fbpx

ბათუმში Swing Festival იწყება


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება  ფესტივალების სეზონი. ფესტივალები მუსიკის და გართობის მოყვარულებისათვის განსაკუთრებული მოვლენაა – ეს არის პლატფორმა,   რომელიც საყვარელი არტისტების ცოცხლად მოსმენასთან, ან სულაც ახალ მუსიკალურ აღმოჩენებთან  ასოცირდება. რაც დრო გადის,  საქართველოში უფრო მეტი ფესტივალი ჩნდება, ისინი  ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ჟანრობრივად თუ კონცეფციით. რამდენიმე ასეთმა პროექტმა  მსმენელს  გამორჩეული დინამიკით განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი. ერთ-ერთი მათგანია Swing Festival. ფესტივალი წელს 5, 6 და 7 აგვისტოს ჩატარდება.  წლევანდელი ღონისძიება  ფოთის მაგივრად ბათუმში იმართება. Swing Festival 2022 ზღვისპირა მთავარი კურორტის სამ ლოკაციაზე გადანაწილდა  –  BAHN, “ზღვაზე” და GATE/BOTANICO –  ეს  ის საკლუბო სივრცეებია, რომლებიც წელს Swing Batumi Takeover-ის მასპინძლები იქნებიან.

 

უცვლელი რჩება პროექტის მასშტაბები, შერჩეული არტისტების აქტუალობა და ძირითადი პრიორიტეტი, რომ მსმენელისათვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი  ელექტრონული მუსიკის ივენთი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებთან იყოს დაკავშირებული.

Swing Festival-ის იდეის, წლევანდელი ლაინაფისა და სხვა  სიახლეების შესახებ  ღონისძიების  თანადამფუძნებელს – სანდრო ჯულაყიძეს ვესაუბრეთ.  “Swing Festival ქართველი არტისტების დაფუძნებული ფესტივალია. Ჩვენი მიზანი ყოველთვის ადგილობრივი სცენის წარმოჩენა და განვითარებაა.  პროექტის შექმნის პროცესში სამუშაო გუნდის ამომავალი წერტილი მუსიკის ხარისხი და ფესტივალის დრამატურგიული ხაზი იყო.“ – სანდრო ჯულაყიძე

იმ გარემოებამ, რომ ფესტივალი არტისტების შექმნილია, ბევრი ისეთი დეტალი განაპირობა, რამაც Swing Festival ხარისხობრივად თავიდანვე ერთ-ერთ საინტერესო პლატფორმად  აქცია. ის გახდა კულტურული პროექტი, რომლისთვისაც კომერციულ ინტერესებზე წინ მუსიკალური დრამატურგიაა. თავიდანვე Swing-ის მნიშვნელოვანი ნაწილი ლოკაცია იყო, რომელიც, როგორც უკვე ვახსენეთ, წელს შეიცვალა. ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილის ცვლილება ყოველთვის იწვევს აუდიტორიის სამართლიან კითხვებს. ეს განსაკუთრებით რთული გამოწვევაა ორგანიზატორი გუნდისათვისაც, თუმცა, როგორც Swing-ის დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამან ბევრი სიახლეც განაპირობა, რომელიც მსმენელისათვის ახალ  საფესტივალო გამოცდილებებთან არის დაკავშირებული.

“ფოთის ლოკაცია, რომელიც თავიდანვე აღმოვაჩინეთ, უმნიშვნელოვანეს დასაყრდენს წარმოადგენდა იმ ყველაფრის სწორად განსახორციელებლად, რაც გვინდოდა მსმენელისათვის შეგვეთავაზებინა. წლევანდელი ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი და განსაკუთრებულია. ღონისძიებისათვის მზადება რომ დავიწყეთ, ზუსტად განვიხილეთ შარშანდელი ხარვეზები და ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს ადგილზე გაცილებით მაღალი ხარისხით უნდა დავხვედროდით სტუმრებს. შესაბამისად, ლოკაციის ათასობით მსმენელზე მორგება  ჩვენს უპირველეს პრიორიტეტად იქცა. სამწუხაროდ, შარშანდელივით, წელსაც მარტო აღმოვჩნდით ადგილობრივი ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე, ვერ შედგა თანამშრომლობა თვითმმართველობის ორგანოებთან. ამას დაემატა რიგითი ფინანსური პრობლემები და გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ უწინდელ ლოკაციაზე შეუძლებელი იყო იმ გარემოს მომზადება, რაც მსმენელის მოლოდინს გაამართლებდა. ამიტომაც ყველაზე ადეკვატური გამოსავალი Swing-ის ბათუმში გადმოტანა აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, რომ წლევანდელი ფესტივალი მოგვცემს საშუალებას, ვიფიქროთ შემდეგ წლებზე და დავბრუნდეთ იქ,  სადაც დაიბადა ეს ყველაფერი – ფოთის ოქროს ტბის ტერიტორიაზე.”

 

წლევანდელი Swing Festival-ის ლაინაფი მრავალფეროვანია. სამი დღის განმავლობაში ბათუმის შერჩეულ კლუბებში ელექტრონული მუსიკალური სცენის გამორჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები წარდგებიან. შარშანდელი გამოცდილებით – ხარისხით და შემდგომ  უკვე მსმენელთან კავშირით Swing-მა ერთგვარი პრეცედენტი შექმნა და სწორად ასე გაჩნდა ქართულ საფესტივალო სივრცეში წლის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი. ასეთი დასაწყისი კი Swing Festival 2022-ის მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს აჩენს.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.