-ივეში გულისფანქცალით ვჯდებოდი, თან მიხაროდა, რომ წინ წამწევდნენ და მალე ჩავიდოდი მეგობრებთან ბათუმში, თან, ვაიდა, ვინმე მანიაკები შემხვედროდნენ!!!!!

ავტოსტოპი ყოველთვის მომწონდა კონცეპტუალურად. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში,  დიდი დეპრესიის დროს,  აშშ-ში პატრიოტული ვალდებულებაც კი იყო ცერათითგაშვერილი ხალხის მანქანაში ჩასმა და მათი დახმარება. რამდენიმე საკულტო ძველ ფილმშიც კი გვხვდება მთავარი პერსონაჟების ავტოსტოპის სცენები, რაც, ბუნებრივია, დიდი გაჭირვების სიმბოლოდ გვევლინება. ამის გარდა გარემოზე ზრუნვაც ხოა მსგავსი ანიკონსუმერისტული ტრანსპორტირების მეთოდი. ნელ-ნელა ავტოსტოპი კონტრკულტურასთან გაიგივდა და უფრო ფუნდამენტური, მემარცხენული სახე მიიღო, ამიტომ მთავრობამ ანტიკამპანია დაიწყო და არალეგალურადაც სცნო ავტოსტოპით გადაადგილება, გარდა ამისა, ასეთი ტრანსპორტირება, ბუნებრივია, რომ არც მძღოლებისთვის და არც მგზავრებისთვის არის უსაფრთხო, არასდროს იცი, როგორ ადამიანს გადაეყრები შემთხვევით. 

ავტომობილების ინდუსტრიის განვითარებამ, მანქანის ყოველდღიური მოხმარების საგნად ქცევამ ავტოსტოპის კულტურა შეაფერხა, მაგრამ დღემდე არსებობენ ჩემნაირი “არალეგალები”, რომლებიც ამით სიამოვნებას, ადრენალინს და კაცობრიობის რწმენის დოზას იღებენ. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, კუბაზე, დღეს სავალდებულოც კია თავისუფალი ადგილის შემთხვევაში მგზავრის ჩასმა. ნიდერლანდებში და ისრაელში სპეციალური საავტოსტოპე ზონებია.
დავუბრუნდეთ ჩემს გამოცდილებას. ავტოსტოპი მარტო არასდროს მიცდია, მეგობრებთან ერთად ნაკლებად ფიქრობ ცუდზე. ამჯერად სოკოებზე სანადირო პაწუკა ჯაყვის და ბარბათალის იმედად გაფაციცებით ვუღებდი სანომრე დაფებს ფოტოებს და მეგობრებთან ვგზავნიდი (შემდეგზე Live location-ს გავუზიარებ ვინმეს), არც წიწაკის სპრეი მქონდა, არც რაიმე თავდაცვითი სპორტის აზრზე ვარ, არც შესაბამისი აპლიკაცია მქონდა ტელეფონში. სრულიად კარგი განწყობის და ბედის იმედად წავედი.

მიუხედავად ტაქიკარდიისა, არც ერთხელ მინანია ეს გადაწყვეტილება, გავიცანი 7 სრულიად სხვადასხვა ტიპის, წარმომავლობის, მსოფლმხედველობის ადამიანი: 

    1. ირაკლი ჯ.-მ და დავით მ.-მ სენაკში დამტოვეს, მანამდე სამარშრუტო ტაქსების განრიგები გაიგეს, რომ უსაფრთხოდ მემგზავრა ბათუმამდე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან დავაგვიანე და მოუწიათ ჩემი ჩამოსმა ცენტრალურ ტრასაზე, დიდი ბოდიშებით, რომ ბოლომდე ვერ მივყავარ. 
    2. მეორე მანქანას პოლონური ნომრები ჰქონდა, საჭესთან კი ტიპური კოლხური გარეგნობის მისტიკური დავითი იჯდა, რომელმაც გვარი ცოცხალი თავით არ მითხრა. დიდად არ გვისაუბრია, მალევე სოფ. თეკლათში ჩამომსვა. 

 

 

    1. აღფრთოვანებული და ცოტა გაგიჟებული ჩემი საქციელის გააზრებით სალათისფერმა “პრიუსმა” გამიჩერა, დამინახა, ნომრებს ფოტოს რომ ვუღებდი და არ ჩამისვა! რა გაუკვირდა, ამდენად სანდო სოციუმში ვცხოვრობთ კი მაგრამ? ამ ფაქტის შემდეგ ჭკუა ვისწავლე, ფოტოს აღარ ვიღებდი, მეხსიერება ჩავრთე საქმეში და დაზეპირებულ ნომრებს ვუგზავნიდი მეგობრებს. 
      1. მესამე მანქანის მძღოლი ჯემალი, ანუ თემური, ანუ ჯემთემო მ. აღმოჩნდა, რომელმაც ფოთში დამტოვა. გზაში უამრავი ვილაპარაკეთ ლაშქრობებსა და ფეხბურთზე (მე რო ფეხბურთზე ვილაპარაკებ, არც კი მჯერა), ფეხბურთზე იმიტომ, რომ თბილისის “მერანი” – “კოლხეთის” თამაშზე ეჩქარებოდა, თან მითხრა, რომ პასუხისმგებელი პირი იყო მატჩზე და თუ სურვილი მექნებოდა, მოედანზეც შემიყვანდა. პირველად მომინდა ფეხბურთზე დასწრება, მაგრამ ძალიან მეჩქარებოდა ბათუმში, უკვე გვიანი იყო და თან სულ წვიმაში დალპობის შიში მქონდა. ბატონმა ჯემთემომ ნომერი გამომართვა, მოგიკითხავ, როგორ იმგზავრეო. ძალიან დამშვიდებული ჩამოვხტი მანქანიდან ფოთის უცნაურ სასაფლაოსთან, სადაც სახეები საფლავის ქვებზე სასაფლაოს ღობის გარეთაც იყურებოდნენ და საფლავებისკენაც.
      2. მეოთხე მანქანაში ტოპ თბილისელი ცოლ-ქმარი უჩა და თეა შემხვდნენ, ურეკში, თავიანთ ახალაშენებულ სახლში მიიჩქაროდნენ მარწყვის ტორტით. უამრავი ვისაუბრეთ მათ წარმატებულ შვილებსა და აფხაზაეთზე. სახლში დამპატიჟეს ყავაზე და მეც ისევ ბედს მივენდე. ყავა არა, მაგრამ ლუდი და სენდვიჩები მივირთვი პანორამული ფანჯრებით სავსე თანამედროვე, ჯერ კიდევ რემონტისსუნიან სახლში და 19284 მადლობის შემდეგ ჩამომსვეს ურეკის ტრასაზე.
      3. მეხუთე მანქანა, 1995 წლის c კლასის “მერსედესი”, თან ავტომატიკა, ეკუთვნოდა ბათუმელ გოჩას, რომელიც სადღაც ახლო-მახლო კარიერზე მუშაობდა მძღოლად და დიდი ხნის უნახავ მე-8 კლასელ ნანატრ შვილს – თეკლას, უწყობდა სიურპრიზს თავისი ჩასვლით. ანათებდა ეს კაცი, არც ასაკი ეტყობოდა, არც მძიმე შრომა, ბედნიერი იყო და მეც ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი კარგი მიზნის გზაზე დავემგზავრე, თან პირდაპირ ბათუმში ჩავყავდი და ჩემს მალულ შიშებსაც მალე ბოლო მოეღებოდა. თაყაიშვილის 36-ში მომაცილა, პირდაპირ ჩემი მეგობრის სახლთან. სელფიც კი გადავიღეთ მე და გოჩამ.

 

აფორიაქებული ავედი მარიამთან, ჩანთა დავტოვე და ძველ ბათუმში გავბოდიალდი, სანამ არ წვიმდა. მოგვიანებით ფოთელმა ჯემთემომ დამირეკა, გაადაამოწმა, როგორ ვიმგზავრე, გამიხარა და რაღა დამამშვიდებდა, უფასო სარისკო თავგადასავლების ექსპერტად გამოვაცხადე თავი, ჩემი ბედის ძალიან კმაყოფილი ვიყავი, გამბედაობისაც, გაცნობილი 7 ძალიან კარგი (ერთი შეხედვით) ადამიანის და მარშრუტკაში არგატარებული გაწელილი, მოსაბეზრებელი 140 წუთისაც, თუმცა კვლავ ვიტყვი, რომ, სამწუხაროდ, შიშის და რისკის ფაქტორი ამ საინტერესო მგზვრობას სულ ფონად გასდევდა. 

დასკვნა: მიენდე შენს გულს და გონებას, სიმბოლოებად და ნიშნებად დაიხმარე ტარო, ზოდიაქო, ნახატი, ვიტრინაში დანახული მარგალიტის მძივი, მწვანე ფერის მაისის ხოჭო და წყალში არეკლილი დროშა… რაც გინდა! ბევრი იღიმე და სიმშვიდისთვის წიწაკის სპრეი გეგდოს ჩანთაში, ცოტ-ცოტა ავანტურა და ადრენალინი სასარგებლოც კია.

 

ბონუსად 3 ფილმი ჰიჩჰაიქინგზე, ანუ ავტოსტოპზე: 

  1. Hitchhiker’s guide to the galaxy (2005)
  2. the Hitch-hiker (1953) – ეს მეც სანახავი მაქვს.
  3. It happened one night (1934)

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.